21 ოქტომბერი 2022 წელი
№ას-818-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. „ა–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.ზ–ვა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, ნ.ზ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს. „ა–ი“-ს მოსარჩელე ნ.ზ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 5400 ლარის ოდენობით.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ა–ი“-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით, შ.პ.ს. „ა–ი“-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 მარტის საოქმო განჩინებით, შ.პ.ს. „ა–ი“-ს სააპელაციო საჩივარზე საქმის განხილვა გადაიდო 2022 წლის 21 მარტს, 16:00 საათზე. შ.პ.ს. „ა–ი“-ს წარმომადგენელ გ.ი–ძეს ეცნობა, რომ სხდომა გაგრძელდებოდა 2022 წლის 21 მარტს 16:00 საათზე, რაზედაც ჩამოერთვა ხელწერილი, რომელიც დაერთო სხდომის ოქმს. გამოცხადებული მხარე (წარმომადგენელი) გ.ი–ძე ხელწერილით იქნა გაფრთხილებული სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 2022 წლის 21 მარტს, 16:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი შ.პ.ს. „ა–ი“. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ ნ.ზ–ვამ იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
3.3. ვინაიდან, გამოუცხადებელი მხარე სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით და მას არ უცნობებია სასამართლოსთვის 2022 წლის 21 მარტს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე, 229-ე და 275-ე მუხლების ერთობლიობით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ.პ.ს. „ა–ი“-ს წარმომადგენელმა გ.ი–ძემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგი დასაბუთებით:
4.1. სააპელაციო საჩივარში აპელანტი უთითებდა, რომ ნ.ზ–ვა შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა არა შ.პ.ს. „ა–ი“-სთან, არამედ შ.პ.ს. „ბ. ა“-სთან, შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელი იყო ნ.ზ–ვას სარჩელის სათანადო მოპასუხეც. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი, რომელიც არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას გულისხმობს. სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა ამავე კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილიც და შეეფასებინა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული საფუძვლიანობა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის დამსაქმებელი იყო არა მოპასუხე, არამედ სხვა საწარმო. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას უნდა დაესკვნა, რომ შ.პ.ს. „ა–ი“-ს მიმართ მოთხოვნა იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც შეაფერხებდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა შ.პ.ს. „ა–ი“-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ციტირებული ნორმის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების განსაზღვრისას, უპირველესად, დღის წესრიგში დგება მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება.
13. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი აპელანტის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისგან განსხვავებული საპროცესო შედეგის დადგომას, აღნიშნულის შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილის, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ერთობლიობა - თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თუმცა თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. კანონის ხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაზე და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (იხ. სუსგ. №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.; №ას-237-224-2015, 25.05.2015წ).
14. საგულისხმოა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობით განპირობებული შედეგი, იქნება იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილება თუ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, თავისი საპროცესო ბუნებით, გამოუცხადებელი აპელანტის მიმართ გამოყენებული სანქციაა, რომელმაც, იმის მიუხედავად, რომ იცოდა სასამართლო სხდომის გამართვის თარიღი, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა საქმის განხილვაში მონაწილეობას. აღნიშნულ შემთხვევაში, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს სარჩელში მითითებული გარემოებების სასარჩელო მოთხოვნასთან შესაბამისობის ხელახალი კვლევის ვალდებულებას არ უწესებს.
15. განსხვავებული პროცესუალური ვითარება იქმნება მაშინ, როდესაც სასამართლო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი სუბიექტი არა აპელანტი, არამედ მოწინააღმდეგე მხარეა. ასეთ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში დამდგარია მოწინააღმდეგე მხარისათვის ხელსაყრელი შედეგი - თუ ის მოსარჩელე იყო, მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილებულია, ხოლო თუ მოპასუხე იყო - სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფილ იქნა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტით მოწინააღმდეგე მხარის უანგარიშგებოდ დასჯა გაუმართლებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ძალაში კი არ ტოვებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, არამედ თავად ადგენს ახალ, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებულ, გადაწყვეტილებას. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საკითხი წყდება სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი გამოკვლევის გარეშე დამტკიცებულად მიჩნევისა და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შედეგად (შდრ. სუსგ. №ას-218-210-2012, 05.04.2012წ).
16. ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მასზედ, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნა ხელახლა უნდა შეეფასებინა სააპელაციო პრეტენზიების ფარგლებში. პალატა განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი (თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე), როგორც სიტყვა-სიტყვითი, ისე ლოგიკური განმარტებით, გამოსაყენებელია მხოლოდ იმ სასამართლოს მიერ, რომელიც მხარის გამოუცხადებლობის პირობებში წყვეტს სარჩელის დაკმაყოფილების საკითხს. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხზე მსჯელობისას წყვეტს არა სარჩელის, არამედ სააპელაციო საჩივრის ბედს, ამრიგად, კერძო საჩივრის პრეტენზია საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
17. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უკანონობის დასასაბუთებლად კერძო საჩივრის ავტორს მართებდა იმ გარემოების მტკიცება, რომ იგი საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლო სხდომაზე მიწვეული არ იყო ან არსებობდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საპატიო საფუძველი. წარმოდგენილ კერძო საჩივარში მის ავტორს არც სასამართლო უწყების ჩაბარების ფაქტი გაუხდია სადავოდ და არც სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებია. კერძო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაცია კი, წინამდებარე განჩინების მე-11-მე-16 პუნქტებში ასახული დასაბუთების გამო, ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე, 387-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ა–ი“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება.
3. შ.პ.ს. „ა–ი“-ს (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი