Facebook Twitter

საქმე საქმე №ას-792-2022 12 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ვა (მოსარჩელე)

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. კ-ვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.კ-ვა (შემდგომში „მოსარჩელე“, „ყოფილი დასაქმებული“ ან „პირველი კასატორი“) 2012 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“, „დამსაქმებელი“, „მოპასუხე“, „მეორე კასატორი“ ან „კასატორი“) პრივატიზების დეპარტამენტის სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის თანამდებობაზე.

2. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 ივნისის №--- ბრძანებით სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პროცესში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებით შეიქმნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფები და დამტკიცდა ტიპური დებულება. კერძოდ, შეიქმნა დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ზესტაფონის, წყალტუბოს, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის, ხარაგაულის, საჩხერის, ტყიბულის, ვანისა და ხონის, აგრეთვე, ქ. ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქ. ბათუმის, ქედას, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. საშტატო ნუსხის მიხედვით, ცვლილების შედეგად დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტში შეიქმნა დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, რეგიონული მენეჯერისა და სხვადასხვა რანგის სპეციალისტის 18 პოზიცია, სულ დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტში - 21 პოზიცია, ხოლო სახელფასო ფონდი განისაზღვრა 31 600.00 ლარით. ამასთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტს რეორგანიზაციის შედეგად შეუნარჩუნდა ის ფუნქციები, რაც ჰქონდა მომსახურების ცენტრებს, ქონების განკარგვის უფლების გამოკლებით.

3. რეორგანიზაციის პროცესში შექმნილი დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად სარეკომენდაციო კომისიასთან გასაუბრების მიზნით, 2020 წლის 3 სექტემბერს დაბარებული იყვნენ ცენტრების უფროსები - მოსარჩელე და ი. რ-ძე (შემდგომში „მოპასუხე“ ან „თავდაპირველი მოპასუხე“).

4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარეკომენდაციო კომისიის 2020 წლის 3 სექტემბრის №--სხდომის ოქმის შესაბამისად, მოსარჩელეს მის კონკურენტთან შედარებით დაბალი სარეიტინგო ქულა მიენიჭა. თავის მხრივ, სარეიტინგო ქულები დადგენილი იყო კომისიის მიერ შევსებული სარეიტინგო ფურცლებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 11 აგვისტოს ---- ბრძანების დანართის შესაბამისად, რომლითაც შეფასების კრიტერიუმები იყო განათლება, კომპეტენცია, პროდუქტიულობა - შესრულებული სამუშაოს მოცულობა, მოტივაცია და უნარების/ღირებულებების/პიროვნული თვისებების შესაბამისობა თანამდებობასთან, ხოლო თითოეულ კრიტერიუმში მაქსიმალური 10 ქულის მოპოვება იყო შესაძლებელი.

5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 7 სექტემბრის №---ბრძანებით მოსარჩელე - სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი - 2020 წლის 8 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 7 სექტემბრის №--- ბრძანებით სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი ი. რ-ძე დაწინაურდა და დაინიშნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

6. სასარჩელო მოთხოვნა:

6.1. ყოფილმა დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2020 წლის 7 სექტემბრის #----ბრძანების, ასევე ი. რ-ის დაწინაურების შესახებ 2020 წლის 7 სექტემბრის #---ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

7. მოპასუხის (დამსაქმებლის) შესაგებელი:

7.1. დამსაქმებელმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა კანონიერად, ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის გამო. ამასთან, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული პოზიციების ნაცვლად შეიქმნა ორი მენეჯერული პოზიცია (დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობები). სწორედ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მიმდინარეობდა კომისიაში გასაუბრება და სარეიტინგო ქულების შესაბამისად, მოსარჩელესთან შედარებით უპირატესობა მიენიჭა თავდაპირველ მოპასუხეს, ი. რ-ეს.

8. მოპასუხე ი. რ-ის შესაგებელი:

8.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წინამდებარე დავაში იგი არასათანადო მოპასუხეა და დავა უნდა წარმოებდეს მოსარჩელესა და სააგენტოს შორის.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 7 სექტემბრის ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 20 000 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ი. რ-ის დაწინაურების შესახებ სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის #---ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

10. სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები:

10.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

10.2. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

10.3. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობას.

11.3. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში ტექსტში მოხსენებული, როგორც „სშკ“) სადავო პერიოდში მოქმედი 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით) და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმებისას სასამართლოს კვლევის საგანს, გარდა სამუშაო ძალის შემცირებისა და მისი გამომწვევი მიზეზებისა, წარმოადგენს ასევე, ამ პირობებში უშუალოდ მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერების საკითხი, რადგან კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის დროს სამუშაო ძალის შემცირების პირობებშიც, ასეთი საფუძვლით გათავისუფლებული თანამშრომლისათვის ნათელი უნდა იყოს შერჩევის რა კრიტერიუმით ისარგებლა დამსაქმებელმა და რატომ არ შესთავაზა დამსაქმებელმა ტოლფასი სამსახური ან სხვა პოზიცია.

11.4. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ნორმატიულ დონეზე განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება რეორგანიზაციის განხორციელებისას უზრუნველეყო დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა მათ მიერ დაკავებული თანამდებობებიდან ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მათი კომპეტენციის გათვალისწინებით, უფრო დაბალ თანამდებობებზე. ამის მიუხედავად, მოსარჩელესთან, რომელიც რეორგანიზაციამდე სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტის სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის თანამდებობას იკავებდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ისე შეწყდა შრომითი ურთიერთობა, რომ დამსაქმებლის მხრიდან სხვა თუნდაც უფრო დაბალი პოზიციის შეთავაზება არ მომხდარა.

11.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სააგენტოში არ არსებობდა უშუალოდ მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის იდენტური თანამდებობა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი პირდაპირი წესით გადაყვანა, მისივე კომპეტენციის გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულო იყო შეეთავაზებინა უფრო დაბალი თანამდებობა, ხოლო ვინაიდან მსგავსი შეთავაზება არ განუხორციელებია, სასამართლოს მოსაზრებით, მართებულად დადგინდა დასაქმებულის უფლებების დარღვევა.

11.6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 38.8 მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლით) და დაასკვნა, რომ ვინაიდან სააგენტოში არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მითითებულ თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიაკუთვნა მას კომპენსაცია.

11.7. რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას თავდაპირველი მოპასუხის, ი. რ-ის დაწინაურების შესახებ კომისიის დასკვნის კანონიერების თაობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის, როგორც კოლეგიური ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნება ასეთი კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს. კანონმდებელმა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის გაითვალისწინა შესაბამისი კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება მას მიანდო. წევრთა გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კი კომისიის და, შესაბამისად, დამსაქმებლის საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს. კოლეგიური ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება დაიშვება კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, რამეთუ სასამართლო ვერ ჩაანაცვლებს დამსაქმებელ სუბიექტს და ვერ უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შეთავსებას კანდიდატთა შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით.

12. პირველი კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

12.2. სასამართლოს უნდა ემსჯელა და გამოეკვლია, რამდენად კანონიერი იყო სარეკომენდაციო კომისიის საქმიანობა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ირაკლი რაზმაძის დაწინაურების შესახებ. თუ სასამართლო ვერ შევა კომისიის გადაწყვეტილების სისწორის კვლევაში, ამ ლოგიკით, ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეძლებს შექმნას კომისია და მიაღებინოს მას სასურველი გადაწყვეტილება.

12.3. სასამართლომ არ გამოიყენა შრომის კოდექსის 48.9 მუხლი (ძველი რედაქციის 32.1 მუხლი), რომლის თანახმად, დაკისრებული კომპენსაციის გარდა სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. გარდა ამისა, მოსარჩელის ხელფასის ოდენობისა და სასამართლო დავის ხანგრძლივობის გათვალისწინებით კომპენსაციის თანხაც მოპასუხეს გაცილებით მეტი უნდა დაკისრებოდა.

13. მეორე კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დამსაქმებელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13.2. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაასკვნეს, რომ ვინაიდან დამსაქმებელმა მოსარჩელეს არ შესთავაზა ალტერნატიული, თუნდაც დაბალი თანამდებობა, მისი ქმედება იყო უკანონო. სინამდვილეში, სააგენტო უფლებამოსილი იყო შეექმნა კომისია რეორგანიზაციის ფარგლებში ნებისმიერი ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის, თანამშრომელთა პოზიციების დუბლირებისა და თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობისას, მათი კომპენტეციისა და უნარების შეფასების მიზნით. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მითითება, რომ მოპასუხის ქმედება არის უკანონო იმ ნაწილში, რომ მან არ შესთავაზა მოსარჩელეს ალტერნატიული პოზიცია და გაათავისუფლა სამსახურიდან იმის მიუხედავად, რომ კანონი შტატების შემცირებას არ ითვალისწინებდა, მცდარია და ემყარება ნორმის არასწორ განმარტებას.

13.3. სასამართლო არაერთხელ უთითებს რეორგანიზაციის კანონიერად ჩატარების თაობაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საკმარის საფუძვლად მოსარჩელისთვის ალტერნატიული პოზიციის შეუთავაზებლობას მიიჩნევს. მოსარჩელესთან გასაუბრების ოქმიდან ჩანს, რომ მისთვის უფრო დაბალი პოზიციის შეთავაზება სააგენტოს მხირდან მხოლოდ ფორმალობის დაცვა იქნებოდა და არანაირი შედეგი მას არ მოყვებოდა.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“, (დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლები.

18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ („შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“ ) ქვეპუნქტი.

19. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (შდრ. სუსგ №ას-1444-1364-2017, 9.03.2018)., ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავისთავად, რეორგანიზაციის ჩატარების მართლზომიერი საფუძვლების არსებობა, ავტომატურად, რეორგანიზაციის საფუძვლით, ნებისმიერი გათავისუფლებული პირთან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების დასაბუთებულობას არ გულისხმობს. დამსაქმებელმა ორგანიზაციამ, მსგავს შემთხვევაში უნდა დაამტკიცოს, როგორც რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობა, აგრეთვე, ობიექტური საფუძვლებით ჩატარებული რეორგანიზაციისას, სწორედ მოსარჩელის კადრის შემცირება რომ იყო უკიდურესი ზომა, და, სწორედ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით იყო, მიზნის მიღწევა შესაძლებელი, ეს გარემოებაც.

20. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა არჩევანისას უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენაჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა. (იხ. სუსგ № ას-941-891-2015, 29.01.2016 წ.; შდრ. საქმე # 1124-1080-2016, 10.03.2017წ.).

21. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციის საჭიროება (რეორგანიზაციის ჩატარების კანონიერება), თუმცა დამსაქმებელს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება არ შეესაბამებოდა რეორგანიზაციის შემდგომ არსებულ მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რის გამოც, შეუძლებელი იყო მისი გადაყვანა სხვა, უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებელმა ისე გაათავისუფლა მოსარჩელე სამუშაოდან, რომ მისთვის არც ტოლფასი ან სხვა, დაბალი რანგის პოზიცია შეუთავაზებია და არც მასზე გადაყვანის შეუძლებლობა დაუსაბუთებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დადგინეს დასაქმებულის უფლებების დარღვევა. კასატორის პოზიცია იმის შესახებ, რომ სააგენტოს მხრიდან მოსარჩელისთვის უფრო დაბალი რანგის თანამდებობის შეთავაზება მხოლოდ ფორმალობის დაცვა იქნებოდა და არანაირი შედეგი მას არ მოყვებოდა, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც ზემოაღნიშნული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საფუძველს მოკლებული იყო და მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერება, საპირისპიროდ, ვერც მოსარჩელემ უზრუნველყო იმ გარემოების წარმატებით მტკიცება, რომ სამსახურში, მისი გათავისუფლების შემდეგ არსებობდა იგივე, ან ტოლფასი თანამდებობა, რომელზეც, ამ უკანასკნელის აღდგენის შესაძლებლობა ექნებოდა.

23. საკასაციო პალატა, შრომით დავებში, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციფიკურობის შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს „საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.“ (იხ. სუსგ. ას-1483-2019, 2019 წლის 19 დეკემბერი).

24. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ). ამავე ნორმის მიხედვით, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისთვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას.

25. როდესაც უკანონოდ დათხოვნილი პირი შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 270-272).

26. ამდენად, საკასაციო სასამართლო, პირველი კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ იმავე ან ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი მას ეკისრებოდა, რაც წარმატებით ვერ დაძლია. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, შრომის კანონმდებლობა ალტერნატიულად ითვალისწინებს იმავე ან მსგავს თანამდებობაზე აღდგენას ან კომპენსაციის დაკისრებას დამსაქმებლისთვის, შესაბამისად, დასაქმებულის პრეტენზია კომპენსაციასთან ერთად იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე დაუსაბუთებელია და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმასაც, რომ დავის წარმოშობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის რედაქცია იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის დაკისრების ერთდროულად მოთხოვნის შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, ახალი კანონის უკუძალით გავრცელება მითითებულ დავაზე მიზანშეწონილი არ იყო.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

28. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ-სა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. გ. კ-ას (-----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №----, გადახდის თარიღი 2022 წლის 16 ივნისი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ (----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №----, გადახდის თარიღი 2022 წლის 22 ივნისი), 1 000 ლარის 70% - 700 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე