საქმე №ას-1306-2021 08 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე-----ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ა (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმყოფილება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ. ქ-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან "შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე-ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაევალა თბილისში, ----- --- ---- გასასვლელში არსებულ მოსარჩელის კუთვნილ ფართში (ს.კ. ----- და ----) განთავსებული №---- სატრანსფორმატორო ქვესადგურის დემონტაჟი და დადგინდა აღნიშნული ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 7 798 ლარის გადახდა 2016 წლის 17 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 573 224 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. საკასაციო საჩივრის განხილვის მიზნით, 2022 წლის 09 ნოემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2022 წლის 14 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მომართეს მხარეებმა, რომელსაც დაურთეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. იმავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება დავა მორიგებით საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაასრულონ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას ურთიერთშეთანხმების გზით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგი.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
15. მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით გამოყენებული შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
19. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ნახევარი - 4000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-273-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ. ქ-ს და შპს „ე----ის“ შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
1.1. შპს „ე----ი“ გადაუხდის დ. ქ-ს 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარს 2022 წლის 20 ნოემბრამდე. თანხის ჩარიცხვა, დ. ქ-ს თანხმობით, მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით შპს “ე-----ს” კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან დ. ქ-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის თ. ქ-ს (პ.ნ. ------) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, რომელსაც წარუდგენს შპს “ე----ს”. მორიგების აქტის აღნიშნული პირობა სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების დღეს, 2022 წლის 08 დეკემბერს უკვე შესრულებულია.
1.2. შპს „ე-----ი“ 2023 წლის 20 თებერვლამდე უზრუნველყოფს ქალაქ თბილისში, ---- ---- ----- ---- არსებულ, დ. ქ-ს კუთვნილ ფართში (ს.კ. ---- და ------), განთავსებული № ---- სატრანსფორმატორო ქვესადგურის სრულ დემონტაჟს (გატანას) და აღნიშნული ფართის დ. ქ-ის გადაცემას გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში.
1.3. დ. ქ-ა აცხადებს და ადასტურებს, რომ მას შემდეგ რაც შესრულდება წინამდებარე მორიგების აქტის 1.2. პუნქტით გათვალისწინებული პირობა, რაც გულისხმობს სატრანსფორმატორო ქვესადგურის დემონტაჟს და გატანას, მოსარჩელე დ. ქ-ს აღარ ექნება არავითარი პრეტენზია შპს „ე-----ის“ მიმართ.
1.4. შპს "ე----ის" მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას დაეკისრება დ. ქ-ს სასარგებლოდ 300 000 (სამასი ათასი) ლარის გადახდა პირგასამტეხლოს სახით.
1.5. წინამდებარე მორიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ე----ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე, რომლის საკადასტრო კოდია: -----, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში, მორიგების აქტის პირობების შესრულებამდე.
1.6. მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგებაზე ხელმოწერით ისინი უარს ამბობენ ყველა მოთხოვნაზე და პრეტენზიაზე, რაც მათ გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ 2022 წლის 11 ნოემბრამდე არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებამდე.
1.7. წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მხარეები იძლევიან გარანტიას და ადასტურებენ, რომ ისინი აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებამოსილებით ამ გარიგებისა და მასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი დოკუმენტის ხელმოსაწერად, ხოლო ამ შეთანხმების ხელმოწერით მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, სრულად ეთანხმებიან მორიგების ყველა პირობას და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე. რომელიმე ხელმომწერი პირის გარდაცვალება ან ავადმყოფობა არ იწვევს წინამდებარე მორიგების პირობების გაუქმებას და იგი სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთა უფლებამონაცვლეებისათვის. ასევე, მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს მოპასუხე შპს “ე-----ი” კონტრაქტორი პირის მეშვეობით, რისი ტექნიკურად შესრულების ფარგლებში, მოსარჩელე მხარე ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი თანხმობები, არ მოახდინოს ჩასატარებელი სამუშაოების შესრულების ხელშეშლა, უზრუნველყოს მოსარჩელე მხარის ანდა მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების დაუბრკოლებელი და თავისუფალი დაშვება როგორც სატრანსფორმატრო ფართში, ასევე მის მიმდებარედ, საჭიროებისამებრ, ასევე არ შეუშალოს ხელი შესაბამისი ელ. კაბელებისა და სადენების მოწყობისა და გადატანის სამუშაოებს, რაც აუცილებელი იქნება სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოპასუხის მიერ განსაზღვრულ ფართში გადატანის მიზნით.
1.8. წინამდებარე მორიგების აქტის პირობები კონფიდენციალურია და მხარეებს უფლება არა აქვთ, მისი დამტკიცების შემდგომ წინამდებარე დოკუმენტი გაასაჯაროვონ ან რაიმე ფორმით აცნობონ ნებისმიერ მესამე პირს. ამ ვალდებულების დამრღვევ მხარეს, მეორე მხარის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით. ამ პირობის დარღვევად არ განიხილება შპს “ე-----ის” მიერ ვალდებულების შესრულების ფარგლებში გადახდილი ფულადი სახსრების დეკლარირება, ასევე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დოკუმენტის გადაცემა.
1.9. თუ ერთ-ერთმა მხარემ დაარღვია წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება, მეორე მხარე, რომელსაც ამ მომენტისთვის არ დაურღვევია მორიგება, თავისუფლდება ამ პუნქტებში და ზოგადად მორიგების აქტში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან და მას არ დაეკისრება პირგასამტეხლო სამომავლოდ მორიგების რომელიმე პირობის დარღვევისთვის.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით გამოყენებული შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, დ. ქ-ს აეკრძალა - ქ. თბილისში, ----- ---- ----- ------ უძრავი ნივთებიდან - ს/კ ---- (----) და ს/კ ---- (---- ----) შპს "ე----ს" მიერ სატრანსფორმატორო ქვესადგურის #----- შეკეთების მიზნით, სატრანფორმატორო ჯიხურში შესვლის, ტრანსფორმატორის მოხსნისა და დაერთებისათვის აუცილებელი სამუშაოებისა და მოქმედებების განხორციელებისათვის ხელშეშლა.
4. მხარეთა მორიგების გამო მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
6. შპს „ე-----ს“ (ს.ნ. ------) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 29 ნოემბერს სს „-------- ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 (რვა ათასი) ლარის ნახევარი 4 000 (ოთხი ათასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი