საქმე №ას-1226-2022 22 დეკემბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ.ფ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "---- ---- (სს "----- ბანკის" უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, სს "------ ბანკის" სარჩელი, ქ. ფ-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის და 3 აპრილის განჩინებებით საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველი.
2022 წლის 2 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს "---- ------" წარმომადგენელმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე სს "----- ბანკის" უფლებამონაცვლედ შპს "---- ----" დადგენა.
2022 წლის 27 მაისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და სს"-----ბანკის" უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს "----- ------".
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქ. ფ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 50 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება მის ავტორს ქ. ფ-ეს, მის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სამჯერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 50 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. საქმეში არსებული 2022 წლის 17 ოქტომბრის, 14 ნოემბრის და 2 დეკემბრის უკუგზავნილებით დასტურდება, რომ განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს, მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი,---- N----) გაეგზავნა სამჯერ თუმცა ვერ ჩაბარდა, ვინაიდან კურიერს არავინ დახვდა მისამართზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის თანახმად, თუ მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინება კერძო საჩივარზე საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ,, ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის საფუძველზე, უნდა ჩაითვალოს ჩაბარებულად.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ფ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი