საქმე №ას-132-2021 31 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ლ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ----რ ფ---ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ. ლ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,მ---რ ფ----ის’’ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კომპანია“) მიმართ და მოითხოვა: მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 08.05.2019წ. ბრძანების ბათილად ცნობა; პირვანდელ სამუშაო ადგილზე - ბუღალტრის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 2000 ლარის ოდენობით, 2019 წლის 08 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. მოსარჩელე კომპანიაში მუშაობდა ბუღალტრად და მისი ხელზე ასაღები შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2000 ლარს;
2.2. 08.05.2019წ. ბრძანებით კომპანიის დირექტორმა მოსარჩელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
2.3. იმავე დღეს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა კომპანიის დირექტორს და მოითხოვა მისი გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, რაზეც პასუხი არ მიუღია;
2.4. მოსარჩელე კეთილსინდისიერად, დარღვევების გარეშე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, შესაბამისად, მისი გათავისუფლება უკანონოა.
3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის დირექტორის 08.05.2019წ. ბრძანება მოსარჩელის ბუღალტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; სარჩელი თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 6 000 ლარის გადახდა (საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის განაკვეთის ჩათვლით).
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუმცა გათავისუფლების ბრძანება არ შეიცავს ამ საფუძვლის დასაბუთებას. მოპასუხემ შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით განემარტა გათავისუფლების მიზეზები. საქმეში წარდგენილია კომპანიის დირექტორის 02.05.2019წ. წერილი მოსარჩელის მიმართ, სადაც აღნიშნულია, რომ დაკისრებული უფლება-მოვალეობების არასრულფასოვნად და არაჯეროვნად შესრულების გამო, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება 2019 წლის 02 ივნისიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ.
8. სააპელაციო პალატის განმარტებით, დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელეს, როგორც კომპანიის ბუღალტერს, ევალებოდა შიდა მონიტორინგის სამსახურისთვის კომპანიის ბუღალტრული მონაცემების მიწოდება ყოველი თვის 17 რიცხვამდე, თუმცა იგი ხშირ შემთხვევაში არ აწოდებდა მონიტორინგის სამსახურს მოთხოვნილ ინფორმაციას, ხან უპასუხოდ ტოვებდა მათ მოთხოვნას, ხოლო ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებდა ინფორმაციის მიწოდებას; კომპანიის მიერ 2019 წლის 28 იანვარს ნაღდი ანგარიშსწორების გზით შეძენილი ავტომობილის ბუღალტრული ასახვა განხორციელებულია გვიან - 2019 წლის 03 აპრილს. ამასთან, ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელ თანხასა და რეალურად გადახდილ თანხას შორის, ავტომობილის ნასყიდობისას მოქმედი დოლარის კურსის გათვალისწინებით, არსებობს სხვაობა - 106,75 ლარის ოდენობით; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.04.2011წ. №230 ბრძანების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე კომპანიის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გახარჯული მთლიანი საწვავის ჩამოწერას ახორციელებდა მხოლოდ ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე; კომპანიის დირექტორის ცვლილების მიუხედავად, მოსარჩელე მიმოწერას ახორციელებდა კომპანიის ყოფილ დირექტორთან და მასზე როგორც ბუღალტერზე დაკისრებული გარკვეული მოვალეობის შესრულებისას, მოქმედებდა მისი შეხედულებისამებრ.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შრომითსამართლებრივ დავებში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტის შესაბამისად, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მისი ქმედების პროპორციულ ზომას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება ბათილია და მას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტით და განმარტა, რომ მიუხედავად გათავისუფლების უკანონობისა, ვინაიდან ბუღალტრის თანამდებობა სამეწარმეო საზოგადოების ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანეს პოზიციას წარმოადგენს და უდავოა მხარეთა შორის უნდობლობის არსებობის ფაქტი, სარჩელი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს და სანაცვლოდ მოსარჩელეს კომპენსაცია უნდა მიეკუთვნოს.
11. სააპელაციო პალატამ კომპენსაციის გონივრულ ოდენობად 6 000 ლარი მიიჩნია (საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის განაკვეთის ჩათვლით).
12. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის არსებობს უნდობლობა. მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში (მათ შორის არც შესაგებელსა და სააპელაციო შესაგებელში) მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა დაძაბული ურთიერთობა და უნდობლობა, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე აღდგენას. მსგავსი შეკითხვა არც სასამართლოს მხრიდან დასმულა. მოსარჩელის ინტერესს თავდაპირველ პოზიციაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის მიღება წარმოადგენს, ვინაიდან იგი არის უმუშევარი და მისთვის აღნიშნული მოთხოვნა არის პრიორიტეტული;
13.2. გარდა იმისა, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უთხრა უარი მოსარჩელეს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაზე, მან აგრეთვე არ იმსჯელა მისი ტოლფას პოზიციაზე აღდგენასთან დაკავშირებით და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვლია. სასამართლომ უფლებრივი რესტიტუციის საშუალებად აირჩია კომპენსაცია, რომელიც არის მინიმალური, არაგონივრული და საერთოდ ვერ ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რომელიც მხარემ უკანონო დათხოვნით განიცადა, ასევე ამ უკანასკნელით გამოწვეულ მორალურ ზიანს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ხელფასი (ხელზე ასაღები) შეადგენდა 2000 ლარს და მისი გათავისუფლებიდან გასულია თითქმის 2 წელი;
13.3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საერთაშორისო შრომის სტანდარტებს;
13.4. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, აღდგენის შეუძლებლობასა და მიზანშეუწონლობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც, მაგალითად, სადავო პოზიცია აღარ არის ვაკანტური ან გაუქმებულია. მხარეთა შორის უნდობლობის გამო პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის არამიზანშეწონილობასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს არასოდეს უმსჯელია;
13.5. შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2020 წლის 29 სექტემბრიდან მოქმედი რედაქციის მიხედვით, 48-ე მუხლის მე-9 პუნქტი დასაქმებულს უფლებას ანიჭებს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ვინაიდან ახალი ნორმა აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას, სასამართლომ უნდა დაუშვას მისი მოქმედების რეტროაქტიური უკუძალა, ვინაიდან სახეზეა წარსულში დაწყებული და აწმყოში მიმდინარე სამართალურთიერთობა და აღნიშნული ნორმა ამოქმედდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი და ასევე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 აპრილის განჩინებით აღნიშნული საჩივრები დარჩა განუხილველი.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის “დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერება მხოლოდ პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
18. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად უთხრა უარი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაზე და არ იმსჯელა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, მხარეთა შორის უნდობლობის არსებობაზე და ამ საფუძვლით მოსარჩელის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე, მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში მიუთითებია.
19. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად (დავის წამოშობის დროს მოქმედი რედაქცია), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
20. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა შემდეგი: დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოთ დასახელებული სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებით მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება შეეძლოს. საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-637-637-2018, 29 აგვისტო 2018 წელი).
21. თანამდებობაზე აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია, შესაბამისად, დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, უკანონოდ გათავისუფლებული პირის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია, თუმცა აღნიშნული უფლება აბსოლუტური კატეგორია არ არის და მისი დაკმაყოფილება გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული.
22. როდესაც უკანონოდ დათხოვნილი პირი შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, მისი აღსრულების ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით მან უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა. დასაქმებულმა სამართალწარმოების შედეგად მისთვის მიუღებელი სამუშაო ადგილი ან ისეთი პოზიცია არ უნდა მიიღოს, რომლის დასაკავებლადაც სპეციალური ცოდნა და მომზადება არ გააჩნია (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისათვის, გვ. 270-272).
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ობიექტური შეუძლებლობა დამსაქმებლის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებაა. მან უნდა ადასტუროს ფაქტი მასზედ, რომ პირვანდელი სამუშაო ადგილი აღარ არსებობს, ან არსებობს, თუმცა დაკავებულია. მისივე მტკიცების საგანში შედის ასევე იმის დადასტურება, რომ მესამე პირი, რომელიც სადავო პოზიციას იკავებს, ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, აღნიშნული ფორმალურ ხასიათს არ ატარებს და მხოლოდ რეალური საჭიროებიდან გამომდინარეობს. ამავდროულად, დამსაქმებლის პატივსადები ინტერესი გათავისუფლებულ დასაქმებულთან სამსახურებრივი ურთიერთობის გაგრძელების შეუძლებლობაშიც შეიძლება მდგომარეობდეს. ზემოაღნიშნული გარემოებების დამტკიცების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეზე გადადის ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით). აღნიშნული კი, შესაძლებელია, გაირკვეს დამსაქმებლის საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-902-864-2014, 30 მარტი, 2015 წელი; №ას-475-456-2016, 24 ივნისი, 2016 წელი; №ას-761-712-2017, 10 ივლისი, 2017 წელი).
24. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა მიზანშეუწონლად მიიჩნია მხარეთა შორის უნდობლობის არსებობის საფუძვლით, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოებების გამო: მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის საკასაციო საჩივარი/შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და, შესაბამისად, მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი დადგენილად ითვლება. ასეთ პირობებში კი, ნდობის დაკარგვის გამო პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობა საფუძველს მოკლებულია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს მხარეთა შორის ნდობის დაკარგვას, დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძველს წარმოუშობს, რაც დასაქმებულის აღდგენას თავისთავად გამორიცხავს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოცემულ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის ფაქტი დადგენილია.
25. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობის სხვა გარემოებები. კერძოდ, კომპანიაში იმ თანამდებობის კვლავ არსებობის ფაქტი, რომელსაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე იკავებდა და აღნიშნული თანამდებობის ვაკანტურობა. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უმსჯელია, ხომ არ არსებობს კომპანიაში ტოლფასი თანამდებობა. ხოლო, ასეთის დადგენის შემთხვევაში, არის თუ არა ტოლფასი თანამდებობა ვაკანტური და მოსარჩელის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისი.
26. კასატორი აგრეთვე სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობას. მისი განმარტებით, კომპენსაციის ოდენობა არის მინიმალური და ვერ ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მან უკანონო დათხოვნით განიცადა. ამასთან, კასატორის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაუშვას შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის უკუძალა, ვინაიდან აღნიშნული პუნქტი აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას და აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, კომპენსაციასთან ერთად შესაძლებელს ხდის მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრებას.
27. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს წინამდებარე საქმეში შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ შრომის კოდექსში აღნიშნული ცვლილება განხორციელდა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს 29.09.2020წ. კანონით. აღნიშნული კოდექსის 86-ე მუხლის (დასკვნითი დებულებები) თანახმად, ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა. ამდენად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ შრომით ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა და დასრულდა მის ამოქმედებამდე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 08 მაისს, შესაბამისად, 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები წინამდებარე შემთხვევაზე ვერ გავრცელდება.
28. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმისდა მიხედვით, თუ როგორი სახით ეხება კანონი წარსულში დასრულებულ ურთიერთობას ან წარსულში დაწყებულ და მიმდინარე ურთიერთობას, ერთმანეთისაგან განასხვავებენ ნამდვილ (რეტროაქტიურ) და არანამდვილ (რეტროსპექტულ) უკუძალას. ნამდვილი (რეტროაქტიური) უკუძალა სახეზეა, როდესაც კანონი მოგვიანებით, ანუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ახორციელებს წარსულში მოწესრიგებული, ამოწურული და რეალიზებული ფაქტობრივი ელემენტების ცვლილებას და ამით იჭრება მათ სფეროში. ნამდვილი უკუძალა, რომელიც ერევა წარსულში დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობაში, განსხვავდება აწმყო დროის, აქტუალური და ჯერ კიდევ ამოუწურავი ფაქტობრივი ელემენტების სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში ჩარევისა და მათზე ზეგავლენისაგან (ე.წ. არანამდვილი, რეტროსპექტული უკუძალა). ამ დროს სახეზეა წარსულში დაწყებულ და აწმყოში მიმდინარე სამართალურთიერთობაში ჩარევა. არანამდვილი უკუძალა ძირითადად დასაშვებია და კონსტიტუციასთან შესაბამისია, ხოლო ნამდვილი უკუძალა ძირითად შემთხვევებში სრულად დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.05.2009წ. №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7,10). "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოქმედი შრომის კოდექსის 86-ე მუხლით განსაზღვრულია მისი მოქმედება მხოლოდ არსებულ შრომით ურთიერთობებზე.
29. შრომით დავებზე კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი გარემოებები: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან. შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას. ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება არა დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, არამედ მისი ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია. ამასთან, დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე, იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იხ. სუსგ საქმე №ას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი; №ას-1263-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021 წელი; ).
30. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციის გონივრულ ოდენობად 6 000 ლარი მიიჩნია, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, თუ რა გარემოებებით იხელმძღვანელა სასამართლომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას. ამასთან, მოსარჩელის გათავისუფლების ხანგრძლივობის, მისი შრომის ანაზღაურებისა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა არ შეესაბამება აღნიშნულთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. შესაბამისად, თუკი სააპელაციო სასამართლო წინამდებარე საქმის ხელახლა განხილვისას დაადგენს, რომ მოსარჩელის პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს წინამდებარე განჩინების 29-ე პუნქტში მითითებული გარემოებები და კომპენსაციის სამართლებრივი მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით, განსაზღვროს კომპენსაციის გონივრული და სამართლიანი ოდენობა.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
32. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვლიოს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შესაძლებლობა ან კომპანიაში ტოლფასი, ვაკანტური სამუშაო ადგილის არსებობის ფაქტი, ხოლო, ამგვარი თანამდებობის არარსებობის დადგენის შემთხვევაში, კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, განსაზღვროს და დაასაბუთოს კომპენსაციის გონივრული და სამართლიანი ოდენობა.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
34. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი