საქმე №ას-1284-2022 5 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – თ. კ-ვა, გ. თ-ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. რ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ხელშეკრულების და კრების ოქმის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. რ-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ას და გ. თ-ას (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ ხელშეკრულების და კრების ოქმის ბათილად ცნობის და თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-ას და გ. თ-ას დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) თ. კ-ას - სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; გ) გ. თ-ას - მისი მოთხოვნის ნაწილში დავის საგნის (შპს „კ----ის“ 100%-იანი წილის) ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის (არანაკლებ საპროცესო კოდექსით დადგენილი მინიმალური ოდენობის - 300 ლარი და მაქსიმალური ოდენობის - 6 000 ლარი) სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელს შ. კ-ეს (იხ. მინდობილობები, ტ. 4, ს.ფ. ….) ჩაბარდა პირადად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად სასამართლოს შენობაში 2022 წლის 15 ნოემბერს (იხ. ტ. 5, ს.ფ. …).
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორების წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა თ. კ-ას მოთხოვნის ნაწილში დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო გ. თ-ას მოთხოვნის ნაწილში ხარვეზი არ იქნა შევსებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი თ. კ-ას მოთხოვნის ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული, ხოლო გ. თ-ას მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ-ას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს.
საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ.ა.“ ქვეპუნქტისა.
რაც შეეხება სააკასაციო საჩივარს გ. თ-ას მოთხოვნის ნაწილში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. თ-ას წარმომადგენელმა პირადად ჩაიბარა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2022 წლის 15 ნოემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ გ. თ-ვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 16 ნოემბერს და ამოიწურა 2022 წლის 25 ნოემბერს.
ამ დროის განმავლობაში გ. თ-ას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გ. თ-ამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მისი მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;
2. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი;
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ნ. ბ-რი (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე), მოსამართლეები: ზ.ძ-ლი, ე.გ-ლი;
4. საკასაციო საჩივარი გ. თ-ას მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური