Facebook Twitter

ბს-1237-43-გ-04 25 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა ბაღდათის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის დავა ი. მ.-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. მ.-მ სარჩელით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ბაღდათის რაიონის განათლების განყოფილებისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართ და მოითხოვა ბაღდათის რაიონის განათლების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2004წ. 27 ივლისის ¹36 და განათლების მინისტრის 2004წ. 21 ივლისის ¹664-კ ბრძანებების ბათილად ცნობა.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აგვისტოს განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ი. მ.-ს სასარჩელო განცხადება და დაიწყო საქმის მომზადება. სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ბაღდათის რაიონის განათლების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და მიუთითა, რომ ი. მ.-ს სარჩელი წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავას და განსჯადობით განსახილველად ექვემდებარებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ბაღდათის რაიონის განათლების განყოფილების შუამდგომლობა და ი. მ.-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ განათლების მინისტრის 2004წ. 21 ივლისის ¹664-კ ბრძანება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს და იგი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თბილისის საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას განეკუთვნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას განსახილველი დავის განსჯადობის თაობაზე და სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და ი. მ.-ს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება განსახილველი სარჩელის განსჯადობის თაობაზე სწორია და ი. მ.-ს სარჩელი ბაღდათის რაიონული სასამართლოს განსჯადია.

განსახილველ შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004წ. 21 ივლისის ¹664-კ ბრძანება მიღებულია “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, “საქართველოს განათლების შესახებ” კანონებისა და “განათლების განყოფილების ტიპური დებულების” საფუძველზე, რომლებიც სამართლებრივად საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას წარმოადგენს და ამდენად, განსახილველი დავაც ადმინინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004წ. 21 ივლისის ¹664-კ ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი განათლების მინისტრის 2004წ. 5.02 ¹29-კ ბრძანების პირველი პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. მ.-ს თხოვნა და იგი გადაყვანილ იქნა განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო ბაღდათის განათლების განყოფილების 2004წ. 27.07 ¹36 ბრძანებით ი. მ.-ა გათავისუფლდა განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან. ამდენად, გასაჩივრებული ბრძანებები წარმოადგენს მოსარჩელესა და განათლების განყოფილებას შორის შრომითი ურთიერთობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამართლებრივად წარმოადგენს საჯარო დაწესებულებებსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული ადმინისტრაციული გარიგების დადებისა და შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითY გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა, რომლებიც განსაზღვრავს საოლქო სასამართლოების პირველი ინსტანციით განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა ჩამონათვალს. კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში ი. მ.-ს სარჩელი არ წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის პირველი ინსტანციით განსახილველ დავას, ვინაიდან სარჩელის ფასი არ აღემატება 500000 ლარს.

განსახილველ დავაში ი. მ.-ს მოპასუხედ დასახელებული ჰყავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ბაღდათის რაიონის განათლების განყოფილება. სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება _ ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. ვინაიდან საქმეზე მოპასუხედ დასახელებული ბაღდათის რაიონული განათლების განყოფილება მდებარეობს ბაღდათის რაიონში, ამიტომ სარჩელი განსახილველად უნდა გადაეცეს ბაღდათის რაიონულ სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-5, მე-6 მუხლებით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. მ.-ს სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბაღდათის რაიონულ სასამართლოს;

2. ი. მ.-ს სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. განჩინების თაობაზე ეცნობოთ მხარეებს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.