Facebook Twitter

24 ნოემბერი, 2022 წელი,

№ას-1068-2022 თბილისი,

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე)- ნ.ვ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.თ–ძე

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ვ–ძე (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, თანამესაკუთრე) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, თბილისში, ......... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ .......) საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე თ.თ–ძის სარჩელი (შემდეგში - მოსარჩელე, თანამესაკუთრე) დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებითვე დადგინდა, რომ ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციით ამონაგები თანხა წილის პროპორციულად უნდა გადანაწილებულიყო თანამესაკუთრეთა შორის.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის განმარტებით, საზიარო უფლების საგანი ფუნქციურად გამოიყენება სხვა უძრავ ნივთთან დასაკავშირებლად (გასასვლელად), რაც საქმის განხილვის დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა. კასატორის მითითებით, საზიარო უძრავი ნივთის გასხვისების წინააღმდეგია, აქედან გამომდინარე, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. ის და ქონების სხვა თანამესაკუთრენი (ი.თ–ია, ქ.ვ–ძე - მოპასუხეები, რომელთაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ) იძულებული არიან, მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ გაასხვისონ ქონება აუქციონზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. თბილისში, ......... (ს/კ ......) მდებარე უძრავი ნივთი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია: კასატორის (3/9 ნაწილი), მოსარჩელისა (1/9 ნაწილი) და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხედ მონაწილე სხვა პირების (1/9-1/9 ნაწილი) სახელზე.

5.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მხარეთა თანასაკუთრებაში რიცხული ქონების ნატურით გაყოფა, სრული იზოლირებით, უძრავი ქონების ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.

6. თანასაკუთრებაზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილისა (თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება) და 964-ე მუხლის პირველი ნაწილის (თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის) შინაარსიდან გამომდინარეობს.

7. საკასაციო პალატის განმარტებით, საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს ამ უფლების რეალიზებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო წინაპირობები, კერძოდ, საზიარო საგნის ნატურით გაყოფა უნდა გამოირიცხებოდეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნატურით საზიარო უფლების გაუქმების საკანონმდებლო წესს სსკ-ის 963-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამ მუხლში რეგლამენტირებული დანაწესის საფუძველზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე, მყარი სამოსამართლო პრაქტიკა არსებობს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებდა გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.“ (იხ. სუსგ. საქმე №ას-39-39-2016, 1.03.16წ, საქმე Nას-67-65-2014, 31.07.2014წ, საქმე №ას-774-741-2014,20.07.15წ).

8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობა. ამ გარემოებას ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს თანასაკუთრების ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობაზე (მითითებული მტკიცებულების შინაარსიდან გამომდინარე, უძრავი ნივთი გამოიყენება სხვა/მომიჯნავე უძრავ ქონებასთან დასაკავშირებლად (გასასველად), რისი გათვალისწინებითაც საზიარო საგნის გაყოფა სრული იზოლირებით, ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია). ამ დასკვნის საპირწონე მტკიცებულება კასატორს (მოპასუხეს) სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სსსკ-ის 4.1 (სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები) და 102.1 მუხლის (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) დანაწესთა გათვალისწინებით კი, მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის გაქარწყლება სწორედ მოპასუხის მოვალეობას წარმოადგენდა.

9. საკასაციო პრეტენზია არსებითად ორ ძირითად არგუმენტს ემყარება: პირველი, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საზიარო საგნის ფუნქცია და, მეორე, კასატორი არ ეთანხმება თანასაკუთრებაში რიცხული ქონების გასხვისებას. საკასაციო პალატის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სწორედ უძრავი ნივთის დანიშნულება განაპირობებს ამ საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას. ამასთან, საზიარო საგნის ფუნქცია - მისი გასასვლელად გამოყენება ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრისათვის საზიარო უფლების გაუქმებაზე უარის თქმის სამართლებრივ წინაპირობად არ განიხილება. რაც შეეხება კასატორის მეორე არგუმენტს, საზიარო სამართლებრივი ურთიერთობების ნორმატიული მოწესრიგების თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რაც მხოლოდ ორი გზით - ნატურით გაყოფით ან საგნის გასხვისებით მიიღწევა. შესაბამისად ეს პრეტენზიაც, სამართლებრივად უსაფუძვლოა.

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. საქმე Nას-67-65-2014, 31.07.14, საქმე Nას-894-860-2016, 29.12.16, საქმე Nას-918-2020, 25.05.21წ., საქმე Nას-1266-2018, 30.04.20წ).

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ვ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 03/10/2022), 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

ა. წულაძე