საქმე №ას-1326-2022 25 ნოემბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ქ-ვა, მ. ჯ-ტი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს მ---ო "---- კ----ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სს მ---ო „---- კ----ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი გ. ქ-სა და მ. ჯ-ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის - 7 640.18 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 3 789.77 ლარის გადახდა დაეკისრათ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373-ე, 374.2-ე, 364-ე, 369.1-ე, 2591-ე, 70-78-ე, მე-60.2, 61.3-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო (ს.ფ -, -). შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადა 2022 წლის 12 ივნისს ამოიწურა. მოპასუხეებმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი 2022 წლის 14 ივნისს ჩაიბარეს (ს.ფ ---). შესაბამისად, სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 13 ივნისს, დაიწყო და 2022 წლის 26 ივნისს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2022 წლის 28 ივნისს გადაეცა (ს.ფ …-…). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარდგენილად მიიჩნია და სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების საფუძველზე განუხილველად დატოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვეს.
5. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში 2022 წლის 27 ივნისს წარადგინეს, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე 2022 წლის 26 ივნისი კვირა იყო. საფოსტო კომპანიამ კი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადად შეცდომით 2022 წლის 28 ივნისი მიუთითა. კერძო საჩივარს თან ერთვის საფოსტო კომპანიის შეტყობინება, რომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნამდვილად 2022 წლის 27 ივნისს იქნა წარდგენილი, რეესტრი კი არასწორად - 2022 წლის 28 ივნისით დათარიღდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეთა კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია - სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის, ვადის დარღვევით შეტანის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
8. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 13 ივნისიდან და 2022 წლის 26 ივნისს (კვირა) ამოიწურა. ხოლო, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2022 წლის 28 ივნისს. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს, გამომდინარე იქედან, რომ სააპელაციო საჩივარი, ვადის დაცვით, 2022 წლის 27 ივნისს ჩაჰბარდა ფოსტას, ხოლო ფოსტაში თარიღი შეცდომით დარეგისტრირდა.
9. ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლომ გამოიკვლია კერძო საჩივარზე დართული ცნობა შპს „ქ----ი ს---ის ჯ---ან“, რომლის თანახმად მოპასუხეებმა საქალაქო სასამართლოში გასაგზავნი სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2022 წლის 27 ივნისს ჩააბარეს. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეს, რომელიც ამოწმებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, დასახელებული გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა და მხოლოდ საქმეში არსებული მასალების მიხედვით შეეძლო ემსჯელა.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დამთავრების დრო. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (შდრ. სუსგ Nას-1693-2019, 10.02.2020; Nას-1594-2019, 30.03.2020წ.; Nას-320-2019, 24.04.2019).
11. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
12. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ვინაიდან, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ქ-ას და მ. ჯ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე