Facebook Twitter

საქმე №ას-132-2021 30 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ლ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ---რ ფ----ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ. ლ-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,მ----რ ფ---ის’’ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კომპანია“) მიმართ და მოითხოვა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომპანიის 08.05.2019წ. ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის დირექტორის 08.05.2019წ. ბრძანება მოსარჩელის ბუღალტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; სარჩელი თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 6 000 ლარის გადახდა (საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის განაკვეთის ჩათვლით).

5. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (პირველი პუნქტი); გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (მე-2 პუნქტი).

7. ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

10. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი გადაწყვიტოს მხარეთა მოწვევის გარეშე.

11. მოცემულ შემთხვევაში კასატორის (მოსარჩელე) საკასაციო მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმისა და კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი/შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ამდენად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის.

12. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინების შინაარსიდან ცხადია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, თუმცა საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია არასრულყოფილად და მასში მითითებული არ არის სიტყვები „სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში“.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და აღნიშნულ პუნქტში სიტყვების „გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება“ შემდგომ დაემატოს სიტყვები „სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში“ და აღნიშნული პუნქტი საბოლოოდ ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული პუნქტის დანაწესი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს“;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი