თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი (მოსარჩელე) - თ.შ–ძე
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებაში უსწორობის გასწორება
აღწერილობითი ნაწილი:თ.შ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „მ.დ–ის“, სს „ი.უ.ქ–სა“ და შპს „M. C-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად ზიანის - 33929,6 ლარის და პირგასამტეხლოს (2016 წლის პირველი მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 37504 აშშ დოლარის 0,5%-ის ოდენობით) გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით თ.შ–ძის სარჩელი შპს „M.C–ის“ და სს „ი.უ.ქ–ს“ მიმართ დაკმაყოფილდა; შპს „M.C-ს“ და სს „ი.უ.ქ–ას“ თ.შ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 33929,6 ლარის და პირგასამტეხლოს - 2016 წლის პირველი მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 37504 აშშ დოლარის 0,5%-ის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ თ.შ–ძემ, რომელმაც სადავო თანხის შპს „მ.დ–ისთვის“ სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით თ.შ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება თ.შ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით თ.შ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება. ამასთან, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტით განისაზღვრა, რომ „თ.შ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს ე.ს–ძის (პ/ნ ......) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (საგადასახადო დავალება №1, გადახდის თარიღი 17.03.2022 წ.) 1950,10 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.“
თ.შ–ძის წარმომადგენელმა - ე.ს–ძემ 2022 წლის 30 ნოემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში შესწორების შეტანა, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა უარი უთხრა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე (სახაზინო სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის წერილის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტში არ მოიძებნა 2022 წლის 17 მარტის ქვითარი, რომლით გადახდილი თანხის 70% იქნებოდა 1950,10 ლარი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით თ.შ–ძეს დაევალა ამავე განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ე.ს–ძის სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე-98-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი მინდობილობა და ე.ს–ძის ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება.
2022 წლის 9 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა თ.შ–ძის წარმომადგენლის, ადვოკატის - გ.დ–ას მიერ ხელმოწერილი განცხადება.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საკასაციო პალატის განჩინების შინაარსისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ უსწორობის გასწორების თაობაზე განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. „აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის №ას-1369-2020 განჩინება).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებაში არ არის დაშვებული ტექნიკური შეცდომა, სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში, რომლის გასწორებასაც მოითხოვს მხარე, მართებულად არის მითითებული კასატორისა და ბაჟის გადამხდელი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე, სწორად არის მითითებული ქვითრის რეკვიზიტები და ანგარიშის ნომერი, საიდანაც უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს კონკრეტული ოდენობის თანხა.
რაც შეეხება დასაბრუნებელი თანხის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაბრუნებოდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სადავო შემთხვევაში კი კასატორს ჯამში გადახდილი ჰქონდა 2785,86 ლარი (300 ლარი - 2022 წლის 25 თებერვლის №0 საგადასახადო დავალებით, ხოლო 2485,86 ლარი - 2022 წლის 17 მარტის №1 საგადასახადო დავალებით). ამრიგად, მისთვის სახელმწიფო ხაზინიდან უკან დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 1950 ლარი და 10 თეთრი. სწორედ ეს თანხა არის მითითებული საკასაციო პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში. შესაბამისად, საკასაციო პალატას არითმეტიკული შეცდომაც არ დაუშვია, რადგან 2022 წლის 28 ივნისის განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია ზოგადი ჩანაწერი, რომ მხარეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% უნდა დაბრუნებოდა, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად არის მითითებული, რა ოდენობის თანხა უნდა დაუბრუნდეს მხარეს და იმ ქვითრის რეკვიზიტები, საიდანაც არის შესაძლებელი ამ თანხის დაბრუნება. ამასთან, სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი არ არის იმგვარად ჩამოყალიბებული, რომ მხარეს 2022 წლის 17 მარტს გადახდილი თანხის 70% უნდა დაბრუნებოდა, არამედ გარკვევით არის დაფიქსირებული, რომ მხარეს 2022 წლის 17 მარტს გადახდილი თანხიდან უნდა დაბრუნებოდა 1950,10 ლარი. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ 2022 წლის 28 ივნისის სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, არ დასტურდება მისი აღსრულების შეუძლებლობაც; საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არ არსებობს უსწორობის გასწორების საფუძველი, რადგან განჩინებაში არ არის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეცდომით გამოთვლილი, ასევე, სწორად არის მითითებული მხარეთა პერსონალური მონაცემები და ქვითრის რეკვიზიტები, საიდანაც არის შესაძლებელი თანხის დაბრუნება. გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების საფუძველი კი ვერ გახდება მხოლოდ მხარის სურვილი, სხვა ფორმით იყოს ჩამოყალიბებული სასამართლოს მსჯელობა ან შეფასება, თუკი სასამართლოს განვითარებულ მსჯელობაში შეცდომა არ არის დაშვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.შ–ძის განცხადება არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე