Facebook Twitter

№ას-1011-2022

28 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს.კ–ის“ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-19).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ განუცხადებიათ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2016 წლის 18 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ს.კ–ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის N08.06.04.11/30/275 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ..... მიმდებარედ რაგბის კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 6302499 ლარით. სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 კალენდარული დღე. ამავე ხელშეკრულების 2.6 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულება ძალაშია 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით. ხელშეკრულების 6.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა მიმწოდებლის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, რის შედგომაც განხორციელდებოდა საბოლოო ანგარიშსწორება.

5.2. მხარეთა შორის 2016 წლის 07 ოქტომბერს შედგა შეთანხმება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 6 579 887.38 ლარით, ხოლო 2016 წლის 26 დეკემბრის შეთანხმებით, სამუშაოების ღირებულება საბოლოოდ განისაზღვრა 6 932 650.64 ლარით. 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმებით, სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 13 მაისის ჩათვლით. მხარეთა შორის 2017 წლის 12 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N08.06.04.11/30/275 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, სამუშაოების ღირებულება დარჩა უცვლელი და შეთანხმდა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.

5.3. 2016 წლის 18 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ს.კ–ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის N08.06.04.11/30/275 ხელშეკრულების 9.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა მიმწოდებლისათვის ჯარიმის დაკისრება (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.

5.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 05 ივლისის N003781017 დასკვნით, 2016 წლის 18 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით შპს „ს.კ–ის“ მიერ განხორციელებული რაგბის კომპლექსის მშენებლობის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ წარმოდგენილი მასალების, საპროექტო დოკუმენტაციის და გამოსაკვლელი ობიექტის ადგილზე შესწავლის და სათანადო აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით შეადგინა 6710860.27 ლარს დღგ-ს და სხვა დანარიცხების ჩათვლით (უხარისხოდ და საპროექტო მოთხოვნებიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით). აღნიშნული დასკვნის თანახმად: 1) ადმინისტრაციული შენობის ფასადის მოპირკეთების სამუშაოების დათვალიერებისას ვლინდება, რომ რიგ ადგილებში მოპირკეთების ფილები არ არის სათანადოდ მიმაგრებული, რაც საჭიროებს მთლიანი ფასადის შემოწმებას და მსგავსი დეფექტების აღმოფხვრას. 2) მოწყობილ ლოთონის კონსტრუქციებზე რიგ ადგილებში სრულად არ იყო დატანილი საღებავის ფენა, რაც საჭიროებს მსგავსი დეფექტების შემოწმებას და გადაღებვას. 3) რიგი სამუშაოების მოწყობისას შეცვლილია პროექტით გათვალისწინებული მასალების კვეთები, კერძოდ, საწვიმარი ღარები ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 100X100მმ-ისა, მოწყობილია 100X70 მმ განაკვეთის მქონე პლასმასის მილით. 4) ღობის მავთულბადე ნაცვლად 60 მმ ბიჯისა და 4 მმ სისქისა, მოწყობილია 70 მმ ბიჯით 4 მმ სისქის მავთულბადით. 5) ღობის ნაწილზე ლით. კონსტრუქციად გამოყენებულია მილკვადრატები 100X100 X3 მმ, ნაცვლად პროექტით გათალისწინებული 100 X100 X4 მმ-სა. 6) მოწყობილი საყრდები კედელი - N9 გადახრილია ვერტიკალური სიბრტყიდან (სტადიონის მოპირდაპირე მხარეს), რაც საჭიროებს გადახრის მიზეზების დადგენას, 7) ხელოვნური ბალახით მოწყობილ სტადიონებზე, რიგ ადგილებში შეინიშნება არათანაბარი ზედაპირი, რომელიც საჭიროებს გამოსწორებას.

5.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით შპს „ს.კ–ის“ მიერ ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ...... მიმდებარედ რაგბის კომპლექსის მშენებლობის პროცესში ჩატარდა რამდენიმე საინჟინრო ექსპერტიზა; 2017 წლის 16 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, 2017 წლის 05 ივლისს გაცემულ N003781017 დასკვნაში მითითებული დეფექტები 2017 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით გამოსწორებული იყო, კერძოდ, ადმინისტრაციული შენობის ფასადზე არ ფიქსირდებოდა ჩამოცვენილი კერამიკული ფილები, ხოლო შემომზღუდავი ღობის ლითონის ელემენტების ის მოცულობა, რომელიც დაფიქსირებულია 05.07.2017 წლის დასკვნის დანართში, შეღებილია; 2019 წლის 23 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ...... მიმდებარედ, გლდანი-ნაძალადევის სარაგბო კომპლექსის არსებული ღობის გამაგრება-გაძლიერების პროექტზე გაცემულ N000927218 დასკვნაში მითითებული 100 X100 X5 მმ განივკვეთის მილკვადრატების ნაცვლად შესაძლებელი იყო 100 X100 X3 მმ განაკვეთების მილკვადრატების გამოყენება, იმ პირობების დაცვით, რომელიც წაეყენება სახელმწიფო სტანდარტით 3 მმ-იანი კედლის სისქის ლითონის ელემენტებს შედუღებისას; 2019 წლის 23 თებერვლის N001206018 დასკვნის მიხედვით, გლდანი-ნაძალადევის სარაგბო კომპლექსის შემომზღუდავი ღობის მოწყობის პროექტში მიღებული 100 X100 X4 განივკვეთის მილკვადრატების სიმტკიცე არ იყო უზრუნველყოფილი და ქარის ზემოქმედების შემთხვევაში მიიღებდა დაზიანებას. სიმტკიცის ყველაზე მაღალ მაჩვენებლიანი ფოლადი C375-ის გამოყენების შემთხვევაში, 100 X100 X3 მმ მილკვადრატებს აქვს 99%-იანი არასაკმარისობა, ხოლო 100 X100 X4 მმ მილკვადრატებს - 56%. 2019 წლის 18 აპრილის დასკვნის მიხედვით, გლდანი-ნაძალადევის სარაგბო კომპლექსისათვის დამუშავებული კონსტრუქციული პროექტი („გლდანი-ნაძალადევის სარაგბო კომპლექსი. რკინაბეტონის ღობე (კორექტირებული))“, არასრულყოფილი იყო. პროექტი შეიცავდა არასაკმარის ინფორმაციას და მხოლოდ მის მიხედვით მშენებლობის განხორციელება არ იყო რეკომენდირებული. აუცილებელი პარამეტრების მაგალითად, უკუჩასაყრელი მასალისა და ხელოვნური ფუძის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების არქონის გამო, ექსპერტიზაზე ჩატარდა კედლის მდგრადობის მიახლოებითი პარამეტრების გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციით სამშენებლო სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, N9 საყრდენი კედელი ვერტიკალური სიბრტყიდან გადაიხრებოდა. 2018 წლის 2 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, გლდანი-ნაძალადევის სარაგბო კომპლექსის ადმინისტრაციულ შენობაში პირველ და მეორე სართულზე მოწყობილი შეკიდული ჭერის საკიდების განლაგება და რაოდენობა აკმაყოფილებდა „არმსტრონგის“ ტიპის შეკიდული ჭერის მოწყობის სახელმძღვანელოს მოთხოვნებს. 2019 წლის 13 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად, შპს „ს.კ–ის“ მიერ შესრულებული, გლდანი-ნაძალადევის სარაგბო კომპლექსის N2 ხელოვნურსაფარიანი მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 143 047.63 ლარი, ხოლო 2019 წლის 26 ნოემბრის დასკვნით, შპს „ს.კ–ის“ მიერ შესრულებული, გლდანი-ნაძალადევის სარაგბო კომპლექსისათვის მოწყობილი კედლის გამაგრების სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 294 376.66 ლარით. 2019 წლის 26 ნოემბრის N008290219 დასკვნის მიხედვით, 2019 წლის III კვარტლის მიმდებარე ფასების დონეზე, ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ....... მიმდებარედ, გლდანი-ნაძალადევის სარაგბო კომპლექსის N2 ხელოვნურსაფარიანი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის, ლიმიტრირებული დანარიცხებისა და დღგ-ის ჩათვლით თანხით 150 200.01 ლარის ოდენობით, მიეცა რეკომენდაცია დასამტკიცებლად, ნაცვლად წარმოდგენილი 138 221.4 ლარისა. N9 საყრდენი კედლის ვერტიკალური სიბრტყიდან გადახრა და მის მიმდებარედ არსებული N2 ხელოვნურსაფარიანი მოედნის ბზარების გაჩენა გამოწვეული იყო არასათანადოდ გაანგარიშებული საპროექტო დოკუმენტაციის მონაცემებით განხორციელებული სამუშაოების გამო, რამაც გამოიწვია კედლის მიმდებარე გრუნტის ძვრა კედლის გადახრის მიმართულებით, რამაც თავის მხრივ, მოედნის ზედაპირზე გააჩინა პარალელური ბზარები.

5.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „ს.კ–ს“ შორის 2017 წლის 17 აგვისტოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვითაც, მიმწოდებლის (შპს ,,ს.კ–ის) მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ 2017 წლის 20 ივნისის შესრულებული სამუშაოების აქტი N12 (ფორმა N2) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5003672917 დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ...... მიმდებარედ რაგბის კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია 2016 წლის 18 მაისს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 6 710 860.27 ლარი.

5.7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 05 ივლისის N003781017 დასკვნაში იმ დროისათვის შესრულებული სამუშოების შემოწმებისას გამოვლენილი იქნა ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები, თუმცა, ამავე ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 16 აგვისტოს N5004652717 დასკვნით დასტურდება, რომ მითითებული ხარვეზები გამოსწორებულია მოპასუხე მხარის მიერ. ამასთან, მხარეთა შორის 2017 წლის 17 აგვისტოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ 2017 წლის 20 ივნისის შესრულებული სამუშაოების აქტი N12 (ფორმა N2) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5003672917 დასკვნის მიხედვით. დგინდება, რომ ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ...... მიმდებარედ რაგბის კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია 2016 წლის 18 მაისს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დამკვეთმა მიიღო შესრულებული სამუშაო წარდგენილი სახით და მას პრეტენზია შესრულებულ სამუშაოთა ხარისხზე ან სხვა ნაკლოვანებებზე არ განუცხადებია. შესაბამისად პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს.კ–ის“ მიერ 2016 წლის 18 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერიასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის N08.06.04.11/30/275 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად იყო შესრულებული და აპელანტის მოთხოვნა საბოლოო შედეგამდე შემოწმების დროს გამოვლენილი ხარვეზის არსებობის გათვალისწინებით, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საფუძველს იყო მოკლებული.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორების მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა არასრულად და არასწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები. სასამართლომ დავა გადაწყვიტა ისე, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. სასამართლოს დასკვნა კი არ გამომდინარეობს საქმეში შეკრებილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზიდან და შეფასებიდან.

6.2. სახეზეა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა და აღნიშნული დარღვევისთვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები. სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა არა მარტო ვალდებულებების შესრულების ფაქტზე, არამედ იმაზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებებით დადგენილი სახელშეკრულებო ვადები და შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი შესაბამისობაში არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ხელშეკრულებით დადგენილი ვადის ბოლოსთვის.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 სექტემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს, მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

13. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ნაწარმოები ვალდებულებაა, შესაბამისად, მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ ძირითადი ვალდებულების დარღვევის შემდეგაა შესაძლებელი. ვალდებულების დარღვევა მოიაზრებს, როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, ისე შეუსრულებლობას. წინამდებარე დავაში, შემკვეთი მენარდეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ედავება.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არაერთი საქმის განხილვის ფარგლებში მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დაარღვევის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება (იხ. სუსგ საქმე ას-1775-2018, 31 ოქტომბერი 2018 წელი; საქმე №ას-442-414-2017, 24 მაისი 2017 წელი).

16. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 2016 წლის 18 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ს.კ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის N08.06.04.11/30/275 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ....... მიმდებარედ რაგბის კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების წარმოება; სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის მხარეთა შორის ხელშეკრულებით დადგენილი სახელშეკრულებო ვადებისა და შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის შესაბამისობას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ხელშეკრულებით დადგენილი ვადის ბოლოსთვის. მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება წარმოადგენს. შესაბამისად, მას უნდა ემტკიცებინა ყველა იმ გარემოების (დარღვევის) არსებობა, რომელიც მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვას განაპირობებდა.

17. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაოები ხარვეზით სრულდებოდა, თუმცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 აგვისტოს N5004652717 დასკვნით ასევე დასტურდება და მოსარჩელის მიერ შედავებული არ არის, რომ მითითებული ხარვეზები გამოსწორებულია მოპასუხე მხარის მიერ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „ს.კ–ს“ შორის 2017 წლის 17 აგვისტოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ 2017 წლის 20 ივნისის შესრულებული სამუშაოების აქტი N12 (ფორმა N2) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5003672917 დასკვნით და დგინდება, რომ ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ...... მიმდებარედ რაგბის კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია 2016 წლის 18 მაისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. დამკვეთმა მიიღო შესრულებული სამუშაო წარდგენილი სახით და პრეტენზია შესრულებულ სამუშაოთა ხარისხზე ან სხვა ნაკლოვანებაზე არ განუცხადებია.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო შესაბამისი ხარისხის სამუშაოების შესრულება. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ვერ გასწია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რამდენადაც სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას დაადასტურებდა.

19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სამუშაოთა შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითბს, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ საფუძველს არ ემყარებოდა. შესაბამისად, შეუძლებელია ამ საკითხის კვლევა საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

20. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე