Facebook Twitter

საქმე №ას-1047-2022 9 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს ,,სადაზღვევო კომპანია -----“ (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,------ ჯ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „სადაზღვევო კომპანია -----“ (შემდეგში: „მოსარჩელე“, „სადაზღვევო კომპანია“, „მზღვეველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სადაზღვევო კომპანიის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც უარყოფილ იქნა სადაზღვევო კომპანიის სარჩელი სს „---- ჯ-ის“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) მიმართ სუბროგაციის წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დააკისრა ადვოკატის მომსახურეობისთვის გაწეული ხარჯის, 498 ლარის ანაზღაურება.

2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები (ქოლ-ცენტრის ჩანაწერი, სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების ჯგუფის უფროსის ახსნა-განმარტება, ფოტო-მასალა, 2018 წლის 7 ივნისის წერილობითი მიმართვა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით და სხვა) და არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, ასევე მოპასუხის ბრალეულობა და ზიანის ოდენობა. წარდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს, რომ მარაგების დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირია მოპასუხე - უძრავი ქონების მესაკუთრე, რომლის ბრალით საწყობში წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანდა შპს „ე-----ის“ (შემდგომში „დამზღვევი“ ან „მესამე პირი“) მარაგები.

3. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

8.1. 2017 წლის 15 აგვისტოს სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევის სახელზე გასცა ქონების დაზღვევის პოლისი, სადაც დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა დამზღვევის ქონებრივი ინტერესი, დაკავშირებული სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის მზღვეველის მიერ ანაზღაურებასთან, ხოლო სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 15 აგვისტოს 24 საათიდან 2018 წლის 15 აგვისტოს 24 საათამდე;

8.2. მოპასუხე კომპანია წარმოადგენს ქ. თბილისში, ---- ქუჩა N---ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს. აღნიშნულ მისამართზე მდებარე საოფისე და სასაწყობო ფართს, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის მარტისთვის ფლობდა დამზღვევი.

8.3. 2018 წლის 7 ივნისს დამზღვევმა აცნობა სადაზღვევო კომპანიას, რომ მოპასუხისგან იჯარით აღებულ სასაწყობე ფართში 2018 წლის 21 მარტს ჩავიდა წყალი, რის გამოც დაზიანდა მისი კუთვნილი ტვირთი. განმცხადებელმა მოითხოვა ზარალის, 13 772.94 ლარის ანაზღაურება;

8.4. 2018 წლის 13 სექტემბრის სადაზღვევო შემთხვევის აქტის თანახმად, წყლის ჩასვლის შედეგად დამზღვევისთვის მიყენებული ზარალი 13 772.94 ლარით განისაზღვრა;

8.5. სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, მზღვეველმა დამზღვევს გადაურიცხა 12 464.69 ლარი;

8.6. 2019 წლის 29 ნოემბერს სადაზღვევო კომპანიამ წერილით მიმართა მოპასუხე კომპანიის დირექტორს და სსკ-ს 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მინიჭებული უფლებით, რეგრესის წესით ზიანის, მის მიერ გადახდილი 12 464,69 ლარის ანაზღაურება მოითხოვა;

8.7. 2019 წლის 4 დეკემბერს მოპასუხემ აცნობა სადაზღვევო კომპანიას, რომ მას სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ზიანის დაფიქსირებასა და ოდენობის განსაზღვრაში მონაწილეობა არ მიუღია და არც სადაზღვევო კომპანიის მიმართ გააჩნია რაიმე პასუხისმგებლობა. ამასთან, მოპასუხემ დაადასტურა დამზღვევის საწყობში წყლის ჩასვლის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ საქონლის დაზიანების გამო პრეტენზია მის მიმართ არ გამოთქმულა და და არც აღნიშნულის შესახებ იცოდა რამე;

8.8. 2019 წლის 11 დეკემბერსა და 2020 წლის 15 იანვარს სადაზღვევო კომპანიამ კვლავ მიმართა მოპასუხეს მის მიერ გადახდილი 12 464,69 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

8.9. 2020 წლის 12 მარტს კომპანიამ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

9. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება [თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს], 992-ე მუხლი [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი] და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება].

10. კასატორი დავობს, რომ სასამართლოს მოპასუხის ბრალეულობის დასადგენად უნდა ეხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილი დოკუმენტებით (ქოლ-ცენტრის ჩანაწერი, სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების ჯგუფის უფროსის ახსნა-განმარტება, ფოტო-მასალა, 2018 წლის 7 ივნისის წერილობითი მიმართვა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით და სხვა), რომლებიც ცალსახად ადასტურებდა მიზეზობრივი კავშირის არსებობას მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, ასევე მოპასუხის ბრალეულობასა და ზიანის ოდენობას.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

13. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, არც ახალი მოთხოვნა წარმოიშობა, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ. სუსგ საქმე №ას-581-549-2011, 05 სექტემბერი, 2012 წელი; №ას-809-776-2016, 04 აპრილი, 2017 წელი; №ას-1057-1017-2016, 10 ოქტომბერი, 2017 წელი).

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავის მხრივ, დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურული ელემენტია მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. სუსგ საქმე №ას-809-776-2016, 04 აპრილი, 2017 წელი). ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედების უშუალო შედეგი. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1335-1373-2014, 24 ივნისი, 2015 წელი; №ას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; №ას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი).

15. საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით წარდგენილი აქვს შემდეგი დოკუმენტები: სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლითაც დგინდება, რომ 2018 წლის 19 მარტს, დამზღვევმა ცხელი ხაზის მეშვეობით აცნობა სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევის (სასაწყობე ფართში წყლის ჩასვლის) დადგომის შესახებ (იხ. CD დისკი, ს.ფ --); დამდგარი ზარალისა და მისი ანაზღაურების მოთხოვნით დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის 2018 წლის 7 ივნისს წარდგენილი წერილი (იხ. ს.ფ --); ფოტო-მასალა, რომელშიც ასახულია საწყობში წყლის ჩადინების შედეგად დაზიანებული დამზღვევის კუთვნილი ტვირთი (იხ. ს.ფ ….-…); სადაზღვევო კომპანიის ქონებრივი სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების ჯგუფის უფროსის ახსნა-განამარტება, სადაც აღწერილია წყლის ჩამოსვლის შედეგად დამზღვევის კუთვნილი მარაგების დაზიანების ფაქტი (იხ. ს.ფ ---) და მზღვეველის მიერ 2018 წლის 6 სექტემბერს გაცემული სადაზღვევო შემთხვევის აქტი (იხ. ს.ფ---).

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით მართლაც დასტურდება მოპასუხის კუთვნილ ფართში წყლის ჩასვლისა და დაზღვეული ტვირთის დაზიანების ფაქტი, თუმცა დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის საჭიროა არა თავად აღნიშნული ფაქტის დადასტურება, არამედ იმის დამტკიცება, რომ ეს გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით, ანუ დაზღვეული პროდუქცია მოპასუხის კუთვნილი ფართის სახურავიდან საწყობში წყლის გაჟონვის შედეგად დაზიანდა (მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოების დასადასტურებლად მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ვერ გამოდგება, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ გაცემული რაიმე ოფიციალური დასკვნა (მაგ. საექსპერტო დასკვნა), რომლითაც დადგინდება მოპასუხის კუთვნილ ფართში წყლის გაჟონვისა და თავად სახურავის დაზიანების მიზეზი, ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულება, მაგ. აუდიტორული დასკვნა, რომლითაც წყლის გაჟონვის შედეგად დაზიანებული პროდუქციის მოცულობა და მისი ღირებულება იქნებოდა განსაზღვრული.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზიანის ფაქტის დადგენისას მართებულად შეაფასა მოპასუხის ბრალეულობის საკითხი, მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე.

20. მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სადაზღვევო კომპანიის მიერ მოპასუხის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინებით (იხ. ს.ფ …-…). დადგენილია, ასევე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვამდე, 2022 წლის 1 აპრილს, მოპასუხემ იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა თავის წარმომადგენელთან, რომელმაც, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, იკისრა კლიენტისთვის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში შესაბამისი იურიდიული მომსახურების გაწევა (იხ. ს.ფ ..-..), ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე წლის 13 აპრილს, მოპასუხემ მას გადაურიცხა იურიდიული მომსახურების თანხა (იხ. ს.ფ …); სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2022 წლის 13 მაისის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა 2022 წლის 1 აპრილის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და იშუამდგომლა მოპასუხის მიერ სააპელაციო ინსტანციაში გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრების თაობაზე (იხ. ს.ფ …, CD დისკი, 11:39:38 სთ).

21. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

22. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებით და იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავაში მოპასუხე არის მოგებული მხარე, ხოლო მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება სსკ 53-ე მუხლის შესაბამისად, წაგებულ მხარეს ეკისრება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დააკმაყოფილა წარდგენილი შუამდგომლობა მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში გაწეული ადვოკატის ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრების შესახებ. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც ზემოაღნიშნული გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,სადაზღვევო კომპანია -----“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „სადაზღვევო კომპანია -----“ (----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №---, გადახდის თარიღი 2022 წლის 21 სექტემბერი), 624 ლარის 70% - 436.8 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე