Facebook Twitter

საქმე №ას-1157-2022 25 ნოემბერი, 2022 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ე------ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემსყიდველი ან სამინისტრო) სარჩელი შპს „ე----ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი ან კომპანია) წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის 2 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 84 ხელშეკრულების საფუძველზე, პირგასამტეხლოს - 395.35 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის 7 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 105 ხელშეკრულების საფუძველზე, პირგასამტეხლოს - 242.75 ლარის გადახდა დაეკისრა; სამინისტროს უარი ეთქვა მოთხოვნილი 4 238.04 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. სამინისტროსა და კომპანიას შორის, 2017 წლის 2 თებერვალს, დაიდო, სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტის შესყიდვის შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №84 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულებად 7 907,4 ლარი განისაზღვრა;

3.2. სამინისტროსა და კომპანიას შორის, 2017 წლის 7 თებერვალს, დაიდო, სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტის შესყიდვის შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №105 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულებად 4 855,25 ლარი განისაზღვრა;

3.3. ხელშეკრულებების 10.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების N 1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0,25% მიმწოდებლისათვის დაეკისრებინა;

3.4. ხელშეკრულებების 10.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მომწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა- ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%;

3.5. №84 ხელშეკრულების ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი სახის ვადაგადაცილებები: შეკვეთა განხორციელდა 2017 წლის 24 ივლისს, პროდუქტი რუსთავში 7 აგვისტომდე უნდა მიეტანათ, თუმცა კომპანიას შემსყიდველისათვის საქონელი არ მიუწოდებია, ვადაგადაცილებამ შეადგინა 44 დღე; შეკვეთა განხორციელდა 2017 წლის 26 ივლისს, პროდუქტი ------ 1 აგვისტომდე უნდა მიეტანათ, თუმცა კომპანიას შემსყიდველისათვის საქონელი არ მიუწოდებია, ვადაგადაცილებამ 50 დღე შეადგინა; შეკვეთა განხორციელდა 2017 წლის 26 ივლისს, პროდუქტი ---- 31 ივლისამდე უნდა მიეტანათ, თუმცა კომპანიამ მიიტანა 16 აგვისტოს, 16-დღიანი ვადაგადაცილებით; მისაწოდებელი პროდუქტის ღირებულება შეადგენდა 132,02 ლარს; შეკვეთა განხორციელდა 2017 წლის 25 ივლისს პროდუქტი ----, 1 აგვისტომდე უნდა მიეტანათ, თუმცა კომპანიამ 12 აგვისტოს, 11-დღიანი ვადაგადაცილებით მიიტანა; მისაწოდებელი პროდუქტის ღირებულება შეადგენდა 330,05 ლარს;

3.6. №105 ხელშეკრულების ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი ვადაგადაცილებები: შეკვეთა განხორციელდა 2017 წლის 23 ივნისს, პროდუქტი ---- 3 ივლისამდე უნდა მიეტანათ, თუმცა კომპანიამ პროდუქტი 11 ივლისს, 8-დღიანი ვადაგადაცილებით მიიტანა დანიშნულების ადგილას; მისაწოდებელი პროდუქტის ღირებულება 245,9 ლარს შეადგენდა; შეკვეთა განხორციელდა 2017 წლის 23 ივნისს, პროდუქტი ---- 3 ივლისამდე უნდა მიეტანათ, თუმცა კომპანიამ 24 ივლისს, 21-დღიანი ვადაგადაცილებით მიიტანა; ამასთან, მისაწოდებელი პროდუქტის ღირებულება 111,85 ლარს შეადგენდა;

3.7. ორივე - №105 და №84 ხელშეკრულება შემსყიდველმა ცალმხრივად შეწყვიტა;

3.8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“ თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში;

3.9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა რომ ვინაიდან მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო ვადლებულებათა დარღვევის ფაქტი და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და განხილვის საგანს არ წარმოადგენს;

3.10. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;

3.11. მიმწოდებლის (მოპასუხის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად მოპასუხეს ხელშეკრულებით შეთანხმებული პროდუქცია უნდა მიეწოდებინა. ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ დარიცხული იქნა არა ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. სანქციის სახით პირგასამტეხლოს დაწესება არ უნდა გასცდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რასაც მას სსკ-ის 417-ე მუხლი ანიჭებს. სსკ-ის მე-8.3 მუხლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპი ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმებთან ურთიერთკავშირში განიხილავს და იგი ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა, სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაა იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას (კერესელიძე დ., უზოგადესი სისტემური ცნებები, გვ. 83). ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს გაზრდის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის კვალობაზე პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის წესთან, რამდენადაც აპელანტი მოითხოვს არა ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის შესაბამისი ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გაანგარიშებას, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დარიცხვას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის პრეტენზია არ არის გასაზიარებელი;

3.12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 7 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხემ ვალდებულებები 8-დღიანი და 21-დღიანი ვადაგადაცილებით შეასრულა. ვადაგადაცილებული ვალდებულება ჯამში 357,75 ლარს შეადგენდა და არა ხელშეკრულების სრულ ღირებულებას - 4 855,25 ლარს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელს პროდუქტის მიწოდების ვალდებულება წარმოეშობოდა შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად მოვალეს პირგასამტეხლო ვერ დაეკისრება იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რისი შესრულების ვალდებულებაც მას არ წარმოშობია. სსკ-ის 417-ე მუხლიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ მოვალეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს იმ ვალდებულების ფარგლებში, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა;

3.13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №105 ხელშეკრულების შემთხვევაში ---- მისაწოდებელი პროდუქტისათვის პირგასამტეხლო 4,92 ლარია (245.9 x 0.25 / 100 x 8); ხოლო ---- მისაწოდებელი პროდუქტისათვის - 5,87 ლარი (111.85 x 0.25 / 100 x 21), ჯამში - 10,79 ლარი;

3.14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგივე ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა იყო №84 ხელშეკრულების შემთხვევაშიც. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ვადაგადაცილებული დღეებისთვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 0,15%, შესაბამისად --- დაგვიანებით მიწოდებული პროდუქტისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო 3,17 ლარია (132.02 x 0.15 / 100 x 16), ხოლო ---- შემთხვევაში - 5,45 ლარი (330.05 x0.15 / 100 x 11), ჯამში 8,62 ლარი. რაც შეეხება ---- და ---- მისაწოდებელ პროდუქციას, მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება საერთოდ არ შეუსრულებია;

3.15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საფუძველზე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების გარდა, ასევე მოთხოვნილი აქვს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო პირგასამტეხლო, რაც მისივე მითითებით ხელშეკრულების ღირებულების 10%-ია;

3.16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის (ღირებულების) კვალობაზე, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო მოცემულ შემთხვევაში 10,79 + 8,62 = 19,41 ლარია. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ, გარდა ვალდებულების ვადაგადაცილებისა, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ შეასრულა ვალდებულება, ხოლო პირგასამტეხლოს უნდა ჰქონდეს გარკვეული დამაბრკოლებელი ფუნქცია, რათა არ წახალისდეს ვალდებულების დარღვევა, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხისათვის მხოლოდ პირგასამტეხლოს - 19,41 ლარის დაკისრება არ იქნებოდა გონივრული; გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2017 წლის 2 თებერვლის N 84 ხელშეკრულების დარღვევისათვის მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო 395,35 ლარით განსაზღვრა, ხოლო 2017 წლის 7 თებერვლის N 105 ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში - 242.75 ლარით; მოპასუხისათვის ჯამში 638 ლარის პირგასამტეხლოა დაკისრებული;

3.17. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია და არ არსებობს მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. აპელანტის გაანგარიშება (2569.90 + 2306.24= 4875ლარი) ფაქტობრივად ორივე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (7907 + 4855 = 12 762 ლ.) თითქმის 40 %-ს შეადგენს, რაც მართებულად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე სამინისტრომ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (შემსყიდველის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

9. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გაანგარიშებას (იხ. ამ განჩინების 3.12-3.16 ქვეპუნქტები) და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სრულად უნდა დაეკისროს. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოვალეს პირგასამტეხლო არა მთლიანი ვალდებულებისათვის, არამედ - მხოლოდ შეუსრულებელი ვალდებულებისათვის უნდა დაეკისროს.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წელი).

13. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

14. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;

15. საკასაციო სასამართლო უპირველესად შეაფასებს თუ რამდენად კვალიფიციურად შეედავა მოპასუხე მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს და განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.7.2022წ,).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მართებულად მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი (დაგვიანებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით (შეადრ. სუსგ Nას-429-2020, 20.07.2022 წ.).

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. სუსგ-ები: N ას-164-160-2016; N ას-581-2019; N ას-249-2021).

19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე