საქმე №ას-921-2022 25 ნოემბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ხ-ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ე----ო კ----ტ -" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „ე---ო კ---ტ -“-ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდეგ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე, განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და განჩინების მე-4 გვერდზე მე-2 აბზაცში მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის ოქმის და საოქმო განჩინების თარიღად მიეთითა 2021 წლის 22 მარტი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მისი გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს ახალი განჩინების მიღებას, რომლითაც გასწორდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინების მე-4 გვერდზე მე-2 აბზაცში დაშვებული უსწორობა და მიეთითება, რომ სამოქალაქო საქმეზე N ---- თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა ერთი სხდომა, 2021 წლის 22 მარტს და 2021 წლის 22 მარტს მიღებულ იქნა როგორც საოქმო განჩინებები, ასევე, გადაწყვეტილება.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ერთი სხდომა ჩატარდა, 2021 წლის 22 მარტს. ამ სხდომაზე გამოცხადდა სარეზოლუციო ნაწილიც. სააპელაციო სასამართლომ კი 2022 წლის 13 ივნისის განჩინების მე-4 გვერდზე, მე-2 აბზაცში მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოში სხდომა 2021 წლის 22 მარტსაც ჩატარდა და 2021 წლის 23 მარტსაც. მართალია, შემდგომ სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში დაშვებული უსწორობა გაასწორა, მაგრამ შეცდომა არ გამოსწორებულა იმ თვალსაზრისით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით არ განუმარტავს, რომ საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ერთი სხდომა ჩატარდა და ისიც 2022 წლის 22 მარტს. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით არ დგინდება, რომ 2021 წლის 23 მარტს საქალაქო სასამართლოში სხდომა არ ჩატარებულა.
8. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივნისის განჩინებაში დაშვებული შეცდომა ტექნიკური არ არის, იგი განჩინების შინაარსს უკავშირდება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივნისის განჩინებით მას საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაერღვა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით უსწორობის გასწორების მართლზომიერება.
12. სსსკ-ის 260.1-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინების მე-4 გვერდის მე-2 აბზაცში შეცდომით იქნა მითითებული თითქოს საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 23 მარტს გამართულ სხდომაზე საქმეს დაერთო, 2021 წლის 22 მარტს, სასამართლოსათვის წარდგენილი ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის საპასუხოდ განმარტავს, რომ ხსენებულ აბზაცში შეცდომა დაშვებული იყო საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის თარიღში, რაც გასწორდა კიდეც. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინების მე-4 გვერდის მე-2 აბზაცში არ არის მითითება, რომ საქალაქო სასამართლოში ორი სხდომა ჩატარდა. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
14. კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი თითქოს სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ უსწორობამ განჩინების შინაარსი შეცვალა და ამით მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლება შელახა, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინების მე-4 გვერდის მე-2 აბზაცში დაშვებული შეცდომა ტექნიკური ხასიათისაა, კერძოდ განჩინებაში 2021 წლის 22 მარტის ნაცვლად მითითებულ იქნა 2021 წლის 23 მარტი. იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა გაასწორა, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი. საჩივრის უფლების გამოყენებას მართლზომიერი და დასაბუთებული მიზანი უნდა ჰქონდეს, ამასთან უნდა ემყარებოდეს ობიექტურ გარემოებებს და არა ზედაპირულ სუბიექტურ შეხედულებებს. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები მინიმალური სტანდარტითაც კი არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ისეთ პროცესუალურ დარღვევაზე ან შეცდომაზე, რამაც გავლენა იქონია საქმის იურიდიულ შედეგზე.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ხ-ის კერძო საჩივარი, თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე