Facebook Twitter

№ას-1172-2022 ქ. თბილისი

31 ოქტომბერი 2022 წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ლ.ნ–ა

მოწინააღმდეგე მხარეები _ ო.კ–ი, თ.გ–ძე, ქ.მ–ძე, რ.ლ–ა, კ.ს–ა, თ.გ–ძე, ნ.ხ–ძე, ნ.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ო.კ–ის, თ.გ–ძის, ქ.მ–ძის, რ.ლ–ას, კ.ს–ას, თ.გ–ძის, ნ.ხ–ძისა და ნ.ბ–ის სარჩელი ი.ხ–ის, ი.ნ–ას, ლ.ნ–ასა და ლ.ნ–ას მიმართ თანხის დაკისრებისა და სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით ი.ხ–ის, ი.ნ–ას და ლ.ნ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა.

3. 2022 წლის 22 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ი.ხ–ისა და ი.ნ–ას საკასაციო საჩივარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინება აპელანტებს ი.ხ–ს ი.ნ–ასა და ლ.ნ–ას ჩაბარდათ საჯარო შეტყობინების გზით. საჯარო შეტყობინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსდა 2022 წლის 24 აგვისტოს და გასაჯაროების პერიოდად მიეთითა 7 დღე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ი.ხ–ისა და ი.ნ–ას წარმომადგენლის ნ.ზ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. ი.ხ–ისა და ი.ნ–ას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორების ი.ხ–ისა და ი.ნ–ას წარმომადგენელ ნ.ზ–ას ჩაბარდა 2022 წლის 11 ოქტომბერს.

6. 2022 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამარათლოში შემოვიდა ი.ხ–ის, ი.ნ–ას და ლ.ნ–ას საკასაციო საჩივარი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ი.ხ–ისა და ი.ნ–ას საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო ლ.ნ–ას საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად.

12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის დასაბუთებული განჩინება ლ.ნ–ას ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, განჩინება გასაჯაროვდა 2022 წლის 24 აგვისტოს და კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება გასაჯაროების დღიდან 7 დღის გასვლის შემდეგ - 31 აგვისტოს (იხ. ინფორმაცია საჯარო შეტყობინების განხორციელების შესახებ ტ.4, ს.ფ. 434-435).

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა საკასაციო საჩივრის ავტორისათვის დაიწყო 2022 წლის 01 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 21 სექტემბერს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ. №ას-1354-2019, 21.02.2020წ; №ას-1395-2020, 7.12.2020წ.).

16. დადგენილია, რომ ლ.ნ–ას საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შევიდა 2022 წლის 21 ოქტომბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით (იხ. საკასაციო საჩივარი).

17. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

18. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე, 397-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ნ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი