საქმე №ას-1025-2018 8 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ვ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ გ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.მ. გ.კ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, "კრედიტორი" ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ვ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, "მოვალე" ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 16 637,4 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 9243 აშშ დოლარი, სარგებელი 1 109,16 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავალი - 6 285,24 აშშ დოლარი.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (პირველი პუნქტი); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 4 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა (მე-2 პუნქტი) და მიუღებელი შემოსავლის სახით - 2 720 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (მე-3 პუნქტი) გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, წარმომადგენლის მომსახურებისათვის და საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლებისათვის გაწეული ხარჯისა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის საფასურის, ჯამში - 944,13 ლარის გადახდა (მე-4 პუნქტი).
4. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სესხის ძირითადი თანხის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 9 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: მხარეთა შორის 2014 წლის 09 თებერვალს დაიდო სესხის, გირავნობისა და გირავნობის უზრუნველყოფის შესახებ №003 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 1000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში) (იხ. ტ. I, ს.ფ. 20-24); მოსარჩელემ მოპასუხეს დამატებით სესხის სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები).
7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მთლიანობაში სესხის სახით გადასცა 9 243 აშშ დოლარი. ეს გარემოება დასტურდება მოსარჩელის მიერ წარდგენილი „სესხის გადახდის აღრიცხვით“ (იხ. ტ. I, ს.ფ. 25-26), რომელიც ხელმოწერილია მოპასუხის მიერ. მოპასუხეს შესაგებლით აღნიშნული მტკიცებულების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია და არც მისი საწინააღმდეგო მტკიცებულება წარუდგენია.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში. კერძოდ, ითხოვდა მოპასუხისათვის დამატებით 5 243 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის/აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემულ განმარტებაზე, რომლითაც დაადასტურა, რომ მის მიერ მოთხოვნილი თანხიდან სესხის ძირითად თანხას წარმოადგენს 5000 აშშ დოლარი, ხოლო 243 აშშ დოლარი არის სესხის პროცენტი (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.05.2018წ. სხდომის ოქმი 10:37:13-10:39:37სთ). შესაბამისად, ვინაიდან აპელანტს სარგებლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო 243 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
10. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
10.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად არ მიიჩნია „სესხის გადახდის აღრიცხვის“ დოკუმენტი სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებად. მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობა უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის დამატებით 5 000 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
18. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიც არის შესაგებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე არის დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-559-2019, 04 დეკემბერი, 2019 წელი).
19. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი).
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას სესხის ხელშეკრულების რეალურობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა ხელშეკრულების პირობებზე მხარეთა შეთანხმების, არამედ დაბრუნების პირობით მსესხებლისათვის თანხის რეალურად გადაცემის მომენტიდან, თუმცა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საქმეში არსებული "სესხის გადახდის აღრიცხვის" დოკუმენტი მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე არ მიუთითებს. კერძოდ, სარჩელზე დართული „სესხის, სესხის სარგებლის გადახდის აღრიცხვის, ძირში ცვლილების აღრიცხვის" დოკუმენტი ("სესხის გადახდის აღრიცხვის" დოკუმენტი) შეიცავს ინფორმაციას მოვალისათვის სხვადასხვა დროს სესხად გადაცემული თანხების, ისევე როგორც, მოვალის მიერ კრედიტორისათვის დაბრუნებული ძირითადი თანხისა და პროცენტის შესახებ (იხ. ტ. I, ს.ფ. 25-26). აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ 2015 წლის 24 ნოემბერს მოხდა ძირის დამატება და სესხის ოდენობა განისაზღვრა 9243 აშშ დოლარით. დადგენილია, რომ დოკუმენტი ხელმოწერილია მოპასუხის მიერ, რაც კასატორს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია, ხოლო მოპასუხის მიერ წინამდებარე საქმეზე არაკვალიფიციური შედავების წარდგენის პირობებში, სესხის ძირითადი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
22. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 633,48 ლარის 70% – 443,44 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.ვ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს დ.ვ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 633,48 ლარის 70% – 443,44 (ოთხას ორმოცდასამი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე