Facebook Twitter

საქმე №ას-908-2022 5 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ. მ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ-უ (ხ-ია) (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი – ძირითადი სარჩელით - განქორწინება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანთან ურთიერთბის წესის განსაზღვრა. შეგებებული სარჩელით - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. მ-ის (შემდგომში: „მოპასუხე“, „მამა“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ა. ხ-იას (პ-უს) (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „დედა“) მიმართ და გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი (არასრულწლოვანს, ე.მ-ეს (პ/ნ ---, დაბ. თარიღი 11/12/20--წ.) მამასთან ურთიერთობა განესაზღვროს შემდეგნაირად: 9.1. ყოველი კვირის ნებისმიერ სამუშაო დღეს (კვირაში სამჯერ - მოპასუხის სურვილისამებრ) სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ან დღის 16:00 საათიდან, მამამ წაიყვანოს შვილი 4 საათით და დააბრუნოს დედის საცხოვრებელ ადგილას. ბავშვის წაყვანის დღის არჩევის შესახებ მოპასუხემ აცნობოს მოსარჩელეს წინა დღის 20:00 საათამდე სატელეფონო ან "სმს" შეტყობინებით, რათა ამ უკანასკნელმა მოამზადოს შვილი მამასთან შესახვედრად; 9.2. ბავშვის სურვილის შემთხვევაში, მამას მიეცეს უფლება შვილთან ურთიერთობისათვის - პარასკევი დღის 17:00 საათიდან კვირა დღის 15:00 საათამდე ბავშვის თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; 9.3. ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვანი დასასვენებლად მიყავს დედას. დედის მიერ შვილის დასასვენებლად წაყვანის პერიოდში ან/და ბავშვის საზღვარგარეთ (საბერძნეთის რესპუბლიკაში ) ყოფნისას, სურვილის შემთხვევაში, მამას მიეცეს უფლება კვირაში სამი დღე, 4-5 საათით (დღის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე) ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან; 9.4. მამასთან დაკავშირების მიზნით, დედამ შეუზღუდავად უზრუნველყოს ე.მ-ძე სატელეფონი საშუალებით; 9.5. არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, მამას მიეცეს უფლება შვილი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილზე ან დასასვენებლად ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე, დასვენების დღეების თანაბარი განაწილებით, მხარეთა შეთანხმებით; 9.6. ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესი შეიცვალოს არასრულწლოვანი ბავშვის სურვილის გათვალისწინებით და მშობელთა ურთიერთშეთანხმებით); დანარჩენ ნაწილში (მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ - საბერძნეთის რესპუბლიკაში გაყვანის ნაწილში, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე, ერთი წლის განმავლობაში, ჯამში არაუმეტეს სამი თვისა; არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი: ქ.რუსთავი, ---- ქუჩა N--, ბინა--; მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი თვეში 250 (ორასორმოცდაათი) ლარი, სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 13 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე; უარი ეთქვას დედას ბავშვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე; უარი ეთქვას დედას ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე; მოპასუხის შეგებებული სარჩელი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდეს) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

2. კასატორის განცხადებით, სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი, 250 ლარი არაგონივრული თანხაა, ვინაიდან მას ყოველთვიურად არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ აღნიშნული თანხა გადაიხადოს.

3. სასამართლო გაცდა მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც დააკმაყოფილა სარჩელი მოპასუხისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში. საინტერესოა, როგორ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, როდესაც არც ძირითად სარჩელსა და არც შემდგომ, დაზუსტებულ სარჩელში, მოსარჩელე მასზე არ მიუთითებდა. სასამართლომ ისე შეუზღუდა მამას მშობლის უფლება, რომ არ იფიქრა, რამდენად გამომდინარეობდა აღნიშნული ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, რამდენად თანხვედრაშია ბავშვის ინტერესებთან მამისა და შვილის განშორება, თანაც იმ ფონზე, როდესაც სასამართლომ უარყო მოპასუხის შუამდგომლობა ცვლილება შეეტანა დროებით განკარგულებაში, რათა მამას მისცემოდა შესაძლებლობა ენახა ბავშვი, წამოეყვანა თავის საცხოვრებელ ადგილას გარკვეულ დღეებში და ა.შ. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დედას მიეცა უფლება წაიყვანოს ბავშვი საზღვარგარეთ (საბერძნეთში, ბებია-ბაბუას სანახავად), თუმცა არ იფიქრა იმაზე, თუ რაოდენ საფრთხისშემცველია ეს, რადგან თუ ბავშვი წაიყვანა დედამ, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი ქვეყანაში დაბრუნება. ამასთან, გაუგებარია, რატომ უთხრა უარი სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე (ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულიყო მამის საცხოვრებელი ადგილი) მაშინ, როდესაც საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მეტყველებს საპირისპიროდ.

4. კასატორმა იშუამდგომლა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის დროებით განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და მოითხოვა მამას შვილთან ურთიერთობა განესაზღვროს შემდეგი წესით: ყოველი კვირის პარასკევი დღის 18 საათიდან კვირა დღის 18 საათამდე ბავშვის მამის საცხოვრებელ ადგილას ღამისთევით წაყვანის უფლებით.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. კასატორი სადავოდ ხდის მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა 250 ლარი, არაგონივრულია.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის მხედველობაში მიღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან გააჩნია, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

10. საკასაციო პალატა დაუსაბუთებელ შედავებად მიიჩნევს კასატორის მითითებას დაკისრებული თანხის არაგონივრულობის თაობაზე და თვლის, რომ მოპასუხისათვის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები, ასევე „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ დებულებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი შეფასების შედეგად, დაადგინა ალიმენტის განსაზღვრული ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას და, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით.

11. კასატორის მორიგ პრეტენზიასთან (მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში) დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა" და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

12. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

13. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

14. აღნიშნული კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ამასთან, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთაგან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

15. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

16. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორის არის არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე №ას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).

17. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი. კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (იხ. მაგ., Sahin v. Gernamy, 08.04.2003, §66; Krasicki v. Poland, 15.04.2014, §83).

18. აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. ხოლო, 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

19. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და ოჯახური გარემოს შექმნა, ხოლო ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

20. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, ბავშვთან კონტაქტის უფლება არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებული არის ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; ხოლო, მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისათვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-63-59-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).

21. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი თავის პრეტენზიას ძირითადად იმ გარემოებაზე ამყარებს, რომ არსებობს დედის მიერ ბავშვის საზღვარგარეთ (საბერძნეთში) გაყვანისა და ქვეყანაში არდაბრუნების რისკი, თუმცა გარდა ზეპირი განმარტებისა, მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ პოზიციას გაამყარებდა და მისი გაზიარების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დაიბადა და სამ წლამდე ცხოვრობდა საბერძნეთში დედასთან და პაპა-ბებიასთან ერთად, ამასთან, არ გამოვლენილა რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც ეჭქვეშ დააყენებდა როგორც დედის, ასევე პაპა-ბებიის მიერ თავიანთი უფლებების ბოროტად და არამართლზომიერად გამოყენებას. ამრიგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ასევე ბავშვის ასაკისა და მისი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ - საბერძნეთში დასასვენებლად წაყვანის ნაწილში. კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

22. კასატორი ასევე შუამდგომლობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 7 ივლისს მიღებულ დროებით განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და ითხოვს მამასა და შვილს შორის ურთიერთობის განსაზღვრას შემდეგი წესით: ყოველი კვირის პარასკევს 18 საათიდან კვირა დღის 18 საათამდე ბავშვის მამის საცხოვრებელ ადგილას ღამისთევით წაყვანის უფლებით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული შუამდგომლობა თავისი შინაარსით დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ მოთხოვნაა.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, რომელსაც არ აქვს ბავშვთან ურთიერთობის საშუალება, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დავის დასრულებამდე ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. დროებითი განკარგულება გამოიყენება სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში. შესაბამისად, მსგავსი სახის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია იმ საკითხზე, სასამართლო ცნობს თუ არა საკასაციო საჩივარს დასაშვებად (იხ. სუსგ საქმე №ას-946-2018 , 15 თებერვალი, 2019 წელი).

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შეუძლებელია კასატორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე არაა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, ხოლო კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. გ. მ-ეს (------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №----, გადახდის თარიღი 2022 წლის 15 აგვისტო), 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე