№ას-169-2022
10 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს.კ.რ–ი “ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ს–მა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს.კ.რ–ი ?-ის“ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და თანხის დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-15).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებითა და დანართით ხელმოწერილ და შეთანხმებულ ანაზღაურებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, მ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „ს.კ.რ–ი ?-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 15 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით კუთვნილი ხელფასის, ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის - 4417 ლარის (გადასახადის გარეშე) - 0.07%-ის გადახდა 2019 წლის 28 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2017 წლის 01 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №1/2017 - 554, რომლის საფუძველზეც მ.ს–ი დასაქმდა კურიერის წამყვანის პოზიციაზე. დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრა 2900 ლარის (დაუბეგრავი ოდენობა) ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების №1 დანართით მ.ს–მა შეითავსა კორესპოდენტის თანამდებობა გადაცემის გრაფიკის მიხედვით და ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 2100 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით.
5.2. ამდენად, მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება საერთო ჯამში შეადგენდა თვეში 5000 ლარს (დაუბეგრავი ოდენობა), რომელიც მ.ს–ს ერიცხებოდა თვეში ორჯერ (მაგ. მაისის ხელფასი მიხეილ ს–ის ჩაერიცხა 14/06/2019 – 1 893 ლარის ოდენობით, 25/06/2019 – 1 893 ლარის ოდენობით; ივნისის ხელფასი ჩაერიცხა 15/07/2019 – 1 893 ლარის ოდენობით, 25/07/2019 – 1 893 ლარის ოდენობით; ივლისის ხელფასი ჩაერიცხა 15/08/2019 – 1 893 ლარის ოდენობით).
5.3. მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიას შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 21 აგვისტოს, დასაქმებულის პირადი განცხადების საფუძველზე.
5.4. 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს ხელფასის სახით მოსარჩელეს ჩაერიცხა 1893 ლარი (ივლისის ნახევარი თვის ხელფასი). მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია ივლისის მეორე ნახევარი თვის და აგვისტოს 20 დღის ხელფასი, საერთო ჯამში 4417 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა ედასტურებინა გარემოება, რომ მას არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან მიმართებით. კერძოდ, მოპასუხე შედავების ფარგლებში მიუთითებდა იმგვარ გარემოებებზე, რომლებიც მისი შეფასებით გამორიცხავდა სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ერთის მხრივ აღნიშნავდა, რომ სახეზე იყო იმგვარი ობიექტური გარემოება, რაც გამორიცხავდა მის პასუხისმგებლობას და ამავდროულად მიუთითებდა მოსარჩელის ბრალეულობაზე. პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და აღნიშნულის თაობაზე პირდაპირ ეთერში განცხადების გაკეთება შესაძლოა განიხილებოდეს მოპასუხის ინტერესებისათვის მიუღებლად, თუმცა შინაგანაწესით გათვალისწინებული დარღვევის არსებობის პირობებში, დამსაქმებელს დისციპლინური წარმოების ფარგლებში უნდა მიეღო შესაბამისი დისციპლინური სახდელი.
5.6. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის აპელირება, 2019 წლის აგვისტოს თვეში გადაცემა „P-ის“ საეთერო ბადეში გაუსვლელობის საფუძვლით ხელფასის გაუცემლობასთან მიმართებით, ვინაიდან, შრომითი ხელშეკრულების დანართით განისაზღვრა კონკრეტული ოდენობის ხელფასი, მიუხედავად სამუშაოს დატვირთულობისა.
5.7. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, პალატის მითითებით, სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კოდექსი ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნათან მიმართებით არ აწესებდა, აღნიშნულ მოთხოვნაზე ვრცელდებოდა სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია (ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია) და მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით.
5.8. სააპელაციო პალატის შეფასებით, სარჩელი დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოთხოვნის ნაწილშიც საფუძვლიანი იყო. დამსაქმებელს აღნიშნული თანხის გადახდა წარმოეშვა, ვინაიდან, სახეზე იყო გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. მოსარჩელის ხელფასი შედგებოდა ორი საფუძვლისგან. შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ძირითადი თანხა და ამავე ხელშეკრულების დანართით დანამატი, სადაც დასაქმებულს შეთანხმებული ჰქონდა გადაცემს „P-ის“ კორესპონდენტის თანამდებობა გრაფიკის მიხედვით, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაცემა აგვისტოს თვეში ეთერში არ გასულა.
6.2. მოსარჩელემ პირდაპირ ეთერში განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ, სასამართლომ კი არ გამოიკვლია, რამდენად იყო დასაქმებულის მხრიდან გაუფრთხილებლად წასვლა და გადაცემის დახურვა სამართლიანი ქმედება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ შპს „ს.კ.რ–ი ?-ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მართლზომიერება.
13. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
14. კასატორის (მოპასუხის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასა და დასაქმებულის (მოსარჩელის) წინაშე სახელფასო დავალიანების არარსებობას.
15. საკასაციო პალატის განმარტებით, რაკი მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი), შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც სახელფასო დავალიანების არარსებობას დაადასტურებდა.
16. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ირკვევა, რომ მოსარჩელე შრომის ანაზღაურების დავალიანების გადახდას ითხოვს 2017 წლის 01 თებერვლით დათარიღებული N1/2017-554 შრომითი ხელშეკრულებისა და ამავე თარიღის N1 დანართის საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დასაქმდა კურიერის წამყვანის თანამდებობაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა 2900 (დაუბეგრავი) ლარით. ხელშეკრულების დანართის თანახმად, მოსარჩელემ შეითავსა კორესპონდენტის თანამებობა გადაცემის გრაფიკის მიხედვით და ანაზღაურება განისაზღვრა 2100 (დაუბეგრავი) ლარით. მოსარჩელემ თანამდებობა დატოვა პირადი განცხადებით 2019 წლის 21 აგვისტოს. დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელისათვის ივლისის თვეში ჩარიცხული ხელფასი შედგენდა 1893 ლარს. კასატორი სადავოდ ხდის ივლისის ნახევარი თვისა და აგვისტოს 20 დღის ხელფასის, სულ 4417 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულების არსებობას, იმ საფუძვლით, რომ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ძირითადი თანხა და ამავე ხელშეკრულების დანართით დანამატი, სადაც დასაქმებულს შეთანხმებული ჰქონდა გადაცემს „P-ის“ კორესპონდენტის თანამდებობა გრაფიკის მიხედვით. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ აღნიშნული გადაცემა აგვისტოს თვეში ეთერში არ გადიოდა.
17. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს დამსაქმებლის პოზიციას და განმარტავს, რომ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ისევე, როგორც ხელფასის ოდენობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, შრომის ანაზღაურება არ დასტურდება. მოპასუხე მხარე სარჩელის უსაფუძვლობას დასაქმებულის მიერ წინასწარი შეტყობინების გარეშე სამსახურიდან წასვლასა და გადაცემა „P-ის“ აგვისტოს თვეში გაუსვლელობას უკავშირებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები ვერ მოახდენს გავლენას მოპასუხის მიერ შრომის ანაზღაურების გაცემის სახით შესასრულებელ ვალდებულებაზე. გადაცემის ეთერში გაუსვლელობა არ შეიძლება გახდეს დასაქმებულისათვის ხელფასის გადაუხდელობის საფუძველი, ვინაიდან, შრომითი ხელშეკრულების N1 დანართით დასტურდება, რომ მოსარჩელეს უნდა შეეთავსებინა სამუშაო გადაცემის გრაფიკის შესაბამისად, რისთვისაც მეცემოდა დამატებითი ანაზღაურება 2100 ლარი. ხელფასის ოდენობა განისაზღვრა კონკრეტული თანხით, მიუხედავად სამუშაოს დატვირთულობისა. რაც შეეხება წინასწარი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან წასვლას, ვერც აღნიშნული გარემოება გახდება ხელფასის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ს.კ.რ–ი ?-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 357 ლარის (საგადახდო დავალება N911, გადახდის თარიღი 24.02.2022) 70% – 249.9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.კ.რ–ი ?-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „ს.კ.რ–ი ?-ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 357 ლარის (საგადახდო დავალება N911, გადახდის თარიღი 24.02.2022) 70% – 249.9 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი