ას-1233-2021
28 ივლისი, 2022 წელი, ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს.გ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ა–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მორიგების დამტკიცება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.ა–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს.ტ–სა“ და შპს „ს.გ–ს“ შორის 2017 წლის 10 ივლისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონების - მდებარე: ქ. თბილისი, ........., (ნაკვეთი .....), მესამე სართული, 144.20 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ........ - მესაკუთრედ ცნობილ იქნა შპს „ს.ტ–ი“.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ს.გ–მა“ და შპს „ს.ტ–მა“ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გაჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ს.გ–მა“, წარმოადგინა ასევე მორიგების აქტი და ითხოვა მორიგების დამტკიცება და საქმიწარმოების შეწყვეტა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
2021 წლის 16 დეკემბერს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას მომართა კასატორმა და წარმოადგინა საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინებით შპს „ს.გ–ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
შპს „ს.გ–ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის დაკითხის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით, 2022 წლის 07 ივლისს. სასამართლო სხდომაზე მხარეებს მიეცათ დრო მორიგებისთვის.
2022 წლის 20 ივლისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა სს „ს.კ.ა–ის“ წარმომადგენელმა, წარმოადგინა მორიგების აქტი და ითხოვა მორიგების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-2-2019, 30 იანვარი, 2019 წელი). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატას მომართა სს „ს.კ.ა–ის“ წარმომადგენელმა, წარმოადგინა მორიგების აქტი და ითხოვა მორიგების დამტკიცება შემდეგი პირობებით:
ერთი მხრივ, მოსარჩელე სს „ს.კ.ა–ი“ (........), მისი წარმომდგენლის გ.ქ–ვას სახით, მეორე მხრივ, მოპასუხე შს „ს.ტ–ი“ (......), დირექტორის ს.ს–ვის სახით, მესამე მხრივ, მოპასუხე შპს „ს.გ–ი“ (......), მისი წარმომადგენლის ვ.ც–ძის სახით დებენ მორიგების აქტს შემდეგზე:
1. სს „ს.კ.ა–ი“ და შპს „ს.გ–ი“ თანახმა არიან, რომ შპს „ს.გ–ის“ მიერ 2021 წლის 18 აგვისტოს N3169 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 000 ლარი და 2021 წლის 18 აგვისტოს N9981 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 000 ლარი ჩაითვალოს შპს „ს.ტ–ის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N2/25002-17) ნებაყოფლობით შესრულებად და წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით სს „ს.კ.ა–ი“ ადასტურებს, რომ შპს „ს.ტ–ის“ მიმართ რაიმე სახის პრეტენზია და მოთხოვნები არ გააჩნია.
2. სს „ს.კ.ა–ი“ იღებს ვალდებულებას შეწყვიტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N2/25002-17) საფუძველზე შპს „ს.ტ–ის“ მიმართ წარმოებული სააღსრულებო მოქმედებები.
3. მხარეები ადასტურებენ, რომ მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნები და პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ.
მორიგების აქტს ხელს აწერენ სს „ს.კ.ა–ის“ წარმომადგენელი გ.ქ–ვა (მინდობილობა, ტ.3, ს.ფ. 209), შპს „ს.ტ–ის“ დირექტორი ს.ს–ვი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.1, ს.ფ. 66-67) და შპს „ს.გ–ის“ წარმომადგენელი ვ.ც–ძე (მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 253).
სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის დაწყებამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივნისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 218-ე, 264.3-ე, 272-ე, 49-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
2.1. ერთი მხრივ, მოსარჩელე სს „ს.კ.ა–ი“ (......), მისი წარმომდგენლის გ.ქ–ვას სახით, მეორე მხრივ, მოპასუხე შს „ს.ტ–ი“ (......), დირექტორის ს.ს–ვის სახით, მესამე მხრივ, მოპასუხე შპს „ს.გ–ი“ (.....), მისი წარმომადგენლის ვ.ც–ძის სახით დებენ მორიგების აქტს შემდეგზე:
2.1.2. სს „ს.კ.ა–ი“ და შპს „ს.გ–ი“ თანახმა არიან, რომ შპს „ს.გ–ის“ მიერ 2021 წლის 18 აგვისტოს N3169 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 000 ლარი და 2021 წლის 18 აგვისტოს N9981 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 000 ლარი ჩაითვალოს შპს „ს.ტ–ის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N2/25002-17) ნებაყოფლობით შესრულებად და წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით სს „ს.კ.ა–ი“ ადასტურებს, რომ შპს „ს.ტ–ის“ მიმართ რაიმე სახის პრეტენზია და მოთხოვნები არ გააჩნია.
2.1.3. სს „ს.კ.ა–ი“ იღებს ვალდებულებას შეწყვიტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N2/25002-17) საფუძველზე შპს „ს.ტ–ის“ მიმართ წარმოებული სააღსრულებო მოქმედებები.
2.1.4. მხარეები ადასტურებენ, რომ მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნები და პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ.
3. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება და მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით და იმავე მხარეებს შორის დავა აღარ დაიშვება;
5. შპს „ს.გ–ს“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 15 დეკემბერს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 (რვა ათასი) ლარი;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე