საქმე № ას-351-2021 4 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – რ.ჯ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. შ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ. ჯ-ის (შემდეგში: მოპასუხე, მენარდე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ა. შ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, შემკვეთი) სარჩელი მოპასუხისთვის 8 000 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, კერძოდ შემკვეთს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებიდან არ უსარგებლია პირველად მოთხოვნებით, ისე მიიღო შესრულება, ხოლო, მოგვიანებით დასრულებული მშენებლობის პირობებში სრულად მოითხოვა მენარდისთვის გადაცემული თანხა, რაც სასამართლომ უპირობოდ დააკმაყოფილა.
3. კასატორის განმარტებით, უხარისხოდ მიმდინარე სამუშაოების შესრულების პირობებში, ამ სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეეძლო ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა, მენარდეს სამუშაოები დაასრულებინა, ხოლო, ორი წლის შემდეგ უხარისხოდ აშენებული მანსარდის გამო, მშენებლობაში გადახდილი თანხა სრულად მოითხოვა.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
8.1. მხარეები შეთანხმდნენ თბილისში, ----- ქუჩაზე --- ნომერში მდებარე უძრავი ქონების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, კერძოდ, მოპასუხეს უნდა ამოეშენებინა სახლის მესამე სართულზე კედელი და გადაეხურა სახურავი.
8.2. სადავო არ არის, რომ ხელწერილი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი ----), რომლითაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ მენარდისთვის 8 000 ლარის გადახდის ფაქტი და იკისრა სახლის რეკონსტრუქცია გადახურვის სამუშაოების განხორციელება, შედგენილია 2015 წლის 17 აგვისტოს.
8.3. შემკვეთის პრეტენზიით სამუშაოები შესრულდა, თუმცა უხარისხოდ, ამასთან, მენარდემ დაადასტურა სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, ანაზღაურების - 8 000 ლარის მიღება.
8.4. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 აგვისტოს №---- დასკვნის თანახმად, თბილისში, ---- ქ. --–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მანსარდის სართულის სამუშაოები არაკვალიფიციურ დონეზე და უხარისხოდაა შესრულებული. აუცილებელია განხორციელდეს სახურავის მზიდი ელემენტების გაძლიერება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით და სახურავის მზიდი კონსტრუქციების შეერთების კვანძები შესრულდეს ტიპიური დეტალების მიხედვით. მატერიალური ზარალის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს მანსარდის სართულის გაძლიერების პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ. ზემოხსენებული დასკვნა ემყარებოდა გამოკვლევას, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ იმ დროს არსებული მდგომარეობით ფასადიდან მარჯვნივ მდებარე წვეტურა კედელზე, რამდენიმე ადგილზე წარმოქმნილია დახრილი ბზარი, ასევე დახრილი ბზარებია წარმოქმნილი ფანჯრის ღიობებთან კედლის რაფისქვედა მონაკვეთებში. ნივნივები ეყრდნობიან რკინაბეტონის სარტყელს სავარაუდოდ მაუერლატის გარეშე, იგი დაფარულია, თუმცა პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო მაუერლატის მონტაჟი. ვინაიდან კვანძები დაფარულია, გაურკვეველია თუ როგორ მაგრდებიან ხის ნივნივები რკინაბეტონის სარტყელთან. მანსარდის ძირითადი ნაწილის სახურავი ორქანოზიანია. ნივნივები მეორე ბოლოთი ეყრდნობიან დაახლოებით ფართის შუაში დამონტაჟებულ კენის კოჭს, რომლის განივი კვეთი 20,0*10,0 სმ–ია (ფოტო 8), ხოლო მალი დაახლოებით 4,6 მ-ია. კეხის კოჭის განივი კვეთი არ აკმაყოფილებს სიმტკიცის პირობას, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული საანგარიშო დატვირთვის შემთხვევაში კეხის კოჭი გატყდება. ნივნივები განივი კვეთით 16,0*7,0 სმ არ აკმაყოფილებს დეფორმაციის პირობას და სრული ნორმატიული დატვირთვის შემთხვევაში ადგილი ექნება არანორმირებულ ჩაღუნვებს. ზოგიერთ ადგილზე დარღვეულია ნივნივების განლაგების ურთიერთ-პარალელურობა მანსარდის ძირითადი ნაწილიდან დატვირთვები გადაეცემა 20,0x10,0 განივი კვეთის დგარს, ხოლო შემდეგ არსებული სახლის კედლებს. აუცილებელია დგარზე მოეწყოს კავშირები, სივრცული სიხისტის გაზრდისათვის. მოლარტყვის ბიჯი ღერძებში საშუალოდ 55–60 სმ-ია და მეტია ნორმით დასაშვებზე, ვინაიდან, როგორც წესი მოლარტყვის ბიჯი შერჩეული უნდა იყოს პროფილირებული თუნუქის კლასის, ფურცლის სისქისა და სახურავის დახრის კუთხის მიხედვით. საშუალო დახრის მქონე სახურავებისათვის მოლარტყვის ბიჯი არ უნდა აღემატებოდეს 40-50 სმ-ს ღერძებში, ხოლო კედლებთან და კეხთან მოლარტყვის ნაცვლად მოწყობილი უნდა იყოს დაახლოებით 30-40 სმ სიგანის შეფიცვრა, ასევე ენდაოს მთელ ფართზე აუცილებელია მოეწყოს მთლიანი შეფიცვრა, რაც არ არის შესრულებული. მანსარდის სართულის სამშენებლო, კერძოდ, მოპირკეთებითი სამუშაოები არ არის დასრულებული. რამდენიმე ადგილზე მფლობელის გადმოცემით ჩამოედინება ატმოსფერული ნალექები, სახურავის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოყენებულია ძველი კოჭები, რომელთა ზედაპირზეც შეინიშნება ატმოსფერული ნალექების ჩამოდინების კვალი, მაგრამ დროის რა მონაკვეთს განეკუთვნება აღნიშნული ლაქები ვერ დადგინდება. მანსარდის სართულის მოწყობით გაიზარდა, როგორც მუდმივი, ისე დროებითი დატვირთვა და უცნობია თუ რამდენად აკმაყოფილებს დასაძირკვლების პირობები დამატებით დატვირთვებს. ამავე დროს სახურავის მოწყობის კვანძები არ შეესაბამება პროექტში მოცემულ კვანძებს.
8.5. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 აგვისტოს №---- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბილისში, ---- ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად რაოდენობრივად მცირე დაზიანებებისა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. მზიდ კედლებზე მნიშვნელოვანი დაზიანებები არ შეინიშნება. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საკვლევ შენობაზე არსებული დაზიანები I-II ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, მაგრამ თუ რამდენად პროგრესირებადია დეფორმაციები ამის დასადგენად აუცილებელია ბზარწარმოქმნის ადგილებზე მოეწყოს თაბაშირის ყალაურები (მანიშნები). თუ ბზარების გახსნილობა არ მოიმატებს, მაშინ ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები ბზარების გამონოლითებით. ხოლო ბზარების გახსნილობის მომატების შემთხვევაში, წარმოიქმნება დეტალური კვლევის აუცილებლობა. ასევე საჭიროა სახურავის ფენილზე ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები კვლევით ნაწილში და №----- დასკვნაში მოყვანილი შენიშვნების გათვალისწინებით. დასახელებული დასკვნის კვლევით ნაწილში ესქპერტი მიუთითებდა მის მიერ 2017 წლის 21 აგვისტოს გაცემულ №----- დასკვნაზე და დამატებით აღნიშნავდა, რომ აღნიშნულ სახლზე მანსარდის ტიპის სართულის მოწყობასთან დაკავშირებით 03.02.2012 წელს შპს „ლ-----მ“ გასცა საექსპერტო დასკვნა (კონსტრუქტორი ექსპერტი ა. ყ---ი), რომელიც წარმოადგინა სახლის მესაკუთრემ და რომელშიც მითითებული იყო, რომ „... აუცილებელი პირობაა, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე შემოწმდეს ფუძე-საძირკვლები, გეოლოგიური პირობები და საანგარიშო დატვირთვა...“. სახლის მესაკუთრემ აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სავარაუდოდ შესაბამისი კვლევა არ ჩატარდა, ვინაიდან საპროექტო დოკუმენტაციაში, რომელიც ადგილზეა წარდგენილი, გეოლოგიური კვლევის მონაცემები არ იძებნება. ექსპერტმა აღნიშნა, რომ პირველი კვლევიდან (21.08.2017 წლიდან) გასულ პერიოდში მანსარდის სახურავთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა და №---- დასკვნაში გამოთქმული შენიშვნები რჩება ძალაში. რაც შეეხება მანსარდის სართულზე ამოყვანილ კედლებს, პირველი კვლევის დროს დაფიქსირებული ბზარების გეომეტრიული მოხაზულობა და გახსნილობა ვიზუალურად არ შეცვლილა, თუმცა განვითარებულია ახალი ბზარები, რომელიც წინა კვლევის დროს არ ფიქსირდებოდა. ბზარების წარმოქმნა შესაძლებელია გამოწვეული იყოს მანსარდის სართულის მოწყობის შედეგად საძირკვლებზე დატვირთვების გაზრდით. შენობის წინა და ტორსულ ფასადებზე რაიმე სახის დაზიანებები ან დეფორმაციები არ შეინიშნება. შენობის შიდა სივრცეში, პირველ და მეორე სართულებზე განვითარებულია რამდენიმე ბზარი, მაგრამ დროის რა მონაკვეთში მოხდა მათი წარმოქმნა, მანსარდის მოწყობამდე, თუ მას შემდეგ, გაურკვეველია. სახლის ტექნიკური მდგომარეობა საქართველოს მთავრობის 2012 წლის №57 დადგენილების მე-7 თავის 35-ე მუხლის თანახმად, დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. სახურავის ფენილზე, რომელიც თუნუქის პროფილირებული ფურცლებითაა მოწყობილი, ენდაოს მონაკვეთში ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები, იმავე მონაკვეთში მანსარდის შიდა სივრცეში, მოლარტყვის ქვედა ზედაპირზე ჩანს ატმოსფერული ნალექების ჩამოდინების კვალი. სხვაგან დამახასიათებელი ლაქები, რაც ატმოსფერული ნალექების ჩამოდინებაზე მიუთითებს არ შეინიშნება. სახურავის თუნუქის ფენილი ცალკეულ მონაკვეთებზე არ არის დამაგრებული მოლარტყვასთან და ძლიერი ქარის შემთხვევაში მოსალოდნელია ფენილის აძრობა. აუცილებელია უმოკლეს დროში ფენილი სათანადოდ იქნას დამაგრებული მოლარტყვასთან. ამავე დროს ენდაოს თუნუქის ფურცელი თუნუქის პროფილირებული ფენილის ქვეშ უნდა შედიოდეს მინიმუმ 150 მმ-ით, რაც ცალკეულ მონაკვეთებზე დარღვეულია და შეადგენს 130 -140 მმ-ს.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დასახელებული დასკვნების გაანალიზების შედეგად, უდავოა მათში ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები არ იყო მითითებული. მეტიც მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნაში, ექსპერტი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნის შენიშვნებზე უთითებდა, ასევე, მოსარჩელის დასკვნის კველვით ნაწილში არსებულ შეფასებებს იზიარებდა ექსპერტი, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით.
10. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კვლევის ის ნაწილი, რომელიც შენობაზე არსებულ ბზარების გაჩენას შეეხება, ექსპერტის ვარაუდს წარმოადგენდა და არ იყო მტკიცებითი ხასიათის, აგრეთვე არ იყო მითითებული, თუ დროის რომელ მონაკვეთში წარმოიქმნა აღნიშნული ბზარები, ამასთან, როგორც აღინიშნა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მთლიანად გამეორებულია მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნის კვლევის შედეგები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, წარმოდგენილი დასკვნებით ცხადად დასტურდება, რომ მენარდის მიერ ჩატარებული სამუშაოები არაკვალიფიციურად და უხარისხოდაა ჩატარებული, რაც დამატებითი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვდა.
11. საკასაციო სასამართლო კასატორის იმ სააპელაციო საჩივარზეც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას, რომლის მიხედვითაც, მენარდე უთითებდა, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, მოსარჩელეს სახლის ფუძე-საძირკვლების, გეოლოგიური პირობებისა და საანგარიშო დატვირთვის კვლევა არ ჩაუტარებია, და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სახლის ფუძე-საძირკვლების, გეოლოგიური პირობებისა და საანგარიშო დატვირთვის კვლევა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებისთვის, პრეზუმირებულია, რომ მოპასუხეს, როგორც მშენებელს, ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე და შეეძლო სამუშაოების დაწყებამდე მოეთხოვა ასეთი კვლევის ჩატარება. ის ფაქტი, რომ მენარდემ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო და დაასრულა ისე, რომ ხელთ არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია სახლის მდგომარეობისა და იმ რისკების შესახებ, რაც რეკონსტრუქციას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მას როგორც მენარდეს და შესაბამისად საქმის მცოდნეს, აკისრებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ რისკებზე. ამასთანავე, შესაბამისი კვლევის არსებობის პირობებშიც კი, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოები უხარისხო იყო და საჭიროებდა ხელახალი სამუშაოების ჩატარებას, ამდენად, სახლის ფუძე საძირკვლების, გეოლოგიური პირობებისა და საანგარიშო დატვირთვის კვლევის არსებობის პირობებშიც და მის გარეშეც, მენარდის პასუხისმგებლობა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოზე ცხადია.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო საკითხია, როგორც შესრულების ხარისხი, აგრეთვე ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
13. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში, ურთიერთგამომრიცხავი მსჯელობა არ არის, მეტიც, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაზეა მითითება, კერძოდ, ექსპერტი იმეორებს წინა დასკვნის შეფასებებს, საბოლოოდ, კი დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოები ხარვეზიანია.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“, 644-ე „ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები“ 352.1 მუხლიდან „თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან „თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ“ და 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან „არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება“ გამომდინარეობს.
15. ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 394.1-ე მუხლის შესაბამისად, „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“ 395.1-ე მუხლის თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
16. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და მისი თავისებურება იმაშია, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ეს თავისებურება განაპირობებს იმასაც, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და მოთხოვნის უფლებებისაგან განსხვავებით მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი, არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები (სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-359-ე მუხლები). (იხ: დამატებით: ლ. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 3, მუხლი 352-ე, თბილისი, 2001 წელი, 233; მ.თოდუა, ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართ, თბილისი, 2006 წელი, 41; შდრ: სუსგ №ას- 1361-2020, 11 მარტი, 2021; №ას-1565-2018, 30 აპრილი, 2020; №ას-38-38-2018, 08 ივნისი, 2018; №ას-1189-1119-2015, 23 მარტი, 2016.).
17. საკასაციო სასამართლო ნარდობის ხელშეკრულებაზე და მის მარეგულირებელ ნორმებზე მიაქცევს ყურადღებას და განმარტავს, რომ 639-ე მუხლის მიხედვით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. 641-ე მუხლის მიხედვით ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის. 642.1-ე მუხლის მიხედვით, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. 643.1-ე მუხლის მიხედვით თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 645-ე მუხლის მიხედვით შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. 644-ე მუხლის მიხედვით კი ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. 652-ე მუხლის მიხედვით თუ შემკვეთისთვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუხცადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო.
18. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკლიანი შესრულებისას შემკვეთს წარმოეშობა დამატებითი შესრულების მოთხოვნა, რა დროსაც მენარდის შეხედულებისამებრ, ან ნაკლი აღმოიფხვრება ან ახალი ნაკეთობა მზადდება, ამავე ნორმების მიხედვით, შემკვეთს თავადაც შეუძლია აღმოფხვრას ნივთის ნაკლი, მენარდისგან შესაბამისი საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლებით, ასევე, შესაძლებელია ნივთის ნაკლის ღირებულების ოდენობით საზღაურის შემცირება მენარდისთვის ან ხელშეკრულებაზე უარის თქმა.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, ხოლო მოსარჩელეს ინტერესი დაეკარგა სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში მენარდემ გამოასწოროს ნივთის ნაკლი, ამასთან, არც თავად კასატორს მიუთითებია მსგავსი ფორმით ურთიერთობის გაგრძელებაზე, საკასაციო სასამართლო, პირველად მოთხოვნების დაყენების გარეშე, მართლზომიერად მიიჩნევს მოსარჩელის უფლებას გავიდეს ხელშეკრულებიდან, ხოლო, უხარისხო შესრულებით გამოწვეული ზიანის სახით კასატორს დაეკისროს გადახდილი საზღაურის დაბრუნება.
20. საკასაციო სასამართლო, გადახდილი საზღაურის დაბრუნების თაობაზე კასატორის პრეტენზიას მიაქცევს ყურადღებას და განმარტავს, რომ კასატორი უშუალოდ იყო სამუშაოს შესრულებაზე შემკვეთთან შეთანხმებული, ამდენად ის თავადვეა ვალდებული არსებულ ვითარებაში საზღაური დააბრუნოს, ხოლო, ის ფაქტი, რომ სამუშაოები გარკვეულმა პირებმა შეასრულეს, ხოლო, მიღებული საზღაური მათზე გადანაწილდა, მოსარჩელის წინაშე, მენარდის პასუხისმგებლობის ფორმასა და მასშტაბს არ ცვლის. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ უდავოა, კასატორს, მხოლოდ სამუშაოების შესრულებისთვის აქვს მიღებული 8 000 ლარი, ხოლო, სამშენებლო მასალები თავად მოსარჩელემ შეიძინა, რომელთა უხარისხოდ შესრულებით, ზიანი აღემატება კიდეც სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრულ თანხას, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ოდენობის ნაწილში დამატებით მტკიცებას აღარ საჭიროებს, ვინაიდან დადგენილია, რომ შესრულება ნაკლიანია და საჭიროებს ხელახალ სამუშაოებს.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, 655-ე მუხლით დადგენილია სპეციალური ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ნაგებობასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენას შესრულების მიღებიდან 5 წლის განმავლობაში ითვალისწინებს. ამდენად, კასატორის პრეტენზიები ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
22. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე