საქმე №ას-306-2021 29 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „--- ---- ---“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „E------g S-----s C---y“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „-- -- ---“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „E----g S---s C---y“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში 5087 ლარის გადახდა.
4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.
5. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2019 წლის 22 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო მოპასუხის წარმომადგენელი, ს. ს-ნი, ვინაიდან აღნიშნულ სხდომას პირადად ის უძღვებოდა, თუმცა სხდომის დღეს მაღალი არტერიული წნევის გამო ორჯერ დაკარგა გონება და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სხდომაზე გამოცხადება ვერ მოახერხა. იგივე მიზეზით მან ვერც ბიუროს სხვა თანამშრომლისთვის შეტყობინება მოახერხა, წინააღმდეგ შემთხვევაში რომელიმე თანამშრომელი სასამართლო სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდებოდა. მოპასუხის წარმომადგენელმა პირველივე შესაძლებლობისთანავე გაგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში განცხადება, რომელსაც დაურთო ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ამსახველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გასინჯვის ფურცელი.
6. საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეს არ დაუკარგავს საქმის მიმართ იურიდიული ინტერესი. მეტიც, მისი ინიციატივით დაინიშნა კვლევა, რომელსაც უნდა დაედგინა წარდგენილი ხელმოწერის ნამდვილობა. ამასთან, დავის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ჰქონდა სასამართლოს შემადგენლობასთან სხდომის დროულად დასრულებისათვის.
7. სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ, მართალია, რწმუნებულებაში მითითებულია ოთხი წარმომადგენელი, თუმცა აქედან მხოლოდ თვითონ (ს. ს-ნი) და გ. ყ-ი წარმოადგენენ იურისტებს. ვ. რ-ძე არის მძღოლი, ხოლო თ. ნ-ლი კურიერი, რომელსაც სასამართლოში კორესპონდენცია მიაქვს. სწორედ ამიტომ გაიცა მათზე რწმუნებულება. განსახილველ საქმეს ს. ს-ნი უძღვებოდა პირადად. რაც შეეხება უშუალოდ ავად გახდომის ფაქტს, გონების დაკარგვის დროს იგი ოფისში მარტო იმყოფებოდა, რის გამოც აღნიშნულის შესახებ ვერავის შეატყობინა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
9. საქალაქო სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 2019 წლის 22 ოქტომბერს 16:00 საათზე. ამასთან, 2019 წლის 22 ოქტომბრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის (იხ. ტ. I, ს.ფ. --) მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება შესულია 17:26 საათზე, ბრიგადის გასვლის დროა 17:37 საათი, ხოლო სასამართლო სხდომის გახსნის დრო 16:15:33 საათი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი დაახლოებით (სულ მცირე) ნახევარი საათით ადრე მაინც უნდა წასულიყო ოფისიდან (სადაც გამოცხადდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა) თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე დანიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით. იგი სასამართლო სხდომაზე უკვე უნდა ყოფილიყო 16:00 საათზე, მაშინ როდესაც ავად გახდომის სავარაუდო დროა 17:26 საათი.
10. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულ ცნობაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ არის მითითებული სასამართლოში გამოუცხადებლობის შეუძლებლობის თაობაზე. პაციენტის სამედიცინო ბარათი ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ავად გახდა სხდომის დაწყებიდან დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ.
11. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შესაგებელზე დართული რწმუნებულების მიხედვით, მოპასუხეს წარმდენიმე პირისთვის ჰქონდა სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება მინიჭებული (იხ. ტ. I, ს.ფ. --). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მხარის ერთი წარმომადგენელი ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რწმუნებულებაში მითითებულ სხვა ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე და მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, ან სასამართლოს წინაშე ეშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე.
12. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 233-ე და 240-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
15. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში სამართალწარმოების პროცესში უშუალო მონაწილე ადვოკატი იყო სწორედ ს. ს-ნი და არა მინდობილობაში მითითებული სხვა პირები.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათის შინაარსიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 22 ოქტომბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებულ იქნა მოპასუხის წარმომადგენლის, ს. ს-ის სამუშაო ოფისის მისამართზე (ქ. თბილისი, ----- ქ. --). სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტი უჩიოდა თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, გულის ფრიალს, ორჯერ აღენიშნა გონების დაკარგვა. სასწრაფო დახმარების ექიმმა დიაგნოზად მიუთითა არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს დაენიშნა მედიკამენტური მკურნალობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები ქმნიდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მოპასუხის წარმომადგენელს 2019 წლის 22 ოქტომბერს განუვითარდა ჯანმრთელობის იმგვარი მდგომარეობა, რამაც შეუძლებელი გახადა მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
19. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
19.1. სასამართლომ საქმის მასალების გაცნობისა და შესწავლის გარეშე მიიღო გასაჩივრებული განჩინება;
19.2. მოპასუხე ცდილობს საქმის გაჭიანურებას. მას ორი თვით ადრე ეცნობა სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა დაავიწყდათ და როცა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შეიტყვეს, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება ერთი საათისა და 26 წუთის დაგვიანებით;
19.3. მოპასუხეს ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა, ასევე, დირექტორი, რომლისთვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო პროცესის თაობაზე;
19.4. მოპასუხის ქმედებებით მოსარჩელეს ადგება ზიანი.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
24. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების მართლზომიერება. კერძოდ, ის საკითხი მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
25. კასატორი დავობს, რომ მოპასუხე ცდილობს საქმის გაჭიანურებას. მისი მტკიცებით, სინამდვილეს არ შეესაბამება მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტი. გარდა ამისა, იგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს სხვა წარმომადგენლებიც ჰყავდა.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.
27. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
28. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი; №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი კი უზრუნველყოფს მხარის კანონიერი ინტერესების (მიიღოს მონაწილეობა საპროცესო სამართალწარმოებაში) დაცვას, ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (იხ. სუსგ საქმე №ას-1504-2019, 13 მარტი, 2020 წელი).
31. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოპასუხე (მოპასუხის წარმომადგენელი) კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო 22.10.2019წ. სასამართლოს სხდომის თარიღის, ადგილისა და დროის თაობაზე (იხ. ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტი, ტ. I, ს.ფ. 122). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე 22.10.2019წ. გამართულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა, ხოლო მოსარჩელემ იმავე სხდომაზე იშუამდგომლა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.10.2019წ. სხდომის ოქმი, ტ. I, ს.ფ. 125-130), რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. მოპასუხე როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში, ისე სააპელაციო საჩივარში, მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებდა, რასაც კასატორი უარყოფს და სინამდვილესთან შეუსაბამოდ, მხოლოდ საქმის გაჭიანურების მიზეზად მიიჩნევს. შესაბამისად, საკითხის სწორად შეფასების მიზნით, საჭიროა იმის გარკვევა, ასეთ შემთხვევაში რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
33. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
34. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებდა, რომ მისმა წარმომადგენელმა, რომელიც უშუალოდ იყო წინამდებარე საქმის განხილვაში ჩართული, სასამართლო სხდომის დღეს მაღალი არტერიული წნევის გამო ორჯერ დაკარგა გონება, რის გამოც სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარს დაურთო სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შედგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათი (იხ. ტ. I, ს.ფ. --), საიდანაც ირკვევა, რომ 2022 წლის 22 ოქტომბერს მოპასუხის წარმომადგენელს, ს. ს-ს გაეწია სამედიცინო დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებულ იქნა მოპასუხის წარმომადგენლის სამუშაო ადგილის მისამართზე: ქ. თბილისი, ----- ქ. ---. სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტს აღენიშნებოდა გულის ფრიალი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, მაღალი არტერიული წნევა, დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე ადგილი ჰქონდა ორჯერ გონების დაკარგვას. სამედიცინო ბარათში ასევე მითითებულია, რომ გონების დაკარგვას ადგილი ჰქონდა ორი კვირით ადრეც, თუმცა პაციენტს ექიმისთვის არ მიუმართავს.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ სამედიცინო დოკუმენტში მითითებული ჩივილები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხის წარმომადგენელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო 2019 წლის 22 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. ამასთან, მართალია, აღნიშნულ დღეს სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 16:00 საათზე, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებულ იქნა 17:26 საათზე, თუმცა სამედიცინო ბარათში აღნიშნული გარემოება, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე პაციენტმა გონება ორჯერ დაკარგა, სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მოპასუხის წარმომადგენელს, რომელიც განსახილველ საქმეში სამართალწარმოების პროცესში უშუალო მონაწილე ადვოკატს წარმოადგენდა (იხ. შესაგებელი ტ. I, ს.ფ. 51-60; 12.03.2019წ. სხდომის ოქმი, ტ. I, ს.ფ. 71-77; 22.05.2019წ. განცხადება, ტ. I, ს.ფ. 108; ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტი, ტ. I, ს.ფ. 122), ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეეძლო მინდობილობაში მითითებული სხვა პირებისთვის ან/და სასამართლოსთვის მისი მდგომარეობისა და, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე შეეტყობინებინა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა მეორე დღესვე, 2019 წლის 23 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს განცხადებით და აცნობა მისი გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც (იხ. სუსგ საქმე №ას-1504-2019, 13 მარტი 2020 წელი). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათი და მასში მითითებული ინფორმაცია საკმარისია იმ ვარაუდის წარმოშობისათვის, რომ მოპასუხის წარმომადგენელს 2019 წლის 22 ოქტომბერს მართლაც ჰქონდა ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ასევე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინებას შეუძლებელს ხდიდა.
37. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტური სარგებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 26.07.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ (Bartaia v. Georgia / საჩივარი №10978/06)).
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხის წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 22 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. ამრიგად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებელია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
39. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
41. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-354-336-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-1751-2018, 01 ივნისი, 2020 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
44. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „--- --- ---“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „-- -- --“ (ს/კ N----) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 13 აპრილს №-- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი