Facebook Twitter

№ას-693-2022

10 ნოემბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ნ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ.გ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – იჯარის თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ვ.გ“-მა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ნ–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. შპს „ნ–ს“ მოსარჩელე შპს „ვ.გ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდზე გადაუხდელი საიჯარო ქირა, ჯამში 131768 აშშ დოლარი;

1.2. შპს „ნ–ს“ მოსარჩელე შპს „ვ.გ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს იჯარის საგნის სარგებლობისთვის პირგასამტეხლო, 2020 წლის 10 იანვრიდან 2020 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდზე 43225,88 აშშ დოლარი;

1.3. შპს „ნ–ს“ მოსარჩელე შპს „ვ.გ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს იჯარის საგნის სარგებლობისთვის პირგასამტეხლო, 2020 წლის 10 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 470,6 აშშ დოლარი;

1.4. შპს „ნ–ს“ მოსარჩელე შპს „ვ.გ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისთვის პირგასამტეხლო, ყოველთვიური საიჯარო ქირის ხუთმაგი ოდენობა, 94120 აშშ დოლარი.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ვ.გ“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ნ–ს“ მოსარჩელე შპს „ვ.გ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის სახით 38 903 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა; შპს „ნ–ს“ მოსარჩელე შპს „ვ.გ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო, 2020 წლის 10 იანვრიდან 2020 წლის 10 სექტემბრამდე ერთჯერადად 9863,79 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო, 2020 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 38 903 აშშ დოლარის 0,1%; შპს „ნ–ს“ მოსარჩელე შპს „ვ.გ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, ყოველთვიური ქირის ხუთმაგი ოდენობის თანხა - 94 120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, შპს „ნ–ისა“ და შპს „ვ.გ“-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1.სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის

მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. 13.10.2016 წელს, ერთი მხრივ, შპს „ვ.გ“-სა (მეიჯარე) და მეორე მხრივ, შპს „ნ–ს“ (მოიჯარე) შორის, იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა.

- ხელშეკრულების საფუძველზე, მოიჯარეს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონების ნაწილი - 1 300 კვ.მ. ფართი, ს/კ ....., და მასზე მდებარე მოძრავი ქონება (1.1. პუნქტი). იჯარის საგანი მოიჯარეს გადაეცა სამეწარმეო საქმიანობისათვის, კერძოდ, ავტოგასამართი სადგურის ექსპლუატაციისა და მისგან მომდინარე მოგების მიღების მიზნით (2.1. პუნქტი).

- იჯარის საგნით სარგებლობისათვის, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 18 824 აშშ დოლარით დღგ-ს გარეშე (4.1. პუნქტი). საიჯარო ქირის გადახდა უნდა მომხდარიყო უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის დასაწყისში, მაგრამ არაუგვიანეს თვის 10 რიცხვისა (4.3. პუნქტი).

- იჯარის ხელშეკრულება დაიდო ხუთი წლის ვადით (8.1. პუნქტი). ხელშეკრულების მოქმედება წყდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებისას ან/და ვადამდე მხარეთა შეთანხმებით (10.1. პუნქტი); ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა ხორციელდება მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით (10.5 პუნქტი). ხელშეკრულების ვადის დასრულების ან/და ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეთა მიერ დგება იჯარის საგნის მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტზე დასმული თარიღი წარმოადგენს ამ ხელშეკრულების მოქმედების დასრულების ნამდვილ თარიღს და საბოლოო საიჯარო თანხის გადახდა მოხდება აღნიშნული თარიღის საფუძველზე (9.2. პუნქტი);

- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია მოიჯარეს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველთვიური საიჯარო ქირის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (6.4. პუნქტი); რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია შეწყვეტის ინიციატორ მხარეს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველთვიური საიჯარო ქირის ხუთმაგი ოდენობით (6.5. პუნქტი).

6.1.2. შპს „ნ–ის“ მხრიდან იჯარის საფასურის გადახდა ხდებოდა ყოველთვიურად. მოიჯარემ ბოლო გადახდა განახორციელა 2019 წლის 18 დეკემბერს, რაც წარმოადგენდა ნოემბრის თვის გადასახადს.

6.1.3. 03.02.2020 წლის წერილით, შპს „ნ–ის“ დირექტორმა შპს „ვ.გ“-ს აცნობა 2019 წლის 01 დეკემბრიდან, შპს „ვ.გ“-სა და შპს „ნ–ს“ შორის, 13.10.2016 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

6.1.4. მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თანმდევი ფაქტი, მოდავე მხარეებს შორის არ გაფორმებულა. საიჯარო ფართის გასაღები შპს „ნ–მა“ მოსარჩელეს გადასცა 2020 წლის 8 ივლისს.

6.1.5. შპს „ვ.გ“-სთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ფართის გარდა, შპს „ნ–ი“ თბილისში, ......... N6-ში, ასევე ფლობს სხვა ავტო გაზგასამართ სადგურს.

6.2. პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ იყო 2016 წლის 13 ოქტომბერს, შპს „ვ.გ“-სა და შპს „ნ–ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტი. მხარეთა შორის სადავო იყო, თუ რომელი თარიღიდან უნდა ჩათვლილიყო იჯარის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილად. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თარიღად პირველი ინსტანციის სასამართლომ 2020 წლის 03 თებერვალი მიიჩნია.

პალატის განმარტებით, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აპელანტი შპს „ვ.გ“ ადასტურებდა ამ პერიოდამდე (03.02.2020 წ.), ხელშეკრულების მოქმედებას, თუმცა, სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება - 2020 წლის 03 თებერვლიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების თაობაზე. რაც შეეხება შპს „ნ–ს“, სააპელაციო საჩივრით კვლავ მიუთითებდა და აპელირებდა 2019 წლის 01 დეკემბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ფაქტობრივ გარემოებაზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს „ვ.გ.+“-ის მითითება იმის შესახებ, რომ შპს „ნ–ს“ არ გაუსაჩივრებია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ხელშეკრულება შეწყდა მოიჯარის (მოპასუხის) მხრიდან მოსარჩელისადმი წერილობით გაგზავნილი განცხადებით - 2020 წლის 3 თებერვალს. პალატამ მიუთითა შპს „ნ–ის“ სააპელაციო საჩივარზე და განმარტა, რომ მართალია, აპელანტი მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მისთვის შპს „ვ.გ“-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით, ყოველთვიური ქირის ხუთმაგი ოდენობის თანხის - 94 120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში და როგორც ცალკე აღებულს, სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას სადავოდ არ ხდიდა, თუმცა, სააპელაციო საჩივრის სამართლებრივ უსწორობებში პირგასამტეხლოს შემცირების ძირითად მოტივად, აპელანტი მიუთითებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადაზე, რასაც უკავშირებდა 01 დეკემბრიდან იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივ გარემოებას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ მის საკვლევ გარემოებას, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თარიღი წარმოადგენდა.

6.3. პალატამ მიუთითა იჯარის ხელშეკრულების 10.5. პუნქტზე (ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა ხორციელდება მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით) და მიიჩნია, რომ ვინაიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით დასტურდებოდა, სწორედ ამ თარიღიდან უნდა ჩათვლილიყო ხელშეკრულება შეწყვეტილად. მოცემულ შემთხვევაში, 03.02.2020 წლის წერილით, შპს „ნ–ი“ შპს „ვ.გ“-ს ატყობინებდა ხელშეკრულების 2019 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტის თაობაზე, თუმცა, საქმის მასალებით დგინდებოდა, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების 2020 წლის 03 თებერვალს გაგზავნის ფაქტი. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2020 წლის 03 თებერვალი უნდა მიჩნეულიყო.

ამასთან, პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ხელშეკრულების შეწყვეტის დასადასტურებლად წერილობითი შეტყობინების გაგზავნასთან ერთად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების აუცილებლობის თაობაზე და განმარტა, რომ იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტა არ გულისხმობდა უპირობოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. პალატამ აღნიშნა, რომ როგორც წესი, მიღება-ჩაბარების აქტი სწორედ ქონების კონკრეტულ დროს გადაცემის ფაქტის დადასტურების მიზანს ემსახურება. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილად მიიჩნეოდა წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რაც, როგორც აღინიშნა, 2020 წლის 3 თებერვალს განახორციელა მოპასუხემ.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ პერიოდიდან ასევე არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ იჯარის საგნით სარგებლობაც, შესაბამისად, სადავო გარემოების დასტურად ვერ გამოდგებოდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომლითაც განხორციელდა შპს „ვ.გ“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე (თბილისი, ......... N6) განთავსებული ბანერების დაფიქსირება, ასევე, 2020 წლის მარტის/მაისის/ივნისის თვეში მოპასუხისათვის მიწერილი წერილები. პალატის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვეოდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2020 წლის 03 თებერვლის წერილის შემდეგ, მოდავე მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ხელშეკრულების შეწყვეტასთან, ასევე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, რაც ვერ შედგა, ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე. ამასთან, დადგენილია, რომ იმავე მისამართზე მოპასუხე ფლობდა სხვა გაზგასამართ სადგურსაც. შესაბამისად, სარეკლამო ბანერების განთავსება ამ სადგურის საქმიანობას უკავშირდებოდა.

6.4. სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებულ ნაწილში, შპს „ვ.გ“ მოითხოვდა შპს „ნ–ს“ შპს „ვ.გ“-ის სასარგებლოდ დამატებით დაკისრებოდა 2020 წლის 01 თებერვლიდან - 2020 წლის ივნისის ჩათვლით, იჯარის საგნის სარგებლობისათვის, იჯარის საფასურის - 92 865 აშშ დოლარის გადახდა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსით დღგ-ის გარეშე (მე-2 სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა).

მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 4.1. პუნქტით, იჯარის საგნით სარგებლობისათვის, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 18 824 აშშ დოლარით დღგ-ს გარეშე. უდავო იყო, რომ ბოლო გადახდა მოპასუხემ 2019 წლის დეკემბერს განახორციელა, რაც წარმოადგენდა ნოემბრის თვის საიჯარო ქირას. როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) პოზიცია 2020 წლის ივლისიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულება მოპასუხემ ცალმხრივად 2020 წლის 3 თებერვალს შეწყვიტა. ამდენად, გადაუხდელი საიჯარო ქირა 2019 წლის დეკემბრიდან - 2020 წლის 03 თებერვლის პერიოდისთვის უნდა განსაზღვრულიყო. რაც 38 903 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხისათვის დამატებით, დარჩენილ პერიოდზე (ივნისის ჩათვლით) ქირის - 92 865 აშშ დოლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

6.5. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს „ვ.გ“-ის მოთხოვნა შპს „ნ–ისათვის“ იჯარის საგნით სარგებლობისათვის 2019 წლის 01 დეკემბრიდან - 2020 წლის 03 თებერვლის ჩათვლით, იჯარის საფასურის - 38 903 აშშ დოლარის დამატებითი ღირებულების გადასახადის 7002,54 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღისათის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსით.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, პირველ რიგში, პალატამ მიუთითა ხელშეკრულების 4.1. პუნქტზე, რომელიც იჯარის საგნით სარგებლობისათვის, ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას განსაზღვრავდა დღგ-ს გარეშე. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელე როგორც თავდაპირველ სარჩელში, ასევე, დაზუსტებულ სარჩელში, მოპასუხისათვის საიჯარო ქირის გადახდის დაკისრებას, დღგ-ს გარეშე მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლოში კი დავის საგნის შეცვლა ან გადიდება დაუშვებელი იყო (სსსკ-ის 381-ე მუხლი).

6.6. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პალატამ მიუთითა იჯარის ხელშეკრულების 6.5. პუნქტზე, რომლის თანახმად, რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია შეწყვეტის ინიციატორ მხარეს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველთვიური საიჯარო ქირის ხუთმაგი ოდენობით. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა შპს „ნ–ის“ მხრიდან. საიჯარო ფართის სპეციფიურობიდან (არის კომერციული ობიექტი, მისი გაქირავება შესაძლებელია კონკრეტული დანიშნულებით) გამომდინარე კი, იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისას კონკრეტულ ვადაზე შეთანხმებით, მეიჯარეს ჰქონდა იმის საფუძვლიანი მოლოდინი, რომ იჯარა ვადის ბოლომდე გაგრძელდებოდა. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საიჯარო ფართი, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დაუყოვნებლივ/მალევე გაქირავდა. შესაბამისად, პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მეიჯარის მიერ საიჯარო ქირის ხუთმაგი ოდენობით მოთხოვნის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა. სააპელაციო პალატამ ამ განჩინების 6.5 პუნქტში მოცემული დასაბუთებით, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, შპს „ნ–ისათვის“ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო, ყოველთვიური საიჯარო ქირის ხუთმაგი ოდენობის - 94 120 აშშ დოლარის დამატებული ღირებულების გადასახადის 16 941,6 აშშ დოლარის, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსით დაკისრების თაობაზე.

6.7. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით შპს „ნ–მა“ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ნ–ისთვის“ 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 03 თებერვლის პერიოდისათვის იჯარის საფასურის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 01 დეკემბერს და ამის შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. კერძოდ, ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოდან, ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საიჯარო ფართით სარგებლობა მოპასუხისათვის არათუ მომგებიანი, არამედ წამგებიანი იყო, შესაბამისად, აღარ მიიღწეოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზანი და მოპასუხემ დაკარგა საიჯარო საგნით სარგებლობის ინტერესი. კასატორის განმარტებით, გაზგასამართი სადგურის მუშაობის შეჩერების შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელე მხარისათვის 2019 წლის 01 დეკემბრამდეც და მას შემდეგაც, რადგან სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მხარეთა შორის მოლაპარაკების პროცესი, ხოლო, ის გარემოება, რომ ფორმალური თვალსაზრისით მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, არაფერს ცვლის.

7.1.2. კასატორის მოსაზრებით, ასევე, უსაფუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ნ–ისათვის“ პირგასამტეხლოს - 2020 წლის 10 იანვრიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე, ერთჯერადად - 9863,79 აშშ დოლარის, ხოლო, 2020 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 38903 აშშ დოლარის 0,1%-ის დაკისრების ნაწილშიც. კასატორის განმარტებით, ვინაიდან მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება ფაქტობრივად 2019 წლის 01 დეკემბერს შეწყდა და ამ პერიოდიდან მოპასუხემ საიჯარო ქონებით სარგებლობა შეწყვიტა, მას არ წარმოშობია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, რაც ავტომატურად გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას.

7.1.3. რაც შეეხება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს, კასატორის მოსაზრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 5 წლის ვადით - 2016 წლის 13 ოქტომბერს. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თარიღიდან - 2019 წლის 01 დეკემბრიდან ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დარჩენილია ერთი წელი და 10 თვე. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის დიდი ნაწილი უკვე გასულია. შეწყვეტის თარიღიდან ხელშეკრულების სრული ვადის პერიოდის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 414 128 აშშ დოლარი (18 824 (ყოველთვიური საიჯარო ქირა) x 22 (დარჩენილი თვეების რაოდენობა)); მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხაა 94 120 აშშ დოლარი, რაც შეადგენს მთელ პერიოდზე იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 22.7%-ს. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების საერთო ვადის დიდი ნაწილი გასულია, პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 22.7%-ის ოდენობით, კასატორის მოსაზრებით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 აგვისტოს განჩინებით, შპს „ნ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, დადგენილია, რომ მოდავე მხარეები ხელშეკრულების გაფორმებით მიზნად ისახავდნენ სამეურნეო დანიშნულებით, სარგებლის მიღების მიზნით, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემას (მოიჯარეს იჯარის საგანი გადაეცემა სამეწარმეო საქმიანობისათვის, კერძოდ კი, ავტოგაზგასამართი სადგურის ექსპლუატაციისათვის და მისგან გამომდინარე მოგების მიღების მიზნით - იჯარის ხელშეკრულების 2.1 პუნქტი); შესაბამისად, მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა და რომლის მიმართაც გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (581.2 მუხლი).

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობდა თუ არა მოპასუხისათვის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის დავალიანებისა და ამ თანხის გადახდის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე, იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო, საიჯარო ქირის ხუთმაგი ოდენობით გადახდის დაკისრების წინაპირობები. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც), 588-ე (თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით; თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე), 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

16. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვისაც, კერძოდ:

- დადგენილია, რომ მოდავე მხარეებმა 2016 წლის 13 ოქტომბერს, ხუთი წლის ვადით - 2021 წლის 13 ოქტომბრამდე გააფორმეს იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოიჯარეს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა თბილისში, .....ქ. N6-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი - 1 300 კვ.მ. ფართი, ს/კ ....... და მასზე მდებარე მოძრავი ქონება;

- ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 18 824 აშშ დოლარით დღგ-ს გარეშე;

- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია მოიჯარეს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველთვიური საიჯარო ქირის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (6.4. პუნქტი);

- რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია შეწყვეტის ინიციატორ მხარეს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველთვიური საიჯარო ქირის ხუთმაგი ოდენობით (6.5. პუნქტი);

- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა ხორციელდება მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით (10.5 პუნქტი);

- შპს „ნ–ის“ მხრიდან იჯარის საფასურის გადახდა ხდებოდა ყოველთვიურად;

- მოიჯარემ ბოლო გადახდა განახორციელა 2019 წლის 18 დეკემბერს, რაც წარმოადგენდა ნოემბრის თვის გადასახადს;

- მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება მოიჯარის მხრიდან შეწყდა ცალმხრივად;

- მოიჯარე ხელშეკრულებას ცალმხრივად შეწყვეტილად მიიჩნევს 2019 წლის დეკემბრიდან.

17. დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს „ნ–ის“ მითითება ხელშეკრულების 2019 წლის დეკემბრიდან შეწყვეტის თაობაზე და მიიჩნია, რომ ხელშეკრულება მოიჯარის მხრიდან ცალმხრივად - 2020 წლის 3 თებერვალს შეწყდა, რის გამოც, საფუძვლიანად ჩათვალა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 03 თებერვლის პერიოდისთვის გადაუხდელი საიჯარო ქირის - 38 903 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და ამ თანხის გადახდის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება.

18. კასატორის ძირითადი პრეტენზია სწორედ იმ გარემოებას შეეხება, რომ მან იჯარის ხელშეკრულება და საიჯარო ქონებით სარგებლობა 2019 წლის 01 დეკემბრიდან შეწყვიტა, რის შესახებაც ინფორმირებული იყო მეიჯარე და შესაბამისად, მას აღარ წარმოშობია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, რაც თავისთავად გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას.

19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იჯარის ხელშეკრულების 2019 წლის 01 დეკემბრიდან შეწყვეტის თაობაზე და აღნიშნულთან მიმართებით განმარტავს, რომ მართალია მოიჯარის მიერ მეიჯარისადმი გაგზავნილ წერილში ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად მითითებულია 2019 წლის 01 დეკემბერი, თუმცა, იჯარის ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა ხორციელდება მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. განსახილველ შემთხვევაში, მოიჯარემ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გაფორმებული გარიგებით გათვალისწინებული პირობა დაიცვა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე მეიჯარეს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა, დადგენილია, რომ შეტყობინება მეიჯარეს 2020 წლის 03 თებერვალს გაეგზავნა. შესაბამისად, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად წერილობითი შეტყობინების გაგზავნის თარიღი - 2020 წლის 03 თებერვალი უნდა იქნეს მიჩნეული (როგორც ხელშეკრულებს 10.5 პუნქტი ითვალისწინებს) და არა შეტყობინების გამგზავნის მიერ, შეტყობინებაში ცალმხრივად მითითებული თარიღი, რის გამოც საფუძვლიანია 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 03 თებერვლის პერიოდისთვის გადაუხდელი საიჯარო ქირის - 38 903 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

20. საკასაციო პალატა კასატორის ვერც იმ არგუმენტს გაიზიარებს, რომ მას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე მოიჯარის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი; ასევე, უდავოა, რომ ასეთი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მხარეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418.2-ე მუხლის შესაბამისად, წერილობით შეთანხმდნენ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაზე, კერძოდ, სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე (სსკ-ის 319.1 მუხლი) ვადამოსული დავალიანებისა და ვადაგადაცილებისათვის - პირგასამტეხლოს დაკისრებაზე (ხელშეკრულების 6.4 პუნქტი). იმის გათვალისწინებით, რომ საიჯარო ქირის რამდენიმე თვის განმავლობაში (2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 03 თებერვლის) გადაუხდელობის ფაქტი კასატორს არ გაუქარწყლებია, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება მართლზომიერია.

21. რაც შეეხება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს - საიჯარო ქირის ხუთმაგი ოდენობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლი განსაზღვრავს იჯარის საგნის საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე დაბრუნების შემთხვევაში საიჯარო ქირის გადახდისგან გათავისუფლების პირობებს. მისი დაცვითი ფუნქცია ისაა, რომ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ ამ ნორმამ მეიჯარე საიჯარო შემოსავლებით უნდა უზრუნველყოს საიჯარო ქონების ახალი მოიჯარისათვის (მინიმუმ ადრინდელ მოიჯარესთან არსებული პირობებით) გადაცემამდე (სუსგ. Nას-738-700-2015, 18.12.2015წ.).

22. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლით გათვალისწინებული მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს მოიჯარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად მეიჯარისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო საშუალებას.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელსაც აღნიშნული ნორმა განამტკიცებს, მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების, ისე ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას (სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები).

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლი უშვებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმას. კერძოდ, ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებით სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადად დასაშვებია მიყენებული ზიანისათვის ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის წინასწარ, ანუ ზიანის დადგომამდე, გამორიცხვა ან შეზღუდვა, რასაც ნათელყოფს 2009 წელს რედაქტირებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლი, წინამორბედი დანაწესისაგან განსხვავებით, რომელიც ამგვარ შეთანხმებას ბათილად მიიჩნევდა. ეს დანაწესი თანაბრად ვრცელდება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი ვალდებულების დარღვევით, ასევე დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევებზე. კომერციულ პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც არათუ დასაშვები, არამედ მიზანშეწონილიც კი არის ანაზღაურების სპეციალურ წესზე შეთანხმება. სრულად ანაზღაურების პრინციპის გათვალისწინებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მთლიანი ზიანი, რომლის დადგომაც ამ ფორმითა და მოცულობით სავარაუდო იყო მოვალისათვის (სსკ-ს 412). კომპლექსურ კომერციულ ურთიერთობებში ძალზე გართულებულია სავარაუდო ზიანის წინაწარ განჭვრეტა, რაც სამართლებრივ ურთიერთობებს არაპროგნოზირებადს ხდის. ამდენად, მხარეები შეიძლება დაინტერესებული იყვნენ, წინასწარ განსაზღვრონ, რა შემთხვევებში, რა მოცულობითა და რა ფორმით უნდა ანაზღაურდეს ზიანი. შეთანხმების თავისუფლების შეზღუდვა მიზანშეწონილი არ არის განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ორი აბსოლუტურად თანაბარი საბაზრო მდგომარეობის მხარეს შორის ურთიერთობა და ბრუნვის მონაწილის უსამართლო დათქმებისაგან დაცვის აუცილებლობა არ არსებობს (იხ.: გიორგი რუსიაშვილი/გიორგი ბათლიძე სსკ-ის კომენტარი, მუხ. 410, ველი 1, 2). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლი არ შეიცავს პასუხისმგებლობის გამორიცხვის/შეზღუდვის ამკრძალავ დანაწესს (იხ. სუსგ საქმეზე №ას-19-2020, 16/12/2020 წ.).

25. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.5 მუხლი ადასტურებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლით დადგენილისაგან განსხვავებულ წესზე, კერძოდ, რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში (გარდა მე-10 მუხლით გათვალისწინებულილ საფუძვლებისა), მეორე მხარე უფლებამოსილია შეწყვეტის ინიციატორ მხარეს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველთვიური საიჯარო ქირის ხუთმაგი ოდენობით.

26. აღსანიშნავია, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (საიჯარო ქირის ხუთმაგი ოდენობით), მათ შორის შეთანხმებული პირობაა ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებს და არ წარმოადგენს ამორალურ გარიგებას; ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეები მეწარმე სუბიექტები არიან და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი სპეციალური კანონით არის მოწესრიგებული, რაც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ, გაცნობიერებულ ქმედებებსა და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. მოცემულ შემთხვევაშიც, მოდავე მხარეებმა თავიდანვე გაითვალისწინეს და ხელშეკრულებით დააბალანსეს ის ინტერესები, რომელიც კანონსაწინააღმდეგო არ არის და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გამომწვევია, რის გამოც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოიჯარეს იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო, მართებულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულებით შეთახმებული ოდენობით.

27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, შპს „ნ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ნ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ნ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება N726, გადახდის თარიღი 26.06.2022) 70% – 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე