საქმე №ა-3121-შ-92-2022 15 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ა.დ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადის შტატის, კლარკის ოლქის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 04 იანვრის ბრძანება #D-20-619013-N
დავის საგანი - ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადის შტატის, კლარკის ოლქის საოლქო სასამართლოს ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 16 ივნისს, ა.დ–მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა: ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადის შტატის, კლარკის ოლქის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 04 იანვრის #D-20-619013-N ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან იკვეთება, რომ ა.დ–ის (დაბადებული საქართველოში, ქალაქ თბილისში, 12.02.1991 წ.) განცხადება სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა, კერძოდ, მისი სახელი და გვარი - ა.დ–ი შეიცვალა და გახდა - ა.მ–ძე.
საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ცნობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადის შტატის, კლარკის ოლქის საოლქო სასამართლოს 04.01.2021წ. #D-20-619013-N ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე.
2022 წლის 11 აგვისტოს, ა.დ–ის დედას - დ.მ–ძეს, ჩაბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განჩინება, შუამდგომლობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა.დ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადის შტატის, კლარკის ოლქის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 04 იანვრის #D-20-619013-N ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილ უკუგზავნილზე აღნიშნულია, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს, ა.დ–ის დედას - დ.მ–ძეს, ჩაბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განჩინება, შუამდგომლობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ. შესაბამისად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე და 61-ე მუხლებისა, უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ოცდაათდღიანი ვადის დენა, შუამდგომლობის ავტორისთვის დაიწყო 2022 წლის 11 აგვისტოს და ამოიწურა 2022 წლის 11 სექტემბერს. ამ პერიოდში შუამდგომლობის ავტორს სასამართლოში განჩინებაში მითითებული დოკუმენტაცია არ წარუდგენია და არც ხარვეზის გაგრძელების შესახებ უშუამდგომლია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე, 70-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 63-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 186-ე, 187-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.დ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადის შტატის, კლარკის ოლქის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 04 იანვრის #D-20-619013-N ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში, იგი არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე