Facebook Twitter

23 თებერვალი 2022 წელი

საქმე №ას-862-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „თ.ქ.ე“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „მ.ბ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ.პ.ს. „მ.ბ.“ (შემდეგში: „მოსარჩელე“ ან „მყიდველი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს.„თ.ქ.ე–ის“ (შემდეგში: „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „გამყიდველი“) მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის, კერძოდ ანალოგიური ჩამტვირთველის დაქირავებით მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის - 19 265 ლარის ანაზღაურების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის, მიუღებელი შემოსავლის სახით - 6 490 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 19 265 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯი 150 ლარის ოდენობით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს:

5.1. 2019 წლის 13 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველმა - მოპასუხემ, მყიდველს - მოსარჩელეს, ნასყიდობის ფასის - 35 400 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება - მინი დამტვირთელი ,,JCB, მოდელი: Powerboom 190", გამოშვების წელი: 2018 (შემდეგში: „ნასყიდობის საგანი“ ან „მინი დამტვირთელი“).

5.2. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-9 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ, 9.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებულ და საკუთრებაში გადაცემულ სახელშეკრულებო ქონებას აღმოაჩნდებოდა ნაკლი ან დაზიანება, გამყიდველი ვალდებული იყო გამოესწორებინა ხარვეზი და აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი.

5.3. ხელშეკრულების №2 დანართით განისაზღვრა გამყიდველის საგარანტიო ვალდებულებები ,,JCB"-ის მიერ წარმოებულ სამშენებლო ტექნიკაზე. საგარანტიო პერიოდად განისაზღვრა ტექნიკის გადაცემიდან 12 თვე. №2 დანართის მე-2 პუნქტის თანახმად, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მოპასუხე შეაკეთებდა ან შეცვლიდა ნებისმიერ ნაწილსა თუ ნაწილებს, რომლებიც შემოწმების დროს მატერიალური ან ქარხნული დეფექტის მქონედ იქნებოდა მიჩნეული. ნაწილები ან/და შრომა რომლებიც ამგვარი შეკეთებისათვის იქნება საჭირო მოპასუხის მიერ უსასყიდლოდ იქნებოდა გადაცემული.

5.4. №2 დანართის მე-5 პუნქტით განისაზღვრა იმ პირობების ჩამონათვალი, რომელსაც არ მოიცავდა საგარანტიო ვალდებულებები ან პასუხისმგებლობა. კერძოდ, 5.2. პუნქტის თანახმად, საგარანტიო ვალდებულებები ან პასუხისმგებლობა არ მოიცავდა - ზოგად, კონკრეტულ, შემთხვევით ან შემდგომ ზიანს ან ეკონომიკურ თუ მორალურ დანაკარგს, რომელიც პროდუქტთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემის გამო იქნებოდა წარმოქმნილი; ხოლო 5.8. პუნქტით, გამყიდველი არ აუნაზღაურებდა მყიდველს ზარალს (დაკარგული სარგებელი რეალური ზარალი პირდაპირი და ირიბი ზიანის ჩათვლით), რომელიც მიადგებოდა მას. ყიდვა-გაყიდვის საგნის საგარანტიო ვადა არ გაიზრდებოდა იმ დროით, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული საგანი არ გამოიყენებოდა აღმოჩენილი დაზიანებების გამო (იხ. 13.03.2019 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება და დანართი N2 ტ.1, ს.ფ. 21-28).

5.5. მოსარჩელემ ნასყიდობის საგნის მწყობრიდან გამოსვლისა და დაზიანების შესახებ მოპასუხეს აცნობა 2019 წლის 14 ივნისს, რის შემდეგაც მოპასუხემ დამტვირთელი დაზიანების მიზეზის დასადგენად გადაიყვანა სარემონტო ბაზაზე (იხ. სარჩელი, ასევე მოპასუხის 09.092019წ. წერილი). 2019 წლის 24 ივნისს, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილ წერილში, საუბარია ტექნიკის დაზიანების იდენტიფიცირების პროცესზე. კერძოდ, მოპასუხემ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოსარჩელისათვის გაგზავნილ წერილში მიუთითა, რომ კომპანიის მექანიკოსის დასკვნით, დამტვირთელზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო ტექნიკის ექსპლუატაციის წესის დარღვევით (იხ. ტ.1, ს.ფ. 29).

5.6. მოსარჩელემ ტექნიკის ძრავის დაზიანების მიზეზის დადგენის მიზნით მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, რომლის 02.08.2019 წლის დასკვნის თანახმად, ჩამტვირთველის ტურბო კომპრესორის ძრავის მწყობრიდან გამოსვლა მიმდინარეობდა თანდათანობით, ძრავის საბოლოოდ მწყობრიდან გამოსვლამდე გაცილებით ადრე. ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, კონკრეტულ პირობებში, განაპირობა ტურბო კომპრესორის ჩობალების უვარგისობამ, რომლებიც ვერ ქმნიდნენ საჭირო გერმეტაციას და ექსპლუატაციის პირობებში მათი ტექნიკური მდგომარეობა უარესდებოდა (იხ. ექსპერტიზის დაკვნა ტ.1, ს.ფ. 35-51).

5.7. 2019 წლის 08 აგვისტოს მოსარჩელემ წერილობითი განცხადებით მიმართა მოპასუხეს, რომელსაც დაურთო 02.08.2019წ. ექსპერტიზის დასკვნაც და მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 9.3. პუნქტზე მითითებით, მოითხოვა ნასყიდობის საგნის ნაკლის გამოსწორება. კერძოდ, დაზიანებული ძრავის/ან საგნის ახლით შეცვლა, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც წერილის ავტორის მითითებით, იმ პერიოდისათვის შეადგენდა 10 915 ლარს, თუმცა ზიანის თანხის დარიცხვა გაგრძელდებოდა მანამ, სანამ არ გამოსწორდებოდა ნასყიდობის საგნის ნაკლი (იხ. ტ.1, ს.ფ. 72-92).

5.8. მოპასუხემ 09.09.2019წ. გაგზავნილი წერილით, მოსარჩელეს აცნობა, რომ კომპანიამ უნაკლოდ განახორციელა დაზიანებული ტექნიკის ძრავის შეკეთება და შესაბამისად, მოითხოვა ტექნიკის წაყვანა სერვის ცენტრიდან. ამავე წერილით მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მორიგების მიზნით შეთავაზებულ იქნა, მოსარჩელის მიერ ტექნიკის ქირავნობის სახით გადახდილი - 16 295 ლარიდან, 11 894 ლარის, ხოლო ექსპერტიზის მიზნით გადახდილი თანხიდან - 150 ლარის, ჯამში 12 044 ლარის გადახდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 93-95).

5.9. 2019 წლის 13 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეკეთებული ტექნიკის გადაცემისა და მიღების შესახებ, მხარეთა შორის 2019 წლის 11 სექტემბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტ.1, ს.ფ. 96).

5.10. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, იმის შესახებ, რომ მოცემულ სადავო ურთიერთობაზე უნდა გავრცელებულიყო მხარეთა შორის 2019 წლის 13 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების №2 დანართით გათვალისწინებული პირობები, რომელიც შეიცავს გამყიდველის პასუხისმგებლობის შემზღუდველ/გამომრიცხავ გარემოებებს, ვინაიდან ასეთი დათქმები №2 დანართის მიხედვით, შეეხებოდა საგარანტიო პირობებს, რა შემთხვევისთვისაც ხელშეკრულების მხარეებმა რიგ შემთხვევებში გამორიცხეს გამყიდველის პასუხისმგებლობა, კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს №2 დანართის 5.2., 5.8. პუნქტებზე და მიიჩნევს, რომ გამოირიცხება ზიანის ანაზღაურების შესახებ მყიდველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატამ ყურადღება გაამახვილა ამავე დანართის მე-2 პუნქტზე, რომლითაც გამყიდველმა იკისრა ნივთის შეკეთების ან შეცვლის ვალდებულება, თუკი შემოწმების შედეგად ნაწილები მიჩნეული იქნებოდა მატერიალური ან ქარხნული დეფექტის მქონედ. განსახილველ შემთხვევაში კი, დადგენილი იყო და სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მოპასუხემ სრულად შეაკეთა დაზიანებული ნასყიდობის საგანი, თუმცა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სახეზე იყო მატერიალური ან ქარხნული დეფექტი და ნივთის შეკეთება გამყიდველმა სწორედ №2 დანართის მე-2 პუნქტის საფუძველზე განახორციელა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ, მოპასუხისათვის პრეტენზიით მიმართვის შედეგად ამოქმედდა საგარანტიო პირობებით გათვალისწინებული სადავო 5.2., 5.8. პუნქტები, საფუძველს მოკლებული იყო.

5.11. პალატის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი გაზიარებული იქნებოდა მოპასუხის არგუმენტები, რომ სახეზე იყო არა ნაკლიანი ნივთის გადაცემა (ასეთ შემთხვევაში, მოპასუხის მოსაზრებით, მყიდველს ნაკლის შესახებ ნივთის გადაცემისთანავე უნდა განეცხადებინა), არამედ ადგილი ჰქონდა ნივთის ნაკლის გამოვლენას ნასყიდობის საგნის გადაცემის შემდგომ, რა დროსაც ნივთზე გავრცელდა საგარანტიო პასუხისმგებლობის შემზღუდველი/გამომრიცხავი გარემოებები (№2 დანართის 5.2., 5.8. პუნქტები,) ასეთ შემთხვევაში აზრს კარგავდა ნასყიდობის ხელშეკრულების 9.3. პუნქტი, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებულ და საკუთრებაში გადაცემულ სახელშეკრულებო ქონებას აღმოაჩნდებოდა ნაკლი ან დაზიანება, გამყიდველი ვალდებული იყო, გამოესწორებინა ხარვეზი და აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი.

5.12. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნასყიდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, გამყიდველის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენდა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა მყიდველისათვის. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ ადგილი ჰქონდა - ტურბო კომპრესორის ძრავის მწყობრიდან გამოსვლას, რაც ცხადია მყიდველისათვის ნივთის გადაცემის მომენტიდანვე, მისი ექსპლუატაციაში გაშვების გარეშე, ცნობილი ვერ გახდებოდა, აღნიშნულს ადასტურებდა ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად ჩამტვირთველის ტურბო კომპრესორის ძრავის მწყობრიდან გამოსვლა მიმდინარეობდა თანდათანობით, ძრავის საბოლოოდ მწყობრიდან გამოსვლამდე გაცილებით ადრე. ამავე დასკვნის მიხედვით, ძრავის მწყობრიდან გამოსვლა განაპირობა ტურბო კომპრესორის ჩობალების უვარგისობამ, რომლებიც ვერ ქმნიდნენ საჭირო გერმეტაციას და ექსპლუატაციის პირობებში მათი ტექნიკური მდგომარეობა უარესდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 13 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველს (მოსარჩელეს) გადაეცა ნაკლიანი ნივთი, შესაბამისად, ნაკლიანი ნივთის გადაცემის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და ამ ნაწილში მოსარჩელეს არასწორად ეთქვა უარი მის დაკმაყოფილებაზე.

5.13. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 477-ე, 488-ე, 494-ე და 408.1 მუხლებზე მიუთითა და ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ მოსარჩელესა და ი/მ ლ.ხ–ს შორის გაფორმებულ მომსახურების გაწევის შესახებ 2019 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებაზე, რომლითაც შემსრულებელმა (ი/მ ლ.ხ–ი) აიღო ვალდებულება შემკვეთისათვის (მოსარჩელისათვის) გაეწია ჩამტვირთველით (ე.წ. „ბობ ქატით“) მომსახურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე. მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა 4 მიღება-ჩაბარების აქტი (01.07.2019წ; 01.08.2019წ; 01.09.2019წ; 11.09.2019წ), შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და გადახდის ქვითრები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შემკვეთმა ჩაიბარა 20.06.2019წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, რომლისთვისაც გადახდილი იყო ჯამში - 19 265 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 57-70), რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს.

5.14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დღგ-ს სახით გადახდილი თანხა - 2915.68 ლარი, წარმოადგენს მოსარჩელის აქტივს და მისი ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა, ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას და შესაბამისად დღგ-ს გადამხდელ იურიდიულ პირს. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ საჭირო ნაწილებისა და ტექნიკის შეკეთების პროცესის განმავლობაში - 2019 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში, გამყიდველს არ უნდა დაკისრებოდა მყიდველის მიერ ტექნიკის ქირაობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ვინაიდან, აღნიშნული განპირობებული იყო, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისთვის ნაკლიანი ნივთის გადაცემით.

5.15. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 411-ე-412-ე მუხლებზე დაყრდნობით, მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ იმ ჩამტვირთველის გაქირავებით, რომლითაც თავად ეწეოდა შესაბამის საქმიანობას, მიიღებდა დამატებით შემოსავალს, საფუძველს მოკლებულად მიიჩნია, შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა.

5.16. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა შემთხვევის სირთულემ განაპირობა და ერთი ექსპერტის მიერ სადავო საკითხის გამოკვლევა შეუძლებელი იყო, ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენდა მხარის სუბიექტურ შეფასებას და არ დასტურდებოდა ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის აუცილებლობას გარდაუვალს გახდიდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაწეული ასეთი ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება, პალატის შეფასებით, მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა.

5.17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა იურიდიული მომსახურების შესახებ 2019 წლის 06 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხის ანაზღაურების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ გ.კ–ძე წარმოადგენდა მოსარჩელის იურისტს, რომელიც შესაბამისი ანაზღაურების (ხელფასი) სანაცვლოდ, მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ფარგლებში, როგორც სასამართლოში, ასევე სარჩელის წარდგენამდეც, იურიდიულ მომსახურებას უწევდა კომპანიას.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. ნასყიდობის ხელშეკრულების №2 დანართის მე-2, მე-5, 5.2 და 5.8. პუნქტების ანალიზი ცხადყობს, რომ გამყიდველს (მოპასუხეს) გამორიცხული ჰქონდა პასუხისმგებლობა მყიდველის წინაშე ნებისმიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიანზე/ზარალზე, რისი უფლებაც გამყიდველს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 497-ე მუხლისა და ამავე კლოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე.

6.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ნასყიდობის ხელშეკრულების 9.3. პუნქტი, რომლის თანახმად: „იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებულ და საკუთრებაში გადაცემულ სახელშეკრულებო ქონებას აღმოაჩნდება ნაკლი ან დაზიანება, გამყიდველი ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი და აანაზღაუროს მიყენებული ზიანი“. აღნიშნული პუნქტი მხარეთა შორის ურთიერთობას აწესრიგებს იმ ეტაპზე, როდესაც მყიდველს გამყიდველის მიერ საქონლის მიწოდების დროს გადაეცემა ნაკლიანი ნივთი და მყიდველს წარმოეშობა უფლება, რომ მოსთხოვოს გამყიდველს აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება. მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზე იყო არა ნაკლიანი ნივთის გადაცემა მყიდველისათვის, არამედ ნივთის ნაკლის გამოვლენა ნასყიდობის საგნის გადაცემის შემდგომ, გადაცემიდან თითქმის 3 თვის გასვლის შემდეგ, მაშინ, როდესაც ნივთზე უკვე გავრცელებული იყო ხელშეკრულების №2 დანართით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულებები.

6.3. მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელეს არ გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკაზე საგარანტიო პირობები ამოქმედდა მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, ვინაიდან აღნიშნული გათვალისწინებული იყო თავად მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტით, რომლის თანახმად, საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყებოდა სახელშეკრულებო ქონების მიღება-ჩაბარების აქტის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან. ნიშანდობლივია, რომ საქონლის მიწოდების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე ძალაში შევიდა მხარეთა შორის გაფორმებული №2 დანართი საგარანტიო პირობების თაობაზე, რაც იმთავითვე ადასტურებდა ფაქტს, რომ ნებისმიერი სახის შეკეთება ტექნიკაზე განხორციელდებოდა სწორედ გამყიდველის მიერ ნაკისრი საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაუმართლებლად დააკისრა მოპასუხეს მტკიცების ტვირთი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ისედაც უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა და არ საჭიროებდა დამატებით მტკიცებას მოპასუხის მხრიდან.

6.4. მყიდველს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, მეწარმე სუბიექტი - მოსარჩელე, რომლის სამეწარმეო საქმიანობის სფერო მშენებლობაა. სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის ანალიზიდან დგინდება, რომ მეწარმე სუბიექტს კანონმდებელი გაცილებით მეტ ტვირთს აკისრებს საქონლის მიღებისას, ვიდრე ფიზიკურ პირს, მომხმარებელს, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია და შესაძლებლობა, რომ შეამოწმოს მიღებული საქონლის ნივთობრივი მდგომარეობა. განსხვავებით ფიზიკური პირისგან, მოსარჩელე ვალდებული იყო, რომ შეემოწმებინა საქონლის მდგომარეობა, რისთვისაც არ იყო აუცილებელი ტექნიკის ექსპლუატაციაში გაშვება, რაზეც არასწორად მიუთითებს სააპელაციო სასამართლო.

იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დაადგენდა, რომ საქონლის გადაცემის დროს არსებობდა ნივთობრივი ნაკლი, გამყიდველი დაეყრდნობოდა ხელშეკრულების 9.3. პუნქტს და გამოასწორებდა ნაკლს ნივთის ახლით შეცვლით ან შეკეთებით და აუნაზღაურებდა მყიდველის მიყენებულ ზიანსაც, მაგრამ რადგან მყიდველმა შეამოწმა შესასყიდი საქონელი და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით დაადასტურა, რომ მიიღო უნაკლო ქონება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მხარეებმა გადაინაცვლეს საგარანტიო ვალდებულებების რეჟიმში, რა დროსაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, რომ ტექნიკა მოხმარებისას არ გამოავლენდა ქარხნულ წუნს და თუ გამოავლენდა, შეაკეთებდა მას, მაგრამ არ აუნაზღაურებდა მხარეს მიყენებულ ზიანს, მათ შორის არც პირდაპირს და არც არაპირდაპირს.

6.5. ექსპერტიზის დასკვნაში არსად არის მითითებული, რომ საქონელს ნაკლი თავიდანვე, ანუ მყიდველისათვის გადაცემის დროს ჰქონდა. დასკვნაში მითითებულია, რომ ძრავის მწყობრიდან გამოსვლა თანდათანობით მიმდინარეობდა, თუმცა სულაც არ მიუთითებს ეს, რომ ტექნიკას ქარხნული წუნი თავიდანვე ჰქონდა. სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ ნივთის ნაკლის თაობაზე მყიდველმა გამყიდველს მიმართა ნივთის გადაცემიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, რაც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ გადაცემის დროს ნივთს არ ჰქონია რაიმე სახის ნაკლი, რაც დაადასტურა კიდეც მეორე მხარემ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით. შესაბამისად, ნაკლი გამოვლინდა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რაზეც გამყიდველს აღებული ჰქონდა პასუხისმგებლობა, თუმცა შეზღუდულად, კერძოდ, მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ნივთის შეკეთებით და არა მიუღებელი შემოსავლის ან ანალოგიური ტექნიკის დაქირავების ხარჯის ანაზღაურებით.

6.6. სააპელაციო პალატამ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი, რომლითაც განმტკიცებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც თავის თავში მოიცავს მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებისა და სახელშეკრულებო პირობების თავისუფლად, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრას.

6.7. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მხარეთა შორის ხელშეკრულების №2 დანართის გაფორმება, რომელშიც მოცემული იყო გამყიდველის საგარანტიო პირობები, მათ შორის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი/შემზღუდველი ნორმები, სასამართლო არ დაეყრდნო აღნიშნულ პუნქტებს, რითიც ასევე უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული გამყიდველის უფლება - ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინასწარ გამორიცხვის თაობაზე.

6.8. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ნივთის ნაკლი გადაცემის მომენტიდანვე მისი ექსპლუატაციის გარეშე ვერ გახდებოდა ცნობილი მყიდველისათვის. აღნიშნული გარემოების დადგენისას სასამართლომ საფუძვლად მიუთითა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელშიც აღნიშნული მითითებული არ ყოფილა.

6.9. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მინი დამტვირთელის შეკეთება მიმდინარეობდა 2019 წლის 21 აგვისტოდან 2019 წლის 11 სექტემბრამდე, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში გამყიდველს არ უნდა დაეკისროს მყიდველის მიერ ტექნიკის ქირავნობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 487-ე (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი), 488.1 (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის), 494.1 (ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

10.1. 2019 წლის 13 მარტს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, გამყიდველმა - მოპასუხემ, მყიდველს - მოსარჩელეს, ნასყიდობის ფასის - 35 400 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა მინი დამტვირთელი ,,JCB".

10.2. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-9 მუხლის (მხარეთა პასუხისმგებლობა), 9.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებულ და საკუთრებაში გადაცემულ სახელშეკრულებო ქონებას აღმოაჩნდება ნაკლი ან დაზიანება, გამყიდველი ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი და აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

10.3. ნასყიდობის ხელშეკრულების №2 დანართის (გამყიდველის საგარანტიო ვალდებულებები JCB-ს მიერ წარმოებულ სამშენებლო ტექნიკაზე - სტანდარტული საგარანტიო პოლიტიკა ახალი მანქანებისთვის) 5.2. პუნქტის მიხედვით, გამყიდველის საგარანტიო ვალდებულებები ან პასუხისმგებლობა არ მოიცავს ზოგად, კონკრეტულ, შემთხვევით ან შემდგომ ზიანს ან ეკონომიკურ თუ მორალურ დანაკარგს, რომელიც პროდუქტთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემის გამო იქნება წარმოქმნილი; იმავე დანართის 5.8. პუნქტის შესაბამისად კი, გამყიდველი არ აუნაზღაურებს მყიდველს ზარალს (დაკარგული სარგებელი რეალური ზარალი პირდაპირი და ირიბი ზიანის ჩათვლით), რომელიც მიადგა მას ყიდვა-გაყიდვის საგნის გაუმართაობის ან დაზიანების შედეგად.

10.4. მოსარჩელემ ნასყიდობის საგნის მწყობრიდან გამოსვლისა და დაზიანების შესახებ მოპასუხეს აცნობა 2019 წლის 14 ივნისს, გარანტიის მოქმედების 12 თვიან ვადაში.

10.5. მოპასუხემ თავდაპირველად უარი განაცხადა მინი დამტვირთელზე არსებული დაზიანებების გამოწორებაზე იმ საფუძვლით, რომ ის გამოწვეული იყო ტექნიკის ექსპლუატაციის წესის დარღვევით, თუმცა შემდგომში, მოსარჩელის მხრიდან სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ 02.08.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ, მოპასუხემ შეაკეთა ნასყიდობის საგანი.

10.6. შეკეთებული მინი დამტვირთელის გადაცემისა და მიღების შესახებ, მხარეთა შორის 2019 წლის 11 სექტემბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.

10.7. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ 02.08.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მინი ჩამტვირთველის ტურბო კომპრესორის ძრავის მწყობრიდან გამოსვლა მიმდინარეობდა თანდათანობით, ძრავის საბოლოოდ მწყობრიდან გამოსვლამდე გაცილებით ადრე. ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, კონკრეტულ პირობებში, განაპირობა ტურბო კომპრესორის ჩობალების უვარგისობამ, რომლებიც ვერ ქმნიდნენ საჭირო გერმეტაციას და ექსპლუატაციის პირობებში მათი ტექნიკური მდგომარეობა უარესდებოდა.

10.8. მოსარჩელესა და ი/მ ლ.ხ–ს შორის 2019 წლის 20 ივნისს დაიდო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელმა (ი/მ ლ.ხ–მა) იკისრა ვალდებულება შემკვეთისათვის (მოსარჩელისათვის) გაეწია ჩამტვირთველით (ე.წ. „ბობ ქატით“) მომსახურება 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე. აღნიშნულ მომსახურებაში მოსარჩელის მხრიდან გადახდილ იქნა ჯამში - 19 265 ლარი.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს, გამორიცხეს თუ არა მხარეებმა ხელშეკრულებით ნივთობრივი ნაკლის გამოსწორების გარდა გამყიდველის მხრიდან სხვა სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ნასყიდობის საგანზე მატერიალური ან ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსს 410-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.

13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის პასუხისმგებლობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო მართებულად დაეყრდნო ხელშეკრულების 9.3 პუნქტს და არა №2 დანართის დებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების №2 დანართში ასახული დებულებები წარმოადგენს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რასაც ცალსახად განსაზღვრავს თვით ამ დანართის სათაურიც - „სტანდარტული საგარანტიო პოლიტიკა ახალი მანქანებისთვის“.

საკასაციო პალატის შეფასებით, ხელშეკრულების №2 დანართის 5.2. და 5.8. პუნქტები ეწინააღმდეგება უშუალოდ ხელშეკრულების 9.3. პუნქტს, შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 342.3 მუხლის საფუძველზე უპირატესობა უნდა მიენიჭოს ამ უკანასკნელს, რადგან ის უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობაა.

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არ არის შედავებული, რომ მინი დამტვირთელს საგარანტიო ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, რაც პალატის შეფასებით, ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლად უნდა შეფასდეს.

15. ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებულ და საკუთრებაში გადაცემულ სახელშეკრულებო ქონებას აღმოაჩნდება ნაკლი ან დაზიანება, გამყიდველი ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი და აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ ხარვეზი გამოასწორა. ასევე, დადგენილია, რომ მინი დამტვირთელის გაუმართაობის გამო, მოსარჩელეს მოუწია მესამე პირის მომსახურებით (დამტვირთელის გამოყენებით) სარგებლობა, რაშიც მან გადაიხადა - 19265 ლარი. შესაბამისად, ნასყიდობის საგნის მწყობრიდან გამოსვლის გამო, მოსარჩელეს მოუწია დამატებითი ხარჯების გაღება და აღნიშნული წარმოადგენს ნივთის ნაკლით მიყენებულ ზიანს (სამოქალაქო კოდექსის 494.1), რომლის ანაზღაურება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაეკისრა მოპასუხეს.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1038.4 ლარის 70% – 726.88 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. ,,თ.ქ.ე“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. ,,თ.ქ.ე“-ს (ს/კ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1038.4 ლარის (საგადასახადო დავალება №1623061457, გადახდის თარიღი 07.06.2021წ.) 70% – 726.88 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია