Facebook Twitter

საქმე № ას-1349-2021 28 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „--------“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ.მ-რი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „-------“ (შემდგომში: „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „კომპანია“, „საწარმო“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. გ. მ-ის (შემდგომში: „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის, 10 000 ლარის ანაზღაურება.

2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა საქმეში არსებული საექსპერტო დასკვნებით, რომლებიც არ ასახავს მოპასუხე კომპანიის რეალურ ფინანსური მდგომარეობას, რადგან ექსპერტები გამოთქვამდნენ საკუთარ ვარაუდს საწარმოს სამომავლო მოგების შესახებ ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაცია. სასამართლოს კომპანიის შემოსავალ-გასავალზე უნდა ემსჯელა მოპასუხის მიერ წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლის შესაბამისად ირკვევა, თუ რეალურად როგორ მოხდა შემოსავლების ხარჯვა.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. მოპასუხე კომპანია დაფუძნდა 2001 წლის 6 თებერვალს. დამფუძნებელი პარტნიორები არიან მოსარჩელე, რომელიც საწარმოს 35%-იანი წილის მფლობელია და ნ. ქ-ძე (მ. ს-ის უფლებამონაცვლე), რომელიც საწარმოს 65%-იანი წილის მფლობელია.

7.2. კომპანიის ამჟამინდელი დირექტორია (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი) ლ. ს-ლი;

7.3. სადავო პერიოდში კომპანიას ხელმძღვანელობდა მ. ს-ლი (რომელიც ამავდროულად იყო საწარმოს დამფუძნებელი და 65%-იანი წილის მფლობელი);

7.4. კომპანიის კაპიტალში მოსარჩელის შენატანს წარმოადგენს 2 ცალი 255.00 კვტ სიმძლავრის, 196 968.60 ლარის ღირებულების ფრენსის ტიპის ტურბინა გენერატორი;

7.5. მოპასუხე კომპანიასა და სს „ს-----ს გ---ლ ს---ო ე---ას“ (წარმოდგენილი გენერალური დირექტორის დ. უ-ის სახით) შორის 2006 წლის 22 მარტს გაფორმდა №--- ხელშეკრულება ელექტრო ენერგიის შესყიდვის შესახებ;

7.6. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2006 წლის 11 მაისის №--- გადაწყვეტილებით დამტკიცდა მოპასუხესა და სს „ს---ს გ----ლ ს---ო ე---ას” შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების (22.03.06. №----) ფასი, ვადა და პირობები სემეკის კომპეტენციის ფარგლებში;

7.7. სს „…..-…. ჯ----ას” 2008 წლის 3 აპრილის №---- გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანია მიერთებული იქნა სს „….-… ჯ----ას” ელექტრულ ქსელთან.

7.8. კომპანიის 2010 წლის 27 თებერვლის წესდების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოების თითოეულ პარტნიორს უფლება აქვს მიიღოს თავისი წილის შესაბამისი დივიდენდი საზოგადოების წმინდა მოგებიდან. იმავე წესდების 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, პარტნიორებზე წლიური წმინდა მოგება შეიძლება განაწილდეს დივიდენდის სახით საწესდებო კაპიტალში მათი წილების შესაბამისად, თუ პარტნიორები სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. დივიდენდის გაცემის საფუძველია წლიური ბალანსის დამტკიცება.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 145-ე მუხლი). ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 31-ე მუხლი). მითითებულ ნორმათა მიხედვით, დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ (ერთმანეთისაგან განსხვავდება დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება, რაც მინორიტარ პარტნიორს, საწარმოს პარტნიორად რეგისტრაციისთანავე წარმოეშვა, ხოლო რაც შეეხება პარტნიორის მიერ დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, ეს უკანასკნელი დაკავშირებულია კაპიტალური საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან (იხ. სუსგ საქმე №ას-851-795-2017, 20 აპრილი, 2018 წელი)).

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პრეტენზიით სადავოდაა გამხდარი მიუღებელი დივიდენდის (მოგების) 10 000 ლარის მოსარჩელისთვის მიკუთვნება. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რა თქმა უნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ საქმე №ას-1423-2019, 28.02.2020). მხოლოდ სიტყვიერი განმარტება საამისოდ ვერ გამოდგება. შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს, კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი). ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

11. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

12. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

13. განსახილველ შემთხვევაში, საწარმოს ფუნქციონირებისა და მის მიერ შემოსავლის მიღების დასადასტურებლად სასამართლომ მოიშველია საქმეში წარდგენილი, მოპასუხე კომპანიასა და სს „ს---ოს გ----ი ს----იო ე---ას“ შორის 2006 წლის 22 მარტს გაფორმებული №--- ხელშეკრულება ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 25 აგვისტოს დასკვნა, აუდიტორ ლ. ბ-ის 2011 წლის 2 თებერვლისა და შპს „ა-----ტ ---- ი-----ას“ 2011 წლის 26 ივლისის აუდიტორული დასკვნები.

14. კასატორი (მოპასუხე) სადავოდ ხდის რა მოპასუხე კომპანიის მიერ გარკვეული სახის ფინანსური მოგებისა და შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ გასაცემი თანხის (დავალიანების) არსებობის ფაქტს, უარყოფს მოსარჩელის მიერ წარდგენილი საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების შედეგებს და აცხადებს, რომ სასამართლო სადავო საკითხის შეფასებისას არ უნდა დაყრდნობოდა მათში ასახულ ინფორმაციას, ვინაიდან მითითებული დასკვნები არ არის კატეგორიული და უტყუარი.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი). საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო.

16. მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. მან კრიტიკული განხილვის შედეგად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე. უფრო მეტიც, თუ ექსპერტის დასკვნა უპირისპირდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკითხი უნდა გაირკვეს სწორედ ექსპერტის ზეპირი განმარტებების მიღების, საკუთრივ დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯრებისა და დეტალური შესწავლის საფუძველზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევი მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტლებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი).

17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც საქმეზე წარდგენილი საექსპერტო დასკვნის, ასევე აუდიტორული დასკვნების კვლევითი და დასკვნითი ნაწილების შინაარსი, ასევე პროცესის მონაწილე პირთა ზეპირი სახის განმარტებები.

18. მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიის იმდროინდელ დირექტორს, მ. ს-ლს 2010-2011 წლებში (საბუღალოტრო დოკუმენტების ქსეროასლების მიხედვით) საწარმოდან მიღებული აქვს სხვადასხვა თანხები: 2010 წელს - 33 966,56 ლარი, ხოლო 2011 წელს - 59 778,87 ლარი. მის მიერ გატანილი თანხების მიზნობრიობა დოკუმენტებში მითითებული არ არის, რის გამოც ექსპერტებისთვის უცნობია, რის საფუძველზე აქვს მიღებული მას ეს თანხები. საექსპერტო დასკვნაში მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე კომპანია საშუალო დატვირთვით იმუშავებდა და გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციას სრულად მოახდენდა ესკოზე, 2007-2010 წლებში იგი საორიენტაციოდ მიიღებდა 734 885,26 ლარის შემოსავალს.

19. აუდიტორული დასკვნების მიხედვით კი ირკვევა, რომ საწარმოს კაპიტალში კომპანიის იმდროინდელი დირექტორისა და დამფუძნებლის, მ. ს-ის ქონებრივი შენატანი 397 607 ლარს შეადგენდა, ხოლო მოსარჩელის - 196 968,60 ლარს. ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნული ქონებრივი შენატანები ბუღალტრულად უნდა ასახულიყო, არა როგორც კრედიტორული ვალდებულებები დამფუძნებელთა მიმართ, არამედ, როგორც დამფუძნებელთა მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებული ქონებრივი შენატანი. ამასთან, აუდიტორების განმარტებით, მ. ს-ის მიერ კომპანიის სალაროსა და საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის მიზეზად აღნიშნულია საზოგადოების საჭიროება, ხოლო გატანის მიზეზად საზოგადოების სამეურნეო საჭიროება, ან ვალდებულების გასტუმრება, ხოლო რიგ შემთხვევებში, თანხის გატანის მიზეზი უცნობია. თუ არსებული ინფორმაციით დამფუძნებელი და დირექტორი მ. ს-ლი არ წარმოადგენდა შესაბამისი ვალდებულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, აუდიტორების მოსაზრებით, მას კომპანიის მიმართ დასაბრუნებელი ექნებოდა 124 686,76 ლარი. ამასთან, დასკვნებში მითითებულია, რომ მოპასუხე კომპანიის სწორი მენეჯმენტის და საშუალო დატვირთვის პირობებში, 2007-2010 წლებში იგი მიიღებდა 747 505 ლარის შემოსავალს, 60%-იანი საშუალო რენტაბელობის პირობებში მიიღებდა მოგების სახით 448 503 ლარს და მოგების გადასახადის შემდეგ დამფუძნებელს დარჩებოდა წმინდა მოგება 358 802 ლარი, საიდანაც 35%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს შეხვდებოდა 125 580 ლარი.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული საექსპერტო და აუდიტორული დასკვნებით დგინდება სადავო პერიოდში მოპასუხე კომპანიის ფუნქციონირებისა და მის მიერ გარკვეული სახის შემოსავლის მიღების ფაქტი. მითითებული კვლევები კი ემყარება საწარმოს საქმიანობისა და ფულადი სახსრების მიმოსვლის ამსახველ ოფიციალურ დოკუმენტაციას.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას წარდგენილი დასკვნების არასათანადოობის შესახებ, ვინაიდან გარდა საკუთარი განმარტებისა, მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება (საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნა), რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ასახულ ინფორმაციას გააბათილებდა და სხვაგვარი დასკვნის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება კი, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ უდავო გარემოებასაც, რომ საწარმოს წესდების თანახმად, კომპანიის მიერ მიღებული მოგება უნდა განაწილებულიყო პარტნიორებს შორის. საქმეში კი არ მოიპოვება პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც დაადგენდა საწარმოს მიერ მიღებული მოგების (დივიდენდის) პარტნიორებზე განაწილებას ან/და მოგების სხვა მიზნობრიობით გამოყენებასა და საწარმოს სასარგებლოდ მიმართვის შეთანხმებას.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე არაა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, ხოლო კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „…..-….“ (….) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე