10 ნოემბერი, 2022 წელი
საქმე №ას-1196-2022
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი შპს ,,----- ჯგუფი’’ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე ა. ქ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი ქმედების დავალდებულება და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი შპს ,,---- ჯგუფის’’ მიმართ, ქმედების დავალდებულებისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით აპელანტ ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ქ-ის სარჩელი შპს „---- ჯგუფის“ მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „--- ჯგუფს“ დაევალა ქ. ბათუმში, ---- ქუჩა N--ში მდებარე 18 კვმ. ფართის, N-- ავტოფარეხის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-----), მოსარჩელე ა.ქ-ვის (პნ -------) საკუთრებაში გადაცემა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს ,,--- ჯგუფმა’’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,---- ჯგუფს’’ დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 025 ლარის ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,---- ჯგუფის’’ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,--- ჯგუფს’’ დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 025 ლარის ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნული განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე კასატორის წარმომადგენელს თ. ყ-ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად მას 2022 წლის 13 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 14 ოქტომბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2022 წლის 20 ოქტომბერს.
კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი აღმოეფხვრა 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,---- ჯგუფის’’ საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე