Facebook Twitter

საქმე №ას-1417-2022 19 დეკემბერი 2022 წელი,

ქ. თბილისი,

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ე.ნ–ვი, ი.ნ–ვი, მ.ნ–ვა, ლ.ა–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს "ლ.ბ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა, ე.ნ–ვს, ი.ნ–ვს, მ.ნ–ვას და ლ.ა–ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 368.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 9 827.34 ლარი, პროცენტი - 5 264.97 ლარი, ხოლო ჯარიმა - 3 276 ლარი; ი.ნ–ვის, მ.ნ–ვას და ლ.ა–ვას პასუხისმგებლობის ოდენობა თითოეულის მიმართ 10 712 ლარით განისაზღვრა; მოპასუხეებს - ე.ნ–ვს, ი.ნ–ვს, მ.ნ–ვასა და ლ.ა–ვას - სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 551.05 ლარის ანაზღაურება; მათი პასუხისმგებლობის ოდენობა, სახელმწიფო ბაჟთან მიმართებაში, თითოეულის მიმართ 321.36 ლარით განისაზღვრა.

2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრი წარადგინეს მოპასუხეებმა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით, მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მათი გაუქმების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე 2022 წლის 11 ივლისის განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. ე.ნ–ვმა, ი.ნ–ვმა, მ.ნ–ვამ და ლ.ა––ვამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. დამატებით ერთ-ერთ მომჩივანს ლ.ა–ვას დაევალა საკუთარი ვინაობის დაზუსტება და ლ.ა–ვას მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენა, რამდენადაც დავის მხარეს წარმოადგენდა არა ლ.ა–ვა, არამედ ლ.ა–ვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

10. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

11. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის ხარვეზის განჩინება, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, 2022 წლის 18 ნოემბერს ჩაბარდათ კერძო საჩივრის ავტორებს.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 19 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 21 ნოემბერს. ამ დროის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.ნ–ვის, ი.ნ–ვს, მ.ნ–ვას და ლ.ა––ვას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე