Facebook Twitter

საქმე №ას-399-2020 22 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ფ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ძის უფლებამონაცვლე მ.მ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2020წ. გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ა.ფ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ძის (უფლებამონაცვლე მ.მ–ძე) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 800 აშშ დოლარისა და 980 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2015 წლის იანვარში მოსარჩელეს მოპასუხემ სთხოვა მისთვის სესხის სახით გადაეცა 1200 აშშ დოლარი, რომელსაც დაუბრუნებდა 2016 წლის ივლისის ბოლოს. 27.02.2015 წლიდან 30.06.2015 წლამდე მოსარჩელემ მოპასუხეს სხვადასხვა დროს გადაურიცხა 800 აშშ დოლარი და 980 ლარი.

2.2. ვინაიდან მოპასუხემ 2016 წლის ივლისის ბოლოს მოსარჩელეს ვერ დაუბრუნა სესხის სახით გადაცემული თანხები, 22.07.2016 წელს მხარეთა შორის დაიდო წერილობითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ დაადასტურა 1200 აშშ დოლარის მიღების ფაქტი და განაცხადა, რომ აღნიშნულ თანხას დააბრუნებდა ერთ თვეში. მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, მოპასუხე არ აბრუნებს სესხს.

3. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ცნო, ამასთან, მიუთითა, რომ, მართალია, მოსარჩელისგან ისესხა თანხა, მაგრამ, მხარეთა შორის არსებული შეთანხმებისამებრ, აღნიშნულ თანხაში მოსარჩელეს გაურემონტა სახლი, რისთვისაც დახარჯა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე სესხად მიიღო (იხ. შესაგებელი, 23.09.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ სარემონტო სამუშაოების საფასურის - 4888.57 ლარის გადახდის დაკისრება.

5. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

5.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წლების წინ აუქციონის წესით შეიძინა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ძმის საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული სახლი მდებარეობს მხარეთა საერთო შემოღობილ ეზოში, რომლის მოვლა-პატრონობა შეგებებული სარჩელით მოპასუხისგან ჩაბარებული ჰქონდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს. ვინაიდან ეს საცხოვრებელი სახლი საჭიროებდა რემონტს და იმის გათვალისწინებით, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს გააჩნდა შეგებებული სარჩელით მოპასუხის ვალი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ჩაატარებდა სარემონტო სამუშაოებს და შეგებებული სარჩელით მოპასუხე გადაუხდიდა შესაბამის ანაზღაურებას. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას და თავის ხარჯითაც კი ყიდულობდა საშენ მასალას. მხარეთა შორის იყო მოლაპარაკება, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხე შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს გაუქვითავდა ვალს შესრულებული სარემონტო სამუშაოების სანაცვლოდ და თუ სხვაობა აღმოჩნდებოდა, იგი ანაზღაურდებოდა. შემდგომ მხარეთა შორის მოხდა უკმაყოფილება და შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს მოსთხოვა სესხის დაბრუნება.

5.2. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ შეგებებული სარჩელით მოპასუხის კუთვნილ სახლში შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4888.57 ლარს. აღნიშნული დასკვნით, სარემონტო სამუშაოები შესრულებულია 2017-2018 წლებში.

5.3. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სარემონტო სამუშაოზე დამხმარე პირისათვის - ნ.მ–ისათვის გადახდილი აქვს 1000 ლარი, ხოლო ლ.მ–სათვის - 300 ლარი.

6. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:

6.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არ ეთანხმება დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნას. ასევე გაუგებარია, როგორ დაადგინა შესრულებული სამუშაოს ხანდაზმულობა.

6.2. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მან შეიძინა 2010 წელს, რის შემდეგაც სხვადასხვა დროს ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, როგორც მეზობელი, სხვადასხვა დროს დაეხმარა სარემონტო სამუშაოს შესრულებაში, რის სანაცვლოდაც გადაუხადა თანხა. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს რამდენჯერმე დაუტოვა თანხა მის ხელწერილში ჩამოთვლილი სამუშაოების შესასრულებლად, მაგრამ მან თანხა დახარჯა და სამუშაოები არ შეასრულა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 22.10.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 800 აშშ დოლარისა და 980 ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 22.10.2019 წლის გადაწყვეტილება მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4888.57 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

9.2. საქმეში არსებული 2016 წლის ხელწერილით დასტურდება, როგორც ვალის არსებობა, ასევე შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალი.

9.3. დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შესაფასებელი ქონებისათვის 2018-2019 წლების მდგომარეობით შესაფასებელ სარემონტო სამუშაოებში, საბაზროდ, მუშახელი შეფასდა 4889 ლარად.

9.4. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება. მოსარჩელის სარჩელზე დართული ხელწერილით, რომელსაც ხელს აწერს მოპასუხე, ასევე საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნით, დგინდება გარკვეული სარემონტო სამუშაოების შესრულების ფაქტი და ამ სამუშაოთა (ხელობის) ღირებულება. პალატამ მიიჩნია, რომ ამით შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მტკიცების ტვირთი კანონის შესაბამისად განახორციელა, რის შემდეგაც ამ ფაქტების უარყოფის ტვირთი გადავიდა შეგებებული სარჩელით მოპასუხეზე.

9.5. პალატამ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელით მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ არანაირი შეთანხმება მასსა და შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს შორის არ არსებობდა სამშენებლო სამუშაოების შესრულების ნაწილში, ვინაიდან თავადვე მიუთითებს, რომ მოპასუხე, როგორც მეზობელი სხვადასხვა დროს დაეხმარა სამუშაოების წარმოებაში, რისთვისაც მას გადაუხადა თანხა. შეგებებული სარჩელით მოპასუხე ასევე მიუთითებს შეუსრულებელ სარემონტო სამუშაოებზე. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელისთვის სამუშაოთა ასანაზღაურებლად თანხის (ოდენობის მითითებით) გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მას ასევე, არ მიუთითებია იმ პირ(ებ)ის ვინაობა, ვისთანაც შეთანხმებული იყო სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ სარემონტო სამუშაოების თაობაზე ნარდობის შეთანხმება არ ჰქონია შეგებებული სარჩელით მოსარჩელესთან, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება მას სრულად აქვს გადახდილი.

9.6. ამასთან, პალატამ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მითითებები მხარეთა შორის ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის შესახებ შეთანხმების არსებობის შესახებ, ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოპასუხე ამ ფაქტს უარყოფს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით იგი არ დასტურდება.

9.7. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629.1, 636-ე, 637-ე, 638-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივად მოიშალა. ამის შესაბამისად, მხარეთა შორის დავის საგანია ნარდობის ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი შედეგები. ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს შეგებებული სარჩელით მოპასუხეს, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია მას გადაუხადოს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება.

9.8. ნიშანდობლივია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს შეგებებული სარჩელით მოპასუხისგან გადაცემული ჰქონდა ნებართვა მისი საცხოვრებელი სახლის მოვლისა და სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ, ამიტომ ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოების აღწერა და ექსპერტის მიერ დაფიქსირება არ არის საკუთრების უფლების შელახვა.

10. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელით მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მართლზომიერება.

15. შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიმართ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.). ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

16. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების, წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა. უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში შეგებებული სარჩელით მოპასუხემ თავად აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მას სხვადასხვა დროს დაეხმარა სამუშაოებში, რის სანაცვლოდაც თანხა გადაუხადა (იხ. ტ.1, ს.ფ.137), რაც მხარეთა შორის სწორედ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე მიუთითებს. საქმის მასალებში არსებული დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნით დგინდება სარემონტო სამუშაოების შესრულების ფაქტი და ამ სამუშაოთა (ხელობის) ღირებულება (იხ. ტ.1, ს.ფ. 85-125). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება შეგებებული სარჩელით მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მან ვერც იმ გარემოების დადასტურება შეძლო, რომ მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება აუნაზღაურა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელით მოპასუხეს მართებულად დაეკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, განსხვავებით პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებისაგან, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობის საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი (სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ.). შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.

23. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, რის გამოც მას უკან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თავისი ინიციატივით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ფ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა.ფ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 300 ლარი (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 20.07.2020წ.), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. ა.ფ–ის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (ტ.1, ს.ფ. 361-371).

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე