№ას-418-2022
10 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ა–მა (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-23).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დამსაქმებელმა კანონიერად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის N02-5/კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მომსახურების დეპარტამენტის წამლის რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 11 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის სახით თვეში დასაბეგრი 1300 ლარის გადახდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. მოსარჩელე ნ.ა–ი 2019 წლის 01 ნოემბრიდან დასაქმებული იყო მოპასუხესთან მომსახურების დეპარტამენტის წამლის რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე უვადო შრომის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელის ყოველთვიური შემოსავალი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის შეადგენდა დარიცხულ 1300 ლარს.
5.2. ნ.ა–ის 2020 წლის 22 ოქტომბრის მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ 2020 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა პარასამკურნალო საშუალება „,ბიოჰერპი+“, 8 გ. გარეგანი გამოყენების მალამო პოლიეთილენის ფლაკონი N1, როგორც გარეგანი გამოყენების მალამო, სადაც მწარმოებელს ინსტრუქციაში მითითებული ჰქონდა ასევე შინაგანად გამოსაყენებელი საშუალებებისთვის მისაღები ნოზოლოგიური დაავადებების ჩამონათვალი. მოსარჩელემ, როგორც ექსპერტმა, ეს ჩათვალა არა ხარვეზად, რომელიც უნდა გასწორდეს, როგორც ადმინისტრაციული ან მეცნიერულ-ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, არამედ გარეგანი ფარმაკოლოგიური საშუალების მოქმედების ნორმის ნაწილად. იმასთან დაკავშირებით, რომ ინსტრუქციის თავებში ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ჩვენებები მითითებულია „ქსოვილის რეპარაციისა და რეგენერაციის დამაჩქარებელი პარასამკურნალო საშუალება“ და გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, რაც პარასამკურნალო საშუალების კანონით მოცემულ განმარტებას აკმაყოფილებს, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ შესაძლებელია ინსტრუქციის შეთანხმება მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი პირველადი რედაქციით. სააგენტოს მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს რეგულირების სააგენტოში შემოვიდა ი/მ დ.გ–ას დამფუძნებლის დ.გ–ას განცხადება, სადაც მოთხოვნილია რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 23 იანვრის N02-112/ო ბრძანების კორექცია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამკურნალო საშუალება ,,ბიოჰერპი+“, 8 გ. გარეგანი გამოყენების მალამო პლიეთილენის ფლაკონის N1“-„განაცხადში, ინსტრუქციაზე და მარკირებაში მითითებული ჩვენებები განსხვავდებოდა ბრძანებით დამტკიცებული გამოყენების ინსტრუქციისგან“, კერძოდ „ამოღებულ იქნა მთელი რიგი ნოზოლოგია“, რაც დაინტერესებულ პირს არ ეცნობა წერილობით.
5.3. 2020 წლის 25 ნოემბრის სსიპ სამედიცინო ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - მკაცრი საყვედური, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-1111 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების პროცედურების დარღვევისათვის. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მხრიდან არ გასაჩივრებულა.
5.4. 2020 წლის 24 დეკემბერს მომსახურების დეპარტამენტის წამლის რეგისტრაციის და ნებართვების სამმართველოში მოთხოვნილ იქნა სარეგისტრაციოდ წარდგენილი 52 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის ნიმუშები. სამმართველოს თანამშრომლების (შესაბამისი ჯგუფების) მიერ წარმოდგენილ იქნა 47 ფარმაცევტული პროდუქტის ნიმუშები, რომლებიც შეესაბამებოდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ფარმაცევტული პროდუქტის განცხადებებში მითითებულ რაოდენობებს, გარდა შემდეგი დასახელებისა: 1. ესკუვიტალი, 100 მლ ნაყენი ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონი N1+საზომი ჭიქა - 20 საანალიზო ნიმუშის ნაცვლად იყო 15; 2. ჰეპატოლანი ბიო, 250 მლ ნაყენი ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონი N1, 9 საანალიზო ნიმუშის ნაცვლად იყო 6; 3. სტომგინი, 200 მლ. გარეგანი გამოყენების ნაყენი ნარინჯისფერი პეტ-ის ფლაკონის N1, 8 საანალიზო ნიმუშის ნაცვლად იყო 4; 4. თურმანიძე+მალამო ბუასილისთვის, 40 მგ მალამო პოლიმერული მასალის ფლაკონი N1, 4 საანალიზო ნიმუშის ნაცვლად იყო 2; 5. მალამო უებარი, 20 გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიეთილენის ტუბში N1 2 საანალიზო ნიმუშის ნაცვლად იყო 1. ზემოაღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტების სარეგისტრაციოდ შემოსული დოკუმენტები შესასრულებლად გადაეცათ/დაეწერათ ნ.ა–ს, ასევე უფროს სპეციალისტს ვ.ტ–ს და მთავარ სპეციალისტს ე.ა–ს. შესაბამისად, სააგენტოში 47 ფარმაცევტული პროდუქტის დაკარგულ ნიმუშებთან დაკავშირებით, სამივე თანამშრომელს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება. ჩადენილი ქმედება რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეფასდა როგორც სააგენტოს შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების და მე-5 ნაწილის დარღვევად, რომლის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია „დაიცვას სააგენტოს შინაგანაწესი, ეთიკისა და ქცევის კოდექსი, დებულება, საქმისწარმოების წესი, ასევე სააგენტოს დირექტორის ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს დასაქმებულთათვის დადგენილ წესებს, დაემორჩილოს ხელმძრვანელის ბრძანებებს და მითითებებს“, ასევე დასაქმებული ვალდებულია „თანამდებობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ვალდებულებები“. ასევე, „დასაქმებულის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ვალდებულება წარმოადგენს შრომით ვალდებულებას, რომელთა დარღვევა ჩაითვლება შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობად. შესაბამისად, შრომითი პრობების დარღვევის შინაარსის და სიმძიმის, შედეგების გათვალისწინებით სამივე თანამშრომლის მიმართ (ნ.ა–ი, ვ.ტ–ი და ე.ა–ი) გამოყენებულ იქნა შინაგანაწესის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმა - „მკაცრი საყვედური“, ხოლო მოსარჩელესთან მიმართებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
5.5. მოპასუხის 2021 წლის 11 იანვრის ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 2020 წლის 07 დეკემბერს, როგორც მოსარჩელე უთითებს დარგის გადარჩენის მიზნით, მან წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, მთავარ პროკურორს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, შსს-ს და პარტიას ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოში, მის სამსახურში შექმნილი მდგომარეობასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე დღესვე მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს რეაგირებისთვის. მინისტრის ბრძანებით დაინიშნა აუდიტორული შემოწმება, რის შედეგადაც ნ.ა–ის მიერ 2021 წლის 26 იანვარს და 01 თებერვალს წერილობით, დეტალურად იქნა განმარტებული და გაცემული პასუხები ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის კ.ძ–ის შეკითხვებზე. სამინისტროს შიდა აუდიტის Nა/2-2021-01 დასკვნის თანახმად, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ნ.ა–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკთხი, მიიღო და გაანალიზა წერილობითი განმარტებები, ინფორმაციები და მიიჩნია, რომ: (1). მიუხედავად ნ.ა–ის მიერ სააგენტოს დირექტორის ბრძანებებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულებისა და შინაგანაწესის, სავარაუდოდ, ხანგრძლივი, არაერთჯერადი და სხვადასხვა სახის დარღვევებისა, რაც გამოვლინდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებითი შესწავლის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოიცა მხოლოდ ერთი საფუძვლით, თუმცა საკითხის შესწავლისას მიღებული ინფორმაციები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნაჩქარევად, რიგი საკითხების არასრული შესწავლის და გაანალიზების გარეშე, რაც ბუნებრივია, ეჭვქვეშ აყენებს ხსენებულ გადაწყვეტილებას დასაბუთებულობის საკმარისობის კუთხით. თუმცა, აღნიშნული საკითხის შეფასება სცილდება შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციას და წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას. (2). სააგენტოში არ იყო უზრუნველყოფილი სახელმწიფო რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საანალიზო ნიმუშების შენახვა/დაცვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობები, ასევე არ არის შემუშავებული ამ მიზნით ადეკვატური კონტროლის მექანიზმები. (3). არ არის შემუშავებული მკაფიოდ განსაზღვრული წესები განსახილველად შემოსულ დოკუმენტაციაზე დართული საანალიზო ნიმუშების მიღებასა და შენახვაზე პასუხიმგებელ პირთა ინდივიდუალიზაციის მიზნით. (4). არ არის განსაზღვრული თუ როგორ, რა ვადაში და ვისთვის უნდა მოხდეს ზედმეტად წარმოდგენილი ნიმუშების დაბრუნება, რათა არ მოხდეს მათ შენახვაზე სახელმწიფო რესურსების გაუმართლებელი ხარჯვა და თანამშრომლებში არ წარმოიშვას დაგულებული უფლება/განცდა ზედმეტად წარმოდგენილი საანალიზო ნიმუშების თვითნებურად განკარგვის კუთხით. საგულისხმოა ის გარემოება, რომ როგორც დასკვნაში, ასევე სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებულ ასხნა - განმარტებაში (აღიარება) მოსარჩელე ნ.ა–ი ადასტურებს, რომ წარმოდგენილი „ზედმეტი“ საანალიზო ნიმუშებიდან ორჯერ მის მიერ მოხდა „ზედმეტი რაოდენობის“ ნიმუშის აღება. ასევე სხვა თანამშრომლების მიერ ხდებოდა გადასაყრელად გამზადებული ზედმეტი ნიმუშების თვითნებურად აღება.
5.6 მომსახურების დეპარტამენტის დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეები პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შინაგანაწესის მე-11 პუნქტის თანახმად, მოსამსახურის მიერ შრომითი პირობების დარღვევისას ან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას სააგენტოს დირექტორმა შეიძლება მოსამსახურის მიმართ მიიღოს შემდეგი სახის ზომები: ა) შენიშვნა; ბ) წერილობითი გაფრთხილება; გ) მკაცრი საყვედური; დ) შრომის ანაზღაურების დაქვითვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 11.2 პუნქტის თანახმად, ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. 11.3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს დირექტორი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას ითვალისწინებს შრომითი პირობების დარღვევის შინაარსს და სიმძიმეს, შედეგებს, რომელიც მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა მოსამსახურის საქმიან და მორალურ რეპუტაციას. 11.4 პუნქტის თანახმად, კი თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე სახე გამოყენებულ იქნა პირის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია დასაქმებულს შეუწყვიტოს შრომითი ურთიერთობა.
5.7. 2021 წლის 04 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობით დასაბუთების მოთხოვნით. ამავე წლის 12 თებერვლის წერილით მოსარჩელეს განემარტა დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იყო შრომის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, კერძოდ „მკაცრი საყვედური“, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს. შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ იმოქმედა შრომის კოდექსის საფუძველზე და მიღებულ იქნა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.
5.8. მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ვაკანტურია.
5.9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დამსაქმებლის პოზიციას, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, არ გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციული იყო. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად იქნა ჩადენილი გადაცდომა, ვინაიდან მას ევალებოდა ზემოაღნიშნული ნიმუშების შენახვა, რასაც საქმეში არსებული მტიცებულებებით, კერძოდ აუდიტის დასკვნაში მოცემული განმარტებითაც აღიარებს დასაქმებული, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ორი გადაცდომა არ წარმოადგენდა ერთგვაროვან დარღვევას, რის გამოც დამსაქმებლის მხრიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „თ“ ქვეპუნქტით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მართლზომიერად ვერ ჩაითვლებოდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მხრიდან დასაქმებულის მიერ ჩადენილი სხვადასხვა სახის გადაცდომისას დისციპლინარული სახდელის შეფარდების შემთხვევაში ხდება სააგენტოს დებულების ერთი და იმავე ზოგადი მუხლებით შეფასება, რომელიც შეესაბამება ნებისმიერი სახის გადაცდომას, რის გამოც იგი დახვეწას და გადაცდომათა ინდივიდუალიზაციას საჭიროებს. პალატამ მიუთითა, რომ მეორე გადაცდომასთან მიმართებით სახეზე იყო დამსაქმებლის თანაბრალეულობის საკითხიც. ვინაიდან, ნეიტრალური ორგანოს მიერ შედგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, დგინდებოდა, რომ არ იყო დეტალურად მოწესრიგებული ნიმუშების შენახვის საკითხი და არ იყო სათანადოდ აღჭურვილი დაწესებულება ნიმუშების შესანახად, რის გამოც მხოლოდ დასაქმებულზე ვერ გავრცელდებოდა ნიმუშების დაკარგვის რისკი. აღნიშნულზე პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო დამსაქმებელიც, რომელმაც პანდემიის პირობებში და იმ მოცემულობაში, როდესაც თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის მოსარჩელეც სამუშაოს ასრულებდნენ სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად, შესაბამისი რეგულაციების შემოღებით ვერ უზრუნველყო, თავიდან აეცილებინა თანამშრომელთა ან სხვა პირთა მხრიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნიმუშების, მათ შორის ზედმეტი ნიმუშების თვითნებურად აღება.
5.10. პალატამ ასევე მიუთითა სამინისტროს შიდა აუდიტის Nა/2-2021-01 დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ სააგენტოს მიერ მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოიცა მხოლოდ ერთი საფუძვლით, თუმცა საკითხის შესწავლისას მიღებული ინფორმაციები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნაჩქარევად, რიგი საკითხების არასრული შესწავლის და გაანალიზების გარეშე, რაც ბუნებრივია, ეჭვქვეშ აყენებდა ხსენებულ გადაწყვეტილებას დასაბუთებულობის საკმარისობის კუთხით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება პროპორციული და თანაზომიერი იყო დასაქმებულის მიერ დარღვეულ ვალდებულებასთან. დაკისრებული ფუნქციების, სამუშაო სპეციფიკის, დასაქმებულის ქმედების ხასითის, სიმძიმის, შინაარსისა და შედეგების გათვალისწინებით არ არსებობდა უფრო მსუბუქი სახდელის შეფარდების საფუძველი, მითუმეტეს, რომ უკვე გამოყენებული იყო მკაცრი საყვედური.
6.2. მოსარჩელე მრავალი წლის განმავლობაში იყო დასაქმებული აღნიშნულ ორგანიზაციაში და ზედმიწევნით იცოდა ფორმალური და არაფორმალური საქმის წარმოების წესები, თუმცა მის მიერ მიზანმიმართულად მოხდა წესების დარღვევა.
6.3. სასამართლომ არასწორი ფორმულირებით განმარტა მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევები. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საკუთარი ინიციატივით, ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, ორივე ქმედება დაკავშირებული იყო საქმის წარმოების წესებთან და წარმოადგენდა ერთგვაროვან დარღვევას. შესაბამისად, სახეზე იყო გათავისუფლების წინაპირობები.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა.
12.1. განსახილველ შემთხვევაში, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა გათავისუფლების დროისთვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, (რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.).
12.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
12.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში პრინციპი - „Ultima Ratio“, ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (სუსგ №ას-1350-2019, 27.11.2019წ; №ას-368-2019, 31.07.2019წ., პ.23; №ას-416-399-2016, 29.06.2016წ.).
12.4. პალატა ასევე მიუთითებს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საგულისხმოა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (შდრ: სუსგ. №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).
12.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2020 წლის 25 ნოემბრის სსიპ სამედიცინო ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - მკაცრი საყვედური. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მხრიდან არ გასაჩივრებულა. 2020 წლის 24 დეკემბერს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნიმუშების შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დანაკარგები რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეფასდა როგორც სააგენტოს შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების და მე-5 ნაწილის დარღვევად და მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა შინაგანაწესის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა (თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე სახე გამოყენებულ იქნა პირის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია დასაქმებულს შეუწყვიტოს შრომითი ურთიერთობა).
12.5. საკასაციო პალატა მიუთითებს შიდა აუდიტის Nა/2-2021-01 დასკვნაზე, რომლის თანახმად, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სააგენტოს მომსახურების დეპარტამენტის წამლის რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ნ.ა–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საითხი, მიიღო და გაანალიზა წერილობითი განმარტებები, ინფორმაციები და მიიჩნია, რომ: 1). მიუხედავად ნ.ა–ის მიერ სააგენტოს დირექტორის ბრძანებებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულებისა და შინაგანაწესის, სავარაუდოდ, ხანგრძლივი, არაერთჯერადი და სხვადასხვა სახის დარღვევებისა, რაც გამოვლინდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებითი შესწავლის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოიცა მხოლოდ ერთი საფუძვლით, თუმცა საკითხის შესწავლისას მიღებული ინფორმაციები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ნაჩქარევად, რიგი საკითხების არასრული შესწავლის და გაანალიზების გარეშე, რაც ბუნებრივია, ეჭვქვეშ აყენებს ხსენებულ გადაწყვეტილებას დასაბუთებულობის საკმარისობის კუთხით. 2). სააგენტოში არ იყო უზრუნველყოფილი სახელმწიფო რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საანალიზო ნიმუშების შენახვა/დაცვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობები, ასევე არ არის შემუშავებული ამ მიზნით ადეკვატური კონტროლის მექანიზმები. 3). არ იყო შემუშავებული მკაფიოდ განსაზღვრული წესები განსახილველად შემოსულ დოკუმენტაციაზე დართული საანალიზო ნიმუშების მიღებასა და შენახვაზე პასუხიმგებელ პირთა ინდივიდუალიზაციის მიზნით. 4). არ იყო განსაზღვრული თუ როგორ, რა ვადაში და ვისთვის უნდა მომხდარიყო ზედმეტად წარმოდგენილი ნიმუშების დაბრუნება, რათა არ მოხდეს მათ შენახვაზე სახელმწიფო რესურსების გაუმართლებელი ხარჯვა და თანამშრომლებში არ წარმოიშვას დაგულებული უფლება/განცდა ზედმეტად წარმოდგენილი საანალიზო ნიმუშების თვითნებურად განკარგვის კუთხით.
12.6. აღსანიშნავნია, რომ როგორც დასკვნაში, ასევე სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებულ ასხნა-განმარტებაში ნ.ა–ი ადასტურებს, რომ წარმოდგენილი „ზედმეტი“ საანალიზო ნიმუშებიდან ორჯერ მის მიერ მოხდა „ზედმეტი რაოდენობის“ ნიმუშის აღება. ასევე სხვა თანამშრომლების მიერ ხდებოდა გადასაყრელად გამზადებული ზედმეტი ნიმუშების თვითნებურად აღება. კასატორის მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე თავადაც ადასტურებს მის მიერ ვალდებულებების დარღვევას, სასამართლოს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერად უნდა მიეჩნია. საკასაციო პალატა მითითებულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი Nა/2-2021-01 შიდა აუდიტის დასკვნა ადასტურებს დამსაქმებელ ორგანიზაციაში შესაბამისი პირობების არქონას, რამაც გამორიცხა მხოლოდ მოსარჩელის ბრალით ვალდებულებების დარღვევა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს არ შეუქმნა შესაბამისი პირობები, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს შესაძლებლობა ექნებოდა, ზედმიწევნით შეესრულებინა დაკისრებული ვალდებულებები. მითუმეტეს პანდემიის პირობებში, თანამშრომელთა დისტანციურად მუშაობის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო თავიდან აეცილებინა თანამშრომელთა ან სხვა პირთა მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნიმუშების თვითნებურად აღება.
12.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები აუცილებლად უნდა ადასტურებდეს მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის ფაქტს. საქმის მასალებით დასტურდება დასაქმებულის მიერ მოვალეობების დარღვევის ფაქტი, თუმცა ზემოაღნიშნული შიდა აუდიტის დასკვნით ასევე დგინდება დამსაქმებლის თანაბრალეულობა დასაქმებულის მხრიდან იმ გადაცდომის ჩადენაში, რაც მოსარჩელის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მხოლოდ მოსარჩელის ბრალით ვალდებულებების დარღვევას, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის, დამსაქმებლის მიერ პასუხისმგებლობის სახით ყველაზე მკაცრი სახდელის დაკისრება, იმ პირობებში, როდებსაც ამ გადაცდომის ჩადენა გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული ქმედებითაც, ვერ იქნება პროპორციული და ვერ დაიცავს ზომიერ ბალანსს დარღვევასა და გათავისუფლებას შორის.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
15. მხარეებმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 610 ლარის (საგადახდო დავალება N02370, გადახდის თარიღი 20.04..2022) 70% – 427 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (205035120) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 610 ლარის (საგადახდო დავალება N02370, გადახდის თარიღი 20.04..2022) 70% – 427 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი