Facebook Twitter

საქმე №ას-1568-2022 16 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – თ.კ–ი, გ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“

მესამე პირი – ა(ა)იპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება (№2ბ/3321-2022)

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს.კ–მა (შემდგომში - „თავდაპირველი მოსარჩელე“, „მამკვიდრებელი“) სარჩელი აღძრა (სარჩელის წარდგენის თარიღი 2018 წლის 22 ნოემბერი) სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“) მიმართ მხარეთა შორის გაფორმებული გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქონების მიკუთვნების თაობაზე.

2. თავდაპირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თავდაპირველ მოპასუხეს აეკრძალა ქონების (მდებარე, ქ. თბილისი, ......, ბინა №14, ფართი 201, 92 კვ. მ; ს/კ .........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ (საქმე №2ბ/3140-21).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით №2ბ/3140-21 სამოქალაქო საქმეზე ს.კ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ თ.კ–ი და გ.კ–ი.

6. თავდაპირველმა მოპასუხემ სარჩელი აღძრა თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა (სარჩელის წარდგენის თარიღი 2021 წლის 25 ნოემბერი).

7. მოწინააღმდეგე მხარემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

9. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა თ.კ–მა (საქმე №2ბ/3321-22).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული №2ბ/3140-21 საქმე გაერთიანდა №2ბ/3321-22 საქმესთან და მიენიჭა 2ბ/3321-22 ნომერი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.

12. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს თ.კ–მა და გ.კ–მა.

13. 2022 წლის 15 დეკემბერს თ.კ–ისა და გ.კ–ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი თქვა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე. განმცხადებლის მითითებით მხარეები მორიგდნენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

16. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

17. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წელი; №ას-1793-2019, 12.03.2020 წელი; №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი).

18. მოცემულ შემთხვევაში, თ.კ–ისა და გ.კ–ის წარმომადგენელმა (იხ. მინდობილობები ტ.3 ს.ფ. 55-56; ს.ფ.107-110) მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დაადასტურა, რომ კასატორები უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მათ განახორციელეს სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორებმა იქამდე განაცხადეს უარი საკასაციო საჩივარზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სუსგ №ას-37-36-2014, 17.02.2014, №ას-1238-2022, 4.10.2022). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 396-ე, 399-ე, 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.კ–ისა და გ.კ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №2ბ/3321-2022) დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე