საქმე №ას-246-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.პ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.პ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება და იმავე სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ.პ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დედა“ ან „მჩუქებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.პ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „დასაჩუქრებული“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ზესტაფონი, ......, ს.კ. ..... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება“) 2007 წლის 28 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და სადავო უძრავი ქონების მოპასუხისაგან გამოთხოვა.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. მოპასუხე არის მოსარჩელის შვილი. იგი ცხოვრობს ბელარუსში;
2.2. მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების შემდგომ მოპასუხე საქართველოში ჩამოვიდა და აქ დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა გულისტკივილით აღნიშნა, რომ სადავო ქონების მის სახელზე აღრიცხვის შემთხვევაში, დაბრუნება უფრო გაუადვილდებოდა. მეუღლის გარდაცვალებით დამწუხრებულმა და შვილის დაბრუნების სურვილით გახარებულმა მოსარჩელემ მოპასუხეს უთხრა, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ, მისი იქნებოდა, თუკი ის საქართველოში ჩამოვიდოდა და უკვე ხანშიშესულ დედას მოუვლიდა, რაზეც მოპასუხეს უარი არ განუცხადებია. აღნიშნულის შემდგომ მხარეთა შორის გაფორმდა სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება;
2.3. მოპასუხე წლების მანძილზე ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა საქართველოში და მოსარჩელეც მიდიოდა ზამთარში მასთან სტუმრად, თუმცა იგი 2017 წლის შემდეგ საქართველოში აღარ ჩამოსულა. ადრე მოსარჩელის ამბავს ტელეფონით მაინც კითხულობდა, ბოლო ხანებში კი ტელეფონსაც აღარ პასუხობს. მას არც დედის, არც მისი დის და დისშვილების ხმის გაგონება არ უნდა;
2.4. მოპასუხემ დიდი უმადურობა გამოიჩინა დედის მიმართ. არ უვლიდა, არ ყიდულობდა საკვებს და მედიკამენტებს, არ დაუქირავებია მისთვის მომვლელი. მოსარჩელე მხოლოდ თავისი პენსიით ირჩენს თავს;
2.5. მოსარჩელეს სხვა ქონება არ გააჩნია, შესაბამისად, ჩუქებით მისი მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, განსხვავებით მოპასუხისგან, რომელსაც ძალიან კარგი მატერიალური მდგომარეობა აქვს;
2.6. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ დამძიმდება. სადავო ქონება ჩუქების შემდგომ მოპასუხეს არ გადასცემია და ეს უკანასკნელი მას არ დაუფლებია.
3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მას არასდროს მოუკლია მზრუნველობა დედისთვის არც ფინანსურად და არც ფიზიკურად. მან მხოლოდ რამდენჯერმე ვერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. კერძოდ, 2012 წელს, როდესაც მძიმე ოპერაცია გაიკეთა; 2019 წელს, ვინაიდან ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა, რა დროსაც ისეთი დიაგნოზი დაუსვეს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მკურნალობა ესაჭიროებოდა და 2020 წელს პანდემიის გამო. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით გაუარესდება მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა, ვინაიდან სადავო ქონება საქართველოში მის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენს, რომელსაც იგი დაუფლებულია როგორც ჩუქებამდე, ისე ჩუქების შემდგომ.
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მხარეთა შორის 2007 წლის 29 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, აღნიშნული ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხისგან და დაუბრუნდა მოსარჩელეს.
5. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას;
7.2. მოსარჩელემ 2007 წლის 29 ოქტომბერს სადავო უძრავი ქონება აჩუქა მის შვილს, მოპასუხეს, რის საფუძველზეც აღნიშნული უძრავი ქონება იმავე დღეს აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში (იხ. ტ. I, ს.ფ. 22-26, 33-34);
7.3. მოპასუხემ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბელარუსში, სწავლის დასრულების შემდეგ იქ დარჩა საცხოვრებლად და დაიწყო მუშაობა. ამჟამად მის ძირითად საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ბელარუსი, ქალაქი მინსკი (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები);
7.4. მოსარჩელე არის 81 წლის, პენსიონერი და თავის რჩენა არ შეუძლია. ამასთან, შრომის უნარის დაქვეითების გამო დამოუკიდებლად ვერ იქმნის საყოფაცხოვრებო პირობებს. 2018 წლიდან აქვს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, ასევე, საჭიროებს მოვლას, როგორც მატერიალურ, ისე ფიზიკურ მხარდაჭერას და არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი, გარდა სადავო უძრავი ქონებისა (იხ. ტ. I, ს.ფ. 92, მხარეთა ახსნა-განმარტებები);
7.5. მხარეებს 2007 წლიდან 2018 წლამდე ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, კერძოდ, მოპასუხე ზაფხულობით ჩამოდიოდა საქართველოში, ზამთრის პერიოდში კი დედა მიჰყავდა თავისთან - უზრუნველყოფდა დედის მინსკში მგზავრობის ხარჯებს, აძლევდა გარკვეულ თანხას, ჰქონდა სატელეფონო კავშირი. 2018 წლის ზაფხულის შემდეგ მოპასუხე საქართველოში აღარ ჩამოსულა. იმავე პერიოდიდან მას აღარ აქვს კონტაქტი დედასთან, აღარ გამოუგზავნია მისთვის ფულადი თანხა, საკვები ან/და სხვა საჭირო ნივთები. ბოლო სატელეფონო კავშირი მოსარჩელემ მოპასუხესთან განახორციელა 2020 წლის ივლისის ბოლოს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მასთან საუბარზე და კომუნიკაციაზე (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები).
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, რომ მიუხედავად დედის ასაკისა (81 წლის) და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მოპასუხე არც ფინანსურად და არც ფიზიკურად ზრუნავს მასზე, არ ეხმარება და არ უვლის მას, არ აქცევს ყურადღებას და მასთან სატელეფონო კომუნიკაციაზეც კი უარს აცხადებს. მოპასუხეს არ წარუდგენია ამ გარემოებების გამაბათილებელი სათანადო მტკიცებულებები.
9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1218-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით, მოპასუხის ზემოაღნიშნული მოქმედებები დედის მიმართ, რომელმაც მთელი თავისი ქონება შვილს აჩუქა, დიდი უმადურობის გამოხატვად უნდა ჩაითვალოს.
10. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
11. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის შედავება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ, მართალია, მოპასუხე საქართველოში 2018 წლიდან აღარ ჩამოსულა და ამ პერიოდიდან აღარ ზრუნავს დედაზე, თუმცა საბოლოოდ მან 2020 წელს გაწყვიტა მასთან ყოველგვარი კავშირი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან 2020 წლის ივლისში დედასთან სატელეფონო საუბარზეც უარი განაცხადა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებულ დიდ უმადურობას, რაც მოსარჩელეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლებას ანიჭებდა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის ათვლა 2020 წლის ივლისის ბოლოდან უნდა დაიწყოს (სსკ-ის 529.3. მუხლი). შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი აღძრულია 2020 წლის 10 აგვისტოს, ხანდაზმულობის ვადის დაცვით, არ არსებობს ამ მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
13. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
14.1. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა მ.ც–ძემ (მოსარჩელის და) დაადასტურა, რომ მოპასუხე არამარტო 2007 წლიდან, არამედ მანამდეც ზრუნავდა თავის მშობლებზე და ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ჰყავდა მშობლები. მამის გარდაცვალების შემდეგ ზამთრობით დედა თავისთან, ქ. მინსკში მიჰყავდა. მოსარჩელე ბოლოს მოპასუხესთან 2018 წლის ზამთარში იმყოფებოდა. მოწმეც მასთან ერთად იყო ქ. მინკსში. მოსარჩელე ძალიან კმაყოფილი იყო თავისი შვილით და ხშირად უთქვამს მოწმესთვის, რომ "მოპასუხე მას დედოფალივით აცხოვრებს";
14.2. 2018 წლის ზაფხულში მოპასუხეც ჩამოვიდა საქართველოში, 2019 წლიდან კი მას თვითონ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. აქვს ხორხის სიმსივნე და უჭირს სუნთქვა. ამასთან, 2020 წლიდან პანდემია დაემთხვა და ამიტომ ვეღარ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა;
14.3. მოპასუხეს არასოდეს გაუწყვეტია კავშირი დედასთან, არ შეუწყვეტია მასზე ზრუნვა. 2019-2020 წლებში მისი საქართველოში ჩამოუსვლელობა მძიმე ავადმყოფობამ და სხვა ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ არაერთხელ განაცხადა, რომ დედას ხშირად სთავაზობდა საქართველოში მისი არყოფნის პერიოდში მომვლელის აყვანას, რის ხარჯებსაც თავად აანაზღაურებდა, თუმცა მოსარჩელე მოქცეულია მისი შვილიშვილის - ლ.ჭ–ძის გავლენის ქვეშ, რომლის მიზანსაც მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის საკუთარ სახელზე გადაფორმება წარმოადგენს, რასაც ამ უკანასკნელის ჩვენებაც ადასტურებს;
14.4. სასამართლომ ზნეობრივად გამართლებულად ჩათვალა დედის სურვილი ავადმყოფ შვილს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი წაართვას და შვილიშვილს გადაუფორმოს. მოპასუხეს არასდროს მიუღია მშობლიური სახლის გასხვისების გადაწყვეტილება, არ დაუტვირთავს ის იპოთეკით და არც მისი დისშვილის გამოსახლება უცდია იქიდან;
14.5. მოსარჩელე ზესტაფონის ავტოსადგურში მუშაობდა მოლარედ და მოპასუხეს შესთავაზა ბიზნეში ფულის ჩადება, რაც განხორციელდა მოპასუხის მიერ გამოგზავნილი თანხით. წლების განმავლობაში დივიდენდებს მოსარჩელე იღებდა. მას 2018 წელს დივიდენდის სახით მიღებული აქვს 10 000 აშშ დოლარი, რაც ადასტურებს, რომ იგი ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო. შესაბამისად, მისი განცხადება, რომ არ ჰქონდა წამლისა და საკვების შესაძენად საკმარისი თანხა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია;
14.6. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მიუთითა დიდ უმადურობაზე. ამასთან, მართებულად არ შეაფასა ხანდაზმულობის საკითხი. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2018 წლიდან და არა 2020 წლიდან;
14.7. მოსარჩელე როდესაც მიხვდა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა ხანდაზმული იყო, განაცხადა, თითქოს 2020 წლის ივლისში მოპასუხემ არ უპასუხა მოსარჩელის სატელეფონო ზარს. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა საქმეში წარდგენილი. სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის უსაფუძვლო განმარტებას და ყოველგვარი შეფასების გარეშე ეს გარემოება დიდ უმადურობად, წეს-ჩვეულებებისა და ზნეობის ნორმების დარღვევად ჩათვალა.
15. მოპასუხემ, ასევე, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარდგენილი მტკიცებულების საქმეზე დართვაზე.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ჰქონდა თუ არა ადგილი დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ იმგვარი ქმედების განხორციელებას, რაც შესაძლოა ამ უკანასკნელის მიმართ გამოხატულ დიდ უმადურობად შეფასდეს.
19. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მისი განმარტებით, მას არასდროს მოუკლია დედისთვის მზრუნველობა, ხოლო ბოლო წლებში საქართველოში ჩამოუსვლელობა მისი ავადმყოფობითა და პანდემიით იყო განპირობებული.
20. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო ქონების მოპასუხისაგან გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე [ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ; თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ; ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს] და 530-ე [თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში; გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში] მუხლები.
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი გამჩუქებელს უფლებას ანიჭებს მოითხოვოს ჩუქების გაუქმება, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. კერძოდ, ჩუქების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს გამჩუქებელს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მის მიმართ. ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას (იხ. სუსგ საქმე №ას-582-2021, 14 ივლისი, 2021 წელი).
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათით არის განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა(იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ. 29).
23. „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“. ნაჩუქრობა არის სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინება. ამიტომაც არის, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია, არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 01 აპრილის №2/155 გადაწყვეტილება).
24. სამოქალაქო კოდექსი არ განმარტავს, თუ რას მოიაზრებს უმადურობის ცნება. დიდი უმადურობა და მძიმე შეურაცხყოფა შეფასებითი კატეგორიაა. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შეფასებისას გასათვალისწინებელია როგორც მჩუქებლის მიერ გარემოებების აღქმა, ე.წ. სუბიექტური თვალსაწიერი, ასევე, მოსამართლის მიერ იმის შეფასება, თუ როგორ აღიქვამდა ამ გარემოებებს იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი.
25. დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელის (მჩუქებლის) განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით, უნდა განსაზღვროს იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. სუსგ საქმე №ას-62-59-2012, 05 ნოემბერი, 2013 წელი; №ას-1235-1176-2014, 24 თებერვალი, 2015 წელი; №ას-157-153-2016, 15 აპრილი, 2016 წელი).
26. კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში, თუმცა გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებულს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება მოსთხოვოს. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გარდა ამისა, გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1067-1006-2015, 29 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-1333-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი).
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
28. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
29. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-530-ე მუხლებით განსაზღვრული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობების დადასტურება.
30. წინამდებარე საქმეში მოსარჩელე მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას - დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოჩენისა და ჩუქების შემდგომ მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის საფუძვლებით ითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლიდან მოპასუხეს აღარ აქვს კონტაქტი დედასთან, იმავე პერიოდიდან მას აღარ გამოუგზავნია მისთვის ფულადი თანხა, საკვები ან/და სხვა საჭირო ნივთები და აღნიშნული გარემოებები მოსარჩელის/დედის მიმართ დიდი უმადურობის გამოხატულებად ჩათვალა, თუმცა სასამართლომ ისე დაადგინა ეს გარემოებები, რომ არ გამოუკვლევია საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები და არ დაუსაბუთებია, რომელი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით მიიჩნია აღნიშნული გარემოებები დადგენილად და რის საფუძველზე.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი). აქედან გამომდინარე, მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა.
32. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ისე მიიჩნია სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეთა ჩვენებები. წინამდებარე საქმეში მოწმის სახით დაკითხულ იქნენ: თ.მ–ი, ლ.ჭ–ძე, ლ.ჭ–ძე და მ.ც–ძე, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მათი ჩვენების შინაარსის ანალიზსა და შეფასებას, ასევე, შესაბამის დასაბუთებას, რა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორით იხელმძღვანელა სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების მიღებისას და რა კრიტერიუმებით განსაზღვრა ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა. აღნიშნული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე კი, შეუძლებელია სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევა. შესაბამისად, სახეზეა საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა დაბრუნების საფუძველი.
33. კასატორი აგრეთვე დავობს, რომ სასამართლომ ხანდაზმულობის საკითხი არასწორად შეაფასა. მისი მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2018 წლიდან და არა 2020 წლიდან.
34. სამოქალაქო კოდექსი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნისათვის ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას აწესებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
35. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დიდ უმადურობას არა მხოლოდ ერთ გარემოებას, არამედ განგრძობად უმოქმედობას უკავშირებდა, რომელიც დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ მზრუნველობის განუხორციელებლობაში გამოიხატებოდა და რომელიც სარჩელის შეტანამდე გრძელდებოდა. შესაბამისად, კასატორის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელია, ისევე, როგორც დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის ათვლა 2020 წლის ივლისის ბოლოდან უნდა დაიწყოს.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
37. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები და აღნიშნულის საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების არსებობა/არარსებობა, რომელთა საფუძველზეც უნდა შეაფასოს არის თუ არა სახეზე იმგვარი გარემოებები, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შესაძლოა დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ გამოხატულ დიდ უმადურობად შეფასდეს; ხოლო, აღნიშნული გარემოებების არარსებობის დადგენის შემთხვევაში, ასევე, უნდა გამოიკვლიოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობების არსებობა/არარსებობა, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების შემდეგ მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის საფუძველსაც ეყრდნობოდა.
38. კასატორი, აგრეთვე, ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარდგენილი მტკიცებულების საქმეზე დართვაზე.
39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. საქმის მომზადების დასრულების შემდეგ, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მხარეები შეზღუდულნი არიან, ახსნა-განმარტებების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. იგივე წესი მოქმედებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სადაც ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების დაშვება მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი (სსსკ-ის 380-ე მუხლი).
40. ამდენად, მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს.
41. საქმეზე მტკიცებულებების დართვის ზემოაღნიშნული წესი დაკავშირებულია სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპთან (სსსკ-ის მე-4 მუხლი) და გულისხმობს იმას, რომ სასამართლო საქმის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ მტკიცებულებებით, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაერთვება საქმეს. სხვა მტკიცებულებები მხედველობაში არ მიიღება, თუნდაც მას საქმის მართებულად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს.
42. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.12.2021წ. საოქმო განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა საქმეზე მტკიცებულების დათვაზე იმ საფუძვლით, რომ მან ვერ მიუთითა საპატიო მიზეზზე, რის გამოც ამ მტკიცებულების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ვერ შეძლო [იხ. 16.12.2021წ. სხდომის ოქმი 10.07.50-11:17:50 სთ.]. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ აპელანტს მართებულად ეთქვა უარი საქმეზე მტკიცებულების დართვაზე. მოპასუხის მითითება, რომ იგი მკურნალობას აგრძელებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ამონაწერის წარდგენა სურდა, მტკიცებულების წარუდგენლობის საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.12.2021წ. საოქმო განჩინება სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
44. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.პ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მ.პ–ძის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი