29 სექტემბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-151-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს ,,A--------EE’’
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა. ჯ-ია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 25 ივნისს, 16 საათსა და 16 წუთზე, საბანკო ანგარიშზე შპს „A------EE-მა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) ა.ჯ-ას (მოპასუხე ან მოწინაამდეგე მხარე) 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა. ფულადი გზავნილის ინფორმაციაში, ტრანზაქცია პირად გადარიცხვადაა დაკვალიფიცირებული.
2. 2012 წლის 25 ივნისს, 16 საათსა და 14 წუთზე, საბანკო ანგარიშზე მოსარჩელემ 200 000 აშშ დოლარი გადაურიცხა ნ. ჯ-ას. ფულადი გზავნილის ინფორმაციაში, ტრანზაქცია პირად გადახდაა დაკვალიფიცირებული.
3. 2012 წლის 3 ივლისს, ნ. ჯ-ას საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა. საგადასახადო დავალებაში ტრანზაქცია პირად გადარიცხვადაა აღნიშნული.
4. მოგვიანებით, 100 000 აშშ დოლარის (შემდეგში - სადავო თანხა) დაკისრების მოთხოვნით, მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა;
- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სადავო თანხის სესხად გადაცემა არ დასტურდებოდა.
8.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ამ თანხის სარჩელში მითითებული ოდენობით მიღების ფაქტი დაადასტურა და მხოლოდ თანხის გადაცემის მიზნობრიობა გახადა სადავოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, იმაზე მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი მოცემული ნორმით გათვალისწინებული არ არის და დასადგენი გარემოებების თავისებურების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული.
მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო თანხის გადარიცხვის გზით მოპასუხეთათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი) წარმოადგინა, თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე არ იყო. პირიქით, გადახდის დანიშნულებად პირადი გადარიცხვაა მითითებული.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საუბარია კომპანიის მიერ ფიზიკური პირისთვის საკმაოდ სოლიდური თანხის გადარიცხვაზე, არსებობს პრეზუმფცია, რომ იურიდიულ პირს, როგორც საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულ პირს, ფინანსური დოკუმენტაციის გამართულად წარმოება ევალება.
შესაბამისად, მას გადაცემული თანხის სამართლებრივი ბუნების დასადასტურებლად სხვა უფრო რელავანტური ან/და წონადი მტკიცებულებების წარდგენა ხელეწიფებოდა, როგორადაც შესაძლებელია საწარმოს ფინანსური დოკუმენტაცია იქნეს მიჩნეული.
გარდა ამისა, მოსარჩელე, როგორც გამსესხებელი, სამართლებრივ რისკს კისრულობდა, რომელიც თანხის დაუბრუნებლობას შეეხებოდა. შესაბამისად, მტკიცება იმის თაობაზე, რომ 100 000 აშშ დოლარი, ყოველგვარი წერილობითი გარანტიების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ფიზიკურ პირს გადაეცა, თანაც ისე, რომ თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში პირადი დანიშნულება იქნა არჩეული და საწარმოს ფინანსური დოკუმენტაცია/გატარებები წარდგენილი არ იყო, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის შესახებ სერიოზულ ეჭვებს აჩენდა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმაზეც მიაქცია, რომ სესხის ხელშეკრულების კვალიფიკაციისთვის საჭირო მეორე კუმულაციური პირობა - მსესხებლის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულების კისრებაა, რაც საქმის მასალებში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხის შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ სადავო თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით არცერთი წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რაც მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, გადაცემული თანხის სასესხო ურთიერთობად კვალიფიცირების შესაძლებლობას გამორიცხავდა; თუმცა, ვინაიდან საქმის მასალებით სადავო თანხის მოპასუხისთვის გადაცემა დადასტურდა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, კონდიქციური ვალდებულების არსებობის წინაპირობებიც გამოეკვლია.
8.3. სსკ-ის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 976-ე მუხლი ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, როდესაც შემსრულებელი ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას ასრულებს, რაც მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას იწვევს.
მაშასადამე, იმ ვითარებაში, როდესაც დადასტურებულია და მოპასუხის მიერ სადავო თანხის მიღება უარყოფილი არ არის, იმის მტკიცების ვალდებულება და სათანადო სამართლებრივი საფუძვლის მითითება, რომ მიღებული თანხის საკუთრებაზე უფლება მოპასუხეს წარმოეშვა, მისივე მტკიცებისა და მითითების ტვირთი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ასეთ მტკიცებად ვერ მიიჩნეოდა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ სადავო თანხა მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან იგი ნ. ჯ-ას ეკუთვნოდა, რომელიც რუსეთში ბიზნეს საქმიანობით დაგროვილ თანხას დ. ბ-ის (მოსარჩელე კომპანიის დირექტორის) კონტროლირებად კომპანიებში რიცხავდა და მისი მეშვეობით თანხა საქართველოში შემოჰქონდა.
თუმცა, ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო საქმის მასალებში წარმოდგენილ შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, რომლის თანახმად, ა. ჯ-ამ სადავო თანხის მიღებიდან ერთ კვირაში, კერძოდ, 2012 წლის 3 ივლისს, მის ბიძას, ნ. ჯ-ას, საბანკო ანგარიშზე 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა.
სსკ-ის 976.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია თუ, მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა თანხის გადაცემა.
ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, 2012 წლის 25 ივნისს, 16 საათსა და 14 წუთზე, მოსარჩელემ ნ. ჯ-ას საბანკო ანგარიშზე 200 000 აშშ დოლარი გადაურიცხა და ამ შემთხვევაშიც გადარიცხვა პირადი დანიშნულების იყო. ამასთან, მოპასუხემ მიღებული თანხა ერთ კვირაში ნ. ჯ-ას სრულად გადაურიცხა, სააპელაციო სასამართლოს შეექმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა იმის შესახებ, რომ საქმეზე მოპასუხედ დასახელებულ პირს მიღებულ თანხაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია, ანუ სხვის ხარჯზე არ გამდიდრებულა, მან მოთხოვნის შესაბამისად, მიღებული თანხა შესაბამის ადრესატს გადასცა.
ამავდროულად, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ შესრულებულ ტრანზაქციაში მოპასუხე ე.წ. „გამტარი“ რგოლი იყო, კერძოდ, უდავოდ დადგინდა, რომ 2012 წლის 25 ივნისს, 16 საათსა და 16 წუთზე, საბანკო ანგარიშზე მოსარჩელემ მოპასუხეს 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა.
ფულადი გზავნილის ინფორმაციაში - ტრანზაქცია პირად გადარიცხვად დაკვალიფიცირდა. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო საქმის მასალებში წარმოდგენილ შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებაზე, რომლის თანახმად, სადავო თანხის მიღებიდან ერთ კვირაში, კერძოდ, 2012 წლის 3 ივლისს, მოპასუხემ მის ბიძას, ნ. ჯ-ას, საბანკო ანგარიშზე 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა.
მოპასუხის, როგორც „გამტარის“ როლს საქმის სხვა მტკიცებულებებიც ადასტურებდა, რომლითაც დგინდებოდა, რომ მსგავსი „პირადი გადარიცხვები“ მოსარჩელესა და ნ. ჯ-ას შორის წარსულშიც არსებობდა.
ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სხვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრება და ხსენებული თანხის მისგან კონდიქციური წესით გამოთხოვა გამოირიცხებოდა.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილებისა და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების გონივრული განსჯის შედეგად სააპელაციო სასამართლოს იმგვარი სუბიექტური აღქმა შეექმნა, რომ სადავო თანხა საქმეზე მოპასუხედ დასახელებული პირისგან გამოსათხოვ თანხას არ წარმოადგენდა, რაც სარჩელს დაუსაბუთებელს ხდიდა.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:
8.1. სასესხო დავებში მტკიცების ტვირთის განაწილებაზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლო თავადვე მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, მსესხებლის მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით ან თანხის სხვა სამართლებრივი საფუძველიდან გამომდინარე მიღების დასაბუთებით. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ თავად სააპელაციო სასამართლოს შეფასებითვე, სწორედ მოპასუხე იყო ვალდებული, ემტკიცებინა მოსარჩელისგან სადავო თანხის მიღების საფუძველი.
მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა თანხის სარჩელში მითითებული ოდენობით მიღების ფაქტი და მხოლოდ თანხის გადაცემის მიზნობრიობა გახადა სადავოდ.
8.2. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მიერ მისთვის გადარიცხული თანხა პირადი ხასიათის გადარიცხვის საფუძველზე გადაეცა, რომელიც, თითქოს, რეალურად, ნ. ჯ-სა და დ. ბ-ეს შორის არსებული ურთიერთობის ნაწილს შეადგენდა და დ. ბ-ძე ნ. ჯ-ას კუთვნილ თანხებს აბრუნებდა. მოსარჩელემ სასამართლოს ცალსახად დაუდასტურა მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტის უსაფუძვლობა.
8.3. ისეთ დავებში, სადაც სადავოა სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, მოსარჩელეს ეკისრება ამ უკანასკნელის მტკიცების ტვირთი, თუმცა სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ ეს პრინციპი იმ შემთხვევაში მოქმედებს, როდესაც მოპასუხე თანხის მიღებას უარყოფს. ასეთ ვითარებაში, მოსარჩელე ვალდებულია, თანხის გადაცემისა და სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი თავად ამტკიცოს. მოპასუხის მიერ სადავო თანხის მიღება და მისი დაუბრუნებლობა მოცემულ საქმეზე უდავოა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დავის განსხვავებულად მოწესრიგება შემოგვთავაზა.
ამდენად, ვინაიდან მოპასუხე დავობს არა უშუალოდ თანხის მიღების ფაქტზე, არამედ ასეთი მიღების სამართლებრივ საფუძველზე (მიზნობრიობაზე), ამიტომ იგი თავადვეა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ თანხის მიღების სხვა ალტერნატიული ვალდებულების არსებობა, რომელიც მოსარჩელეს თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას არ ანიჭებს.
მტკიცების ტვირთის მართებულად განაწილების პირობებში სააპელაციო სასამართლოს სწორედ მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა იმ გარემოების დამტკიცების ვალდებულება, რომ მან სადავო თანხა არა სესხად, არამედ სხვა სამართლებრივი საფუძვლით მიიღო. ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდოდა, რომ მოპასუხემ რეალურად ვერ უზრუნველყო სხვა სამართლებრივი საფუძვლით თანხის მიღების ფაქტის დამტკიცება.
8.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ტრანზაქციაში მოპასუხე ე.წ. „გამტარის როლს“ ასრულებდა, რაც დაუსაბუთებელია. თუკი მოსარჩელემ სულ რაღაც 2 წუთით ადრე ნ. ჯ-ას 200 000 აშშ დოლარი გადაურიცხა, მაშინ გაუგებარია, თუ რატომ არ შეეძლო მას იგივე პირისთვის 100 000 აშშ დოლარიც გადაერიცხა.
8.5. სააპელაციო სასამართლოს არ განუმარტავს, თუ რა „მოთხოვნის“ შესაბამისად გადასცა მოპასუხემ ადრესატს სადავო თანხა, რა გარიგების ფარგლებში არსებობდა ხსენებული მოთხოვნა.
8.6. თანხის მიმღები პირის მიერ მესამე პირისათვის სადავო თანხის გადაცემის არგუმენტით მოთხოვნის უფლების გამორიცხვა ეწინააღმდეგება, როგორც სამართლებრივ, ასევე, სამართლიანობის პრინციპებს, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით, საკასაციო სასამართლომ, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, მოპასუხისთვის თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერების განსაზღვრა, ე.ი. შესამოწმებელია, თუ რამდენად წარმატებულია კასატორის მხრიდან მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ამ მოთხოვნის აღძვრა.
11. სააპელაციო სასამართლომ, ზემომითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი გადაწყვეტილება ორი ძირითადი მოსაზრებით დაასაბუთა, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც.
12. დასაწყისში ვიმსჯელოთ, სესხის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით მოცემული სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებებზე, კერძოდ:
სესხის ხელშეკრულების ცნება სსკ-ის 623-ე მუხლშია წარმოდგენილი, რომლის დეფინიციაც ასეთია: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამდენად, სესხის ხელშეკრულების წარმოშობისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობაა საჭირო: ა). გამსესხებელს მსესხებლის საკუთრებაში განსაზღვრული თანხა უნდა ჰქონდეს გადაცემული; ბ). დათქმულ ვადაში მსესხებელი გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას უნდა კისრულობდეს.
სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება (შდრ. სუსგ, Nას-1067-1026-2016, 23.06.2017წ). ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი გამსესხებელს აკისრია. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე პრეზუმფცია. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) კი, მსესხებელს ეკისრება (იხ. სუსგ, №ას-929-891-2014, 22.04.2015).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავო თანხის მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტი ამ უკანასკნელს სადავოდ არ გაუხდია და ეს გარემოება საქმეზე წარმოდგენილი შეუდავებელი წერილობითი მტკიცებულებითაც დასტურდება. თუმცა როგორც ზემოთ განიმარტა, აღნიშნული გარემოება სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მხოლოდ ერთი წინაპირობის არსებობას გვაუწყებს.
შესაბამისად, დასადგენი რჩება საკითხი იმის შესახებ, მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხა წარმოადგენს თუ არა სესხს და იკისრა თუ არა მოპასუხემ მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების ვალდებულება.
სწორედ ამ წინაპირობის არსებობას ხდის სადავოდ მოწინააღმდეგე მხარე, როდესაც აცხადებს, რომ სესხის გადაცემის მიზნობრიობა და მის მიერ სადავო თანხის უკან დაბრუნების შესახებ ვალდებულების აღება, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება.
მოპასუხის ზემომითითებული პოზიციის სისწორეს ადასტურებს ფულადი გზავნილის შესახებ ეგრედ წოდებული „საცნობარო ინფორმაცია“, საიდანაც დგინდება, რომ 2012 წლის 25 ივნისს, 16 საათსა 16 წუთზე, საბანკო ანგარიშზე მოსარჩელემ მოპასუხეს 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა, თავად ტრანზაქცია პირად გადარიცხვად დაკვალიფიცირდა (ტომი 1, ს.ფ. 51-52).
დასახელებული მტკიცებულების გაცნობის შედეგად მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის შესახებ დასკვნა არ წარმოიშვება, უფრო მეტიც, დოკუმენტში გადახდის დანიშნულებად პირადი გადარიცხვაა მითითებული.
მოცემული საკითხის შეფასებისას, მხედველობაშია მისაღები, სსკ-ის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კომპანიის მიერ ფიზიკური პირისათვის სოლიდური თანხის გადარიცხვისას არსებობს პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც, იურიდიულ პირს, როგორც საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე ვალდებულ სუბიექტს, ფინანსური დოკუმენტაციის გამართულად წარმოება ევალება.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ გადაცემული თანხის სამართლებრივი ბუნების დასადასტურებლად კასატორს სხვა უფრო წონადი მტკიცებულების წარდგენა შეეძლო. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან იმის მტკიცება, რომ სადავო თანხა ყოველგვარი წერილობითი გარანტიების გარეშე, ზეპირი შეთანხმებით ფიზიკურ პირს გადაეცა, ისე, რომ თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში პირადი დანიშნულება მიეთითა, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობას საეჭვოს ხდიდა. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით სარჩელი სწორად ჩაითვალა წარუმატებლად.
13. რაც შეეხება უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ამ შემთხვევაშიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება სრულადაა გასაზიარებელი.
13.1. სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას.
სსკ-ის 976-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა). ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ). ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია თუ, მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა თანხის გადაცემა.
მოცემული ნორმის ძირითადი არსი ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.
„უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“(შდრ. სუსგ-ები: Nას-112-105-2017, 6.02.2019წ.; Nას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.; Nას-74-71-2016, 25.05.2016წ.; Nას-225-215-2016, 25.05.2016წ.; Nას-184-171-2015, 20.05.2016წ.; №ას-390-390-2018, 15.05.2018წ.).
13.2. განსახილველი საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება სწორად მიაპყრო საქმეზე წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე და მის მიერ დამტკიცებულად ცნობილ შემდეგ გარემოებებზე:
1). 2012 წლის 25 ივნისს, 16 საათსა და 14 წუთზე, საბანკო ანგარიშზე მოსარჩელემ ნ. ჯ-ას 200 000 აშშ დოლარი გადაურიცხა, ხსენებული გადარიცხვა პირადი დანიშნულების იყო (ტომი I, ს.ფ. 84);
2). მოპასუხემ, მიღებული სადავო თანხა, ერთ კვირაში ნ. ჯ-ას სრულად გადაურიცხა, კერძოდ, 2012 წლის 3 ივლისს, მან თავისი ბიძის, ნ. ჯ-ას საბანკო ანგარიშზე 100 000 აშშ დოლარი გადარიცხა (ტომი 1, ს.ფ. 87).
3). მსგავსი „პირადი გადარიცხვები“ მოსარჩელესა და ნ. ჯ-ას შორის წარსულშიც არსებობდა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემომითითებული გარემოებების (რომლებიც კასატორს დასაბუთებული შედავების გზით არ გაუქარწყლებია და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა) გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მართებულად შეექმნა შინაგანი რწმენა იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს სადავო თანხაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია, ე.ი. სხვის ხარჯზე იგი არ გამდიდრებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო თანხის მოპასუხისგან კონდიქციური წესით გამოთხოვის კუთხითაც სარჩელი წარუმატებელია.
14. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა რის გამოც საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,A-----EE-ის’’ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე