საქმე № ას-447-2022 13 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ჩ----ის რ----ის ----ე ბ---ოს ჯ-ფი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. რ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ჩ----ის რ---ის ..-ე ბ----ოს ჯ---ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, ბ. რ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, მეორე აპელანტი) სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც კასატორს - 23 531.34 ლარი დაეკისრა, ხოლო, 2 580.37 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარი ეთქვა.
2. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა, რომელიც თავისმხრივ რაიმე კვლევას არ ეფუძნებოდა.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი:
7.1. მოსარჩელის და მესამე პირების საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ---- მდებარე უძრავ ნივთზე - 1 198.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობაზე საკადასტრო კოდით ----- (ტ.2. ს.ფ. 21-22);
7.2. მოპასუხის წარდგენილი სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია „ე----ის“ 2017 წლის ივლისში შედგენილი დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს, მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი და შესაბამისად, დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად.
7.3. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 მარტის დასკვნა კი შედგენილია ვიზუალური შესწავლის შედეგად. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „------“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნისაგან განსხვავებით, რომელიც უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე მიზეზზე მიუთითებს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების მიზეზზე - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე.
8. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 მარტის დასკვნაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც „ვიზუალური დათვალიერებით, ხაშურის რაიონის სოფ. ---- მდებარე მოქ. ბ. რ-ის საკუთრებაში არსებული შენობის, დახრილობის მხრიდან პირველ სართულის მარცხენა ტორსულ კედლის, მეორე სართულის გრძივი კედლის და ბეტონის ღობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია. შენობის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისთვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. ხაშურის რაიონის სოფ. ---- მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობაზე დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით მიეკუთვნება მე-2 ხარისხს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფ. ----- არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ ----- მდებარე ბ. რ-ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ---- მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება გამოწვეულია #--- სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად“.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების შემოწმება. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, ამდენად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიეკუთვნება და სადავო ურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებით, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებით მოწესრიგებას ექვემდებარება.
11. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შეად. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018);
12. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).
13. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
14. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, 2017 წლის ივლისში შედგენილი დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობითაა შესრულებული, ხოლო, აღნიშნულისგან განსხვავებით უფრო კატეგორიული ხასიათისაა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელიც საქმეში არსებული სხვა დასკვნებისგან განსხვავებით კატეგორიულად მიუთითებს მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანების მიზეზად, მოპასუხის მიერ წარმოებულ აფეთქებით სამუშაოებზე.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, სსიპ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაზე მითითებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, საცხოვრებელ სახლზე გვირაბის აფეთქების ზემოქმედების დადასტურება. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ცხადყოფს მოპასუხის ბრალეულობას ზიანთან მიმართებაში, შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო იმგვარი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის სახლის სხვა გარემოებების ზეგავლენით, თუნდაც მის მიერ მითითებული მეწყრული პროცესების ზემოქმედებით დაზიანებას, რასაც მოპასუხემ თავი სათანადოდ ვერ გაართვა.
16. საკასაციო სასამართლო ზიანის ოდენობაზე მხარეთა მიერ წარდგენილ დასკვნებზე მიუთითებს, კერძოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, ი/მ ზ. გ-ის მიერ 2018 წელს შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე, რომლის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მზიდ კედელს ა-ბ-გ-დ ფასადის მარჯვენა მხარეს აქვს ვერტიკალური გახსნილობის ბზარი, რაც გამოწვეულია საძირკველის არათანაბარი ჯდენით. ასევე ბზარები და ჯდენა შეინიშნება აბანოს კედელზეც. ამის გამო, შენობაში ადრე გაკეთებული მოპირკეთება დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენა-რეაბილიტაციას. ბზარების ადგილზე უნდა მოხდეს ნალესის დემონტაჟი და ახალი ლესვა საბათქაშე ბადის გამოყენებით. შესაბამისად, უნდა მოხდეს შიდა სივრცის და გარე კედლების მოპირკეთება ამჟამად არსებული მოპირკეთების ანალოგიური მასალებით. შენობის გამაგრების და შემდგომი ჯდენების აცილების მიზნით, 3-2-1 და ა-ბ-გ-დ ფასადებთან საძირკველში ეწყობა რკ/ბეტონის საყრდენი ფილა. შენობას მოწყობილი ჰქონდა ოთხქანობიანი სახურავი, რომელიც დაფარული იყო ფოლადის ფურცლოვანი თუნუქით. შენობაზე განვითარებული დეფორმაციების გამო, აღნიშნული ბურული დაზიანდა, რაც იწვევდა წყლის ჩამოსვლას შენობის შიდა სივრცეში. სახლის მეპატრონემ არსებული სახურავის ბურული და ხის კონსტრუქცია შეცვალა და მოაწყო ახალი, ორქანობიანი სახურავი ფერადი პროფნასტილის ბურულით. სახლის წინ ეზოში არსებულ ღობის ბეტონის საყრდენ კედელზე აღინიშნება მრავლობითი გახსნილი ბზარები, კედელი კი გადაწეულია ვერტიკალური სიბრტყიდან. პროექტით გათვალისწინებულია დაზიანებული ბეტონის კედლის დემონტაჟი და მის ადგილზე იგივე გაბარიტების, რკ/ბეტონის ახალი საყრდენი კედლის მოწყობა. ზემოაღნიშნული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, განმარტებით ბარათში აღწერილი დაზიანებების აღდგენის ღირებულებამ შეადგინა 26 111,71 ლარი.
17. საპირისპიროდ მოპასუხემ შპს „-------“ 2019 წლის 17 სექტემბრის დასკვნა წარადგინა, რომლის თანახმად, ი/მ ზ. გ-ის მიერ 2018 წელს შედგენილი ხარჯთაღრიცხვა ძირითად ნაწილში ნაწარმოებია არსებული ნორმატივების მიხედვით, მაგრამ გაზრდილია შესარულებელი სამუშაოები და მათი მოცულობები, რითიც გაზრდილია საშენი მასალებისა და შრომითი რესურსის ოდენობა. ი/მ ზ. გ-ის დასკვნა არ გამომდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნიდან და მასში მითითებულია ისეთი სახის სამუშაოები, რომელთა შესრულების აუცილებლობა არ არსებობს. ექსპერტის განმარტებით, მის მიერ ადგილზე შესწავლის საფუძველზე შედგენილია ხარჯთაღრიცხვა არსებული დაზიანებების აღმოსახვრელად, ბზარების გამონოლითებით, ღობის ბეტონის კედლის აშენება, რისთვისაც საჭიროა საძირკველის ჩასხმა, რომელიც არ გააჩნდა ამ კედელს. მიუხედავად ამისა, მთლიანმა აღდგენითმა ღირებულებამ სამხარაულის ექსპერტისა და მის მიერ გამოვლენილი დაზიანებების აღსადგენად, შეადგინა 4 697,7 ლარი.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ, უძრავი ქონების სახურავის შეკეთების ხარჯები ვერ დაადასტურა, რის გამოც გონივრული ზიანის ოდენობად 23 531.34 ლარის განსაზღვრა.
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ-----ის რ----ის ---ე ბ--ს ჯ--ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ჩ---ის რ---ის ---ე ბ--ოს ჯ---ფს“ (----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №---, გადახდის თარიღი 1.05.2022), 1 176.57 ლარის 70% - 823.59 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე