№ას-1057-2022 2 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ჯ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.შ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.06.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ.შ–ამ წარადგინა სარჩელი თ.ჯ–ძის (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა 87 000 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.03.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ. 80-86). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.06.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ. 178-184). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.09.2022 წლის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ს.ფ.200-202). ამავე სასამართლოს 03.11.2022 წლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები (ს.ფ.222-224).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2022 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ.: ვადაში მოქმედი მინდობილობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით, ს.ფ.60,61; სააპელაციო საჩივარი, ს.ფ.186; გზავნილი, ს.ფ.225) და ჩაჰბარდა ოჯახის სრულწლოვან წევრს 18.11.2022 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ს.ფ.226,227).
7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 19.11.2022 წელს და ამოიწურა 28.11.2022 წელს. ამდენად, კასატორს ხარვეზი 28.11.2022 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით დგინდება, კასატორის წარმომადგენლის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სასამართლო კანცელარიაში რეგისტრაციაში გატარდა 30.11.2022 წელს (ს.ფ.228-232). მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განცხადება გადმოგზავნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე 30.11.2022 წელს, ანუ, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ.233). საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ თავად განცხადებაშიც მისი შედგენის თარიღად მითითებულია 30.11.2022 წელი (ს.ფ 228). 30.11.2022 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე დაფიქსირებულ იქნა კასატორის წარმომადგენლის სხვა განცხადებაც, რომელიც კანცელარიის რეგისტრაციაში გატარდა 01.02.2022 წელს და რომლის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 30.11.2022 წელი (ს.ფ.234-241).
10. ხარვეზის შევსების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული კასატორის წარმომადგენლის განმარტება მასზე, რომ გზავნილი, რომელიც მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ჩაიბარა 18.11.2022 წელს, მას/ადრესატს გადასცა მხოლოდ 20 ნოემბერს (ს.ფ.228, 234). მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევისათვის და სსსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე ვადის აღდგენისათვის.
11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ-ები №ას-137-2020, 13.07.2020წ; №ას-1460-2019, 10.02.2020წ; №ას-924-2022, 7.11.2022წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე