საქმე №ა-3665-შ-84-2020 28 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ს. პ-ო
მოწინააღმდეგე მხარე – ე. პ-ო
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით ე. პ-ოს შუამდგომლობა უკრაინის ---- ოლქის --- რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №---- გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას უკრაინის ---- ოლქის --- რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №---- გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს. პ-ოს ე. პ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნა და 34 კაპიკი ს. პ-ოს მიერ უკვე გადახდილი 15 277 აშშ დოლარის გამოკლებით.
2. 2022 წლის 18 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ს. პ-ოს წარმომადგენელმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
3. განმცხადებლის მითითებით, ს. პ-ვის ცნობილი გახდა ისეთი ახალი გარემოებები, რომლებიც საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, გამოიწვევდა ე. პ-ოს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ უკრაინის ---- ოლქის --- რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ს. პ-ოს განცხადება და იმავე სასამართლოს მიერ ე. პ-ოს სასარგებლოდ 2019 წლის 19 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სადაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მითითებული იყო 2017 წლის 13 მარტი, აღიარებულ იქნა არააღსრულებად დოკუმენტად. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინის ---- ოლქის --- რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №---- გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 26 ივნისს.
4. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ უკრაინის ---- ოლქის ---- რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განჩინება ე. პ-ომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თუმცა ---- სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება, რაზეც ე. პ-ომ ორჯერ (2022 წლის ივნისსა და აგვისტოში) წარადგინა საკასაციო საჩივარი. უკრაინის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინებით არ გაიხსნა საკასაციო საქმე ე. პ-ოს საკასაციო საჩივარზე და ამით უკრაინის ---- ოლქის --- რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განჩინების გასაჩივრების იურიდიული პროცედურა დასრულდა.
5. განცხადებელმა მიუთითა, რომ ს. პ-კო არ იყო ინფორმირებული უკრაინის უზენაეს სასამართლოში საქმის მიმდინარეობის თაობაზე და ამის შესახებ შეიტყო მას შემდეგ, როცა მის წარმომადგენელს ჩაბარდა უკრაინის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინება ე. პ-ოს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
6. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ე. პ-ოს გაშვებული აქვს იძულებითი აღსრულების მოთხოვნისათვის დადგენილი ვადა. მისივე განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ უკრაინის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო დოკუმენტები იძულებითი აღსრულებისათვის წარდგენილ უნდა იქნეს 3 წლის განმავლობაში. ე. პ-ომ კი 3 წლიანი ვადის დარღვევით, კერძოდ, 2020 წლის 14 მაისს მიმართა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
7. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებები, კერძოდ , 2019 წლის 19 დეკემბერს ე. პ-ოს სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და უკრაინის ---- ოლქის ---- რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №--- გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად 2010 წლის 26 ივნისის დადგენის ფაქტი ცნობილი არ იყო ს. პ-ვის საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს. განცხადების ავტორის განმარტებით, ს. პ-ოს მხარემ აღსრულების ხანდაზმულობის თაობაზე განუცხადა კიდეც საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თუმცა ვინაიდან აღნიშნული მისთვის მხოლოდ ვარაუდი იყო და იმ დროისათვის შეუძლებელი იყო ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა, მხარეს ამ საკითხზე აქცენტი აღარ გაუკეთებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ს. პ-ვის წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული ახალი გარემეობების და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ ცნობილი რომ ყოფილიყო საქართველოს უზენაეს სასამართლოსათვის საქმის განხილვის დროს, ე. პ-ოს მოთხოვნა, უკრაინის ---- ოლქის ---- რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №--- გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, არ იქნებოდა დაკმაყოფილებული, ვინაიდან მას გაშვებული ჰქონდა იძულებითი აღსრულების ვადა და დაკარგული ჰქონდა აღსრულების მოთხოვნის უფლება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნტქზე მითითებით მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. პ-ოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
11. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების/განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაშვების ერთ-ერთი პირობაა მისი კანონით დადგენილ ვადაში შეტანა. აღნიშნულ ვადას ადგენს სსსკ-ის 426-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
13. განსახილველ შემთხვევაში, ს. პ-ოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას დაცული აქვს განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა უკრაინის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინების ს. პ-ოს წარმომადგენლისათვის ჩაბარებიდან.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას დაცული აქვს განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან უკრაინის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინებით დგინდება, რომ უკრაინის --- სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განჩინება ე. პ-ოს საკასაციო საჩივრით უკვე 2022 წლის ივნისში ჰქონდა გასაჩივრებული და დარჩა განუხილველი, ხოლო უკრაინის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ე. პ-ოს განმეორებით ეთქვა უარი საკასაციო საჩივრის განხილვაზე. შესაბამისად, განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის ათვლისათვის მნიშვნელოვანი იყო უკრაინის უზენაესი სასამართლოს ის განჩინება, რომლითაც ე. პ-ოს 2022 წლის ივნისში შეტანილი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული არ არის და არც მასზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მხარეს აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა დაცული აქვს.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი განცხადება ფორმალური თვალსაზრისით არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 426-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, დარღვეულია განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა, პალატა თვლის, რომ არ არსებობს მისი განსახილველად დაშვების წინაპირობები, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
16. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შეთხვევაშიც კი, თუ მხარეს დაცული ექნებოდა განცხადების წარდგენის ვადა, მის მიერ მითითებული გარემოებები ვერ იქნება მიჩნეული სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებად.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით დადგენილია, რომ უკრაინის ---- ოლქის --- რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №---- გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 26 ივნისს, შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს სასამართლოსათვის ახალ გარემოებას.
18. რაც შეეხება აღსრულების ხანდაზმულობას, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების თანახმად, იმის გამო, რომ 2021 წლის 16 აპრილის სხდომაზე ს. პ-ოს წარმომადგენელმა ხანდაზმულობის საკითხი სადავოდ აღარ გახადა, უზენაეს სასამართლოს აღსრულების ხანდაზმულობაზე არ უმსჯელია. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით განსახილველ განცხადებაში მითითებული ვერცერთი გარემოება წინამდებარე საქმეში ვერ იქნება მიჩნეული სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებად, რაც ასევე განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
19. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე, 429-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს. პ-ოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. ს. პ-ოს (ს/კ ----) დაუბრუნდეს ლ. ნ-ას (პ/ნ ----) მიერ 2022 წლის 14 ნოემბრის N- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი