Facebook Twitter

საქმე № ას-1492-2020 13 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ტ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ-ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ----- ქ. №--, სარდაფი, 18.00 კვ.მ., ს/კ ----- და უძრავი ქონება, მდებარე ---- ქ. №-, 14.00 კვ.მ. ფართი და 29.00 კვ.მ. დამხმარე ფართი, საკადასტრო კოდით: ---- საკუთრების უფლებით ირიცხება ლ. კ-ვას სახელზე.

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე------ის“ 2015 წლის 20 ივნისის №--- კრების ოქმით, რ. მ-ეს (ბმა „ე-----ის“ თავმჯდომარე) დაუდასტურდა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ---- ქ. №--, 29.77 კვ.მ. სამეურნეო სათავსის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რის საფუძველზეც 2015 წლის 03 ივლისს უძრავი ქონება ს/კ ----, საცხოვრებელი ფართი 21,52 კვ/მ და ანტრესოლი 8,25 კვ/მ საჯარო რეესტრში აღირიცხა რ. მ-ის საკუთრებად.

3. 2015 წლის 13 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით მ. ტ-ემ, როგორც რ. მ-ის წარმომადგენელმა, გაყიდა და თავადვე შეიძინა რ. მ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ---- ქ. №-, ს/კ ----. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 13 ივლისს მ. ტ-ძე აღირიცხა უძრავი ქონების - ს/კ ----, საცხოვრებელი ფართი - სართული №-, ბინა №--, შენობა №-, შენობა №--, 21,52 კვ/მ და ანტრესოლი 8,25 კვ/მ - მესაკუთრედ.

4. 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მ. ტ-ემ ა. ე-ან სესხის სახით მიიღო 10 680 აშშ დოლარი, ექვსი თვის ვადით, ყოველთვიური 3,3%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ. ტ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, --- ქ. №-, ს/კ ----.

5. 2015 წლის 22 აგვისტოს ცესიის / მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ა. ე-მა მისი მოთხოვნა მ. ტ-ის მიმართ 12.08.2015წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაუთმო ა. შ-ვს.

6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-----ის“ 2015 წლის 20 ივნისის კრებას არ ესწრებოდა მოსარჩელე ლ. კ-ვა ან მისი წარმომადგენელი.

7. მოსარჩელის მოთხოვნა

7.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე---ის“ 2015 წლის 20 ივნისის კრების №--ოქმი.

7.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2015 წლის 13 ივლისს შედგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, სანოტარო აქტის რეგისტრაციის №----.

7.3. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს შედგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იპოთეკარი ა. ე-ვი), ხელშეკრულების რეგისტრაციის №----.

7.4. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2015 წლის 22 აგვისტოს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №----) გაფორმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება (ცესია).

8. მოსარჩელის პოზიცია

8.1. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ლ. კ-ას საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ---- ქ,N--, საკადასტრო კოდით: N-----. მოსარჩელემ აღნიშნული ქონება ჯერ კიდევ 1993 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა საკუთრების უფლებით. კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ლ. კ-ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბინა ორი ოთახით 27.69 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და დამხმარე ფართი 28.7 კვ.მ. - სულ 56.39 კვ.მ., მასვე გადაეცა 18 კვ.მ სარდაფი. სარჩელში მითითებულია, რომ 1989 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად მოსარჩელეს დაერთო ნება თავის მფლობელობაში არსებული დამხმარე ფართის წინ (სადავოდ გამხდარი 29.0 კვ.მ.) მოეწყო წინკარის მიშენება. მიშენება განხორციელდა, ფართი მოემატა და სწორედ მაშინ გახდა 29 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა.

8.2. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 20 ივნისის კრების ოქმით ამხანაგობის თავმჯდომარეზე - რ. მ-ზე შენობა N- 21.52 კვ.მ. და შენობა N- 8.25 კვ.მ ფართის დარეგისტრირება იყო უკანონო, რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს სწორედ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 29 კვ.მ ფართს. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის რ. მ-ის მიერ აღნიშნული ფართის გაყიდვას მ. ტ-ზე და შემდგომში იპოთეკით დატვირთვას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე და ცესიას.

9. მოპასუხის შესაგებელი

მისი განმარტებით, სადავოდ გამხდარ უძრავ ქონებაზე ლ. კ-ვას დაუზუსტებელი მონაცემებით აქვს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ქონება და შეუძლებელია მისი ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. კ-ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე----ის“ 2015 წლის 20 ივნისის კრების №--ოქმი და ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2015 წლის 13 ივლისს შედგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, სანოტარო აქტის რეგისტრაციის №----.

10.2. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს შედგენილი სესხისა და იპოთეკის №--- ხელშეკრულების (იპოთეკარი ა. ე-ვი) და ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2015 წლის 22 აგვისტოს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №----) გაფორმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგების (ცესია) ბათილად ცნობის შესახებ.

10.3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-ამ და მ. ტ-ემ.

10.4. ლ. კ-ამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ ნოტარიუს მ. ლ-ლის მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს შედგენილი სესხისა და იპოთეკის №---- ხელშეკრულების (იპოთეკარი ა. ე-ვი) და ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2015 წლის 22 აგვისტოს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №----) გაფორმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგების (ცესია) ბათილად ცნობა.

10.5. მ. ტ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების, კერძოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე----ის“ 2015 წლის 20 ივნისის კრების №--- ოქმისა და ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2015 წლის 13 ივლისს შედგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის №---- ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით როგორც მ. ტ-ის, ასევე ლ. კ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

11.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2015 წლის 20 ივნისის კრებაზე ლ. კ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონოდ განკარგვის ფაქტი, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები - რ. მ-ძე (ამხანაგობის თავმჯდომარე) და მ. ტ-ძე, ორივე მონაწილეობდა სადავო კრებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მოკლე ვადაში შედგა და მისი გაფორმების პროცესში მ. ტ-ძე მოქმედებდა როგორც რ. მ-ის წარმომადგენელი, საქმის მასალებიდან არ დგინდება მ. ტ-ის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტი - პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ 2015 წლის 13 ივლისს შედგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას სსკ-ის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან მიზნად ისახავდა არა უძრავი ქონების გასხვისება-შეძენას, არამედ ლ. კ-ას მიერ მისი კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნების გართულებას და ამასთან დასტურდება კონტრაჰენტების ურთიერთშეთანხმებით მოქმედების გარემოებაც. შესაბამისად სახეზეა 2015 წლის 13 ივლისს შედგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო აქტის რეგისტრაციის №-----) ბათილად ცნობის წინაპირობა სსკ-ის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

11.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ერთის მხრივს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ცალსახად ადასტურებს სადავო ფართების იგივეობას და მეორეს მხრივ, მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს დასკვნა რომელიც აცხადებს, რომ შეუძლებელია იმაზე მსჯელობა არის თუ არა სადავო ფართები ერთი და იგივე და აღნიშნული დასკვნის ერთ-ერთი საფუძველია ის გარემოება, რომ პროექტის გეგმაზე არსებული ფართის შესაფერისი რამდენიმე ფართი არსებობს შენობაში. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 ივლისის პასუხი არ გამორიცხავს, რომ აპელანტების საკუთრებაში რიცხული ფართები შეიძლება ერთი და იგივე იყოს, შესაბამისად არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს. პალატა ასევე მიუთითებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ-----ის“ 2015 წლის 06 აგვისტოს №--- ექსპერტის დასკვნის კვლევით ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ ლ. კ-ვას საკუთრებაში არსებულ დამხმარე ფართზე მიშენებულია წინკარი და იგი ანტრესოლიანია (ტ. 1, ს.ფ. 139). აღსანიშნავია, რომ მ. ტ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების ნაწილიც წარმოადგენს ანტრესოლს. რაც შეეხება 0,77 კვ.მ- იან განსხვავებას აპელანტების საკუთრებაში რიცხულ ფართებს შორის, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული განსხვავება იმდენად მცირეა, რომ არ გამორიცხავს ფართების იდენტობის ფაქტს.

11.4. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ. ტ-ძე უარყოფს მის საკუთრებაში არსებული ფართისა და ლ. კ-ას საკუთრებაში არსებული ფართების იგივეობას, თუმცა მოსამართლის შეკითხვაზე, თუ სად მდებარეობდა ლ. კ-ას ფართი თუ არა იქ სადაც მოსარჩელე უთითებდა, მოპასუხე მხარემ (აპელანტმა მხარემ) პასუხი ვერ გასცა (იხ. 18.02.2020წ. სხდომის ოქმი, 14:42:50 სთ.). აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ლ. კ-ვა გარკვეულ ფართებს ფლობს ქ. თბილისში --- ქ. №--ში, ამასთან მოსარჩელე კონკრეტულად უთითებს თუ რომელია მისი ფართი და ამის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნაც, შესაბამისად მოპასუხე მ. ტ-ის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ლ. კ-ას საკუთრებაში არსებული ფართი ის კი არაა, რომელსაც იგი უთითებს, არამედ სხვა. მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ მითითებული და მტკიცებულებით გამყარებული ფაქტობრივი გარემოების სიმცდარე.

11.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ სათანადოდ ვერ განახორციელა მისი მტკიცების სფეროში შემავალი გარემოებების დადასტურება და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების უარყოფა, შესაბამისად შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე რ. მ-ვის გადაცემული და შემდგომში ამ უკანასკნელის მიერ მ. ტ-ზე გასხვისებული დამხმარე სამეურნეო ფართი (ს/კ ----) არის ლ. კ-ას საკუთრებაში რიცხული ფართი.

11.6. რაც შეეხება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მოჩვენებითობას, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა მითითებული რაიმე ისეთი ფაქტობრივი გარემოება და შესაბამისად არც მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს ა. ე-ვი და მ. ტ-ძე შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგის დადგომის ინტერესი და რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე მათ რაიმე კავშირი ჰქონდათ. შესაბამისად სახეზე არ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მხარეთა შორის „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მხარეებმა ნოტარიულად დაამოწმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში და განხორციელდა სესხის თანხის მოვალისთვის გადაცემა, აპელანტს კი აღნიშნული გარემოებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოჩვენებითობა, აზრს მოკლებულია ცესიის ხელშეკრულების მოჩვენებითობაზე მსჯელობა, გამომდინარე იქედან, რომ ცესიის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომც არსებობდეს ამის საფუძველი, რაიმე იურიდიული შედეგის მომტანი მოსარჩელისთვის ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, პალატა დამატებით მაინც აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ ვერც ცესიის ხელშეკრულების მხარეთა კავშირის და ლ. კ-ას მოტყუების მიზნით „ურთიერთშეთანხმების“ დადასტურება განხორციელდა.

11.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

12. საკასაციო საჩივრების მოთხოვნა

12.1. ლ. კ-ამ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს შედგენილი სესხისა და იპოთეკის №--- ხელშეკრულების (იპოთეკარი ა. ე-ვი) და ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2015 წლის 22 აგვისტოს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №----) გაფორმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგების (ცესია) ბათილად ცნობა.

12.2. მ. ტ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების, კერძოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე---ის“ 2015 წლის 20 ივნისის კრების №--ოქმისა და ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2015 წლის 13 ივლისს შედგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის №--- ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 თებერვლის განჩინებით ლ. კ-ვას საკასაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გაშვების გამო დარჩა განუხილველად.

13.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით ბმა ,,ე---ის“ საკასაციო საჩივარი საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

13.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

13.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აპრილის განჩინებით მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე განხილულია დაუშვებელი სარჩელი. შესაბამისად, როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

15. აღნიშნული საქმის ფარგლებში მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები მოცემულია სსსკ-ის 180-ე მუხლში. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება, სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.) ამდენად, თუ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე სასამართლო გამოარკვევს, რომ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა შესაძლებელია, სასამართლომ აღიარებითი სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიიღოს და არ უნდა განიხილოს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (შდრ სუსგ. საქმე N ას-98-98-2018, 11 სექტემბერი, 2018 წელი).

17. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღინიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი („სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო გარიგებით განკარგული ქონების დაბრუნებაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ზემოხსენებული გარიგებისა და კრების ოქმის ბათილად ცნობით, მოსარჩელე ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებით სადავო ქონება მოსარჩელეს საკუთრებაში არ დაუბრუნდება და, შესაბამისად, ვერც აღსრულება ვერ მიექცევა მასზე.

19. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება რომ აღსრულებადი იყოს, აუცილებელია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, სადავო ქონების დაბრუნების მოთხოვნით. სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო, კერძოდ, მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა სადავო ქონების მისი განკარგვის სფეროში დაბრუნება. ასეთი სარჩელი მოსარჩელეს არ აღუძრავს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის 7.2 მუხლი) მაშინ, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მოცემულ საქმეში ასეთი შემთხვევა ისაა, რომ მოსარჩელეს არ აღუძრავს მიკუთვნებითი სარჩელი, მაშინ, როდესაც ასეთი სარჩელის აღძვრა შესაძელებლი იყო. ეს კი, მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

20. ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს, რომ, სსსკ-ის 248-ე მუხლის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით კი, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია.

21. აქვე, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).

22. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

23. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, სსსკ-ის 1991 მუხლის (სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან) საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც და გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავო ქონებას საკადასტრო კოდით: -------.

24. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვებისას მხარეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მ. ტ-ძე 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 257.1-ე, 284-ე, 285-ე, 1991 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით:

2.1.ლ. კ-ას სარჩელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის "ე----ის" 2015 წლის 20 ივნისის კრების #- ოქმისა და ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2015 წლის 13 ივლისს შედგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების #--- სანოტარო აქტის ბათილად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავო ქონებას საკადასტრო კოდით: --------.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე