საქმე №ას-861-2022 27 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
გიორგი მიქაუტაძე,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – რ.ა–კი, გ.ა–ი, ე.ა–ი, ლ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.შ–ი, მ.კ–ძე, დ.ჩ–ვი, ლ.ვ–ვი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.05.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით – გ.ა–ის სარჩელის დაკმაყოფილება, ლ.ვ–ვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება (ლ.ვ–ვის სარჩელით)/ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის აღიარება, უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება (გ.ა–ის სარჩელით)
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.ვ–ვმა სარჩელი აღძრა რ.ა–კის, გ.ა–ის, ე.ა–ის, ლ.ა–ის მიმართ და მოითხოვა უძრავი ნივთის, მდებარე გორი, ........, ს/კ ........, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, 27.04.2017 წლიდან სარჩელის სასამართლოში შეტანამდე ყოველთვიურად 406.38 ლარის სოლიდარულად დაკისრება, რაც 21 თვის განმავლობაში შეადგენს 8930 ლარს, ხოლო 27.04.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 406.38 ლარის გადახდა.
2. გ.ა–მა წარადგინა სარჩელი ვ.შ–ის, მ.კ–ძის, დ.ჩ–ვის, ლ.ვ–ვის მიმართ და მოითხოვა უძრავ ქონებაზე (ს/კ .....) 08.12.2015 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარება, საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, ასევე ყველა შემდგომი ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
3. გორის რაიონული სასამართლოს 05.04.2019 წლის გადაწყვეტილებით გ.ა–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ლ.ვ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეების რ.ა–კის, გ.ა–ის, ე.ა–ის, ლ.ა–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორი, ......, ს/კ ......; ლ.ვ–ვის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.453-478). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს მხარეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.12.2019 წლის განჩინებით ლ.ვ–ვის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ.: განჩინება, ტ.4, ს.ფ.62-65).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.05.2022 წლის განჩინებით რ.ა–კის, გ.ა–ის, ე.ა–ის და ლ.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.5, ს.ფ.267-284). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს რ.ა–კმა, გ.ა–მა, ე.ა–მა და ლ.ა–მა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.07.2022 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. 23.12.2022 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.; №ას-714-2019, 14.06.2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
10. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).
11. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. სუსგ №ას-1504-2020, 22 აპრილი, 2021წ.)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, რ.ა–კს, გ.ა–ს, ე.ა–სა და ლ.ა–ს (კასატორები), მეორე მხრივ, ლ.ვ–ვს, ვ.შ–ს, მ.კ–ძესა და დ.ჩ–ვს (მოწინააღმდეგე მხარე) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. მხარეები თანხმდებიან, რომ გ.ა–ი (ან მისი ოფიციალური წარმომადგენელი) - ლ.ვ–ვს გადაუხდის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ლ.ვ–ვის საბანკო ანგარიშზე (სს ,,ლიბერთი ბანკი’’; ანგარიშის ნომერი: GE85LB0711158156916000; მიმღები: ლ.ვ–ვი) წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების დღიდან - მომდევნო სამი სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუკი გ.ა–ი, წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების დღიდან მომდევნო სამი სამუშაო დღის ვადაში არ გადაუხდის ლ.ვ–ვს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით საბანკო ანგარიშზე (სს ,,ლიბერთი ბანკი’’; ანგარიშის ნომერი: GE85LB0711158156916000; მიმღები: ლ.ვ–ვი), ლ.ვ–ვი ჩაითვლება უძრავი ქონების მდებარე გორი, ქუჩა .........- შენობის საერთო ფართობიდან _ 427.9 კვ.მ -ის (საკადასტრო კოდი: ......) კანონიერ მესაკუთრედ და გ.ა–ს არ ექნება არანაირი სახის პრეტენზია/დავა აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისა და წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტში მითითებული 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გ.ა–ის (ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის) მიერ ლ.ვ–ვის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ - გ.ა–ი (ან მისი ოფიციალური წარმომადგენელი) უფლებამოსილი იქნება მიმართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოახდინოს უძრავი ქონების - მდებარე გორი, ქუჩა ........ - შენობის საერთო ფართობიდან _ 427.9 კვ.მ -ის (საკადასტრო კოდი: ........) - გ.ა–ის სახელზე მესაკუთრედ რეგისტრაცია, წინამდებარე მორიგების აქტის წარდგენისა და ლ.ვ–ვის საბანკო ანგარიშზე თანხის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გ.ა–ის მიერ ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის წარდგენის საფუძველზე, ისე, რომ გ.ა–ს არ დასჭირდება აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის - ლ.ვ–ვის დამატებითი თანხმობა.
1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების, ლ.ვ–ვის საბანკო ანგარიშზე გ.ა–ის მიერ თანხის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარის ჩარიცხვის და გ.ა–ის სახელზე უძრავი ქონების - მდებარე გორი, ქუჩა ..... - შენობის საერთო ფართობიდან _ 427.9 კვ.მ - ის (საკადასტრო კოდი: .....) მესაკუთრედ რეგისტრაციიდან, მხარეებს ერთმანეთის მიმართ არანაირი დავა/პრეტენზია არ ექნებათ აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ არცერთ საკითხზე, მათ შორის სასესხო, თანხის მოთხოვნის ან სხვა სამოქალაქო სახის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
1.4. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ფარგლებში გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განჩინებით (საქმე №2/8-18) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გ.ა–ისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე გორი სოფელი ........, ს/კ: №........ გაყიდვის, გაჩუქების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.
1.5. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით (საქმე №2/1120-17) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ლ.ვ–ვისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. გორი, ......., ს/კ: №..... გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებებზე ყადაღა/აკრძალვის გაუქმების რეგისტრაციის უფლება აქვს ასევე გ.ა–ს (ან მის ოფიციალურ წარმომადგენელს) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის წინამდებარე მორიგების აქტის წარდგენის საფუძველზე, ისე, რომ გ.ა–ს არ დასჭირდება აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის - ლ.ვ–ვის დამატებითი თანხმობა. წინამდებარე მორიგების აქტის 1.4. პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება მოხდება, სასამართლოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე მორიგების აქტის და გ.ა–ის (ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის) მიერ ლ.ვ–ვის საბანკო ანგარიშზე - თანხის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის წარდგენის საფუძველზე.
2. გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
3. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-861-2022.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. რ.ა–კს (პ/ნ: .......), გ.ა–ს (პ/ნ: ......), ე.ა–ს (პ/ნ: .......) და ლ.ა–ს (პ/ნ: 59401133069) უკან დაუბრუნდეთ ლ.ა–ის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1800 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი: 27.06.2022წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
რევაზ ნადარაია