საქმე №ას-957-2022 28 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს. დ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. წ-ლი, ე. წ-ლი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს. დ-ძე და ე. წ-ლი ქორწინებაში იმყოფებიან 2005 წლის 19 ნოემბრიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 20-- წლის 08 ივლისს დაბადებული თ. წ-ლი და 20-- წლის 07 დეკემბერს დაბადებული ნ. წ-ლი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ს. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ე. წ-ლს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 300-300 (სამას-სამასი) ლარის, სულ 600 (ექვსასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, 2019 წლის 03 ივნისიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2019 წლის 25 სექტემბერს;
3. კრედიტორმა ს. დ-ემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის
სააღსრულებო ბიუროს მოვალე ე. წ-ის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მოთხოვნით მიმართა 2019 წლის 01ოქტომბერს. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმის მიხედვით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი მოვალის მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების მიზნით გამოცხადდა კრედიტორის მიერ დამატებით წარმოდგენილ მისამართზე თბილისი, ----- --, კორპ. N--, ბინა N--. ბინა დახვდა დაკეტილი. მეზობლების გადმოცემით, მოვალის მშობლებს ბინა გაქირავებული აქვთ და ამჟამად ბინაში ქირით ცხოვრობს მ-ის ოჯახი. მოვალე ამ მისამართზე არ ცხოვრობს.
4. მოსარჩელის მოთხოვნა
4.1. მოპასუხეებისათვის ს. წ-ისა და ე. წ-ვის არასრულწლოვანი შვილიშვილების - 20-- წლის 08 ივლისს დაბადებული თ. წ-ის და 20-- წლის 07 დეკემბერს დაბადებული ნ. წ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300-300 (სამას-სამასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 19 ნოემბრიდან მათი სრულწლოვანების მიღწევამდე;
4.2. მოპასუხეებისათვის ს. წ-ისა და ე. წ-ვის არასრულწლოვანი შვილიშვილების - 20-- წლის 08 ივლისს დაბადებული თ. წ-ის და 20-- წლის 07 დეკემბერს დაბადებული ნ. წ-ის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით - გაწეული ხარჯის ნახევრის - 68 ლარის და გასაწევი ხარჯის ნახევრის - 270 ლარის და ასევე, წრეებზე სიარულის გადასახდელი თანხის ნახევრის - 130 ლარის დაკისრება;
5. მოსარჩელის პოზიცია
5.1. მოსარჩელის ცნობით, ს. დ-ძე და ე. წ-ლი ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. ე. წ-ლი ბავშვებთან ინარჩუნებდა ურთიერთობას, მაგრამ რჩენასა და აღზრდის პროცესში არანაირ მონაწილეობას იღებდა. სასამართლოს 2019 წლის 05 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ს. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ე. წ-ლს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისრა 300-300 (სამას-სამასი) ლარის, სულ 600 (ექვსასი) ლარის გადახდა.
5.2. მოსარჩელის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ე. წ-ლი
ნებაყოფლობით არ ზრუნავდა ბავშვებზე და გადაწყვეტილების შემდგომაც არ გადაიხადა ალიმენტი, მოსარჩელემ 2019 წლის 01 ოქტომბერს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღნიშნულმა არანაირი შედეგი არ გამოიღო და ე. წ-ლი დღემდე ბავშვთა ინტერესების საზიანოდ არ იხდის ალიმენტს. ბინაში, სადაც ნივთებია, ე. წ-ის მშობლებმა დაკეტეს და არ უშვებენ აღმასრულებელს მოვალეობის შესასრულებლად.
5.3. მოსარჩელეს თქმით, 2020 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით, ე. წ-ის დავალიანებამ თითოეულ ბავშვზე შეადგინა 5100 ლარი, სულ ჯამში - 10 200 ლარი. ე. წ-ლი არ იხდის ალიმენტს, საერთოდ არ ზრუნავს ბავშვების აღზრდა-განვითარებაზე. ამაში ხელს უწყობენ მშობლები, ს. წ-ლი და ე. წ-ლი. მათ დაკეტეს ის ბინა, არ შეუშვეს აღმასრულებელი და თავადაც დაემალნენ, სადაც განთავსებულია ნივთები, რომელიც უნდა გაეტანა აღმასრულებელს ალიმენტის დასაფარავად. მოპასუხეები მათ შვილს უჭერენ მხარს, ქონება თავიანთ სახელზე გაიფორმეს და ის სახლში, სადაც მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობდა, იძულებით დაატოვებინეს.
5.4 მოსარჩელის განმარტებით, რადგან ბავშვების მამა დღემდე შეგნებულად არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს, მოსარჩელე ბავშვთა რჩენისა და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე იძულებულია მიმართოს სასამართლოს, რათა დაეკისროს ალიმენტი ბებიასა და პაპას.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1 მოპასუხეები წარმოდგენილ შესაგებელში არ ცნობენ სარჩელს და მიუთითებენ, რომ არ არსებობს მოპასუხეებისათვის ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
6.2 მოპასუხის მითითებით, ბავშვების მამა პერიოდულად ცდილობს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი ბავშვების მიმართ. მოსარჩელეს თვითონ არ სურს, რომ მამამ მიიღოს მონაწილეობა ბავშვების აღზრდაში. რაც შეეხება სააღსრულებო წარმოების დაწყებას და იმ გარემოებას მოსარჩელის მეუღლე იხდის თუ არა ალიმენტს, აღნიშნულს ამ დავასთან კავშირი არ აქვს.
6.3 მოპასუხეები მზად არიან იზრუნონ არასრულწლოვან შვილიშვილებზე და აქტიური მონაწილეობა მიღონ მათ აღზრდაში, თუმცა მოსარჩელე მათ ამის საშუალებას არ აძლევს. მოპასუხე მხარისათვის გაუგებარია რატომ უნდა გადაიხადონ სარჩელით მოთხოვნილი საალიმენტო თანხა, როდესაც აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნია მოსარჩელის მეუღლეს და მასთან კარგ ურთიერთობაშია მოსარჩელე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს. დ-ის სარჩელი მოპასუხეები ს. და ე. წ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ს. წ-ლს (პ/ნ ------) და ე. წ-ლს (პ/ნ -----) დაეკისრათ არასრულწლოვანი შვილიშვილების - 20-- წლის 08 ივლისს დაბადებული თ. წ-ის და 20-- წლის 07 დეკემბერს დაბადებული ნ. წ-ის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300-300 (სამას-სამასი) ლარის, სულ 600 (ექვსასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან, 2020 წლის 19 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. ასევე, გათავისუფლდა არასრულწლოვნების მამა ე. წ-ლი (პ/ნ ----) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისს N----დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილების - თ.ა წ-ის (დაბადებული 20-- წლის 08 ივლისს) და ნ. წ-ის (დაბადებული 20-- წლის 07 დეკემბერს) სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან, 2020 წლის 19 ნოემბრიდან გარემოების შეცვლამდე;
7.2. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება ს. დ-ის სასარგებლოდ სარჩელის დაკმაყოფილებისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით ე. და ს. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოპასუხე ს. დ-ის მიმართ, შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და სარჩელის დაკმაყოფილებას ეთქვა უარი.
8.2. პალატა, მართალია, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ წინამდებარე დავაში შესაფასებელია არა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის აუცილებლობა (რაც უდავოდ მნიშნელოვანი საკითხია ალიმენტის შესახებ საქმეების გადაწყვეტისას), არამედ - კონკრეტული სამართლებრივი ნორმის (სსკ 1225-ე მუხლი) წინამდებარე საქმეზე გავრცელების ფაქტობრივი საფუძველი.
8.3 სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვისათვის სოციალური გარანტიების შექმნა, რჩენა-აღზრდაში მონაწილეობის მიღება, პირველ რიგში, მისი მშობლების ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებულები არიან თუ არა და ერთად ცხოვრობენ თუ - ცალ-ცალკე.
8.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის შესაბამისად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილები, რომელიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლისაგან. ხსენებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე პაპა და ბებიას რჩენის ვალდებულება ეკისრებათ თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა: მათ უნდა გააჩნდეთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა და ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უნდა უზრუნველყოფდეს შვილის რჩენას. ამდენად, ბებია და პაპა ვალდებული არიან, გადაიხადონ ალიმენტი შვილიშვილის რჩენისათვის არა ყველა შემთხვევაში, არამედ იმ შემთხვევაში, თუკი მას (შვილიშვილის) სარჩოს მიღების შესაძლებლობა მშობლებისაგან არ ექნება.
8.5 კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვან ბავშვებს ჰყავთ
შრომისუნარიანი დედ-მამა. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ თავდაპირველი მოსარჩელე დასაქმებულია და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი, ხოლო არასრულწლოვნების მამა იმყოფება საზღვარგარეთ და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის მისი მხრიდან არ ხორციელდება შვილებისთვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა, ხსენებული არ გამორიცხავს გადაწყვეტილების საზღვარგარეთ აღსრულების ან/და მამის მიერ სამომავლოდ შვილებზე ზრუნვის მოვალეობის ნებაყოფლობით სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობას, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ შვილისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების გააზრების შემთხვევაში, შვილების რჩენა ელემენტარულ დონეზე მაინც ბავშვების მშობლებმა, როგორც ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელმა, შრომისუნარიანმა ადამიანებმა უნდა უზრუნველყონ. პალატამ შენიშნა, რომ მოცემული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლით დადგენილი მეორე კუმულატიური პირობის არსებობა, რაც წინამდებარე დავაში სახეზე არ არის, კერძოდ, არ დასტურდება, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ მშობლებისგან მიიღონ სარჩო, რის გამოც, პალატის შეფასებით, არასრულწლოვნებისთვის აპელანტებისგან ალიმენტის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი შემადგენლობა არ არსებობს.
8.6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდის შეუძლებლობა განპირობებული უნდა იყოს ობიექტური ფაქტორებით. ობიექტური შეუძლებლობა გულისხმობს შეუძლებლობის ვითარების დადგომას მოვალისაგან დამოუკიდებელი ფაქტორების შედეგად. ,,სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ გამოიტანს, როცა დარწმუნდება, რომ უსახსროდ დარჩენილ შვილიშვილს სარჩოს მიღება მშობლებისგან არ შეუძლია და პაპა-ბებიას გააჩნია საკმარისი სახსრები. არ შეიძლება მათ ალიმენტი დაეკისროთ იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ან ერთ-ერთი მათგანი, შრომისუნარიანია ან შრომისუუნაროა, მაგრამ გააჩნია საკმაო სახსრები შვილის სარჩენად“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მთავარი რედაქტორი - ლადო ჭანტურია, წიგნი მეხუთე, მუხლი 125).
8.7. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
9.კასატორის მოთხოვნა
9.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, მისი მითითებით, გადაწყვეტილებაში გამოყენებული კონვენციებითა და გადაწყვეტილებებით ბავშვის ინტერესების დაცვა ხდება და არა მისი საპირისპირო ინტერესის გათვალისწინება. სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ ნახსენები კონვენციებითა და ,,ბავშვის უფლებათა კოდექსით’’ გათვალისწინებული მოთხოვნები.
9.2. კასატორის მოსაზრებით, როდესაც სასამართლო უთითებს, რომ ,,ალიმენტის გადახდის შეუძლებლობა განპირობებული უნდა იყოს ობიექტური ფაქტორებით.’’, განმარტებული არა აქვს თუ რას ნიშნავს ობიექტური ფაქტორები და ვერც განიმარტება აღნიშნული, რადგან კანონმდებელმა ეს მუხლი ზოგადი ნორმის სახით დააწესა. ზოგადი ნორმის დაწესებით კი სასამართლოს დაუტოვა დისკრეციული უფლებამოსილება ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე სრულად გამოიძიოს და კეთილსინდისიერად განსაზღვროს ,,ობიექტური გარემოება’’.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით ს. დ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩმოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა, შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს.
20. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კონვენცია წევრი ქვეყნებისათვის სამი განსხვავებული სახის ვალდებულებას ადგენს: (ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს; (ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება (განმარტებისფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციაში და დამატებით ოქმებშია მოცემული); (გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული.
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
22. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვისათვის სოციალური გარანტიების შექმნა, რჩენა-აღზრდაში მონაწილეობის მიღება, პირველ რიგში, მისი მშობლების ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებულები არიან თუ არა ან ერთად ცხოვრობენ თუ - ცალ-ცალკე.
23. სსკ-ის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისგან), ასევე, სსკ-ის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ხსენებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე პაპა და ბებიას რჩენის ვალდებულება ეკისრებათ თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა: მათ უნდა გააჩნდეთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა და ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უნდა უზრუნველყოფდეს შვილის რჩენას. ამდენად, ბებია და პაპა ვალდებული არიან, გადაიხადონ ალიმენტი შვილიშვილის რჩენისათვის არა ყველა შემთხვევაში, არამედ იმ შემთხვევაში, თუკი შვილიშვილის სარჩოს მიღების პირველადი (მშობლისმიერი) შესაძლებლობა არ არსებობს.
24. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელია თუ არა არასრულწლოვნის საალიმენტო ვალდებულებები დაეკისროს მის ბებია-ბაბუას, თუ კი მშობელი ვერ ან არ ასრულებს ასეთი სახის ვალდებულებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლის სამართლებრივი მდგომარეობა ვალდებულების შესრულებას არ ზღუდავს.
25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბებიისა და პაპისათვის შვილიშვილისადმი ვალდებულებათა დაკისრების დროს სასამართლო ცდილობს დაიცვას შეპირისპირებულ კონფლიქტურ ღირებულებათა ურთიერთბალანსი, რა დროსაც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვის უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, გაუმართლებლად არ უნდა მოხდეს ბებიისა და პაპის უფლებებში ჩარევა, შესაბამისად, სასამართლოსთვის მთავარი ამოსავალი საკითხი უნდა იყოს ბავშვის უფლებათა პოტენციური დარღვევის ინტენსივობის შეფასება და მისი დაცვის უზრუნველყოფა სხვათა უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, რასაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული შედეგი შესაძლოა ჰქონდეს იმის მიხედვით თუ რომელ უფლებათა როგორ ხარისხობრივ კონკურენციას აქვს ადგილი.
27. პაპისა და ბებიის მიერ შვილიშვილზე ზრუნვისა და მისი რჩენის მოვალეობა არ არის უცხო არც ევროპული სამართლის ქვეყნებისთვის. მაგალითად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (BGB) 1601-ე პარაგრაფის მიხედვით, პირდაპირი ხაზით ნათესავები ვალდებული არიან, არჩინონ ერთმანეთი. გერმანიის უზენაესმა ფედერალურმა სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, პაპა და ბებია მოვალენი არიან დაეხმარონ დამატებითი სახსრებით მის არასრულწლოვან შვილიშვილს, მაშინაც კი, როდესაც ბავშვის მშობლებს აქვთ გარკვეული სახის შემოსავალი. განქორწინებულმა მშობლებმა კონკრეტული გარემოებების არსებობისას ნაკლები სახსრებით უნდა დაეხმარონ თავიანთ შვილს, როდესაც პაპა და ბებია ფინანსურად იმგვარ მდგომარეობაში არიან, რომ მათ ასევე შეუძლიათ შვილიშვილების რჩენისა და ზრუნვისთვის სახსრები გაიღონ. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიერ ნათესაური კავშირების გამო რჩენისა და ზრუნვის მოვალეობის დაწესება თაობათაშორისი სოლიდარობის პრინციპის გამოხატულებაა. ამდენად, პაპა და ბებია მოვალენი არიან იზრუნონ შვილიშვილზე და მათ სასიკეთოდ სოციალური ვალდებულები აიღონ, რაც სამოქალაქო-სამართლებრივი ზრუნვის მოვალეობაში გამოიხატება (Beschluss vom 27. Oktober 2021 - XII ZB 123/21).
32. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ საქმეში (სუსგ. №ას-220-2022 28 აპრილი, 2022 წელი) განმარტა, რომ სსკ-ის 1225-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პაპასა და ბებიას შვილიშვილების რჩენის ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა და, ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფს შვილის რჩენას, ანუ პაპისა და ბებიის საალიმენტო ვალდებულება არის სუბსიდიური და წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, თუ შვილიშვილს არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლებისგან (იხ. მუხლის კომენტარი).
33. აღნიშნულ საქმეში პალატამ მიუთითა, რომ ქართული კანონმდებლობა, ცალკე დანაწესს არ ითვალისწინებს საალიმენტო მოთხოვნათა რანგისთვის. ეს წესი შესაბამის კონკრეტულ მოთხოვნებთანაა მიბმული. მაგალითად, როგორც აღინიშნა, პაპისა და ბებიის მიერ შვილიშვილის რჩენის საკითხი დგება მხოლოდ მაშინ, თუ მას არ შეუძლია მიიღოს ალიმენტი საკუთარი მშობლებისგან, რაც წარმოადგენს მათი მოთხოვნის რიგის განმსაზღვრელ დათქმას. ზოგადად, საალიმენტო მოთხოვნათა რანგის მიხედვით, აღმავალი ხაზის ნათესავების რიგითობას მშობელთა საალიმენტო ვალდებულება წინ უსწრებს პაპისა და ბებიის საალიმენტო ვალდებულებას. თუ წინა რიგის ალიმენტის მოვალე ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ან მის მიმართ შეუძლებელია სამართლებრივი მოთხოვნის განხორციელება, მას ანაცვლებს შემდეგი რიგის მოვალე, რისი გათვალისწინებითაც გამოდის, რომ ბებია და პაპა მხოლოდ მაშინ არიან პასუხისმგებლები, როდესაც მშობლებს სარჩოს მიცემა შვილებისათვის არ შეუძლიათ. მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში მოსარჩელეზეა და მან უნდა წარმოადგინოს სსკ-ის 1225-ე მუხლით განსაზღვრული კუმულაციური პირობების დამადასტურებელი მტკიცებულებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები).
34. აღნიშნული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შესაძლოა ითქვას, რომ სსკ-ის 1225-ე მუხლის გამოყენებისას სასამართლო უპირველესად აფასებს არასრულწლოვნის ინტერესებისა და უფლებების განსაკუთრებულ, ინტენსიურ კავშირს ბებიისა და პაპის უფლებებთან და როდესაც ნაკლებია არასრულწლოვნის უფლებათა ბებიასა და პაპის უფლებებზე დამოკიდებულების ინტენსივობის ხარისხი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვის მშობლებს აქვთ ობიექტური შესაძლებლობა არჩინონ თავიანთი შვილი, სასამართლო ვერ ცდება სსკ-ის 1225-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს და ვერ აკმაყოფილებს სარჩელს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არასრულწლოვნის უფლებები იზღუდება, რადგან ასეთ დროს ბავშვის უპირატესი ინტერესი მიემართება უშუალოდ მის მშობლებს.
35. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მოწინააღმდეგე მხარისათვის ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმას და მიიჩნევს, რომ ბავშვების მამა რადგან არ უხდის თავის არასრულწლოვან შვილებს ალიმენტს, ბავშვების ბებიისა და პაპასთვის ალიმენტის დაკისრების წინაპირობები ვლინდება.
36. საკასაციო პალატა საქმის გარემოებებიდან და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დამატებით მიუთითებს, რომ სსკ-ის 1212-ე მუხლი (მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ) აწესებს მშობლების ვალდებულებას, არჩინონ საკუთარი შვილები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია მყარი ფინანსური მდგომარეობა და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან. ამ თვალსაზრისით, შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და თუკი მშობელი შრომისუნარიანია, მას ყოველთვის გააჩნია შვილის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის ვალდებულება. გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.
37. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არასრულწლოვან ბავშვებს ჰყავთ შრომისუნარიანი დედ-მამა. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ თავდაპირველი მოსარჩელე დასაქმებულია და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი, ხოლო არასრულწლოვნების მამა იმყოფება საზღვარგარეთ და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის მისი მხრიდან არ ხორციელდება შვილებისთვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა, ხსენებული არ გამორიცხავს გადაწყვეტილების საზღვარგარეთ აღსრულების ან/და მამის მიერ სამომავლოდ შვილებზე ზრუნვის მოვალეობის ნებაყოფლობით სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობას.
38. ამავდროულად, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, იმისათვის, რომ ბებიასა და პაპას დაეკისროთ შვილიშვილისთვის ალიმენტის გადახდა, აუცილებელია სსკ-ის 1225-ე მუხლით დადგენილი მეორე კუმულატიური პირობის არსებობა, რაც წინამდებარე დავაში სახეზე არ არის, კერძოდ, არ დასტურდება, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ მშობლებისგან მიიღონ სარჩო, რის გამოც, პალატის შეფასებით, არასრულწლოვნებისთვის აპელანტებისგან ალიმენტის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი შემადგენლობა არ არსებობს.
39. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ მშობლებისგან მიიღონ სარჩო. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ბავშვების მამის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ბავშვების მამას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დააკისრა ალიმენტის გადახდა, შესაბამისად, ბებიასა და პაპისთვის საალიმენტო ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა მოცემულ ეტაპზე არ არსებობს. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები სასამართლოს მიერ ბავშვების მამისათვის დაკისრებული ალიმენტის აღსრულების შეუძლებლობაზე, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა კანონიერია. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მშობლის ვალდებულების შეუსრულებლობის გარემოება არ არსებობს და შვილებისადმი არსებული თავისი კანონიერი თუ მორალური ვალდებულებების გათვალისწინებით, მისთვის შვილების რჩენა ხელმისაწვდომი და ობიექტურადაც შესაძლებელია, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის საალიმენტო ვალდებულების დაკისრების საფუძველი, ვინაიდან გამოვლენილი არ არის სსკ-ის 1225-ე მუხლის წინაპირობა - ბავშვების მიერ მშობლებისგან სარჩოს მიღების შეუძლებლობა.
40. საკასაციო პალატის მითითებით, სსკ-ის 1225-ე ნორმა გულისხმობს არა იმ შემთხვევას, როცა მშობელი თავს არიდებს ალიმენტის გადახდას, არამედ - როცა მისგან ალიმენტის მიღება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნული ნორმის საქმის გარემოებებთან პოზიტიური სუბსუმირება ვერ ხერხდება. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: №ას-1641-1631-2011, 2012 წლის 20 იანვრის განჩინება; №ას-74-407-09, 2009 წლის 23 ივლისის განჩინება).
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
46. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე