Facebook Twitter

საქმე №ას-989-2019 28 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ა.წ–ძე, მ.ზ–ვა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.შ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2019 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ.შ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.წ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და მ.ზ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) მიმართ გავრცელებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის მოთხოვნით.

2. მოპასუხეთა პოზიცია:

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 21.12.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

პირველ მოპასუხეს დაევალა:

1) ტელეკომპანია „…...ის“ გადაცემა „.....–ის“ საშუალებით 28.04.2018 წელს გამოქვეყნებული ცნობის უარყოფა ტელეკომპანია „.......ის“ გადაცემა „.....–ის“ მეშვეობით, კერძოდ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსარჩელის მიერ კონტრაბანდის კონტროლის შესახებ;

2) საინფორმაციო სააგენტო „ლ–ის“ საშუალებით 18.05.2018 წელს გამოქვეყნებული ცნობის უარყოფა საინფორმაციო სააგენტო „ლ–ის“ მეშვეობით, კერძოდ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსარჩელის მიერ კონტრაბანდის კონტროლის შესახებ;

3) რადიო „ა–ის“ ვებგვერდის საშუალებით 18.05.2018 წელს გამოქვეყნებული ცნობის უარყოფა რადიო „ა–ის“ ვებგვერდის მეშვეობით, კერძოდ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსარჩელის მიერ კონტრაბანდის კონტროლის შესახებ.

მეორე მოპასუხეს დაევალა: 1) ტელეკომპანია „.....-ის“ გადაცემა „.....–ის“ საშუალებით 28.04.2018 წელს და გადაცემა „....–ის“ მეშვეობით 18.05.2018 წელს გამოქვეყნებული ცნობების უარყოფა ტელეკომპანია „.....ის“ იმავე საშუალებების მეშვეობით, კერძოდ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსარჩელის მიერ კონტრაბანდის კონტროლის, ასევე, ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან კონტრაბანდასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი კავშირის შესახებ;

2) საინფორმაციო სააგენტო „მ–ის“ საშუალებით 18.05.2018 წელს გამოქვეყნებული ცნობის უარყოფა საინფორმაციო სააგენტო „მ–ის“ მეშვეობით, კერძოდ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსარჩელის მიერ კონტრაბანდის კონტროლის შესახებ.

სხვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოსარჩელე სადავო პერიოდში იყო ............ სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, შესაბამისად, იგი წარმოადგენს საჯარო პირს.

3.2. პირველი მოპასუხე არის ........... ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხოლო მეორე მოპასუხე - „.........ს“ ...... რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შესაბამისად, ისინი არიან საჯარო პირები.

3.3. 28.04.2018 წელს გადაცემა „........ში“ პირველმა მოპასუხემ ......... გუბერნატორი რეგიონში კონტრაბანდული სიგარეტის კონტრაბანდის მფარველად დაასახელა და თქვა: „ეს არის კონკრეტული ჯგუფი შ–ას ხელმძღვანელობით, დ.შ–ას ხელმძღვანელობით, შ–ა მარტო არ მოქმედებს, შ–ას ჰყავს ე.წ. კრიშა ამ შემთხვევაში, გუბერნატორ ლ.შ–ას სახით“. იმავე გადაცემაში მეორე მოპასუხე ამტკიცებს: „მათი (ლ.შ–ა, დ.შ–ა) მთავარი ამოცანა იყო, კონტრაბანდული სქემების აწყობა აფხაზეთიდან და ამ სქემებში ცხადია მონაწილეობდნენ აფხაზი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები. კონტრაბანდა ციდან არ ვარდება, კონტრაბანდა გადმოაქვთ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან და იქ, რომ გამოიაროს ამ ტვირთმა ამას სჭირდება აქტიური მონაწილეობა იქ არსებული ფაქტობრივი ძალების, ოკუპანტების, რუსი ოკუპანტების და აფხაზი სეპარატისტების კონკრეტული დაჯგუფებების და მათ აქვთ ერთმანეთში მჭიდრო კავშირი, ხდება ამ ბიზნესიდან თანხების გაყოფა და არიან პირდაპირი მეწილეები, პარტნიორები ამ საქმიანობაში“.

3.4. 18.05.2018 წელს მეორე მოპასუხემ ტელეკომპანია „......ის“ ეთერში განაცხადა შემდეგი: „ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახად უნდა დაკითხონ გუბერნატორი, ცხადია, და თუ გამოძიება იქნება ობიექტური და ისეთი როგორიც უნდა იყოს, ცხადია, მას დააპატიმრებენ. ინტენსიური გამოძიების წარმოების შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში, გუბერნატორი შ–ა უნდა დააპატიმრონ, იმისთვის, რომ ის არის უშუალოდ და თვითონ მფარველი კონტრაბანდის“.

3.5. 18.05.2018 წელს საინფორმაციო სააგენტო „მ–ი“ აქვეყნებს მოპასუხეების შემდეგი შინაარსის განცხადებებს: „ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი და მას შემდეგ, რაც ტოტალური გახდა კონტრაბანდა რეგიონში, ფინანსური პოლიცია იძულებული გახდა, ჩვენი არაერთი განცხადების შემდეგ, ამ საქმესთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება და მე იმედი მაქვს, რომ ამ გამოძიების ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში, ყველა მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამ კონტრაბანდასთან, იქნება დაკითხული და აუცილებლად დაისჯება“ (პირველი მოპასუხის განცხადება); „ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახად უნდა დაკითხონ გუბერნატორი, ცხადია, და თუ გამოძიება იქნება ობიექტური და ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ცხადია, მას დააპატიმრებენ. ინტენსიური გამოძიების წარმოების შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში, გუბერნატორი შ–ა უნდა დააპატიმრონ იმისთვის, რომ ის არის უშუალოდ და თვითონ მფარველი კონტრაბანდის“ (მეორე მოპასუხის განცხადება).

3.6. 18.05.2018 წელს საინფორმაციო სააგენტო „ლ–ის“ მეშვეობით გავრცელდა „........“ ზ–ის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პირველი მოპასუხის განცხადება, რომელიც საგამოძიებო დეპარტამენტის ........ რეგიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და მას კითხვები კონტრაბანდის გავრცელებაში გუბერნატორის (მოსარჩელის) მონაწილეობის შესახებ დაუსვეს. კონკრეტულად პირველმა მოპასუხემ განაცხადა: „კითხვები ძირითადად ეხებოდა კონტრაბანდას და სქემაში გუბერნატორ შ–ას მონაწილეობას. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მასაც დაიბარებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა და შესაბამისად, დაველოდებით ამ საქმის მიმდინარეობას. კონტრაბანდა არის ტოტალური. ბაზარში, რომ კონტრაბანდული საქონელი იყიდება, მაღალი თანამდებობის პირების და უშუალოდ გუბერნატორის მფარველობის გარეშე შეუძლებელია. მტკიცებულებების მოძიება კი უკვე ფინანსური პოლიციის ვალდებულებაა. ასეთი სქემა 90-იან წლებშიც მოქმედებდა და მასში მონაწილეობდა შ–ა შ–ასთან ერთად, ობიექტური გამოძიების პირობებში დარწმუნებული ვარ, რომ გუბერნატორი შ–ა აუცილებლად აღმოჩნდება გისოსებს მიღმა“.

3.7. 18.05.2018 წელს რადიო „ა–ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა „...........“ ზ–ის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პირველი მოპასუხის განცხადება ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე დაბარების თაობაზე. იგი აღნიშნავს: „კითხვები ეხებოდა კონტრაბანდას და ამ სქემაში გუბერნატორის მონაწილეობას. მე მათ ვუთხარი სამეგრელოში ტოტალური კონტრაბანდული საქონლის შემოტანისა და გასაღების შესახებ. ჩვენი პრეროგატივა არ არის მტკიცებულებების მოძიება. ჩვენ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს, რომელიც ეფუძნება ლეგიტიმურ ეჭვს. შ–ა-შ–ა სწორედ ამ სქემით მოქმედებდნენ 90-იან წლებში და თუ გამოძიება ობიექტური იქნება, გუბერნატორი უნდა დააკავონ“.

3.8. მოსარჩელე არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.

3.9. იმ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი და სანდო მტკიცებულება, რაც მოპასუხეს შეუქმნიდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში "სპეციალური კანონი") ფარგლებში ჩამოყალიბებულ აზრს მოსარჩელის მხრიდან კონტრაბანდის მფარველობის, ასევე - ამ უკანასკნელის ოკუპანტებსა და სეპარატისტებთან კონტრაბანდასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი კავშირის შესახებ, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

3.10. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) მე-18 მუხლი, რომლის მიხედვით, პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში; პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. მითითებულ ნორმაში გამოყენებულ კანონში იგულისხმება როგორც სსკ, ისე - სპეციალური კანონი.

3.11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სპეციალური კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს კერძო პირისა და საჯარო პირის სტატუსს და ამ პირთა მიმართ ცილისწამებას, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია, დადგინდეს მხარეები წარმოადგენენ კერძო პირებს თუ საჯარო პირებს. აღნიშნული პირების განსაზღვრებას იძლევა სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება, ხოლო კერძო პირია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში იყო .............. ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, ხოლო პირველი მოპასუხე არის „............“ ზ–ის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მეორე მოპასუხე - „...............“ ...... რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე იყო ზემოთ მითითებული კანონით თანამდებობის პირი, ხოლო მოპასუხეები არიან საზოგადოების აქტიური წევრები, ცნობადი პიროვნებები საზოგადოებრივ ასპარეზზე და მათი აზრი იწვევს საზოგადოებრივ ყურადღებას, რაც უდავოდ აქცევს მხარეებს საჯარო პირად.

3.12. მხარეთა შორის დავა წარმოშობილია არაქონებრივი ურთიერთობიდან, რასაც საფუძვლად უდევს სპეციალური კანონის მე-14 მუხლი, რომლითაც წესრიგდება საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი. მოპასუხე მხარემ შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

3.13. სასამართლომ განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად. ერთ-ერთი ასეთი უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. სასამართლომ აღნიშნა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპსა და დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს. დანაშაულის დადგენა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მოპოვებულ მტკიცებულებებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეების მიერ მასზე გავრცელებული განცხადებები შეიცავს მტკიცებით ფორმაში ფაქტებს დანაშაულის შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ სპეციალური კანონის მე-14 მუხლის თანახამად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

3.14. მოპასუხეები არ უარყოფენ, რომ სხვა გავრცელებული განცხადებები, რომელიც სადავოა სარჩელით, გაკეთებულია როგორც პირველი მოპასუხის, ისე მეორე მოპასუხის მიერ და დადგენილია, რომ პირველი მოპასუხის მსჯელობა ეხება მოსარჩელის მიერ სიგარეტის კონტრაბანდის მფარველობას, ხოლო მეორე მოპასუხის პოზიცია მოიცავს მსჯელობას, როგორც მითითებული ფაქტის, ისე მოსარჩელის მიერ ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან კონტრაბანდასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი კავშირის შესახებ.

3.15. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული პუბლიკაციები და სატელევიზიო ეთერები მიუთითებს, რომ მოპასუხეები მოსარჩელეს აბრალებენ კონკრეტული დანაშაულის ჩადენას და, შესაბამისად, განცხადებებით გადმოცემული ფაქტები არ არის მოკლებული ობიექტურ (ფაქტობრივ) სიცხადეს. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ განაჩენის არარსებობის პირობებში, ასეთი განცხადებები აშკარად ლახავს მოსარჩელის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. მოპასუხეთა გამონათქვამები კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავს, მოპასუხე მხარე მტკიცებითი ფორმით ადანაშაულებს მოსარჩელეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში და, შესაბამისად, განცხადებების დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია. სასამართლოს მითითებით, მოპასუხეების ბრალდებები მოსარჩელის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ მტკიცებას ფაქტის შესახებ, ვერ მოექცევა აზრის გამოხატვის დაცულ კატეგორიაში და მიჩნეულ უნდა იქნეს მოსარჩელის, როგორც საჯარო პირის მიმართ ცილისწამებად, რადგან განაჩენის გარეშე ისინი წარმოადგენენ არსებითად მცდარ ფაქტებს, ხოლო ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები საქმეში არ არსებობს. გამომდინარე აქედან, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ვალდებულება, უარყონ 28.04.2018 წელსა და 18.05.2018 წელს მათ მიერ გავრცელებული ცნობები.

4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2019 წლის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის, მისი თავისუფალი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, ამ უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

9. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში „კონვენციის“) მე-10 მუხლით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას განსაკუთრებულ მიშვნელობას ანიჭებს, მის შესაზღუდად შეფასების მაღალ სტანდარტებს იყენებს და ამის გასამართლებლად წონად დასაბუთებას მოითხოვს. შესაბამისად, ამ უფლების სხვა ღირებულებებთან დაპირისპირების დროს „სამართლიანი ბალანსის“ განსაზღვრისას, ეროვნულ სახელმწიფოთა შეფასების თავისუფლების არეალი ძალიან ფართო არასდროს არის, თუმცა, განსხვავებულია სხვადასხვა საზოგადოებრივ მიზნებთან მიმართებაში (გოცირიძე ევა, გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციის მიხედვით, თბილისი, 2008, გვ.128).

11. სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს შემდეგ ქცევის წესს: პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

12. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების კანონიერება, კერძოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებით მოპასუხეთა საჯაროდ გავრცელებული განცხადებები, რომლებთან მიმართებითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, არის თუ არა მოსარჩელის სსკ-ის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. სხვაგვარად, წარმოადგენს თუ არა მოპასუხეთა გამონათქვამები ცილისწამებას (დიფამაციური შინაარსის განცხადებას), რომელმაც შელახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, მოპასუხეთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელია თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსარჩელის უფლებების დასაცავად. მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც სამოქალაქო კოდექსის, ასევე - სპეციალური კანონის ნორმები. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ე“ პუნქტი განსაზღვრავს, რომ ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

13. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, საჯარო პირია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. მოსარჩელე და მოპასუხეები მოპასუხეთა მიერ სადავო განცხადებების გაკეთების დროს იყვნენ საჯარო პირები, კერძოდ:

13.1. მოსარჩელე იყო ................. ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი („საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო რწმუნებული (ანუ გუბერნატორი) არის თანამდებობის პირი. გუბერნატორის უფლებამოსილებებია: საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციის გაწევა რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ ღონისძიებებზე; საქართველოს მთავრობის დავალებით, შესაბამისი ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება ან/და განხორციელება და მონაწილეობა რეგიონული განვითარების ღონისძიებებში; საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ და ა.შ. (იხ. საქართველოს მთავრობის 29.11.2013 წლის დადგენილება №308 სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ) (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია)) და გახლდათ პოლიტიკური თანამდებობის პირი („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია)).

13.2. პირველი მოპასუხე იყო „ ...........“ ზ–ის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხოლო მეორე მოპასუხე - „........“რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

14. სპეციალური კანონის მე-14 მუხლი ადგენს საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სტანდარტს და უშვებს აღნიშნულს ისეთ შემთხვევებში: თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელეა ვალდებული, დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობის არსებობა, კერძოდ:

ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება;

ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია;

გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებას ან/და საქმიან რეპუტაციას;

დ) მოპასუხემ წინასწარ იცოდა განცხადებული ფაქტის მცდარობის თაობაზე ან მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება მოპასუხის აშკარა და უხეშმა დაუდევრობამ გამოიწვია.

ასევე, უნდა გაირკვეს, ხომ არ არსებობს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები.

15. 28.04.2018 წელს გადაცემა „............“ გავიდა სიუჟეტი (იხ. DVD დისკი, ტ.1, ს.ფ.28; …….....) „კონტრაბანდული სიგარეტი აფხაზური აქციზური მარკით“, რომლის დასაწყისშიც გადაცემის წამყვანი აცხადებს: „ოპოზიცია საუბრობს, რომ ამ ბიზნესს რეგიონის გუბერნატორი მფარველობს“, შემდგომ არის სიუჟეტი ზუგდიდის ბაზარში ე.წ. კონტრაბანდული სიგარეტის საკონტროლო შესყიდვის, ასევე მისი შემოტანის სავარაუდო გზების თაობაზე. სიუჟეტის ბოლოს ნაჩვენებია ჟურნალისტის მიერ პირველ მოპასუხესთან ენგურის ხიდთან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც მოპასუხე მსჯელობს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე და აცხადებს: „...რანაირად ხდება, რომ ქართული საგუშაგოები და ქართული ძალოვანი სტრუქტურები ვერ ამჩნევენ იმას, როგორ გადმოდიან ტრაილერები. ეს არის კონკრეტული ჯგუფი შ–ას ხელმძღვანელობით, დ.შ–ას ხელმძღვანელობით, შ–ა მარტო არ მოქმედებს, შ–ას ჰყავს ე.წ. კრიშა ამ შემთხვევაში, გუბერნატორ ლ.შ–ას სახით“. გადაცემა გრძელდება მეორე მოპასუხესთან ჩაწერილი ინტერვიუთი, სადაცი იგი აცხადებს: „მათი (ლ.შ–ა, დ.შ–ა) მთავარი ამოცანა იყო, კონტრაბანდული სქემების აწყობა აფხაზეთიდან და ამ სქემებში ცხადია მონაწილეობდნენ აფხაზი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები. კონტრაბანდა ციდან არ ვარდება, კონტრაბანდა გადმოაქვთ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან და იქ, რომ გამოიაროს ამ ტვირთმა ამას სჭირდება აქტიური მონაწილეობა იქ არსებული ფაქტობრივი ძალების, ოკუპანტების, რუსი ოკუპანტების და აფხაზი სეპარატისტების კონკრეტული დაჯგუფებების და მათ აქვთ ერთმანეთში მჭიდრო კავშირი, ხდება ამ ბიზნესიდან თანხების გაყოფა და არიან პირდაპირი მეწილეები, პარტნიორები ამ საქმიანობაში“.

16. 18.05.2018 წელს ტელეკომპანია „.......“ ეთერით, გადაცემა „......“ გავიდა სიუჟეტი (იხ. DVD დისკი, ტ.1, ს.ფ.28; ..........), რომელიც ასევე ეძღვნებოდა აფხაზეთიდან ე.წ. კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის პრობლემებს. წამყვანის განცხადებით, „კონტრაბანდის შემოტანის და მაღალჩინოსნების მიერ შესაძლო მფარველობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო“ და პირველი მოპასუხე დაკითხვაზე დაიბარეს. ჯერ წარმოდგენილია პირველი მოპასუხის ინტერვიუ, რასაც მოსდევს ინტერვიუ მეორე მოპასუხესთან, სადაც ის აცხადებს: „ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახად უნდა დაკითხონ გუბერნატორი, ცხადია, და თუ გამოძიება იქნება ობიექტური და ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ცხადია, მას დააპატიმრებენ. ინტენსიური გამოძიების წარმოების შემთხვევაში მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში გუბერნატორი შ–ა უნდა დააპატიმრონ, იმისთვის, რომ ის არის უშუალოდ და თვითონ მფარველი კონტრაბანდის“.

17. 18.05.2018 წელს საინფორმაციო სააგენტო „მ–მა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც მოცემულია ჯერ პირველი მოპასუხის ინტერვიუ, სადაც ის გამოთქვამს იმედს, რომ გამოძიების ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში ყველა მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამ კონტრაბანდასთან, იქნება დაკითხული და აუცილებლად დაისჯება. შემდეგ კი მოცემულია მეორე მოპასუხის განცხადება: „ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახად უნდა დაკითხონ გუბერნატორი, ცხადია, და თუ გამოძიება იქნება ობიექტური და ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ცხადია, მას დააპატიმრებენ. ინტენსიური გამოძიების წარმოების შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში გუბერნატორი შ–ა უნდა დააპატიმრონ იმისთვის, რომ ის არის უშუალოდ და თვითონ მფარველი კონტრაბანდის“ (ტ.1, ს.ფ.22).

18. 18.05.2018 წელს საინფორმაციო სააგენტო „ლ–ის“ მეშვეობით გავრცელდა პირველი მოპასუხის განცხადება, რომელიც საგამოძიებო დეპარტამენტის .......... რეგიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და კონტრაბანდის გავრცელებაში გუბერნატორის (მოსარჩელის) მონაწილეობის შესახებ კითხვები დაუსვეს. პირველმა მოპასუხემ განაცხადა: „კითხვები ძირითადად ეხებოდა კონტრაბანდას და სქემაში გუბერნატორ შ–ას მონაწილეობას. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მასაც დაიბარებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა და შესაბამისად, დაველოდებით ამ საქმის მიმდინარეობას. კონტრაბანდა არის ტოტალური. ბაზარში, რომ კონტრაბანდული საქონელი იყიდება, მაღალი თანამდებობის პირების და უშუალოდ გუბერნატორის მფარველობის გარეშე შეუძლებელია. მტკიცებულებების მოძიება კი უკვე ფინანსური პოლიციის ვალდებულებაა. ასეთი სქემა 90-იან წლებშიც მოქმედებდა და მასში მონაწილეობდა შ–ა-შ–ასთან ერთად, ობიექტური გამოძიების პირობებში დარწმუნებული ვარ, რომ გუბერნატორი შ–ა აუცილებლად აღმოჩნდება გისოსებს მიღმა“ (ტ.1, ს.ფ.23).

19. 18.05.2018 წელს რადიო „ა–ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პირველი მოპასუხის განცხადება ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე დაბარების თაობაზე. იგი აღნიშნავს: „კითხვები ეხებოდა კონტრაბანდას და ამ სქემაში გუბერნატორის მონაწილეობას. მე მათ ვუთხარი სამეგრელოში ტოტალური კონტრაბანდული საქონლის შემოტანისა და გასაღების შესახებ. ჩვენი პრეროგატივა არ არის მტკიცებულებების მოძიება. ჩვენ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს, რომელიც ეფუძნება ლეგიტიმურ ეჭვს. შ–ა-შ–ა სწორედ ამ სქემით მოქმედებდნენ 90-იან წლებში და თუ გამოძიება ობიექტური იქნება, გუბერნატორი უნდა დააკავონ“ (ტ.1, ს.ფ.24).

20. მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებების გავრცელების ფაქტი დადგენილია. მოსარჩელე ითხოვს განცხადებების უარყოფას შემდეგი სახით: რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია მოსარჩელის მიერ კონტრაბანდის კონტროლის შესახებ (მოთხოვნა ორივე მოპასუხის მიმართ) და ოკუპანტებთან, სეპარატისტებთან კონტრაბანდასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი კავშირის თაობაზე (დამატებით მოთხოვნა მეორე მოპასუხის მიმართ).

21. ამრიგად, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხეთა გამონათქვამები შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას (რაც სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია), უნდა გაირკვეს, მათი მსჯელობა წარმოადგენს „არსებითად მცდარ ფაქტს“, თუ ის „აზრის“ კატეგორიას განეკუთვნება, ასევე, კონტექსტი და ის ვითარება, რაც წინ უძღოდა ამ განცხადებებს. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით და პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლების საფუძველია.

22. გასათვალისწინებელია, რომ აზრი ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გადმოცემად დაუშვებელია, რადგან მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა (მესხიშვილი ქეთევან, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.259).

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან, როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ; №ას-790-739-2017, 17.01.2018წ; №ას-928-868-2017, 17.01.2018წ.). სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ №ას-1477-1489-2011, 03.04.2012წ; №ას-569-540-2014, 11.03.2016წ; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.). აზრის თავისუფლების დაცვის სტანდარტის ხაზგასასმელად აღსანიშნავია, რომ თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Lingens v. Austria (საჩივარი №9815/82), 08.07.1986წ., §46) და „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Oberschlick v. Austria (საჩივარი №11662/85), 23.05.1991წ., §63) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირდეს, მაშინ, როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს, ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს, ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, (საჩივარი №19983/92), 24.02.1997წ., §42) (შდრ. სუსგ №ას-938-2020, 18.03.2021წ.).

24. ფაქტის მტკიცებას ახასიათებს - მტკიცებულებით დადასტურებადი - ობიექტური კავშირი გამოთქმულსა და სინამდვილეს შორის, მაშინ, როდესაც, აზრის/მოსაზრების მაკვალიფიცირებელია პოზიციის ან რწმენის ელემენტი. ბერლინის უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მოსარჩელის პიროვნების დამამცირებელი სუბიექტური ელემენტით დატვირთული კომენტარები მიიჩნია შეფასებად და განმარტა, რომ კომენტარების ფორმით გამოხატული ზიზღი და უპატივცემულობა, ვერც ერთად აღებული და ვერც ფაქტის შემცველი ე.წ. ფაქტობრივი ელემენტის მეშვეობით, ვერ შეფასდება ჭეშმარიტობის ან მცდარობის კრიტერიუმით (შდრ. ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს 11.03.2020წ. გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში დიფამაციის თემაზე, №10 W 13/20, §22, იხ. ჟურნალში შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 11/2021, სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, გვ. 155, თამარ ერგემლიძის თარგმანი).

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამების აზრისა თუ ფაქტისადმი კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია მათი წარმოთქმის მთლიანი კონტექსტის მხედველობაში მიღების გარეშე. ცალკეულ სიტყვებსა და წინადადებებს კონტექსტის გარეშე ვერ მიენიჭება მნიშვნელობა, ვინაიდან მათი განცალკევებულად განხილვა გამოიწვევს გამონათქვამის შინაარსის დაკარგვას. შინაარსს კი სიტყვებსა და წინადადებებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს (შდრ. სუსგ №ას-547-2020, 14.12.2021წ.).

26. საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ 2018 წლის აპრილსა და მაისში სხვადასხვა მედიასაშუალებაში (პრესა, ტელევიზია) აქტიურად იხილებოდა (არაერთი სიუჟეტი თუ სტატია მომზადდა) საკითხი - „აფხაზური აქციზური მარკით კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობა“ იმ ადმინისტრაციულ საზღვრებში, სადაც მოსარჩელე იყო სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი. აღნიშნულის მიმართ იყო საზოგადოებრივი ინტერესი. ეს ნათლად იკვეთება თუნდაც წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ გამხდარი განცხადებებისა და შესაბამისი სატელევიზიო სიუჟეტების სრული შინაარსის ერთობლივად შეფასებით. ამასთან, მოსარჩელე გახლდათ პოლიტიკური თანამდებობის პირი და მის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები ფართოა. ასეთმა პირებმა კრიტიკა (ზოგჯერ დაუმსახურებელი) უნდა აიტანონ და ზიდონ ის ტვირთი, რაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე განწესებას ახლავს. თავის მხრივ, თანამდებობრივი პიზიციიდან გამომდინარე, მათ უამრავი საშუალება აქვთ კრიტიკაზე პასუხის გასაცემად (პოზიციის გამოსახატად). როდესაც საკითხი სახელმწიფოს კეთილდღეობასა და წინსვლას უკავშირდება, საზოგადოების კრიტიკა, ბუნებრივია, ხშირად ხელისუფლებისკენ თუ მაღალი თანამდებობის პირებისკენაა მიმართული, რომელთაც მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე შესაძლებლობა აქვთ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

27. განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ მოპასუხეების შეფასება ეფუძნებოდა ფაქტს მასზე, რომ რეგიონში სამოქალაქო ბრუნვაში იყო ე.წ. კონტრაბანდული სიგარეტი (28.04.2018 წელს გადაცემა „.........“ სიუჟეტის დასაწყისში წამყვანი ასევე საუბრობს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ე.წ. კონტრაბანდული სიგარეტის ამოღების სტატისტიკაზე, რის შემდგომაც ჟურნალისტი ბაზარში ახდენს სიგარეტის ე.წ. საკონტროლო შესყიდვას (იხ. DVD დისკი, ტ.1, ს.ფ.28; ...........,)), რაც, მათი აზრით, მაღალი თანამდებობის პირებისა და გუბერნატორის მფარველობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. სადავო არ არის და განცხადებებიდანაც იკვეთება, რომ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. მოპასუხეები ელოდნენ უფლებამოსილი ორგანოების მიერ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების შედეგს.

28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისეთი საკითხის კვლევა, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიიდან სიგარეტის ე.წ. კონტრაბანდა, უდავოდ უკავშირდება ქვეყნის ინტერესებს და, შესაბამისად, ვერც საზოგადოებრივ ყურადღებას ვერ იქნება მოკლებული, უფრო მეტიც, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, ის უფლებამოსილია, ინფორმირებული იყოს მსგავს საკითხებზე, აქციოს იგი განსჯისა და შეფასების საგნად. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეები არიან პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელები და იმთავითვე ნავარაუდევია, რომ ისინი გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და შეიტანენ წვლილს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხზე საჯარო დებატებში.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლება, როგორც თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ინტერესი, არა მარტო გადაჯაჭვულია საზოგადოებრივ ინტერესებთან, არამედ, იმავდროულად, თავად წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს, ის დემოკრატიული პროცესების აუცილებელი წინაპირობაა. საზოგადოებისათვის მგრძნობიარე თემაზე საჯარო კრიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფალი დებატების შემადგენელი ნაწილია.

30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საზოგადოებრივი ინტერესი, ჩვეულებრივ, ეხება საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე იმდენად, რომ მას შეუძლია ლეგიტიმურად აღძრას ინტერესი მათში, ასევე - საკითხებს, რომელიც მის ყურადღებას იპყრობს ან მნიშვნელოვნად უკავშირდება მას, განსაკუთრებით კი იმით, რომ ისინი გავლენას ახდენენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ან საზოგადოების ცხოვრებაზე. ეს ასევე ეხება საკითხებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დაპირისპირება, რომელიც ეხება მნიშვნელოვან სოციალურ საკითხს, ან რომელიც მოიცავს პრობლემას, რაზეც საზოგადოებას ექნებოდა ინტერესი, რომ მის შესახებ ინფორმირებული ყოფილიყო (Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland [GC], №931/13, 27.06.2017წ., § 171). სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე საჯარო დებატებში მონაწილეობას, ძალიან რთულია, მიჩნეულ იქნეს „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“, მაშინაც კი, როდესაც გამოყენებულია ექსცესიური სიტყვები და ისინი მიმართულია კერძო პირების წინააღმდეგ (Jean-paul Costa, The European Court of Human Rights and Its Recent Case Law. Texas International Law Journal, special 2003, №3, vol.38, 465. გოცირიძე ევა, გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციის მიხედვით, თბილისი, 2008, გვ.90).

31. საზოგადოებაში უნდა არსებობდეს იდეებისა და შეხედულებების პლურალიზმი ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომლებიც მისი კანონიერი ინტერესების სფეროს მიეკუთვნება, რათა იაროს ჭეშმარიტებისა და პროგრესის გზით. სწორედ აქედან წარმოდგება გამოხატვის თავისუფლების, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე საჯარო დისკუსიების, დემოკრატიული პროცესების განვითარების, საზოგადოებრივი მიზნების მიღწევის, მათ შორის - ადამიანის სხვა უფლებათა უზრუნველყოფის საშუალების ხედვა (გოცირიძე ევა, გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციის მიხედვით, თბილისი, 2008, გვ.18).

32. ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში გაკეთებული სადავო განცხადება სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი ხარისხით (როგორც ევროპული სასამართლო აღნიშნავს, ასეთ დროს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობის დადგენისას სახელმწიფოთათვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლები [margin of appreciation] განსაკუთრებით ვიწროა) (Floquet and Esménard v. France, №29064/08, 10.01.2012წ.; July and SARL Libération judgment, №20893/03, ECHR 2008; Morice v. France [GC], №29369/10, § 153, 23.04.2015წ.) (შდრ. სუსგ №ას-625-593-2014, 20.05.2016წ., პუნ. 83). საზოგადოებრივი დებატი და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის პირების ქმედებათა შეფასების ინსტრუმენტს და ამ ვითარებაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუკი ინფორმაციის გამავრცელებლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს იმ პირის დისკრედიტაცია, რომლის თაობაზეც ავრცელებს ამ ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევამ შეიძლება დააზარალოს ქვეყნის ინტერესები, შეუძლებელი გახადოს საზოგადოების მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიმართ აზრის გამოხატვა, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება საზოგადოების ინტერესებზე (შდრ. სუსგ №ას-847-791-2017, 05.07.2019წ.).

33. იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (Brasilier v. France, №71343/01, 11.04.2006წ., §37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე (სწორედ აღნიშნულის გამო), უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (Paturel v. France, №54968/00, 22.12.2005წ., §37). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განსაკუთრებით პრობლემურია პირის რეპუტაციის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ განცხადება, რომელიც პირის რეპუტაციას ეხება, პოლიტიკურია ან გაკეთებულია საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში (Sürek v. Turkey (№1) [GC], №26682/95, § 61, ECHR 1999-IV; Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], №21279/02, №36448/02, § 46, ECHR 2007-IV; Axel Springer AG v. Germany [GC], №39954/08, § 90, ECHR 2012). საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას გაკეთებულ განცხადებაში გამოვლენილი მტრული დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი (E.K. v. Turkey, №28496/95, §§ 79-80, 07.02.2002წ.) და გამოთქმების სერიოზულობაც კი (Thoma v. Luxembourg, №38432/97, § 57, ECHR 2001-III) არ ართმევს განმცხადებელს უფლებას, დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებით (Paturel v. France, №54968/00, § 42, 22.12.2005წ.) (სუსგ №ას-625-593-2014, 20.05.2016წ., პუნ. 53, 55; №ას-1366-2019, 06.04.2020წ., პუნ. 88, 90).

34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 28.04.2018 წლისა და 18.05.2018 წლის სიუჟეტებში გაკეთებული მოპასუხეთა სადავო გამონათქვამები მათი შინაარსის, გამოთქმის ერთიანი კონტექსტისა და მთლიანი სიუჟეტის გათვალისწინებით, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე საჯარო დისკუსიის დროს მოპასუხეთა მიერ პირადი დამოკიდებულების გამოხატვას, მათ შეფასებით მსჯელობას, რომლითაც გადმოცემულია მათი სუბიექტური შეხედულება სიუჟეტში განხილულ თემასთან მიმართებით. შეფასებითი ხასიათისაა 18.05.2018 წელს საინფორმაციო სააგენტოების „მ–ისა“ და „ლ–ის“ მიერ, ასევე, რადიო „ა–ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოპასუხეთა სადავო გამონათქვამებიც (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 17-19 პუნქტები). თავად სადავო განცხადებები შეიცავს მითითებას გამოძიების საჭიროების შესახებ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ განცხადებები მოპასუხეთა პირადი შეხედულებები და ვარაუდებია. 18.05.2018 წელს რადიო „ა–ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პირველი მოპასუხის სადავო განცხადებაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მათი საჯარო განცხადებები „ეფუძნება ლეგიტიმურ ეჭვს“ და მათი „პრეროგატივა არ არის მტკიცებულებების მოძიება“ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პუნქტი 19). 18.05.2018 წელს საინფორმაციო სააგენტო „ლ–ის“ მიერ გამოქვეყნებულ პირველი მოპასუხის განცხადებაშიც მითითებულია, რომ „მტკიცებულებების მოძიება კი უკვე ფინანსური პოლიციის ვალდებულებაა“ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პუნქტი 18). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო გამონათქვამები (წინამდებარე გადაწყვეტილების 15-19 პუნქტები) ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ მკითხველზე დადასტურებული ფაქტის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. განცხადებებში მოპასუხეთა მიერ გამოთქმული სადავო ფრაზები არ არის საკმარისად კონკრეტული, უშუალოდ მოსარჩელის თაობაზე არ შეიცავს ცალკეულ დადასტურებად ფაქტებზე მითითებას, არამედ, გამოთქმათა მთლიანი კონტექსტის შესაბამისად, უფრო მეტად განცხადების გამავრცელებლის აზრს, მოვლენის მიმართ მის პირად დამოკიდებულებასა და კომენტარს წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე საჯარო დისკუსიის დროს. ყოველივე აღნიშნული კი გამონათქვამების აზრად და არა ფაქტად მიჩნევას განაპირობებს. მოვლენის აღქმა და მისი საკუთარ მოსაზრებად, შეხედულებად გადმოცემა სუბიექტური კრიტერიუმია და ესა თუ ის ფაქტი ამა თუ იმ პირის, ინდივიდის მიერ შეიძლება აღქმულ იქნეს უარყოფითად. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დებატი, რომლის ერთადერთი მიზანი პირის დისკრედიტაცია არ არის, არ შეიძლება უპირობოდ დაექვემდებაროს შეზღუდვას. შესაბამისად, არ არსებობს პასუხისმგებლობის ისეთი წინაპირობაც, როგორიცაა - მოპასუხეთა წინასწარი ინფორმირებულობა განცხადებების მცდარობის თაობაზე ან მათი გავრცელება მოპასუხეთა აშკარა და უხეში დაუდევრობით. რადგან არ დადგინდა კანონით დაცული უფლების დარღვევა, ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის მითითება მისთვის მორალური ზიანის მიყენების თაობაზე. სადავო გამონათქვამები ექცევა ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში და გამორიცხავს მოპასუხეთა პასუხისმგებლობას.

35. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ 28.04.2018 წლის სიუჟეტში მოსარჩელესაც მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა (იხ. DVD დისკი, ტ.1, ს.ფ.28; ..........). მოსარჩელის (გუბერნატორის პრესსამსახურის) პოზიცია დაფიქსირებულია 18.05.2018 წელს საინფორმაციო სააგენტო „ლ–ისა“ და რადიო „ა–ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებშიც (იხ. ტ.1, ს.ფ.23,24).

36. გამოხატვის თავისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ადამიანის თვითრეალიზაცია - გამოხატვის თავისუფლება თითოეული ადამიანის განვითარების და მთლიანად საზოგადოების პროგრესის აუცილებელი საფუძველია, სწორედ ის ქმნის საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების გაზიარების პერსპექტივას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39). გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ და ფუნქციურ ელემენტს წარმოადგენს, ის საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. [...] ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

37. იმავდროულად, თავისუფალი სიტყვა იმით ფასობს, ანუ სწორედ იმაში გამოიხატება სიტყვის თავისუფლება, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომლებიც ყველასათვის მისაღებია, დადებითად აღიქმება, მთლიანად საზოგადოების ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის, უმრავლესობის აზრს და გემოვნებას ეხმიანება, არ ითვლება საჩოთიროდ, არამედ მოიცავს ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათაღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც. ასეთია ტოლერანტობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომლებიც დემოკრატიის საზრდოობისთვის შეუცვლელი წყაროა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40).

38. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სასურველ, უწყინარ ან ნეიტრალურ „ინფორმაციებსა“ და „იდეებს“, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი ან შემაშფოთებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და გონიერების მოთხოვნები, ურომლისოდაც „დემოკრატიული საზოგადოება“ ვერ იარსებებს (Nilsen and Johnsen v. Norway (საჩივარი №23118/93), 25.11.1999წ., §43; Matalas v. Greece (საჩივარი №1864/18), 25.03.2021წ., §38). აზრის გამოხატვის თავისუფლებაში მოიაზრება ისეთი განცხადებისა და გამოთქმის უფლებაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია (Castells v. Spain (საჩივარი №11798/85), 23.04.1992წ., §42). შეურაცხყოფის საქმეების განხილვის დროს სასამართლოს წინაშეა მთავარი კითხვა: იყო თუ არა აღნიშნული განცხადება „გადაჭარბებული“? ევროსასამართლოს განმარტებით, განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, რამდენად შეიცავს იგი შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე, მათი შინაარსი და გავლენა საზოგადოებაზე (Chauvy and others v. France (საჩივარი №64915/01), 29.06.2004წ.). ამდენად, შესაფასებელია გამოხატვის ფორმა და ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა (შდრ. სუსგ №ას-569-540-2014, 11.03.2016წ.).

39. მოცემულ შემთხვევაში, აზრი გამოთქმულია საკითხის განხილვის კონტექსტით, საზოგადოებრივი ყურადღების საგანთან დაკავშირებით, საჯარო დებატების ფორმატში, ამრიგად, საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამები მათი მიზნისა და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რაც მას საზოგადოებაზე შესაძლოა, მოეხდინა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმდენად გადაჭარბებულად, რომ გამართლებული იყოს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

40. პალატა მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განისაზღვროს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ დადასტურდეს. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (საჩივარი № 5493/72), 7.12.1976წ.; Stoll v. Switzerland ([GC] (საჩივარი №69698/01), 10.12.2007წ., §101; Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] (საჩივარი №48876/08), 22.04.2013წ., §100; Morice v. France [GC] (საჩივარი №29369/10), 23.04.2015წ., §124; Balaskas v. Greece (საჩივარი № 73087/17), 05.11.2020წ., §36) (შდრ. სუსგ №ას-625-593-2014, 20.05.2016წ.). მოპასუხეთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მწვავე საჭიროების დამადასტურებელი რაიმე გარემოება წინამდებარე საქმეში არ გამოკვეთილა.

41. მოცემულ შემთხვევაში, დავა გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, სხვაგვარად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შეზღუდვა ხელყოფდა შეხედულებების თავისუფლების არსს იმის გათვალისწინებითაც, რომ სადავო გამონათქვამები სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებული აზრის გამოხატვაა.

42. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2019 წლის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

43. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე კასატორების შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, განსხვავებით პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებისაგან, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ.). შესაბამისად, შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორებს.

44. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან), მე-2 (ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას) და მე-3 (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც) ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელთა მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - თითოეულისთვის ცალ-ცალკე 450 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა.წ–ძისა და მ.ზ–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2019 წლის განჩინება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ლ.შ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. ლ.შ–ას ა.წ–ძისა და მ.ზ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - თითოეულისთვის ცალ-ცალკე 450 ლარის ანაზღაურება.

5. ა.წ–ძისა და მ.ზ–ვას შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორებს (ტ.2, ს.ფ. 137-148).

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე