Facebook Twitter

საქმე №ას-1464-2022 15 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ე-----ნ ტ----ს“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ს. ს-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომის ანაზღაურების დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე, შპს ,,ე----ნ ტ----სს“ მოსარჩელე, ს. ს-ის სასარგებლოდ, შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით, დაეკისრა 61851,41 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ მისაღები თანხა), გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით. მოპასუხე, შპს ,,ე-----ნ ტ---ს“ მოსარჩელე, ს. ს-ის სასარგებლოდ, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით მისაცემ შრომის ანაზღაურებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 9836 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ მისაღები თანხა), გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით. მოპასუხე, შპს ,,ე----ნ ტ---ს“ მოსარჩელე, ს. ს-ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 61851,41 აშშ დოლარის 0.07%-ის ექვივალენტი ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ მისაღები თანხა), 2020 წლის 01 თებერვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლითაც კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარის დამადასტურებელი დედანი ქვითრისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმორდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, შპს ,,ე----ნ ტ----ის“ საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარის დამადასტურებელი დედანი ქვითრისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმორდგენა.

13. აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2022 წლის 25 ნოემბერს, კასატორის წარმომადგენელმა თ. ხ-ემ აღნიშნული გზავნილი ჩაიბარა იმავე დღეს, 2022 წლის 25 ნოემბერს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 26 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 02 დეკემბერს. აღნიშნული პერიოდის მანძილზე კასატორს არ წარუდგენია შესაბამისი სახის შუამდგომლობა და არც ხარვეზის შევსების შესახებ განუცხადებია სასამართლოსთვის, ამიტომ სასაკაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე განჩინებით, შპს ,,ე-----ნ ტ----მა“ გაუშვა რა გასაჩივრების ვადა, მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

14. დამატებით უნდა აღინიშნოს, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორმა მიუთითა, რომ დასაბუთებული საჩივარი წარმოდგენილი იქნებოდა სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული განჩინების ჩაბარების შემდგომ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს ,,ე----ინ ტ-----ის“ წარმომადგენელ თ. ხ-ეს გაეგზავნა 2022 წლის 07 ოქტომბერს და ჩაბარდა 2022 წლის 12 ოქტომბრეს (ს.ფ. …-…. ტ. .).

15. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ე----ინ ტ----ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე