Facebook Twitter

საქმე №ას-411-2021 30 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტოი – სს „კ–ო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „კ–ომ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 09.06.2016წ. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 529 810,77 ლარისა და პირგასამტეხლოს - 22 095 ლარის, ასევე, მოსარჩელის მიერ გადახდილი საიჯარო ქირის - 175 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოსარჩელესა და შპს „ე“-ს (სახელის შეცვლის შემდგომ შპს „ნ“) შორის 2016 წლის 09 ივნისს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა პროექტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვალდებულება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე;

2.2. ნარდობის ხელშეკრულების 9.5. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მენარდის მიერ შემკვეთისთვის ხელშეკრულების საგნის გადაცემის დაგვიანების შემთხვევაში, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, 15 კალენდარული დღის განმავლობაში;

2.3. მოპასუხის მიერ ნარდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მოსარჩელე 2017 წლის 27 ივლისს გავიდა ხელშეკრულებიდან;

2.4. ხელშეკრულებიდან გასვლის მომენტისათვის მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 621 278,5 ლარს, ხოლო მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ჯამში გადახდილ იქნა 1 113 042,32 ლარი. შესაბამისად, უკან დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 519 810,77 ლარს;

2.5. მოსარჩელესა და შპს „ს.ი.ბ–ს“ შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელის კუთვნილი, ქ. თბილისში მდებარე უძრავი ნივთი დროებით სარგებლობის უფლებით გადაეცა მოსარჩელეს. ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარით. ამასთან, მოპასუხის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2017 წლის თებერვლისა, რაც არ შესრულებულა. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე უნდა გადასულიყო იმ შენობაში, რომლის სამშენებლო სამუშაოებსაც მოპასუხე ახორციელებდა, ამ უკანასკნელის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მოსარჩელეს უწევს დამატებით საიჯარო ქირის გადახდა, რამაც 2017 წლის თებერვლიდან სარჩელის აღძვრის დღემდე 175 000 აშშ დოლარი შეადგინა.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 528 810,77 ლარისა და პირგასამტეხლოს, 22 095 ლარის გადახდა; სარჩელი 175 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

5. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. მოპასუხემ ასევე მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც მას არ მიეცა საშუალება საქმეზე დამატებითი მტკიცებულება წარედგინა და შესაგებელი დაეზუსტებინა, ასევე, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე წარედგინა შეგებებული სარჩელი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

7. სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა საქმეზე დადგენილ უდავო და სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საპროცესო დარღვევების საფუძვლით.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა 2017 წლის 03 ნოემბერს და შესაგებელში, შუამდგომლობების ველში აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელის წარსადგენად გონივრული ვადა ესაჭიროებოდა, კერძოდ, შეგებებულ სარჩელზე დასართავი მტკიცებულების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მოსამზადებლად, რომლითაც დაანგარიშებული იქნებოდა შესრულებული სამუშაო არსებული მდგომარეობის მიხედვით. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ დასკვნა სავარაუდოდ მზად იქნებოდა 2017 წლის ნოემბრის ბოლომდე.

9. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 18 იანვარს 11:00 საათზე. აღნიშნულ სხდომაზე მოპასუხემ იშუამდგომლა მისი გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ჯერჯერობით ისევ არ ჰქონდა მიღებული ექსპერტიზის დასკვნა, რის დასტურადაც წარადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.01.2018წ. წერილი (იხ. ტ. I, ს.ფ. 224). აღნიშნული წერილის თანახმად, ექსპერტიზის ბიურო მოპასუხეს 20.09.2017წ. საინჟინრო ექსპერტიზის განცხადებასთან დაკავშირებით ატყობინებდა, რომ სამუშაოს სირთულის, სპეციფიკისა და შრომატევადობის გამო, ექსპერტიზის დასრულებისთვის საჭირო იყო დაახლოებით 10 სამუშაო დღე, შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნა საორიენტაციოდ მომზადდებოდა 30-31 იანვარს. შუამდგომლობის ავტორმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით უნდა მომხდარიყო მოპასუხის მიერ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში რეალურად შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების დადგენა, რაც დაადასტურებდა როგორც შესაგებლის საფუძვლებს, ასევე, მხარეს მისცემდა შეგებებული სარჩელის წარდგენის საშუალებას მოსარჩელისათვის დავალიანებული თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხის შუამდგომლობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ ზემოაღნიშნულ სხდომაზე მიღებულ იქნა ორი საოქმო განჩინება. პირველ განჩინებაში სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 215-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 216-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა შემდეგი: განსახილველ შემთხვევაში წერილობითი შესაგებელი სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 03 ნოემბერს. შესაგებლით მოპასუხემ იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გონივრულ ვადაში ჩანიშვნის თაობაზე, რათა შეგებებული სარჩელისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის წარდგენა შეძლებოდა. მოპასუხეს 2017 წლის 28 დეკემბერს ეცნობა 2018 წლის 18 იანვარს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, თუმცა მას არც შეგებებული სარჩელი და არც ექსპერტიზის დასკვნა წარუდგენია სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სხდომის გადადების შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია. მეორე საოქმო განჩინებით სასამართლომ იმავე საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის შუამდგომლობა - ექსპერტიზის დასკვნის შესაგებელზე დართვის მიზნით, სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი არ იყო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხეს დასკვნის მოსამზადებლად განცხადებით ჰქონდა მიმართული ექსპერტიზისათვის. შუამდგომლობა ემსახურებოდა სასამართლო სხდომის გაჭიანურებას. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარის მიერ მითითებულ იმ გარემოებებს, რა საკითხების გადასაწყვეტადაც უნდა მიემართა მას ექსპერტისათვის, საქმისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.

10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც 2018 წლის 18 იანვარს ჩანიშნული იყო პირველი მოსამზადებელი სხდომა, სახეზე იყო სხდომის გადადების თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობა, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა მოპასუხის მხრიდან საქმის გაჭიანურების მცდელობის თაობაზე უსაფუძვლოა. აღნიშნული ირკვევა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.01.2018წ. წერილიდან (იხ. ტ. I, ს.ფ. 224), რომელიც ადასტურებს მოპასუხის მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს, ანუ შესაგებლის წარდგენამდე თითქმის ორი თვით ადრე, ექსპერტიზისათვის მიმართვის ფაქტს. ამასთან, წარდგენილი 12.03.2018წ. №5001417318 ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს ექსპერტისთვის მიცემული დავალების შრომატევადობასა და, აღნიშნულიდან გამომდინარე, დათქმულზე მეტი ვადის საჭიროებას (ტ. I, ს.ფ. 225-256), მიუხედავად იმისა, რომ თავად ექსპერტიზის ბიურო 17.01.2018წ. წერილში ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ვადად 10 სამუშაო დღეს, ანუ საორიენტაციოდ 2018 წლის 30-31 იანვარს მიუთითებდა. მოპასუხის მიერ წარდგენილი წერილი ადასტურებდა, რომ საქმის განხილვის ვადის გაგრძელება მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდებოდა.

11. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ექსპერტს უნდა დაედგინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა და მისი ღირებულება, რაც პირდაპირ კავშირშია სასარჩელო მოთხოვნასთან. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო არ გაიზიარებდა მოპასუხის არგუმენტს შეგებებული სარჩელის აღძვრის შესაძლებლობის თაობაზე, წარსადგენი ექსპერტიზის დასკვნა მნიშვნელოვანი იქნებოდა მოპასუხისთვის სარჩელისგან თავის დასაცავად, რისი საშუალებაც მას არ მიეცა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხის მიერ 2018 წლის 18 იანვარს გამართულ სასამართლოს სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებების შედეგად მოხდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დარღვევა. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევამ ასახვა ჰპოვა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს ეყრდნობა.

13. ვინაიდან სახეზე იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ზემოაღნიშნული საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე მსჯელობა.

14. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

15.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2018 წლის 31 იანვარს, ხოლო მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2018 წლის 14 მარტს, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ამის შემდგომ, მან 2018 წლის 19 მარტს წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, დამატებით იმ განჩინებების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მას უარი ეთქვა შეგებებული სარჩელისა და მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განჩინებები (2018 წლის 18 იანვრის) საჩივრდებოდა შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, ამ ნაწილში მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო ვადის დარღვევით და, შესაბამისად, ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას, რაც სააპელაციო სასამართლოს არ განუხორციელებია;

15.2. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოპასუხემ დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და მის მიერ შედავება განხორციელდა მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ 2018 წლის 18 იანვრის განჩინება სხდომის გადადებაზე უარის თქმის თაობაზე ლახავდა მოპასუხის უფლებებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც უკვე აღინიშნა, ამ ნაწილში მხარეს გაშვებული ჰქონდა გასაჩივრების ვადა; დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში 2018 წლის 18 იანვრის განჩინებასთან მიმართებით მოპასუხე აღნიშნავს, რომ მას არ მიეცა შეგებებული სარჩელის წარდგენის საშუალება. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე ვადას სწორედ აღნიშნულისთვის ითხოვდა, ვინაიდან მას არსებულ შესრულებასთან დაკავშირებით მისი პოზიციის გასამყარებლად უკვე დართული ჰქონდა ე.წ. ფორმა 2-ები, რომლებიც მისი შეხედულებით საკმარისი იყო შესაგებელში მითითებული შედავების დასადასტურებლად; მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შეგებებული სარჩელის წარდგენის საპროცესო შესაძლებლობას, ვინაიდან 2018 წლის 18 იანვარს უკვე საქმის არსებითი განხილვა იყო დანიშნული; მოპასუხემ შუამდგომლობები არ წარადგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმის დაცვითა და შესაბამისი დასაბუთებით; არცერთი გარემოება, მათ შორის, შეგებებული სარჩელის წარდგენა, მოქმედი კანონმდებლობით სასამართლოს სხდომის გადადების საფუძველს არ წარმოადგენს;

15.3. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია 09.06.2016წ. ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს მოუწია დამატებით საიჯარო ქირის გადახდა. სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნებზე, რომლებიც შეეხება მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია პირველი ინსტანციის სასამართლოში 2018 წლის 18 იანვარს გამართული სხდომის გადადების თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

21. კასატორი დავობს, რომ მოპასუხეს 2018 წლის 14 მარტს წარდგენილი თავდაპირველი სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს 18.01.2018წ. საოქმო განჩინებები სადავოდ არ გაუხდია. მან აღნიშნული განჩინებების გაუქმება მოითხოვა 2018 წლის 19 მარტს წარდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით, თუმცა ამ დროისათვის გასული იყო მათი გასაჩივრების ვადა, შესაბამისად, სასამართლოს ამ ნაწილში ის განუხილველად უნდა დაეტოვებინა.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრტენზიას და აღნიშნავს, რომ 2018 წლის 14 მარტს წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მოპასუხე ძირითად კანონდარღვევად იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ სასამართლომ 2018 წლის 18 იანვარს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მტკიცებულების წარსადგენად დამატებითი ვადის მიცემის თაობაზე (იხ. მოპასუხის 14.03.2018წ. სააპელაციო საჩივარი ტ. I, ს.ფ. 214-223). სწორედ აღნიშნული წარმოადგენდა სააპელაციო საჩივარში ძირითად პრეტენზიას. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება, რომ მოპასუხის მიერ თავდაპირველად წარდგენილი სააპელაციო საჩივრით 2018 წლის 18 იანვრის საოქმო განჩინებები გასაჩივრებული არ ყოფილა.

23. კასატორი ასევე დავობს, რომ მოპასუხემ შეგებებული სარჩელის წარდგენის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში განაცხადა იმ დროს, როდესაც უკვე დანიშნული იყო საქმის არსებითი განხილვა, შესაბამისად, ის ამ საპროცესო შესაძლებლობას მოკლებული იყო.

24. საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულ პრეტენზიას გაიზიარებს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით წინამდებარე საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 18 იანვარს. სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობები სხდომის გადადების თაობაზე განიხილა აღნიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე, რის შემდგომაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში (იხ. 18.01.2018წ. სხდომის ოქმი, ტ. I, ს.ფ. 183-194). შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოპასუხეს შეგებებული სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება აქვს საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე, შუამდგომლობების დაყენების დროისათვის მოპასუხე შეგებებული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას მოკლებული არ ყოფილა.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; ასევე, 01.12.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია შეჯიბრებითობის პრინციპის არსი, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

27. შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს. სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.

28. მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპით არის გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანითა და მისი გასაჩივრებით (იხ. სუსგ საქმე №ას-313-2021, 30 ივნისი, 2021 წელი).

29. შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება.

30. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). სასამართლო ხაზს უსვამს ეროვნული ორგანოების ვალდებულებას - უზრუნველყოს „სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხილეთ Dombo Beheer B.V. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993, §33, Series A no. 274); 17.01.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (GAKHARIA v. GEORGIA), განაცხადი №30459/13, პარ. 32).

31. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2018 წლის 18 იანვარს გამართული სასამართლო სხდომა, პირველ მოსამზადებელ სხდომას წარმოადგენდა. ამასთან, მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე დართული სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.01.2018წ. წერილით (იხ. ტ. I, ს.ფ. 224), რომლის საფუძველზეც ითხოვდა იგი სასამართლოს ზემოაღნიშნული სხდომის გადადებას, ასევე, 12.03.2018წ. ექსპერტიზის დასკვნით (იხ. ტ. I, ს.ფ. 225-256) დასტურდება, რომ მოპასუხემ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით, ექსპერტიზის ბიუროს მიმართა შესაგებლის წარდგენამდე (შესაგებელი წარადგინა 03.11.2017წ.), 2017 წლის 20 სექტემბერს, ხოლო სამუშაოს სირთულის, სპეციფიკისა და შრომატევადობის გამო, ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად საჭირო იყო დათქმულზე მეტი ვადა. გარდა ამისა, ვინაიდან ექსპერტს უნდა დაედგინა მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა და მისი ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ კავშირში იყო დავის საგანთან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხის შუამდგომლობების დაკმაყოფილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში 2018 წლის 18 იანვარს გამართული სხდომის გადადების საფუძველი.

32. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან წინამდებარე საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრიციპების დარღვევას, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის ხელახლა განსახილველად ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

34. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „კ–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „კ–ოს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 13 მაისის №---- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ---;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი