ბს-1249-824(გ-05) 1 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატამ განიხილა თ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ლ-მა სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის ნოტარიუს თ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა: ნოტარიუსის 2004წ. 1 აპრილის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გაუქმება; ქ. თბილისში ..... მდებარე სახლთმფლობელობის კერძოდ, ა. გ-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა და ნოტარიუსისათვის დავალება, რომ მის სახელზე გასცეს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ზემოაღნიშნულ დანაშთ ქონებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხება აწ გარდაცვლილ ბებიამისის, ა. გ-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1954წ. 23 აგვისტოს. აღნიშნულ ბინაში ჩაწერილია და ცხოვრობს მოსარჩელე 1941წ. 13 აპრილიდან. სრულწლოვნების მიღწევამდე ბინაში მიწერილი იყო დედის _ ა. ლ-ის სახელზე, რომელიც 1998წ. 28 დეკემბერს გარდაიცვალა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბებიის _ ა. გ-ის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 554-ე მუხლის თანახმად, ითვლება ბებიის პირველი რიგის მემკვიდრედ, ამავე კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიიღო დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე. მოქმედი სკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამკვიდრო ეთვლება მიღებულად.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი ბებიის ერთადერთი პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრეა დარჩენილი, ვინც მიიღო სამკვიდრო ქონება. აღნიშნული ფაქტი არასდროს არავისთვის ყოფილა სადავო. აწ გარდაცვლილი ძმის მეუღლე, რომელსაც ერთი წელიც არ უცხოვრია მის ძმასთან, ცდილობდა ბინის წილის გაფორმებას თავის სახელზე. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ 2004წ. 31 მარტს მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. მესამე პირები არასდროს ყოფილან ჩაწერილები და არ ცხოვრობდნენ სადავო ბინაში. მათ არ შეუძლიათ, მოითხოვონ და მიიღონ სამკვიდრო ქონება მეუღლიდან ან მშობლისგან. სკ-ის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო ქონება არის მამკვიდრებლის საკუთრება გარდაცვალების მომენტისათვის. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის ვარაუდი უსაფუძვლოა და იგი არ შეესაბამება კანონის ნორმებსა და ზნეობრივ პრინციპებს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თ. ლ-ს უარი ეთქვა ნოტარიუს თ. ჯ-ის 2004წ. 1 აპრილის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმებაზე, ქ. თბილისში, ...... მდებარე, ა. გ-ის სახელზე რიცხულ მთლიან სახლთმფლობელობაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქ. თბილისში ..... მდებარე სახლი ირიცხება ა. გ-ზე, რომელიც იყო ა. ლ-ის დედა, თ., თა. და თე. ლ-ების ბებია, რომელიც გარდაიცვალა 1954წ. 23 აგვისტოს. დედის გარდაცვალების შემდეგ სადავო ბინაში ცხოვრობდა იქ რეგისტრირებული, მისი პირველი რიგის მემკვიდრე _ შვილი ა. ლ-ი. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე თ. ლ-ი, როგორც ა. გ-ის შვილიშვილი, სამკვიდროს გახნის მომენტისათვის, 1954წ. 23 აგვისტოსათვის, ვერ იქნებოდა ამ უკანასკნელის მემკვიდრე, რადგან იმ დროისათვის ცოცხალი იყო მისი მშობელი ა. ლ-ი, რომელიც წარმოადგენდა ა. გ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ სკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას, ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
სასამართლომ ასევე დადენილად ცნო, რომ სადავოდ გამხდარ სახლში დედის გარდაცვალებამდე და შემდეგაც რეგისტრირებული იყვნენ თ. და თე. ლ-ები. სანოტარო აქტით დადგენილად არის მიჩნეული ამ სახლში თე. ლ-ის ცხოვრების და სადავო ქონების ფლობის ფაქტი. მოსარჩელემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თე. ლ-ი არ ცხოვრობდა სადავო ბინაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო სახლში თე. ლ-ის რეგისტრაციის ფაქტით დადგენილია ის გარემოება, რომ იგი თ. ლ-თან ერთად შეუდგა ა. ლ-ის დანაშთ სამკვიდროს ნაწილის ფოლობას ანუ მიიღო სამკვიდრო. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი ნოტარიუსის 2004წ. 1 აპრილის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის დადგენილების გაუქმებისთვის, მთელ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ თ. ლ-ის ცნობისა და ამ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მხოლოდ მის სახელზე გაცემისათვის, რის გამოც სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამასთან, აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია ნოტარიუსის მიერ მიღებული უარის თქმის დადგენილების, როგორც ადმინისტრაციული აქტის, გაუქმების, ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული, არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძვლებზე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, 2004წ. 1 აპრილის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გაუქმება და ა. გ-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა და აღნიშნულ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის საოქმო განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას, რომელიც არ დაეთანხმა განსჯადობის შესახებ სამოქალაქაო პალატის განჩინებას და 2005წ. 11 ივლისის განჩინებით თ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის აუცილებელია ორი ძირითადი პირობის არსებობა: 1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენს ასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა; 2. სადავო სამართალ-ურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში მხოლოდ მოპასუხე მხარედ ნოტარიუსის მონაწილეობა არ ქმნის დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს და სადავო აქტი თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რადგან, თუმცა იგი გამოცემულია საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის, ნოტარიუსის მიერ, მაგრამ გამოცემულია არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე, რასაც, სააპელაციო პალატის აზრით, არსებითი მნიშვნელობა აქვს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად საქმეს, ვინაიდან “ნოტარიატის შესახებ” კანონი განსაზღვრავს მხოლოდ ნოტარიუსის უფლებამოსილებას სანოტარო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით, ხოლო არსებითად ნოტარიუსის უარი თ. ლ-ის მოთხოვნაზე კანონისმიერ მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, მთლიანად მოტივირებულია და გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებული მოთხოვნებიდან. რეალურად დავის საგანს წარმოადგენს მემკვიდრეთა შორის დავა სამკვიდროსთან დაკავშირებით, რომელიც კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს და განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს სკ-ის მოთხოვნათა შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, თ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეთა პალატების განჩინებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავა გამომდინარეობს საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ განსაზღვრავს მის განსჯადობას, არამედ განსხვავებით ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპისა, დავის განსჯადობის სწორად გადაწყვეტისათვის უმთავრესია დავის საგანი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუს თ. ჯ-ის დადგენილების გაუქმება და ა. გ-ის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ თბილისში, ... მდებარე მთლიანი სახლთმფლობელობის მემკვიდრედ და მესაკუთრედ მოსარჩელე თ. ლ-ის ცნობა. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ნოტარიუსი, მართალია, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც დელეგირებული აქვს საჯარო უფლებამოსილების განხორციელება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილება სამართლებრივად არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რადგან იგი გამოცემულია არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ სკ-ის საფუძველზე. კერძოდ, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სადავო დადგენილება მთლიანად მოტივირებულია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სამემკვიდრეო სამართლის ნორმებით. ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველი დავის საგანს ფაქტობრივად წარმოადგენს სამკვიდროს გაყოფასთან დაკავშირებული მემკვიდრეთა: მოსარჩელე თ. ლ-სა და მის რძალს _ მ. ნ-ს შორის დავა, რომელიც, როგორც აღინიშნა, დარეგულირებულია სკ-ის ნორმებით და პროცესუალურად წარმოადგენს სსკ-ის მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას. შესაბამისად, თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.