საქმე №ას-1025-2022 29 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ა-გ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჯ–ი, გ. გ–ა
მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი – ც. გ–ა
დაინტერესებული პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.06.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
მოთხოვნის არსი – პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, მხარდამჭერი პირების განსაზღვრა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. განმცხადებლის მოთხოვნა:
ა.ჯ–მა და გ. გ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი განმცხადებელი“, „მეორე განმცხადებელი“, ერთად - „განმცხადებლები“ ან „მხარდამჭერები“) განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ც. გ–ა ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად, ხოლო მის მხარდამჭერად სოციალური დაცვის (საპენსიო საქმის წარმოების, სოციალური დაცვის უზრუნველყოფასთან, მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებთან ურთიერთობებში და სხვ.), ასევე პირადი უფლებების დაცვის სფეროში (პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სფეროსთან დაკავშირებული ურთიერთობები) დაინიშნოს პირველი განმცხადებელი, ხოლო ქონებრივი უფლებების დაცვის სფეროში (უძრავ-მოძრავ ქონებებთან, სამეწარმეო საქმიანობასთან, საბანკო ანგარიშების მართვასთან, საავტორო უფლებებთან და სხვა საკითხებში) - მეორე განმცხადებელი.
2. მხარდამჭერად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში განცხადება წარადგინა ასევე მ.ა-გ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე განმცხადებელი“ ან „კასატორი“) და მოითხოვა ც. გ–ა ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერად დაინიშნოს იგი, ამასთან, კასატორმა თანხმობა განაცხადა ც. გ–ას მხარდამჭერად დაინიშნოს მეორე განმცხადებელი ქონებრივი უფლებების დაცვის სფეროში (გარდა „კ.კ–ში“ მუზეუმის მოწყობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისა).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.12.2021 წლის გადაწყვეტილებით:
1. პირველი განმცხადებლის და მეორე განმცხადებლის განცხადება დაკმაყოფილდა. ც. გ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მხარდაჭერის მიმღები“) ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:
1.1. მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა; მედიკამენტების შეძენა და მიღება (მათ შორის სპეციალიზებულ სააფთიაქო დაწესებულებებში (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ); მკურნალობა/რეაბილიტაციის მიზნით საზღვარგარეთ გაყვანა/შემოყვანა, ამ მიზნით კერძო და საჯარო სამართლის ნებისმიერ იურიდიულ პირთან, ფიზიკურ პირთან ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა; სოციალური დაცვა, მხარდაჭერის მიმღები პირისთვის კანონმდებლობით კუთვნილი პენსიის ან/და სხვა ნებისმიერი სახის სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა: ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია და სხვა, მათ შორის, საპენსიო საანაბრე ანგარიშზე დაგროვებული თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება, განკარგვა, ამ მიზნით საჯარო და კერძო სამართლის ნებისმიერ იურიდიულ პირთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებასთან ურთიერთობა; ამავე მიზნებით საქართველოს საერთო სასამართლოების ნებისმიერ ინსტანციაში წარმომადგენლობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებებით, ადვოკატის აყვანა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მინიჭება; საბანკო დაწესებულებაში მხარდაჭერის მიმღების სახელზე არსებული საპენსიო ანგარიშების მართვა - თანხის შეტანა ან/და გამოტანა, სრული საბარათე მომსახურების მიღების ჩათვლით (ბარათის შეკვეთა, დამზადება, მიღება, აღდგენა, განახლება, პინ-კოდის ცვლილება, ინტერნეტ მომსახურების მიღების და სხვ.); მხარდაჭერის მიმღების პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამ მიზნით მხარდაჭერის მიმღების უფლებების წარმოდგენა ნებისმიერ ორგანოში, მხარდაჭერის მიმღებთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, საარქივო დაწესებულებებიდან, სხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოთხოვა/გაცნობა, ამავე მიზნებით ურთიერთობა კერძო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებებით წარმომადგენლობა ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში, ადვოკატის აყვანა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მინიჭება;
1.2. მხარდაჭერის მიმღების საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა; ქ. თბილისში, ........ ქუჩაზე მდებარე ”კ.კ–ში” კ. და ზ. გ–ების მუზეუმის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, აღნიშნულთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულებების გაფორმება (გასხვისების გარეშე) სახელმწიფო დაწესებულებებთან და შესაბამის უწყებებთან, აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შიდა და გარე იერ-სახის მოსაწესრიგებლად შესაბამის სამსახურებთან (არქიტექტურის, კულტურის სამინისტრო და სხვ.) შეთანხმებული სამუშაოების წარმოება-ზედამხედველობა. ამ მიზნებით ადვოკატის აყვანა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება; სამეწარმეო/ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ნებისმიერ იურიდიულ პირში მხარდაჭერის მიმღების საკუთრებაში არსებული წილების მართვა, ამ მიზნით კერძო დასაჯარო სამართლის ნებისმიერ სხვა პირთან, ფიზიკურ პირთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა; ქ. თბილისში, ........ ქ. ..-ში მდებარე მხარდაჭერის მიმღების საკუთრებაში არსებული #...... საკადასტრო ერთეულზე დაწყებული სამშენებლო-სანებართვო ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში მხარდაჭერის მიმღების ინტერესების წარმოდგენა, სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების წარმოება-ზედამხედველობა, უძრავი ქონების სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული ხელშეკრულებების შესრულების ზედამხედველობა და/ან ახალი ხელშეკრულების დადება. მხარდასაჭერი პირის ინტერესების დაცვის მიზნით აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვა/გასხვისება, მიღებული თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება და მისი განკარგვა ც. გ–ას საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნებით (მათ შორის, მკურნალობა/რეაბილიტაცია, ყოფითი საჭიროებები, უფრო დაბალი ღირებულების მქონე უძრავი ქონების შეძენა და სხვა). აღნიშნული მიზნებით ურთიერთობა ნებისმიერ კერძო დაწესებულებასთან (მათ შორის ნებისმიერი ბანკი) და ადმინისტრაციულ ორგანოსთან (მათ შორის, ნოტარიუსი, საჯარო რეესტრი, ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა), ამავე მიზნით ადვოკატის აყვანა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მინიჭება; ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში მხარდაჭერის მიმღების სახელზე არსებული ყველა ტიპის საბანკო ანგარიშების (გარდა საპენსიო) მართვა, თანხის შეტანა-გამოტანა, ახალი ანგარიშის გახსნა, ანგარიშებზე თანხის შეტანა ან/და ამ ანგარიშებიდან თანხის გატანა მხარდასაჭერი პირის ინტერესებისათვის, სრული საბარათე და ინტერნეტ- მომსახურების მიღების ჩათვლით (ბარათის შეკვეთა, დამზადება, მიღება, აღდგენა, განახლება და სხვ). საავტორო უფლებების დაცვა/მართვა, ზედამხედველობა ამ უფლებებთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერ გარიგების შესრულებაზე, ახალი გარიგების დადება, ამ მიზნით ნებისმიერ ადმინისტრაციულ და კერძო დაწესებულებასთან ურთიერთობა, დავის შემთხვევაში, სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებებით წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოების ნებისმიერ ინსტანციაში, ადვოკატის აყვანა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მინიჭება;
2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მხარდამჭერად დაინიშნა პირველი განმცხადებელი, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ სფეროებში - მეორე განმცხადებელი. მხარდამჭერებს მიენიჭათ უფლებამოსილება თვითონ, დამოუკიდებლად განახორციელონ მათთვის, როგორც მხარდამჭერისათვის მინიჭებული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.
2.1. მესამე განმცხადებლის განცხადება პირველი განმცხადებლისთვის მხარდამჭერის უფლების შეწყვეტისა და მისი (მესამე განმცხადებლის) მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
3. მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.01.2020 წლის და 04.08.2020 წლის N2/70-20 განჩინებებით დაწესებული დროებითი მხარდაჭერა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მხარდაჭერის მიმღებს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.10.2021 წლის დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღებს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მხარდაჭერის მიმღებს ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი მკვეთრადაა გამოხატული. მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის, მოქმედებების განხორციელების უნარი და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. მხარდაჭერის მიმღების სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული. მისი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია, შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება. მას ესაჭიროება მხარდამჭერი შემდეგ სფეროებში: მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა; მედიკამენტების მიღება და შეძენა (მათ შორის სპეციალიზებულ სააფთიაქო დაწესებულებებში); მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გაყვანა/შემოყვანა და ამ მიზნით ნებისმიერ ადმინისტრაციულ და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობა; სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, ამ მიზნით საგადასახადო, სხვა ნებისმიერ საჯარო და კერძო დაწესებულებასთან ურთიერთობა, შპს „კ.კ.მ–ის“ (ს/ნ .....) შესახებ, მისი საგადასახადო ვალდებულებების ან/და ზედმეტობისა და სხვა უფლება-მოვალეობების თაობაზე ინფორმაციის მიღება; საქართველოში რეგისტრირებულ ყველა კომერციულ ბანკთან ურთიერთობა მხარდაჭერის მიმღების ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიღების და ამ ვალდებულებების შესრულების მიზნებით; მხარდაჭერის მიმღების საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზედამხედველობა და ამ ქონებაზე მოქმედი საიჯარო ხელშეკრულების პირობის შესრულება, საიჯარო ქირის მიღება და საბაზრო მდგომარეობის გათვალისწინებით, მხარდასაჭერი პირის ინტერესების შესაბამისად, საიჯარო პირობების ცვლილება; მხარდაჭერის მიმღების მიერ მემკვიდრეობით მიღებული საავტორო უფლებების განხორციელება, მათ შორის, კლასიკოსი მწერლის კ. გ–ას შემოქმედების გამოცემის საკითხებში მოლაპარაკებების წარმოება და შესაბამისი გარიგებების დადება; ასევე სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა იმ სფეროში, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო. მხარდაჭერის მიმღებს არ შეუძლია მხარდამჭერის დახმარებით თვითონ განახორციელოს სხვადასხვა უფლებები, გამოხატოს შესაბამისი ნება და შესაძლებელია მხარდამჭერმა განახორციელოს აღნიშნული უფლებები უშუალოდ, მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობის გარეშე. მხარდაჭერის გადასინჯვის განსაზღვრის ვადა, დასკვნის თანახმად, რეკომენდებულია მაქსიმალური, 5 წლით.
3.2. 16.12.2021 წელს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მხარდაჭერის მიმღებ პირთან დამყარებული კომუნიკაციის შედეგად (რომელიც განხორციელდა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ჩართვის გზით) დგინდება, რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და საჭიროებს მხარდაჭერას.
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.01.2020 წლის განჩინებით მხარდაჭერის მიმღებს მკურნალობა/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვის, მედიკამენტების მიღება-შეძენის, მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გაყვანა-შემოყვანის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებში დროებით მხარდამჭერად დაინიშნა პირველი განმცხადებელი. ამავე სასამართლოს 04.08.2020წ. განჩინებით, გაფართოვდა მისთვის დაწესებული დროებითი მხარდაჭერის ფარგლები და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის, უძრავ/მოძრავი ქონების მართვის, საავტორო უფლებების განხორციელების სფეროებში, დროებით მხარდამჭერად დაინიშნა მეორე განმცხადებელი.
3.4. პირველი და მეორე განმცხადებელი თანხმდებიან სფეროებზე, რომლებშიც თითოეულმა მათგანმა უნდა განახორციელოს მხარდაჭერა. რაც შეეხება მესამე განმცხადებლის მოთხოვნას, იგი წინააღმდეგია მხარდამჭერად პირველი განმცხადებლის დანიშვნისა, შესაბამისად, ამავე სფეროებში ითხოვს თავად დაინიშნოს მხარდამჭერად, ხოლო თანხმობას გამოხატავს, მეორე განმცხადებლის მხარდამჭერად დანიშვნის საკითხზე ქონებრივი უფლებების დაცვის სფეროებში (გარდა „კ.კ–ში“ მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისა).
3.5. სსსკ-ის 36315 მუხლის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
3.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1275.3, 12771 მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 1280-ე მუხლზე (1. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. 3. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. 4. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. 5. თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს) და განმარტა, რომ კანონი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება დაინიშნოს მხარდამჭერად, მათ შორის, მხარდამჭერი შეიძლება იყოს, პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ხოლო თუ მათ შორის არჩევა ვერ მოხერხდა, მხარდამჭერად დაინიშნება მეურვეობისა და მზუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირი, ან სპეციალიზირებული დაწესებულების წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში, მხარდამჭერად დანიშვნაზე თანხმობას აცხადებენ პირები სსკ-ის 1280-ე მუხლით დადგენილ პირთა წრიდან, შესაბამისად, არ არსებობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის, ან სპეციალიზებული დაწესებულების წარმომადგენლის მხარდამჭერად დანიშვნის აუცილებლობა/წინაპირობა.
3.7. სსკ-ის 1283-ე მუხლის შესაბამისად, მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს, ნებას და სურვილს.
3.8. მეორე განმცხადებელი მხარდაჭერის მიმღების ძმაა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებით (ტ.1. ს.ფ. 258, 261). არ არსებობს კანონით გათვალისწინებული, მისი მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება (ტ.1. ს.ფ. 252-257). ამასთან, მეორე განმცხადებელს, როგორც მხარდამჭერის კანდიდატურას, მხარს უჭერენ სხვა განმცხადებლები, ასევე მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ადვოკატი და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი. მათივე განმარტებით, რაიმე გარემოებას, რაც მეორე განმცხადებლის, როგორც დროებითი მხარდამჭერის, მიერ მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა, ადგილი არ ჰქონია.
3.9. უდავოა, რომ პირველ განმცხადებელს და მხარდაჭერის მიმღებს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ არის. პირველი განმცხადებლის მითითებით, რასაც ადასატურებს ასევე მეორე განმცხადებელი, იგი მხარდაჭერის მიმღებთან 2016 წლიდან იმყოფება სამოქალაქო (არარეგისტრირებულ) ქორწინებაში, ხოლო 2017 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ მხარდაჭერის მიმღების კუთვნილ სახლში, „კ.კ–ში”, მდებარე თბილისი, ........ ქუჩა N19. მათ შორის არსებული დამოკიდებულება ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პირადი მიმოწერის მასალებით (ტ.1. ს.ფ. 70-95). კანონით გათვალისწინებული, პირველი განმცხადებლის მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელი გარემოებები - ნასამართლობა, მშობლის, ან მხარდამჭერის უფლებების შეზღუდვა/ჩამორთმევა და სხვა, არ არსებობს (ტ.1. ს.ფ.58, 59, 60). იგი პრაქტიკოსი ექიმია, მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი. პირველი განმცხადებელი დანიშნული იყო დროებით მხარდამჭერად, მისი მხრიდან, მხარდამჭერის უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე რაიმე ინფორმაცია და მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება. მესამე განმცხადებლის განმარტებაა, რომ პირველმა განმცხადებელმა მხარდასაჭერი პირის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო (მკურნალობის გარეშე დატოვა უმძიმესი პაციენტი) და მისი სიცოცხლის უფლების დასაცავად არ უზრუნია, საქმის მასალებით არ დასტურდება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება პირველი განმცხადებლის პოზიტიური როლი მხარდაჭერის მიმღების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში (ტ.2. ს.ფ. 21-30). იგი ზრუნავს მხარდაჭერის მიმღების ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე. საექსპერტო კვლევაში მონაწილე სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე, დადგენილია, რომ პირველ განმცხადებელს აქვს შესაბამისი უნარები, მოტივირებულია და მზადაა განახორციელოს მასზე ზრუნვა, ხელი შეუწყოს მხარდასაჭერი პირის ფუნქციონირებას, უფლებების დაცვასა და საჭიროებების დაკმაყოფილებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში (ტ.1. ს.ფ.328-330). აღნიშნული გარემოებები სოციალურმა მუშაკმა ასევე დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე. 16.12.2021 წელს გამართულ სასამართლოს სხდომაზე მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ადვოკატი და დაინტერესებული პირის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმნენ და მხარი დაუჭირეს მოთხოვნილ სფეროებში მხარდამჭერად პირველი განმცხადებლის დანიშვნას. მის კანდიდატურას მხარს უჭერს ასევე მხარდაჭერის მიმღების ძმა - მეორე განმცხადებელი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს განცხადებაში მითითებულ გარემოებას, რომ მხარდაჭერის მიმღებთან უახლოესი ურთიერთობის გარდა, პირველი განმცხადებლის პროფესიიდან გამომდინარე, რაც პაციენტის ინტერესების დაცვისა და მკურნალობის საკითხში მონაწილეობის შესაძლებლობასაც გულისხმობს, პირველი განმცხადებელი, როგორც მხარდაჭერის მიმღების ოჯახის წევრი, ახლობელი და სპეციალური განათლების მქონე პირი, აკმაყოფილებს მხარდამჭერად დანიშვნის მოთხოვნებს იმ სფეროებში, როგორც ამას მოითხოვენ განმცხადებლები.
3.10. მესამე განმცხადებელი მხარდაჭერის მიმღების დედაა (ტ.1. ს.ფ. 156). კანონით გათვალისწინებული ზოგადი გარემოებები, რაც პირის მხარდამჭერად დანიშვნას გამორიცხავს (ნასამართლობა, თავად მხარდაჭერის მიმღებად აღიარება, მშობლის, ან მხარდამჭერის უფლება-მოვალეობების შეზღუდვა/ჩამორთმევა და სხვა), სახეზე არ არის (ტ.1. ს.ფ. 180-183). მის მხარდამჭერად დანიშვნას არ ეთანხმებიან სხვა განმცხადებლები, რასაც ასაბუთებენ მასთან თავად მხარდაჭერის მიმღების დამოკიდებულებით, მათ შორის არსებული კონფლიქტების, სასამართლო დავების გამო. აღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერები ელექტრონული საინფორმაციო ვებგვერდებიდან (ტ.1. ს.ფ. 44, ტ.2. ს.ფ. 119), სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილებები (ტ.1. ს.ფ. 248, 286-290).
3.11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და ზემოთ მითითებულ გარემოებათა საფუძველზე, სავარაუდო მხარდამჭერების პიროვნული თვისებების, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარის, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ურთიერთდამოკიდებულების, ნდობის, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებისა და ნების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მხარდამჭერებად დაინიშნონ პირველი და მეორე განმცხადებელი, შესაბამისად იმ სფეროებში, რომლებშიც თითოეული მათგანი აცხადებს თანხმობას.
3.12. რაც შეეხება მესამე განმცხადებლის მითითებას, რომ პირველი განმცხადებელი არაუფლებამოსილი პირია, სასამართლო, სსკ-ის 1280-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, განმარტავს, რომ ქორწინების რეგისტრაციის არარსებობა არ წარმოადგენს პირის მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელ გარემოებას. კანონით მხარდამჭერ პირთა წრე ფართოა და მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს ოჯახის წევრი, ნათესავი და ახლობელიც კი, რომელიც შეიძლება ნათესაურ კავშირში არ იმყოფებოდეს მხარდასაჭერ პირთან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რაიმე გარემოება, რაც შეიძლება პირველი განმცხადებლის მხარდამჭერის უფლებამოვალეობათაგან გათავისუფლებისა და მის ნაცვლად მესამე განმცხადებლის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს.
3.13. სსკ-ის 1289-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
3.14. მხარდაჭერის ვადასა და მისი გადასინჯვის პერიოდულობასთან მიმართებით სასამართლომ მხედველობაში მიიღო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ რეკომენდირებული ვადა, რომლადაც კვლევის ჩატარების მომენტში ექსპერტებმა მიიჩნიეს 5 წელი და მხარდაჭერის გადასინჯვის ვადად განისაზღვრა 5 წელი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მხარდამჭერისათვის ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისად, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განხორცილდება სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ კონტროლი, რაც თავისთავად დაიცავს მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესებს.
3.15. მხარდაჭერის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქმედუუნარობისგან განსხვავებით, სათანადო ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, პირი, მიუხედავად იმისა, რომ ექვემდებარება მხარდაჭერას და შესაბამისად ხდება მხარდაჭერის მიმღები, რჩება ქმედუნარიანი და სათანადო დახმარების მიღების პირობებში თვითონ განაგებს თავის ქმედებებს. სსკ-ის 1293-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები. შესაბამისად, როდესაც მხარდაჭერის მიმღები პირის ფსიქოსოციალური შესაძლებლობები (რაც შეფასებულია ექსპერტების მიერ და რაშიც სასამართლო რწმუნდება ამ პირთან პირდაპირი კომუნიკაციის მცდელობის შედეგად), გამორიცხავენ ამ პირის უნარს გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილებით განსაზღვროს მხარდამჭერი პირი და ამ პირის ბედი "მიანდოს" მას.
3.16. სსკ-ის 13051-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა მესამე განმცხადებელმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.06.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მესამე განმცხადებელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:
5.1. სასამართლომ ბიოლოგიურ დედას, პროფესიით ექიმს, უარი უთხრა მხარდამჭერად დანიშვნაზე და არჩევანი გააკეთა არასათანადო, არასანდო პირზე, რომელიც პრეზიდენტ ზ. გ–ასა და მისი ოჯახის დაუძინებელი მტრის, ე.შ–ძის უახლოესი ადამიანის შვილია.
5.2. სასამართლომ პირველ განმცხადებელს მიანიჭა „მეუღლის“ სტატუსი და უპრეცედენტო გადაწყვეტილებით დაადგინა 2016 წლიდან მასსა და მხარდაჭერის მიმღებს შორის სამოქალაქო ქორწინების არსებობის შესახებ. სასამართლო გონდაკარგული ადამიანის არჩევანის გარეშე ენდობა არაუფლებამოსილ პირს, რომელიც არ არის ცოლი, არც ნათესავი და უნდობლობას უცხადებს ბიოლოგიურ დედას. სსკ-ის 1120-ე მუხლის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება. პირველი განმცხადებელი ამ სტატუსით ჟურნალისტების წინაშე მაშინ წარსდგა, როდესაც მხარდაჭერის მიმღები უგონო მდგომარეობაში იყო და არ შეეძლო ნების გამოხატვა. დადასტურებულია, რომ პირველი განმცხადებელი 2019 წელს 54 წლის იყო, მხარდამჭერის მიმღებს კი ასაკით უფროსი ქალბატონების მიმართ ყოველთვის უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა.
5.3. კასატორმა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შვილი სამკურნალოდ წაიყვანა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც პირველი განმცხადებლის ჩასვლამდე არ ჰქონია არანაირი დაბრკოლება. მხოლოდ დროებით მხარდამჭერად დანიშნული პირველი განმცხადებლის ჩასვლის შემდეგ დედა გამოაძევეს საავადმყოფოდან. სასამართლომ არასწორად დაადგინა პირველი განმცხადებლის პოზიტიური როლი მხარდაჭერის მიმღების მკურნალობასა და რეაბილიტაციის პროცესში. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება მის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსადმი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. პირველი განმცხადებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალით დგინდება, რომ მხარდაჭერის მიმღები ლახტით არის მიბმული რობოტზე, იკვებება გასტროსომული მილით, მასთან არ მყარდება არანაირი კონტაქტი, ვერ იკავებს თავს, არ მიმდინარეობს ტვინის კერების მკურნალობა, ფორმალურად დაჰყავთ ლოგოპედი და გათიშული ჰყავთ სედატიური საშუალებებით. პირველი განმცხადებელი მუშაობს და მხარდაჭერის მიმღებთან რჩება მომვლელი. გაურკვეველია, რას დაეყრდნო სასამართლო, როდესაც მხარდამჭერად დატოვა არაუფლებამოსილი, არასანდო პირი.
5.4. კასატორი ეთანხმება მეორე განმცხადებლის მხარდამჭერად დანიშვნას, გარდა „კ.კ–ის“ სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილისა. ჯერ კიდევ პრეზიდენტ ზ. გ–ას სიცოცხლეში იყო მცდელობა კ.კ–ი გადაეცათ სახელმწიფოსთვის და დღეს, მხარდამჭერის მიმღების უგონო მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლოა მეორე განმცხადებელი, როგორც ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებული პირი, აიძულონ სახელმწიფოს გადასცეს „კ.კ–ი“. კასატორი მიუთითებს სტატიაზე, სადაც საუბარია, რომ მეორე განმცხადებელი აპირებს „კ.კ–ი“ სახელმწიფოს გადასცეს, რასაც მოჰყვება სახელმწიფო მუზეუმის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედება და დიდი მწერლის - კ. გ–ას, მისი მეუღლისა და ქალიშვილის საფლავების ხელყოფა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2022 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.
10. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან) (შემდეგში „კონვენცია“) პრეამბულით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომლებიც ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ფასეულობას, ასევე მათ თანასწორობასა და განუყოფელ უფლებებს აღიარებენ თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად; აღიარებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში განაცხადა და დაადასტურა ყველა ადამიანის უფლება, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე ისარგებლოს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. კონვენციის პრეამბულით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, მათ შორის, ინტენსიური დახმარების საჭიროების მქონეთა მიმართ.
11. კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, ყოველი პიროვნების თანასწორობას კანონის წინაშე და კანონის ძალით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.
12. განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მხარდაჭერის მიმღებს გარკვეულ სფეროებში სჭირდება მხარდაჭერა, გადაწყვეტილებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის. სსკ-ის 12771 მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარდაჭერის ინსტიტუტის შემოღება უკავშირდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.10.2014 წლის №2/4/532,533 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ქმედუუნარობა ინდივიდუალიზებული პროცესია. შესაბამისად, კანონმდებლობის მიზანი უნდა იყოს ქმედუუნარო პირების დახმარება გადაწყვეტილების მიღების საკითხში და არა ყველა სფეროში მათი ნების სრული ჩანაცვლება. მეურვეების უფლებამოსილება მკაცრად უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საკითხებით, რომლებშიც ადამიანს არ გააჩნია ნების ფორმირების შესაძლებლობა, ხოლო ქმედუუნარო პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები მათი შეუზღუდავი უნარების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მეურვის თანხმობით (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.10.2014 წლის №2/4/532,533 გადაწყვეტილება).
14. კანონმდებელმა საკანონმდებლო ნოვაციით ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა ქმედუნარიანობა მიიჩნია მათი სამართალსუბიექტობის აუცილებელ ნიშნად. ქმედუუნარობა, როგორც ამ პირთა ნებაუუნარო და უმოქმედო სამართლებრივი მდგომარეობა, ერთი შეხედვით საკანონმდებლო ველიდან გაქრა. ეს მიდგომა სულაც არ ნიშნავს სინამდვილისადმი გაძალიანებას. მხარდაჭერის ინსტიტუტის შემოღებით კანონმდებელმა შექმნა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ნების გამოხატვისა და სწორად წარმართვის მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს მის სამოქმედო მდგომარეობაში მოყვანას. სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან ჩანს, რომ აღნიშნული ინსტიტუტის მიზანია არა ერთი ნების მეორე ნებით ჩანაცვლება, არამედ სამართლებრივად ჯანსაღი და შედეგუნარიანი ნების გამოვლენისათვის ხელის შეწყობა (სსკ-ის 1293-ე მუხლის მე-3 ნაწილი) (ბესარიონ ზოიძე, „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის სამართალსუბიექტობა“, თსუ სამართლის მიმოხილვა, N1, 2016, სპეციალური გამოცემა, გვ. 40, 41). მხარდაჭერა გულისხმობს მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების სათანადო რჩევის მიცემასა და დახმარებას, მიიღოს ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში (სსკ-ის მე-12, 1289-ე მუხლები). ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსხვავდება მზრუნველობისა და მეურვეობისაგან, რა დროსაც მეურვე/მზრუნველი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და მისი ფუნქცია არა სამზრუნველო/სამეურვეო პირის სათანადო რჩევაში, არამედ მის ნაცვლად ნების გამოვლენაში ან გარიგების დადებისას თანხმობის მიცემაშია (სსკ-ის 1290-ე მუხლი). თუმცა, არსებობს გამონაკლისიც. იმ შემთხვევაში, თუ მხარდაჭერის მიმღების მიერ პირადად ნების გამოვლენა ობიექტურად შეუძლებელია ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და ეს საზიანოა მხარდაჭერის მიმღების ინტერესებისთვის, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით დადოს აუცილებელი გარიგებები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარდამჭერი ავლენს ნებას მხარდაჭერის მიმღების ნაცვლად, რითაც იგი წარმომადგენლობითი ფუნქციით მეურვესა და მზრუნველს უტოლდება (სირდაძე/პაპიძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021 წელი, მუხ.12771, ველი 5).
15. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანია მხოლოდ ის, თუ ვინ განახორციელებს უკეთესად მხარდაჭერას, ვისი დანიშვნა შეესაბამება მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს - პირველი და მეორე განმცხადებლის, თუ კასატორის. პირველი და მეორე განმცხადებელი თანხმდებიან სფეროებზე, რომლებშიც თითოეულმა მათგანმა უნდა განახორციელოს მხარდაჭერა. კასატორი წინააღმდეგია მხარდამჭერად პირველი განმცხადებლის დანიშვნისა, შესაბამისად, ამავე სფეროებში ითხოვს თავად დაინიშნოს მხარდამჭერად, ხოლო თანხმობას გამოხატავს მეორე განმცხადებლის მხარდამჭერად დანიშვნის საკითხზე ქონებრივი უფლებების დაცვის სფეროებში (გარდა „კ.კ–ში“ მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისა).
16. სსკ-ის 1280-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სსკ-ის 1280-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
17. ამდენად, მხარდამჭერი პირის არჩევისას, სასამართლო ყურადღებას აქცევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მხარდამჭერად დასანიშნი პირის პიროვნული თვისებები, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი, მხარდაჭერის მიმღების ინტერესები, ნება და ა.შ. (სუსგ Nას-211-2020, 21.07.2020წ.).
18. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მეორე განმცხადებელი მხარდაჭერის მიმღების ძმაა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებით და არ არსებობს კანონით გათვალისწინებული, მისი მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. ამასთან, მეორე განმცხადებელს, როგორც მხარდამჭერის კანდიდატურას, მხარს უჭერენ პირველი განმცხადებელი, კასატორი, ასევე მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ადვოკატი და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი. მათივე განმარტებით, რაიმე გარემოებას, რაც მეორე განმცხადებლის, როგორც დროებითი მხარდამჭერის, მიერ მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა, ადგილი არ ჰქონია.
19. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ პირველი განმცხადებლის მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელი კანონით გათვალისწინებული გარემოებები - ნასამართლობა, მშობლის, ან მხარდამჭერის უფლებების შეზღუდვა/ჩამორთმევა და სხვა, არ არსებობს. იგი პრაქტიკოსი ექიმია, მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი. დადგენილია ასევე და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ დროებითი მხარდამჭერის განხორციელების პროცესში მისი მხრიდან, მხარდამჭერის უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე რაიმე ინფორმაცია და მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება. იგი ზრუნავს მხარდაჭერის მიმღების ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე. საექსპერტო კვლევაში მონაწილე სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ პირველ განმცხადებელს აქვს შესაბამისი უნარები, მოტივირებულია და მზადაა განახორციელოს მასზე ზრუნვა, ხელი შეუწყოს მხარდასაჭერი პირის ფუნქციონირებას, უფლებების დაცვასა და საჭიროებების დაკმაყოფილებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში (ტ.1. ს.ფ.328-330). მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ადვოკატი და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმნენ და მხარი დაუჭირეს მოთხოვილ სფეროებში მხარდამჭერად პირველი განმცხადებლის დანიშვნას. მის კანდიდატურას, მხარს უჭერს ასევე მხარდაჭერის მიმღების ძმა - მეორე განმცხადებელი.
20. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა პოზიცია მხარდამჭერების მიერ მოვალეობების ჯეროვნად განხორციელების საკითხზე, სადაც განმარტებულია, რომ სააგენტო 2020 წლიდან მუშაობს მხარდაჭერის მიმღების შეთხვევაზე. მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ მოდულში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს 15.01.2020 და 04.08.2020 წლის განჩინებებით დადგენილ ფარგლებთან მხარდაჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების შესაბამისობა/მონიტორინგი ხორციელდებოდა ქ. თბილისის საქალაქო ცენტრისა და მცხეთის ტერიტორიული ერთეულის სოციალური მუშაკების მონაწილეობით. ამ დროის განმავლობაში არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც პირველი და მეორე განმცხადებლების მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა. მათ მიერ დაკმაყოფილებულია მხარდჭერის მიმღების ყველა საჭიროება და სათანადოდ ექცევა ყურადღება მის ფიზიკურ, ფსიქიკურ, ემოციურ რეაბილიტაციის პროცესს (ტ.3, ს.ფ. 185,186).
21. რაც შეეხება კასატორის განმარტებას მასზე, რომ პირველი განმცხადებელი არასათანადო პირია, ვინაიდან არ არის მხარდაჭერის მიმღების ნათესავი ან/და რეგისტრირებული მეუღლე, პალატა მიუთითებს, რომ ქორწინების რეგისტრაციის არარსებობა არ წარმოადგენს პირის მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელ გარემოებას. კანონით მხარდამჭერ პირთა წრე ფართოა და მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს ოჯახის წევრი, ნათესავი და ახლობელიც კი, რომელიც შეიძლება ნათესაურ კავშირში არ იმყოფებოდეს მხარდასაჭერ პირთან. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1280-ე მუხლში მოცემულია რიგითობა, რომლის მიხედვითაც უნდა შეირჩნენ პირები მხარდამჭერებად და განისაზღვროს, რომელ მათგანს მიენიჭოს უპირატესობა. პირველი რიგის კანდიდატებად მიჩნეულ უნდა იქნენ სსკ-ის 1280.2 მუხლით განსაზღვრული პირები (მათ შორის, სპეციალისტიც). ივარაუდება, რომ მათ მხარდასაჭერ პირთან არსებული მჭიდრო სოციალური კავშირის გამო ან საკუთარი სპეციალობიდან გამომდინარე, ყველაზე კარგად შეუძლიათ გაართვან თავი ვალდებულებას. თუმცა, საჭიროა, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ შემდეგ ორ წინაპირობას: რეალურად იყვნენ გამოსადეგი ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და განაცხადონ თანხმობა. სსკ-ის 1280.2 მუხლის ფარგლებში რიგითობა არ არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ მხარდამჭერი არ ახორციელებს მხარდასაჭერ პირზე ზრუნვას ისე, როგორც ამას აკეთებს მეურვე ან მზრუნველი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მათ შორის არსებული სოციალური კავშირის ხარისხს - მაგალითად, მნიშვნელობა არ აქვს, მხარდამჭერი პირი არის ოჯახის წევრი, მეგობარი თუ უბრალოდ სპეციალისტი. გადამწყვეტია, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ წინაპირობებს (გამოსადეგობისა და თანხმობის ელემენტებს) სსკ-ის 1280.2 მუხლით (სირდაძე/პაპიძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021 წელი, მუხ.1280, ველი 14,15).
22. პირველი განმცხადებლის მითითებით, რასაც ადასატურებს ასევე მეორე განმცხადებელი, იგი მხარდაჭერის მიმღებთან 2016 წლიდან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2017 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ მხარდაჭერის მიმღების კუთვნილ სახლში. მათ შორის არსებული დამოკიდებულება ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პირადი მიმოწერის მასალებით (ტ.1. ს.ფ.70-94). სასამართლოს მიერ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მხარდაჭერის მიმღებთან უახლოესი ურთიერთობის გარდა, პირველი განმცხადებლის პროფესიიდან გამომდინარე, რაც პაციენტის ინტერესების დაცვისა და მკურნალობის საკითხში მონაწილეობის შესაძლებლობასაც გულისხმობს, პირველი განმცხადებელი, როგორც მხარდაჭერის მიმღების ოჯახის წევრი, ახლობელი და სპეციალური განათლების მქონე პირი, აკმაყოფილებს მხარდამჭერად დანიშვნის მოთხოვნებს. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს პირველი განმცხადებლის მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელ რაიმე გარემოებას.
23. რაც შეეხება კასატორს, მის მხარდამჭერად დანიშვნას არ ეთანხმებიან სხვა განმცხადებლები, რასაც ასაბუთებენ მასთან თავად მხარდასაჭერი პირის დამოკიდებულებით, მათ შორის არსებული კონფლიქტების, სასამართლო დავების გამო. აღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერები ელექტრონული საინფორმაციო ვებგვერდებიდან (ტ.1,ს.ფ.44, ტ.2,ს.ფ.119), სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილებები (ტ.1. ს.ფ. 242,243, 286-290).
24. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარდამჭერების პიროვნული თვისებების, მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარის, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ურთიერთდამოკიდებულების, ნდობის, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებისა და ნების, ასევე თავად მხარდაჭერის მიმღების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია მიზანშეწონილად მხარდამჭერებად დაენიშნა პირველი და მეორე განმცხადებელი, შესაბამისად იმ სფეროებში, რომლებშიც თითოეული მათგანი აცხადებს თანხმობას.
25. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონებრივი უფლებების დაცვის სფეროში მხარდამჭერად დანიშნულია მხარდაჭერის მიმღების ძმა - მეორე განმცხადებელი, რომლის კანდიდატურასაც ასევე ეთანხმება კასატორი (გარდა „კ.კ–ში“ მუზეუმის მოწყობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისა). რაც შეეხება კასატორის განმარტებებს, რომ არსებობს საშიშროება, მეორე განმცხადებელი, როგორც ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებული პირი აიძულონ „კ.კ–ი“ გადასცეს სახელმწიფოს, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული რაიმე მტკიცებულება რაც ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთი არსებობაზე ვერც კასატორი მიუთითებს.
26. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარდამჭერის დანიშვნით მხარდაჭერის მიმღების ინტერესების დაცვის ამოწურვა არ ხდება, რადგანაც საკითხი, თავისი სოციალური არსითა და ქვეყანაში პირის უფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროებს გარკვეულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. სასამართლო, ბუნებრივია, არ წარმოადგენს ამ პროცესის უშუალო მეთვალყურეს, თუმცა, მოვლენათა განვითარების შესწავლა-ზედამხედველობას კანონმდებელი ავალდებულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. სსკ-ის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მხარდამჭერის ძირითადი ვალდებულება (მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში), ასევე სსკ-ის 1293-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარება გარიგების დადებისას და სხვა, ექვემდებარება გადამოწმებას კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 13051-13055 მუხლები), გარდა ამისა, კანონი ადგენს ქმედით მექანიზმს დაწესებული მხარდაჭერის შეწყვეტისათვის (სსკ-ის 13041 მუხლი), ისევე, როგორც ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების მოთხოვნის წარდგენას სასამართლოსათვის საკუთარი მოვალეობებისაგან მხარდამჭერის გათავისუფლების თაობაზე (სსკ-ის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.).
27. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მხარდაჭერის მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსარკვევად კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის, ინფორმაციის გამოთხოვისა და საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ფაქტების მითითების და საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას. საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (შდრ. სუსგ Nას-211-2020, 21.07.2020წ.; სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ.).
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ.: სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.; სუსგ Nას-211-2020, 21.07.2020წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
30. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინამძღვრები.
31. კასატორი სსსკ-ის 36318 მუხლის მე-4 ნაწილით წინამდებარე საქმეზე გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ა-გ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის, ინფორმაციის გამოთხოვისა და საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე მ.ა-გ–ას შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს. მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია