29 სექტემბერი 2022 წელი
№ას-1139-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ხ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.კ–ძე, ნ.კ–ძე
მესამე პირი - ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
გ.კ–ძემ და ნ.კ–ძემ (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოსარჩელეები“, „აპელანტები“, „კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები“) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ხ.ა–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტების მოწინააღმდეგე მხარე“, „კასატორი“) მიმართ, არასრულწლოვან ე.კ–თან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით, კერძოდ:
1.1. გ.კ–ძისათვის არასრულწლოვან შვილთან, 2013 წლის 13 ნოემბერს დაბადებული ე.კ–თან, ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა ყოველი კვირის სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი დღის 14:00 საათიდან 20:00 საათამდე და ზაფხულის არდადეგებზე 01 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთი ბავშვის წაყვანის უფლებით;
1.2. ნ.კ–ძისათვის არასრულწლოვან შვილიშვილთან, 2013 წლის 13 ნოემბერს დაბადებული ე.კ–თან, ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა ყოველი კვირის ორშაბათი და ოთხშაბათი დღის 14:00 საათიდან 20:00 საათამდე ბავშვის წაყვანის უფლებით.
სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:
2. მოპასუხე გ.კ–ძის მამობის გაუქმება 2013 წლის 13 ნოემბერს დაბადებული ე.კ–ძის მიმართ და შესაბამისი ცვლილების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ ამოღებულ იქნეს ბავშვის მამის გრაფიდან მითითებული ჩანაწერი - გ.კ–ძე, ხოლო ბავშვის გვარის გრაფაში ნაცვლად კ–სა მიეთითოს გვარი - ა–ი.
სარჩელის საფუძვლები:
3. 2011 წლის 15 ოქტომბრიდან გ.კ–ძე და ხ.ა–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 13 ნოემბერს, შეეძინათ შვილი _ ე.კ–ძე. 2014 წლის ნოემბრიდან მეუღლეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ, ხოლო ბავშვი იმყოფება დედასთან. 2015 წლის 27 მარტიდან მოპასუხე უკრძალავს მამას _ გ.კ–ძეს შვილთან ურთიერთობას, ასევე, უარს აცხადებს ბებიამ _ ნ.კ–ძემ მოინახულოს და ურთიერთობა იქონიოს შვილიშვილთან. მოსარჩელეებს განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა აქვთ მცირეწლოვანთან, რომელიც ასევე, შეჩვეულია მათთან ყოფნას. გ.კ–ძე არის მზრუნველი მამა, ყურადღებას იჩენს მის მიმართ და ცდილობს უზრუნველყოს საჭირო საშუალებებით, ასევე ყურადღებით გამოირჩევა ნ.კ–ძე, რომელიც იჩენს მზრუნველობას შვილიშვილის მიმართ, უზრუნველყოფს მას საჭირო მატერიალური საშულებებით, მიჰყავს ბავშვი ექიმთან და აძლევს მედიკამენტებს. ეს ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მეუღლეთა სატელეფონო მიმოწერითაც. მას შემდეგ, რაც მოპასუხე უკრძალავს მოსარჩელეებს ბავშვთან ურთიერთობას, მის ამბებს იგებენ ძიძის მეშვეობით. ბავშვს ამჟამად ძირითადად მოპასუხის დედა უვლის, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, გარდა ამისა, ხ.ა–ი დასაქმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში და სამუშაო დღეებში 9:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ ახერხებს შვილთან ურთიერთობას.
შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
4. 2013 წლის 13 ნოემბერს დაბადებული ე.კ–ძე არ არის მეუღლეთა საერთო შვილი, რაც კარგად იცის გ.კ–ძემაც. სამშობიაროდან გამოყვანიდან შვიდი თვის განმავლობაში ბავშვი იყო დედის გვარზე, თუმცა იგი მოპასუხემ დაარწმუნა, რომ ბავშვისთვის უმჯობესი იქნებოდა გვარის შეცვლა. გ.კ–ძეს ბავშვთან არავითარი ნათესაური კავშირი არ გააჩნია, მიუხედავად ამისა, ის დაჟინებით მოითხოვს მასთან ურთიერთობას, რაც ემსახურება მის სამომავლო მიზანს, მანიპულირება მოახდინოს ბავშვით. რას აპირებს მომავალში უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მას ბავშვის სიყვარული და მასზე მზრუნველობის სურვილი არ ამოძრავებს.
მოპასუხის პოზიცია ძირითად სარჩელზე:
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ.კ–ძე არ არის არასრულწლოვნის ბიოლოგიური მამა, რაც თავადაც კარგად იცის, მხარეები სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინდნენ, ამასთან, დიდი ხანია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ამასთანავე, ბიოლოგიური ნათესაობა არ აკავშირებს ბავშვს მეორე მოსარჩელესთან. გ.კ–ძე უარს აცხადებს, ჩაიტაროს ბიოლოგიური კვლევა, რითაც შეძლებს მამობის დადასტურებას და ბავშვთან ურთიერთობის მოთხოვნას კანონის ძალით, იგი მკურნალობდა უშვილობაზე. მოპასუხემ გამოხატა შეშფოთება, რომ მოსარჩელეს სურს მისი შვილის წაყვანა ბავშვისათვის საფრთხის შექმნის მიზნით. რაც შეეხება ყოფილ მეუღლეთა მიმოწერას, იგი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის.
შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:
6. გ.კ–ძემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბავშვის სააქტო ჩანაწერში მამის მითითება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა განხორციელებული. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ წარმოადგენს ქორწინებაში დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური მშობელს, ამ ფაქტის მტკიცება ეკისრება შეგებებულ მოსარჩელეს, რომელმაც უნდა დაასახელოს ბიოლოგიური მამის ვინაობა, გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის მოთხოვნის 1 წლიან ხანდაზმულობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, გ.კ–ძისა და ნ.კ–ძის თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ხ.ა–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა მამობა გ.კ–ძის არასრულწლოვანი ბავშვის - ე.კ–ძის მიმართ, რის შესაბამისადაც შევიდა ცვლილება ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, ბავშვის მამის გრაფიდან ამოღებული იქნა მითითებული ჩანაწერი - გ.კ–ძე, ხოლო ბავშვის გვარის გრაფაში ნაცვლად კ–სა მიეთითა - ა–ი. ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერის სხვა მონაცემები დარჩა უცვლელი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ნ.კ–ძეებმა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
9. გ. და ნ.კ–ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და გ.კ–ძეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და სააპელაციო სასამართლოსთვის მიცემული მითითებები:
11.1. გ. და ნ.კ–ძეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
11.2. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
11.3. ხ.ა–ის შეგებებული სარჩელი გ.კ–ძის მიმართ მამობის რეგისტრაციის გაუქმებისა და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
11.4. შვილთან/შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
12. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის დასასაბუთებლად საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ როგორც კვლევის ბიოლოგიური მეთოდი, ისე _ მარეგულირებელი ნორმა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა გამოყენებული, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი ადგენს ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილების წარმოშობის დადგენას და ნორმაში მითითებული კვლევის მეთოდების გამოყენება, ასევე, იმ საპროცესო საშუალებათა განკარგვა (მტკიცების ტვირთის შებრუნება), რომლებიც მშობლისა და შვილის ბიოლოგიური კავშირის დადგენას ისახავს მიზნად, გამართლებულია მაშინ, როდესაც ბავშვის მშობლები არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რაც განსხვავდება ამავე კოდექსის 1189-ე მუხლით მოწესრიგებული შემთხვევისაგან, როდესაც ივარაუდება შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან. საკასაციო პალატამ მხარი დაუჭირა იმ ზოგად იდეას, რომ ბავშვს აქვს თვითგამორკვევის უფლება, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ასევე უფლებას, იცოდეს საკუთარი ბიოლოგიური წარმომავლობა, რაც გულისხმობს არასრულწლოვანის უფლებას, სურვილის შემთხვევაში, გამოარკვიოს მამასთან ბიოლოგიური კავშირი, ასევე, არსებობის შემთხვევაში, დაადგინოს თუ ვინ არის მისი ბიოლოგიური მშობელი, თუმცა ეს საკითხი წინამდებარე დავის ფარგლებში შესაფასებელი არ არის. ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის დებულებებით, რადგანაც სახეზე არ იყო ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა, რამეთუ არასრულწლოვანი დაბადებულია რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, რაც ძირითადი მოსარჩელის კანონიერ მამად აღიარების საფუძველს წარმოადგენს. ქართული კანონმდებლობა, მსგავსად ევროსაბჭოს წევრი არაერთი ქვეყნის კანონმდებლობისა, ადგენს კანონიერი მამობის პრეზუმფციას იმ ბავშვისა და მშობლის მიმართ, რომელიც რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში დაიბადა. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესად არ შეიძლება განხილულ იქნას მდგომარეობა, როდესაც დედა მოითხოვს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის რეგისტრაციის გაუქმებას იმგვარად, რომ ბავშის მამის ვინაობა არ იქნას ფიქსირებული და უფრო მეტიც, აცხადებს, რომ კანონიერი მამა არ წარმოადგენს ბიოლოგიურ მშობელს, ხოლო სასამართლოს არ წარმოუდგენს წონად ფაქტებსა და არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი ადაპტირებულია ბიოლოგიური მამის ოჯახურ გარემოში, იზრდება მასთან ერთად და გააჩნია „ოჯახური ცხოვრების“ დაცვის ინტერესი მასთან.
13. შვილთან/შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მისცა შემდეგი მითითებები:
13.1. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“ და „ოჯახური ცხოვრების“ კონცეფციის ფართო გაგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის ურთიერთობა ერთ-ერთ მშობელსა და ბებიასთან არ შეიძლება მხოლოდ კანონის ფორმალურ დანაწესზე იყოს დამყარებული (რომ ამ პირებს კანონი ანიჭებთ სრულ შესაძლებლობასა და ვალდებულებას, ზრუნავდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ბავშვის აღზრდაში, ხოლო მეორე მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი, არ აქვს ამ უფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობა), ასეთ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომლის თანახმადაც ბავშვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჰქონია კონტაქტი კასატორებთან და მისი ასაკის გათვალისწინებით არ არის ჩამოყალიბებული ემოციური კავშირი. საკითხის გადაწყვეტის მიზნით ქვემდგომ სასამართლოებს არ დაუდგენიათ ის ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები, რაც ბავშვის ოჯახთან ინტეგრირებას შეუწყობს ხელს და არ არის დასახული გზები, ფსიქო-ემოციური გაუცხოების აღმოსაფხვრელად;
13.2. ქვემდგომმა სასამართლომ უნდა განკარგოს მათ შორის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ინკვიზიციურობის საპროცესო შესაძლებლობა და სპეციალისტთა ინტენსიური და ხანგრძლივი დაკვირვების გზით უნდა გადაჭრას ურთიერთობის აღდგენის საკითხი გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით.
13.3. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანომ ეფექტური გზით, პროფესიული კეთილსინდისიერებითა და სრული პასუხისმგებლობით უნდა გაწიოს სათანადო მუშაობა დასახული მიზნის მიღწევისათვის.
სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
14. გ.კ–ძისა და ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი გ.კ–ძისა და ნ.კ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ.კ–ძისა და ნ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
14.1. გ.კ–ძეს არასრულწლოვან შვილთან - ე.კ–თან (დაბადებული 2013 წლის 13 ნოემბერს) ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით:
ა) პირველი ექვსი თვის განმავლობაში ორ კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს, 2 საათით ბავშვის დედასთან ერთად წაყვანის უფლებით;
ბ) შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ყოველი კვირის შაბათ დღეს სამი საათით ბავშვის დედასთან ერთად წაყვანის უფლებით;
14.2. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალა განახორციელოს მონიტორინგი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში;
14.3. არასრულწლოვანთან ურთიერთობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალა მონიტორინგის შედეგების შეფასება და დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, გ.კ–ძეს არასრულწლოვან შვილთან ე.კ–თან (დაბადებული 2013 წლის 13 ნოემბერს) ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით:
ა) ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს 3 საათით და შაბათ დღეს 12 სთ-დან 19 სთ-მდე ბავშვის წაყვანისა და დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით.
14.4. გ.კ–ძეს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან ე.კ–თან (დაბადებული 2013 წლის 13 ნოემბერს) განესაზღვრა ბავშვის ნების გათვალისწინებით;
14.5. გ.კ–ძისათვის არასრულწლოვან შვილთან ე.კ–თან (დაბადებული 2013 წლის 13 ნოემბერს) დადგენილი ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ მონიტორინგის შედეგების შეფასებისა და დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ნ.კ–ძეს შვილიშვილთან ე.კ–თან (დაბადებული 2013 წლის 13 ნოემბერს) ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის შაბათი დღე 12 სთ-დან 19 სთ-მდე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
15.1. გ.კ–ძე და ხ.ა–ი 2011 წლის 15 ოქტომბრიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით მათ შორის ქორწინების შეწყვეტამდე, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
15.2. 2013 წლის 13 ნოემბერს დაიბადა ე. ა–ი, რომლის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებულია გ.კ–ძე, ხოლო დედის გრაფაში მითითებულია - ხ.ა–ი. ე. ა–ს შეეცვალა გვარი და მიენიჭა - კ–ძე.
15.3. ე.კ–ძის დაბადების შემდეგ, რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის მიუხედავად, ხ.ა–ს და გ.კა–ძეს ერთ ოჯახად აღარ უცხოვრიათ.
15.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განჩინებით დანიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ გ.კ–ძე, მიუხედავად ორჯერადი წერილობითი და სატელეფონო შეტყობინებისა, 2016 წლის 28 აპრილს და 10 მაისს ექსპერტიზის ბიუროში არ გამოცხადდა (რაზედაც შედგა ოქმი №1-2016 28.04.2016წ და №2-2016 10.05.2016წ).
15.5. საქმეში მესამე პირად ჩართული ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელთა პოზიცია მოცემულ დავასთან მიმართებით უცვლელია, კერძოდ, ნ.ბ–სა და ნ.ჯ–ძის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია, დადგინდეს არასრულწლოვანი ე.კ–ძის ბიოლოგიური მამის ვინაობა და თუკი დადგინდება, რომ გ.კ–ძე წარმოადგენს არასრულწლოვანის მამას, სწორედ აღნიშნულის შემდეგ უნდა განისაზღვროს მამასთან და ბებიასთან ურთიერთობის წესი. არასრულწლოვანი ე.კ–ძის ურთიერთობის წესის დადგენა იმ პირებთან, რომელთანაც არ აქვს ნათესაური კავშირი, არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს და უსაფუძვლოდ ხელყოფს მის უფლებებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები.
15.6. საქმის მასალებში წარმოდგენილი 08.05.2018 წლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგის მიხედვით, აგრეთვე - სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას ფსიქოლოგის ლ.პ–ის განმარტების თანახმად, არასრულწლოვანზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა გარემოებები იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი მამად მიიჩნევს სხვა პირს და მოსარჩელე - გ.კ–ძე - მისთვის უცხო ადამიანია. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის 17.10.2018 წლის დასკვნის თანახმად ,,ბავშვის ცხოვრებაში არსებობს პიროვნება, რომელსაც მამას ეძახის და რომელთანაც დადებითი ემოციური კავშირი აქვს. ასევე, არსებობს კანონიერი მამა, რომელიც ბავშვის ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის სურვილს გამოხატავს. თუმცა ბავშვს მის მიმართ ემოციური კავშირი არ აქვს. ბიოლოგიური მამის ვინაობას ეჭქვეშ აყენებს დედა. ასეთი სიტუაცია რისკის შემცველია და საფრთხეს უქმნის ბავშვს. თუკი დედა მანიპულირებს, მაშინ ეს დანაშაულია ბავშვის წინაშე, მაგრამ თუკი კანონიერი მამა არ არის ბილოგიური, მაშინ მანიპულაციის საშუალება არ გახდეს ბავშვი. რაიმე განმაპირობებელი მიზეზის გამო არ მოხდეს ბავშვის მიტოვება მას შემდეგ, რაც უკვე მოხდება ამჟამინდელი მიჯაჭვულობის ობიექტის ჩანაცვლება. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, პირველ რიგში აუცილებელია დადგინდეს ბიოლოგიური მამის ვინაობა. ამის დადგენით შემცირდება იმ ერთი რისკის არსებობა, რომლის წინაშეც შეიძლება ბავშვი აღმოჩნდეს“.
15.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით ფსიქოლოგის წინაშე დასმულ იქნა კონკრეტული კითხვები, კერძოდ, ფსიქოლოგს დაევალა იმის გამორკვევა, არსებობს თუ არა ემოციური კავშირი ბავშვსა და გ. და ნ.კ–ძეებს შორის. უარყოფით შემთხვევაში, რა ფორმით, რა მეთოდოლოგიით და რა პერიოდულობით (შეჩვევა/ადაპტაციის პერიოდის გათვალისწინებით) არის შესაძლებელი გ.კ–ძისა და ნ.კ–ძის შვილთან/შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა; რა ეფექტი (დადებითი ან/და უარყოფითი) ექნება ე.კ–ძეზე მშობლის ურთიერთობაში შევიდეს ისეთ ადამიანთან, რომელთანაც მამობრივი ურთიერთობა არასოდეს ქონია და არ მიიჩნევს მშობლად? რა ზეგავლენას იქონიებს ბავშვის ფსიქიკაზე ერთი მშობლის ჩანაცვლება მეორე მშობლით, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩაითვალა რეგისტრირებულ მამად, ანუ უკვე არსებული მშობლის ხატის ჩანაცვლება სხვა პირით, რომელთანაც არასოდეს ქონია ბავშვს კავშირი; რა ზეგავლენა ექნება ბავშვის ფსიქიკაზე, თუ მას იძულებით ურთიერთობა ექნება უცხო ადამიანთან მშობლის ამპლუაში.
15.8. დასმულ კითხვებზე პასუხის მიზნით, ფსიქოლოგ მ.ც–ას მიერ მომზადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ფსიქოლოგის მიერ სამი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული დაკვირვების შედეგად გამორკვეულ იქნა შემდეგი: ე.კ–ძე ოჯახად მიიჩნევს შემდეგ პირებს: რ., მ., ხ., ბ-მ, ბ. საკუთარ მშობლებად მიიჩნევს ხ–ს და ბ–ს, რომელსაც მოიხსენიებს „ბ -მ–ად“. ე–ის გადმოცემით, ახლა მამასთან პანდემიის გამო ისე ხშირად ვერ ურთიერთობს (ბავშვი ამბობს, რომ „სხვა ქალაქშია და ტელეფონით ვხედავ“). ბავშვი ამბობს, რომ ბ -მ. მასთან ხშირად მიდიოდა, იხსენებს დღეებს, როცა მამასთან ჰქონდა სატელეფონო კონტაქტი. მამაზე ყვება ხალისით, ამბობს, რომ ის, დედა და ბ-მ. ხშირად დადიოდნენ სასეირნოდ და ხშირად ერთად იყვნენ სანამ პანდემია დაიწყებოდა. ე–თან ინტერვიუს დროს გამოიკვეთა, რომ მისთვის ორივე მშობელი თანაბრად მნიშვნელოვანია და ორივესადმი ნდობითაა განმსჭვალული. ე. მამად მიიჩნევს ბ–ოს. ე–ს ღია კითხვების დასმისას („მომიყევი შენი ოჯახის შესახებ“, „მომიყევი მშობლების შესახებ“), არცერთხელ არ უხსენებია გ. და ნ.კ–ძეები.
ფსიქოლოგის დასკვნით (შედეგების შეჯამება): გამოსაკვლევ პირს ე.კ– არ აქვს ემოციური და ფიზიკური კავშირი გ. და ნ.კ–ძეებთან, რასაც თავად ბავშვის მამად რეგისტრირებული პირი - გ.კ–ძეც ადასტურებს. ბავშვი აღნიშნავს, რომ არ იცნობს მათ და გამოხატავს შემდეგ დამოკიდებულებას - „არ მომწონს, რომ ამ ადამიანს მახსენებენ, იმიტომ, რომ მას მე არ ვიცნობ“.
ფსიქოლოგის რეკომენდაცია: - კვლევის შედეგებიდან გამომდინარე არ იკვეთება ემოციური კავშირი ბავშვსა და გ. და ნ.კ–ძეებს შორის. ამ პირებთან ბავშვის ურთიერთობის წესის განსაზღვრა საჭირო და აუცილებელია ერთადერთ შემთხვევაში - თუ დადგინდება, რომ გ.კ–ძე არის ბ. კ–ს ბილოგიური მამა; - ბავშვის ინტერესებიდან და ემოციური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არაა რეკომენდირებული მშობლის ურთიერთობაში შევიდეს ისეთ პირთან, რომელთანაც არ ჰქონია ურთიერთობა და აქამდე ინფორმირებულია, რომ მისი მამაა სხვა პირი (ბ–ო), რომელთანაც უკვე აქვს ჩამოყალიბებული უსაფრთხო ემოციური კავშირი. ასეთი ცვლილება გამოიწვევს ორაზროვნებას ბავშვის იდენტობაში, მისი რეალური წარმომავლობის შესახებ და გააძლიერებს გაურკვევლობის სტრესს. მითუმეტეს, რომ როგორც ბავშვი აღნიშნავს, გ.კ–ძე მისთვის უცხო პირია და მას არ მიიჩნევს არც მამად, არც ოჯახის წევრად და არც რაიმე ტიპის ახლობელ ადამიანად (ბავშვი ამბობს, რომ ,,დედაჩემის ყოფილი ქმარია“). რაც შეეხება ბავშვის ,,იძულებით ურთიერთობას უცხო ადამიანთან მშობლის ამპლუაში“ ეს იქნება ბავშვის უფლებების დარღვევის, ბავშვზე ძალადობის გამოვლინება, მნიშვნელოვანი სტრესული გარემოება, რომელიც დააზიანებს ბავშვის თვითაღქმას, იდენტობის აღქმას და ემოციურ უსაფრთხოებას. - ბ.კ–ს საუკეთესო ინტერესის განსაზღვრისათვის რეკომენდირებულია გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდეს ვინ არის ბ. კ–ს ბიოლოგიური მშობელი, ამ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის კეთილდღეობისა და ფსიქიკური სტაბილურობისათვის, რამდენიმე გარემოების გამო: 1. ბავშვის კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანია ის არ გადაიქცეს მანიპულაციის საგნად ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, ერთის მხრივ, სწორად იყოს ინფორმირებული საკუთარი წარმომავლობის შესახებ და არ იცხოვროს დედის მხრიდან შეთავაზებულ რეალობაში და მეორეს მხრივ, არ გახდეს იძულებული ურთიერთობაში შევიდეს და მამად მიიღოს ის პირი, რომელიც მისთვის სრულიად უცხო ადამიანია, იმის მიუხედავად, რომ ეს პირი რეგისტრირებულია მის მშობლად. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტია ბიოლოგიური წარმომავლობის ზუსტი ცოდნა, მხოლოდ ეს მოგვცემს შესაძლებლობას დავიცვათ ბავშვი იმ სავარაუდო საფრთხეებისაგან, რაც ბ. კ–ს განვითარებისათვის სერიოზული მატრავმირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს; 2. თუ გ.კ–ძე არის ბ. კ–ს ბიოლოგიური მამა, ბავშვის იდენტობისა და თვითაღქმისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს საკუთარი რეალური (ბიოლოგიური) წარმომავლობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გ.კ–ძეს აქვს სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი და ბ. კ–ს ურთიერთობის აღდგენა, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მხოლოდ ბიოლოგიური მამობის დადგენის შემთხვევაში შეიძლება დადგეს საკითხი და განისაზღვროს ურთიერთობის სტილი და სიხშირე გ.კ–ძესთან; 3. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი ინფორმირებულია სასამართლო დავის შესახებ და მას არაერთხელ მოუწია სხვადასხვა სპეციალისტთან საუბარი საკუთარ ოჯახზე, მამაზე, დაკვირვებისათვის შეხვდა გ.და ნ.კ–ძეებს. პრინციპულად მნიშვნელოვანია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე გაირკვეს ბიოლოგიური (და არა რეგისტრირებული) მამის ვინაობა, რადგან ბ.კ–ძის განვითარებას არ შეექმნას საფრთხე, არ დარჩეს კითხვები საკუთარ წარმომავლობასა და იდენტობასთან დაკავშირებით, რადგან ამ საკითხში გაურკვევლობამ შესაძლოა მოზარდობის ან მოწიფულობის ასაკში თავი იჩინოს სერიოზული ემოციური პრობლემების და იდენტობის კრიზის სახით; ბიოლოგიური მამობის დამტკიცება მნიშვნელოვანია ბეტი კ–სა და გ.კ–ძის ურთიერთობისთვისაც, რაც სამომავლოდ გამორიცხავს გაურკვევლობებს, ეჭვებს, ამ ფაქტორით გამოწვეულ კონფლიქტურ ურთიერთობებს ბიოლოგიურ მამასა და შვილს შორის; 4. მნიშვნელოვანია მხარეებმა გაითვალისწინონ ბავშვის ინტერესები და მას არ შეეზღუდოს უფლება კავშირი ჰქონდეს ბიოლოგიურ მშობელთან, ასევე მნიშვნელოვანია სასამართლომ არ გამოიყენოს ბავშვის წინააღმდეგ თუნდაც კანონით გათვალისწინებული ნორმა (,,..რამეთუ არასრულწლოვანი დაბადებულია რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, რაც გ.კ–ძის კანონიერ მამად აღიარების საფუძველს წარმოადგენს“) და არ შეუქმნას საფრთხე ბავშვის ემოციურ სტაბილურობას, განვითარებას, ბიოლოგიურ და სოციალურ იდენტობას.
15.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 02 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე განხორციელდა არასრულწლოვან ე.კ–თან გასაუბრება, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვანმა ხალისით და თავისუფლად უპასუხა სასამართლოს კითხვებს, განმარტა, რომ ჰყავს დედა, ბებია-ბაბუა, ბიძა, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, ასევე „ბ-მ–ა“, რომელიც ცალკე ცხოვრობს, თუმცა მასთან ხშირი კონტაქტი აქვს, მათ შორის სატელეფონოც. ბ.მ–ა მასთან ხშირად მიდის, მიაქვს საჩუქრები, მიჰყავს სასეირნოდ და მასთან დროს კარგად ატარებს (იხ. 02.06.2021 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:22:09 წთ, 14:24:22 წთ.). რაც შეეხება გ.კ–ძეს, ე–ის განმარტებით, მას არ იცნობს, სახეზე იცის ვინც არის, მისთვის გ.კ–ძე უცხო ადამიანია და არ სურს მასთან ურთიერთობა, თუნდაც დედის თანდასწრებით და არც ტელეფონით საუბრის სურვილს გამოხატავს (იხ. 02.06.2021 წლის სასამართლო სხომის ოქმი, 14:27:13-14:33:00 წთ.).
15.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 02 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწვეული ფსიქოლოგის, ხ.ნ–ის განმარტებით, ე.კ–ძე არის ძალიან კომუნიკაბელური ბავშვი, აზრს გამოხატავს თავისუფლად, ბუნებრივია, სასამართლოსთან გასაუბრებისას ბავშვი ღელავდა, მაგრამ ეს გამოწვეული იყო მისი მხრიდან საქმის მნიშვნელობის გააზრებით, იგი ნებას გამოხატავს და სურვილებს აფიქსირებს ღიად და ამ პირობებში, არასრულწლოვნის მხრიდან არ ვლინდება გ.კ–ძესთან ურთიერთობის ქონის სურვილი.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
16.1. კანონმდებლობით გარანტირებულია მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეთ შვილთან. ეს უფლება გათვალისწინებულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში, რაც განპირობებულია იმით, რომ კანონმდებლობა საოჯახო ურთიერთობების რეგულირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოჯახის ყველა წევრის ურთიერთსიყვარულის, პატივისცემისა და მეგობრობის ატმოსფეროში ბავშვის აღზრდის საკითხს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მშობლის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ინტერესებით ხელმძღვანელობს, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მის ცხოვრების წესს, დამოკიდებულებას თითოეულ მშობელთან.
16.2. მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თანახმად: 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.
16.3. ბავშვის ოჯახური ცხოვრების უფლება მოიცავს უამრავ შემადგენელ უფლებას, როგორიცაა: ბავშვის უფლება, მოითხოვოს საკუთარი მშობლის მიერ მასზე ზრუნვის განხორციელება, ორივე მშობელთან კონტაქტის შენარჩუნების უფლება, ბავშვის უფლება, არ იყოს განცალკევებული მშობლებისგან გარდა იმისა, როდესაც ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესშია და ოჯახის ხელახალი გაერთიანების უფლება.
16.4. დადგენილია, რომ არასრულწლოვან ე.კ–ა და მის კანონიერ მამას, გ.კ–ძეს შორის ურთიერთობა არ არსებობს, ბავშვი პიროვნებას არ იცნობს და არ სურს მასთან იქონიოს კონტაქტი. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნებით და სოციალური მუშაკების პოზიციების შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ბავშვს კონტაქტი აქვს სხვა პირთან, რომელსაც აღიქვამს მშობლად და მოიხსენიებს მამად, ე.კ–ა და მის კანონიერ მამას - გ.კ–ძეს შორის რთულია რაიმე სახის ურთიერთობის წესის განსაზღვრაზე საუბარი, ბავშვის ბიოლოგიური მამის ვინაობის დადგენის და ამ მხრივ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გამოვლენის გარეშე.
16.5. ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით. შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
16.6. ევროპის კავშირის სამართლის მიხედვით, ძირითად უფლებათა ქარტიის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ცალსახად აღიარებს ყველა ბავშვის უფლებას, ჰქონდეთ კონტაქტი ორივე მშობელთან. ნორმის ტექსტი ნათლად აღწერს უფლების შინაარსს, კონკრეტულად კი კონტაქტის მნიშვნელობას, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს რეგულარულად; იძლეოდეს პირადი ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობას; და გამოიხატებოდეს პირადაპირი კონტაქტის ფორმით. თუმცა, არსებობს კონკრეტული შეზღუდვა: ყოველი ბავშვის უფლება, შეინარჩუნოს ორივე მშობელთან კონტაქტი, შესაძლებელია პირდაპირ შეიზღუდოს ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა განხორციელდება მხოლოდ გადასინჯვის პროცედურის დანერგვის მეშვეობით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ საკითხის ანალიზის დროს, რომლის დროსაც დგინდება, თუ რამდენად შეესაბამება საქმეზე სასამართლო იურისდიქციის გაგრძელება ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპს. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით, ორივე მშობელთან კონტაქტის შენარჩუნების უფლება გამოიხატება მშობელთა განშორების ყველა ფორმაში. ორივე მშობელთან კონტაქტის შენარჩუნებისა და ოჯახის გაერთიანების (რეუნიფიკაცია) უფლების უზრუნველყოფის პროცესი მოითხოვს ბავშვის საუკეთესო ინტერესების, როგორც გადაწყვეტილების მიღების დროს უპირველესი ფაქტორის გათვალისწინებას, ბავშვის მოსაზრებებისთვის შესაბამისი ღირებულებისა და მნიშვნელობის მინიჭებასთან ერთად, ბავშვის ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებას.
16.7. ევროპის საბჭოს სამართლის მიხედვით, თითოეული ბავშვის უფლება, შეინარჩუნოს კონტაქტი ორივე მშობელთან, ირიბად მოიაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლში. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „ბავშვისა და მშობლის მიერ ერთმანეთთან კონტაქტის უფლებით ერთობლივად სარგებლობა წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ძირითადი ელემენტს. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „ბავშვისა და მშობლის მიერ ერთმანეთთან კონტაქტის უფლებით ერთობლივად სარგებლობა წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ძირითადი ელემენტს“.
16.8. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაშიც ხაზგასმით აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
16.9. კანონმდებლობით გარანტირებულია მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეთ შვილთან. ეს უფლება გათვალისწინებულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში, რაც განპირობებულია იმით, რომ კანონმდებლობა საოჯახო ურთიერთობების რეგულირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოჯახის ყველა წევრის ურთიერთსიყვარულის, პატივისცემისა და მეგობრობის ატმოსფეროში ბავშვის აღზრდის საკითხს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მშობლის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ინტერესებით ხელმძღვანელობს, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მის ცხოვრების წესს, დამოკიდებულებას თითოეულ მშობელთან.
16.10. საქმის ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანს კანონიერ მამასთან (რომლის ბიოლოგიურ მამად ყოფნის საწინააღმდეგო ფაქტი დადასტურებული არ არის სათანადო და შესაბამისი მტკიცებულებებით) კონტაქტი არ აქვს, არ იცნობს მას და მისგან გაუცხოვებულია, ბავშვის მამისა და ბებიის გარემოში ადაპტაციის საკითხი შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის პერსპექტივაშიც იქნას შეფასებული და საკმარისზე მეტად გაჭიანურდეს დროში. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ საკმაო პერიოდია გასული დავის აღძვრიდან, რაც ბავშვის ასაკობრივ ზრდასა და პროპორციულად - გაუცხოების ფაქტორს ზრდის, შესაბამისად, საქმეში ჩართული სპეციალისტების დასკვნების, მათი შეფასებების, თავად არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გადაიჭრას მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენის საკითხი, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, მათი კონტაქტის ინტენსიური და ხანგრძლივი დაკვირვების გზით.
16.11. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ბავშვის ასაკი, მისი დღის განრიგის თავისებურებები, დედასთან არსებულ მიჯაჭვულობა, მამასთან ურთიერთობის სურვილის არქონა და იმ გარემოებასაც, რომ მამად სხვა პირს მოიაზრებს, თუმცა, ვინაიდან ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელი თანაბრად მონაწილეობდეს მის ყოველდღიურობაში, პალატის შეფასებით, არ არსებობს გ.კ–ძის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის ხელისშემშლელი გარემოება, თუმცა ხსენებული ბავშვის სურვილის საწინააღმდეგოდ არ უნდა იქნეს რეალიზებული, არ დააზარალოს ე.კ–ძის ფსიქო-ემოციური ფონი, რაც შემდგომში შეუქცევადი პროცესების დაწყების საშიშროებას ქმნის.
16.12. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არასრულწლოვან შვილთან და შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან და შეესაბამება მშობლისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას. პალატამ, ფსიქოლოგის რეკომენდაციის (,,რაც შეეხება ბავშვის ,,იძულებით ურთიერთობას უცხო ადამიანთან მშობლის ამპლუაში“ ეს იქნება ბავშვის უფლებების დარღვევის, ბავშვზე ძალადობის გამოვლინება, მნიშვნელოვანი სტრესული გარემოება, რომელიც დააზიანებს ბავშვის თვითაღქმას, იდენტობის აღქმას და ემოციურ უსაფრთხოებას“) გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ე.კ–ძის ნებას, რის შედეგადაც მამა-შვილსა და ბებია-შვილიშვილს შორის ურთიერთობის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი წესი, რომელიც სრულად თავსებადია ბავშვის საუკეთესო ინეტერესებთან, არ შელახავს გ.კ–ძის ოჯახური ცხოვრების თავისუფლებას.
17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ.ა–მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ.და ნ.კ–ძეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:
17.1. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქვემდგომ სასამართლოებს დაევალათ იმ ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორების დადგენა, რაც ბავშვის ოჯახთან ინტეგრირებას შეუწყობს ხელს და იმ გზების დასახვა, რომლებიც აუცილებელია ფსიქო-ემოციური გაუცხოების აღმოფხვრელად. აღნიშნულის საწონააღმდეგოდ, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ არანაირი ემოციური კავშირი ბავშვს გ.კ–ძესთან არ აქვს, არც ნ.კ–ძეს იცნობს, თუმცა ბავშვის საუკეთესო ინტერესად განსაზღვრა ორივე „მშობელთან“ ურთიერთობის აუცილებლობა.
17.2. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა ბავშვს და გაეცნო სპეციალისტების შეჯერებულ მოსაზრებას ბავშვის საუკეთესო ინტერესთან მიმართებით, მიიღო მათი პოზიციისგან განსხვავებული გადაწყვეტილება. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რეგისტრირებული ქორწინება, ბავშვის მოკლე პერიოდით რჩენა და ბავშვის დაბადების მოწმობაში მოსარჩელის მამად მითითება არ ქმნის საკმარის საფუძველს გ.კ–ძის ე.კ–ძის მამად მისაჩნევად და მისთვის ნახვის დღეების მისანიჭებლად, როდესაც ბავშვი მჭირდრო ემოციურ კავშირშია ბიოლოგიურ მამასთან და სხვა პირის მამად გაცნობა დააზიანებს მის ფსიქიკას. საქმეში წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, მამის ამპლუაში უცხო ადამიანთან იძულებით ურთიერთობას ბავშვზე ძალადობის ფორმად განიხილავს ფსიქოლოგიც.
17.3. გ.კ–ძესა და ე.კ– შორის რაიმე კავშირი, გარდა დაბადების მოწმობაში ასახული კავშირისა, 6 წლის მანძილზე არ ყოფილა. მოსარჩელეს ბავშვი უცხო პირად განიხილავს და არა მშობლად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ფსიქოლოგის დასკვნა, რომ ამჟამინდელი მიჯაჭვულობის ობიექტის ჩანაცვლების შემთხვევაში, არსებობს ბავშვის მიტოვების რისკი, რის გამოც ბავშვის ბიოლოგიური მამის ვინაობის დადგენა აუცილებელია.
17.4. ბავშვთან ურთიერთობისას ფსიქოლოგმა გაარკვია, რომ არასრულწლოვანი იცნობს მის ბიოლოგიურ მამას, რომელთანაც ჩამოყალიბებული აქვს ემოციური კავშირი და არის ინტეგრირებული. ფსიქოლოგ მ.ც–ას დასკვნის თანახმად, ბავშვი ინფორმირებულია, რომ მისი ბიოლოგიური მამა არის „ბ.“, რომელთანაც უკვე აქვს ჩამოყალიბებული უსაფრთხო ემოციური კავშირი, მამის ჩანაცვლება კი გამოიწვევს ორაზროვნებას ბავშვის იდენტობაში მისი რეალური წარმომავლობის შესახებ და გააძლიერებს გაურკვევლობის სტრესს, მით უმეტეს, რომ ბავშვი გ.კ–ძეზე აღნიშნავს, რომ მისთვის უცხო პირია და არ აღიქვამს მამად, არც ოჯახის წევრად და არც რაიმე თვალსაზრისით ახლობელ ადამიანად, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ოჯახთან ჰარმონიულ ურთიერთობაზე, საქმის შინაარსის გათვალისწინებით, სპეციალისტები შესაძლებლობად ვერ განიხილავდნენ.
17.5. გ.კ–ძე მიზანმიმართულად არ იტარებს გენეტიკურ ანალიზს, ბავშვის კანონიერ მამად თავს აცხადებს კანონში ჩაწერილი ნორმების ხარჯზე, რათა დაადგინოს ბიოლოგიური მამის ვინაობა და შური იძიოს ხ.ა–ზე. მტკიცების ტვირთის არსებული სახით გადანაწილებით, ხ.ა–ს დაეკისრა, დაავალდებულოს მესამე პირი (რომელიც არ არის წინამდებარე პროცესის მხარე) გენეტიკური კვლევის ჩატარებაზე, იმ პირობებში, როდესაც დედა პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და ბავშის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით არ ამწვავებს ურთიერთობას ბავშვის მამასთან და სურს შეინარჩუნოს ის კეთილგანწყობა და რაციონალური ურთიერთობა, რომელიც ერთმანეთის მიმართ აქვთ ხ.ა–ს, ბავშვს და მის ბიოლოგიურ მამას. კასატორი არ იზიარებს საკასაციო სასამართლოს 27.10.2017 წლის გადაწყვეტილებაში დედის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებისა და გ.კ–ძის ოჯახური ცხოვრების უფლების შეპირისპირებისას მამის უფლების მიმართ უპირატესობის მინიჭების შესახებ სამართლებრივ დასკვნას.
17.6. არასრულწლოვნის აზრის მოსმენის გარეშე გ. და ნ.კ–ძეებისათვის ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენა უსამართლოა და უნდა გაუქმდეს.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის შესაფასების საგანს წარმოადგენს მარტოოდენ ის საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის ნამდვილ საუკეთესო ინტერესს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელეებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, ხოლო აღნიშნულზე დადებითი პასუხის არსებობის შემთხვევაში, რამდენად არის ბავშვის ინტერესების უპირატესობა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ შემუშავებულ იმ მექანიზმებში, რომელთა საშუალებითაც უნდა აღდგეს ბავშვსა და მოსარჩელეებს შორის ურთიერთობა.
23. საკასაციო პალატა აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიმართ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები წინამდებარე განჩინებაში დატოვებული იქნება უპასუხოდ სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ე.კ–ძის სააქტო ჩანაწერიდან გ.კ–ძის მონაცემების ამოღების მოთხოვნით წარდგენილ შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება დასრულებულია საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამავდროულად, მითითებები, რომლებიც ამავე გადაწყვეტილებით იქნა გაცემული ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ წარდგენილი სარჩელის განხილვის მიზნებისათვის, გასათვალისწინებლად სავალდებულოა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების მიზნებისათვის, საკასაციო პალატა შეამოწმებს მარტოოდენ იმას, თუ რამდენად შეესაბამება გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ასახულ მითითებებს.
24.1. უპირველეს ყოვლისა, კასატორი საკუთარ საკასაციო პრეტენზიაში არაერთჯერადად მიუთითებს, რომ ბავშვს ურთიერთობა და უსაფრთხო ემოციური კავშირი გააჩნია ბიოლოგიურ მამასთან - „ბ–თან“. პალატა მიუთითებს, რომ პირის ბიოლოგიური კავშირი სხვა პირთან ფაქტის საკითხია და იგი ექვემდებარება მტკიცებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მასალებში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება მასზედ, რომ პიროვნება, რომელსაც ბავშვი მამად მოიაზრებს, ე.კ–ძის ბიოლოგიური მამაა, აღნიშნული კავშირი ბავშვსა და მის მიერ მშობლად აღქმულ პირთან, შესაძლოა, წარმოადგენდეს არა ობიექტურ სინამდვილეს, არამედ ბავშვის მიმართ დედის მიერ შეთავაზებულ რეალობას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც დედის - ხ.ა–ის ინიციატივით, მამად რეგისტრირებულ პირთან არასრულწლოვან ე.კ– არავითარი კავშირი არ ჰქონია დაახლოებით ერთი წლის ასაკის შემდგომ და მის მეხსიერებაში, ასაკის სიმცირის გათვალისწინებით, გ.კ–ძის მიმართ ემოციური კავშირი შემორჩენილი არ არის, ბავშვის წარმოდგენები მასზედ, რომ მისი ბიოლოგიური მამა არის „ბ–ო“, შესაძლოა, ეფუძნებოდეს მარტოოდენ დედის მხრიდან შთაგონებულ ინფორმაციას.
24.2. საკასაციო პალატამ 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ რეგისტრირებული საქორწინო კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვის წარმოშობის მტკიცებისაგან გათავისუფლებულია დაბადების სააქტო ჩანაწერში მშობლად მითითებული პირი, რამეთუ მის სასარგებლოდ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ იგი ბავშვის ბიოლოგიური მშობელია. სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. როგორც ცნობილია, სასარჩელო წარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში (იხ. სუსგ. №ას-516-489-2015, 17.06.2015წ). ნებისმიერი პირი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს რეგისტრირებული ბავშვის წარმომავლობის შესახებ სააქტო ჩანაწერში ასახული მონაცემების სისწორეზე, ვალდებულია, თავად ამტკიცოს ამავე მონაცემთა უზუსტობა.
24.3. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას საქმეში სპეციალისტებად მოწვეულ ფსიქოლოგთა მიერ შედგენილ დასკვნებში არაერთხელ აღინიშნა, რომ ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ბავშვის ბიოლოგიური მამაა. საქმის განხილვის ყველა ეტაპზე ურთიერთობის წესის განსაზღვრას ხ.ა–ი ედავებოდა იმ არგუმენტით, რომ გ.კ–ძე არის ბავშვის რეგისტრირებული, თუმცა არა ბიოლოგიური მამა. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ ამავე გარემოების მტკიცების ტვირთი, წინამდებარე განჩინების 24.2. პუნქტში ასახული სამართლებრივი შეფასების გამო, ეკისრებოდა უშუალოდ ხ.ა–ს, რომელმაც, საკასაციო საჩივარში ასახული პოზიციის თანახმად, საკუთარი პირადი ცხოვრების საიდუმლოების უფლების, აგრეთვე მისი, ბავშვისა და „ბ“-ს ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება, არ გაემხილა იმ პირის ვინაობა, ვისაც იგი ბავშვის ბიოლოგიურ მამად მოიაზრებს და არც ამავე ბიოლოგიური კავშირის დასტურად არ წარედგინა რაიმე მტკიცებულება. ამრიგად, პალატის მოსაზრებით, არაიდენტიფიცირებული პირის ბავშვის ბიოლოგიურ მამად მიჩნევა, როდესაც არაფერი მოწმობს ამავე ბიოლოგიურ კავშირზე, წარმოადგენს საქმის მასალებთან შეუსაბამო მტკიცებას, რომლის გაზიარებაც დაუშვებლად ხელყოფს რეგისტრირებული მამის ოჯახური ცხოვრების უფლებას. იმ პირობებში, როდესაც დადგენილი არ არის ე.კ–ძის ბიოლოგიური კავშირი სხვა მამაკაცთან, სასამართლოს მიერ ბავშვის ბიოლოგიურ მამად გ.კ–ძის მიჩნევა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 1189-ე მუხლის სწორი აღქმიდან, შესაბამისად, საკასაციო პალატაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს დასკვნით, რომ გ.კ–ძე ე.კ–ძის კანონიერი და რაც მთავარია, ბიოლოგიური მამაა.
24.4. კასატორი პრეტენზიას აცხადებს მასზედ, რომ გ.კ–ძე მიზანმიმართულად არ იკეთებს გენეტიკურ ანალიზს, რის გამოც მოსარჩელის ოჯახური ცხოვრების ინტერესსა და დედის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ინტერესს შორის უპირატესობა უნდა მიეკუთვნოს სწორედ ამ უკანასკნელს. პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ აღნიშნულ შეპირისპირებულ სიკეთეებზე წინამდებარე საქმის ფარგლებში საკასაციო პალატას უკვე ნამსჯელი აქვს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების 1.4.6. პუნქტში, რომლის თანახმადაც, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და, უპირატესად, დედის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც, ერთი მხრივ, უარყოფს კანონიერი მამის ბავშვთან ბიოლოგიურ კავშირს, ხოლო მეორე მხრივ, არ ამხელს ბავშვის ბიოლოგიური მამის ვინაობას, რაც ართმევს ბავშვს ოჯახურ გარემოში სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობას, ერთმანეთთან დაპირისპირებულ სამ სამართლებრივ სიკეთეს შორის - ა) მამის „ოჯახური ცხოვრების“ პატივისცემის უფლება; ბ) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი; გ) დედის „პირადი ცხოვრების“ პატივისცემის უფლება, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა ბავშის საუკეთესო ინტერესს და ამავე ინტერესის დაურღვევლად მამის ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვის შესაძლებლობას. ამრიგად, მოცემულ საკითხს საკასაციო პალატა ხელახლა აღარ შეაფასებს.
24.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
24.6. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბავშვის მიერ მამად აღქმული პირის ბავშვის ცხოვრებაში არსებობა და მასთან ემოციური კავშირი თავისთავად ვერ გამორიცხავს კანონიერი მამის უფლებას, აღადგინოს ურთიერთობა საკუთარ შვილთან, რომელთან მშობლიური ურთიერთობაც, საქმეში არსებული შეუდავებელი მტკიცებულების თანახმად (იხ.მიმოწერა მოსარჩელე გ.კ–ძესა და ხ.ა–ს შორის, ტ.1, ს.ფ. 21-29), მოსარჩელეს ჰქონდა იმ დრომდე, ვიდრე ხ.ა–მა არ გაწყვიტა იგი. ამრიგად, ემოციური კავშირისა და მიჯაჭვულობის არქონა გ.კ–ძის მიმართ წარმოადგენს არა ბავშვის არჩევანს, არამედ დედის ინიციატივით შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც სასამართლოებმა უნდა აღიქვან არა შეუქცევად მდგომარეობად, არამედ გამოწვევად, რომელიც ბავშვის ნებისა და ინტერესების ზედმიწევნით მხედველობაში მიღებით უნდა შეიცვალოს ეტაპობრივად. საგულისხმოა, რომ საკასაციო პალატის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებისასაც უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ ბავშვს არავითარი ემოციური კავშირი გ. და ნ.კ–ძეებთან არ გააჩნდა, მაგრამ მაინც დაავალა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს იმგვარი მექანიზმის შემუშავება, რომელიც, დროთა განმავლობაში, ბავშვსა და მოსარჩელეებს შორის ოჯახური კავშირის გაბმის შესაძლებლობას წარმოშობდა იმ დათქმით, რომ აღნიშნული ნაკარნახევი უნდა ყოფილიყო ბავშვის საუკეთესო ინტერესით.
24.7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს მასზედ, რომ სასამართლომ არ მოუსმინა ბავშვს. საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განხილვის ეტაპზე, ე.კ–თან გასაუბრების ოქმის შინაარსის გათვალისწინებით, თვალსაჩინოა, რომ სააპელაციო სასამართლომ ზედმიწევნით გამოიკვლია ბავშვის დამოკიდებულებები და განწყობები მიმდინარე დავასთან დაკავშირებულ გარემოებათა შესახებ. საგულისხმოა, რომ ფსიქოლოგებისა და სასამართლოს წინაშე ე.კ–ძე მიუთითებს, რომ არ მოსწონს გ.კ–ძე, თუმცა არა იმიტომ, რომ ნეგატიური დამოკიდებულება გამომდინარეობს თავად გ.კ–ძის პიროვნებიდან ან მასთან შეხვედრით გამოწვეული უსიამოვნო ემოციებიდან, არამედ თავად ბავშვის სიტყვებით რომ ითქვას, იმიტომ, რომ არ იცნობს მას. ამრიგად, პალატის მოსაზრებით, ბავშვის მიერ მოსარჩელისადმი გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების განმაპირობებელი ფაქტორი ის იძულებითი დისტანციაა, რომელიც ბავშვის დედამ შექმნა მამა-შვილს შორის და ბავშვის მკვეთრად უარყოფითი ემოციების ცვლილება დროის პერსპექტივაში არის არამარტო დასაშვები, არამედ მოსალოდნელიც.
24.8. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
„ბავშვის უფლებების კონვენციის“ 3.1. მუხლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 3.2. მუხლი განსაზღვრავს მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულებას, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლების და, შესაბამის შემთხვევებში, გაფართოებული ოჯახის ან თემის წევრების, როგორც ეს გათვალისწინებულია ადგილობრივი წეს–ჩვეულებებით, მეურვეების ან კანონით ბავშვისათვის პასუხიხმგებელი სხვა პირების პასუხისმგებლობას, უფლებებსა და მოვალეობებს, რომ სათანადოდ მართავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ბავშვს მის მიერ წინამდებარე კონვენციით აღიარებული უფლებების განხორციელებაში და ამას აკეთებდნენ ბავშვის განვითარებადი უნარების შესაბამისად.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კონვენციის 7.1. მუხლით გათვალისწინებული ბავშვის უფლება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იცნობდეს თავის მშობლებს და იღებდეს მათი მხრიდან ზრუნვას, ხოლო მე-8 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო პატივს უნდა სცემდეს ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა, ხოლო თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თვისი ინდივიდუალობის ნაწილს ან ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას საჭირო დახმარებით და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის.
„ბავშვის უფლებების კონვენციის“ 9.1. მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით.
კონვენციის 18.1. მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
24.9. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 5.1.-5.3 მუხლების თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. კოდექსის 5.6. მუხლის თანახმად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ კოდექსის 9.1. მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, იცნობდეს თავის მშობლებს და ცხოვრობდეს მათთან, ოჯახში, სადაც მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
,,ბავშვის უფლებათა კოდექსის" 81-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
24.10. სასამართლოს საზრუნავია ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ).
24.11. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
24.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ).
24.13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; საჩივარი N.71776/12; 16.02.2016წ; საბოლოო გახდა 2.05.2016წ). საკასაციო სასამართლოს განსჯით, მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესის შეფასება, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობის არსებობა, რათა მან კონტაქტი არ დაკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ, ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ, საგამონაკლისო გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორე მხრივ, ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის მთავარი საზრუნავი ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რომელიც ბავშვს უკავშირდება (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“).
24.14. ამრიგად, ბავშვის უფლება ოჯახური ურთიერთობების დაცვისა და უზრუნველყოფაზე, მშობლებთან ურთიერთობის შესაძლებლობასა და და მათგან ზრუნვის მიღებაზე, სახელმწიფო ორგანოთა, მათ შორის, სასამართლო სისტემის ზრუნვის საგანს წარმოადგენს. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას შვილისა და მშობლის გაუცხოება და თუ ასეთი მდგომარეობა არსებობს ფაქტობრივად, ყოველმხრივ ხელი უნდა შეუწყოს მშობელსა და შვილს შორის მჭიდრო მშობლიური ურთიერთობის აღდგენას/ფორმირებას.
24.15. განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის მიერ მამად მოაზრებული პირი სასამართლოსთვის არაიდენტიფიცირებად პირად რჩება დედის მიერ მისი ვინაობის გასაიდუმლოების გამო და შეუძლებელია მისი და ბავშვის ბიოლოგიური კავშირის გადამოწმება, ამავდროულად, არ დასტურდება ე.კ–ძის ცხოვრებაში იმ პირის ინტენსიური მონაწილეობის ხარისხი, რომელაც იგი მამად მოიაზრებს (ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, 2020 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, ბავშვს „ბ–ო“ ბოლოს ნანახი ჰყავდა წინა წლის ოქტომბრის თვეში; პანდემიამდე „მამა“ მათთან კი არ ცხოვრობდა, არამედ ხშირად მოდიოდა; ძირითადად კონტაქტი მყარდება სატელეფონო გზით (იხ. ტ.2, ს.ფ. 278-279)); ამავდროულად, დედამ ფსიქოლოგს არ მისცა შესაძლებლობა, დაკვრვებოდა ბავშვისა და ელიზაბეტის მიერ მამად მიჩნეული პირის ურთიერთობას (იხ. ტ.2, ს.ფ. 62), შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ ე.კ–ძის ინტერესი ორივე მშობელთან მჭიდრო ოჯახური კავშირის შენარჩუნების თვალსაზრისით, დაცული არ არის. ამავდროულად, არსებობს კანონიერი მამა მოსარჩელის სახით, რომლის ბიოლოგიურ კავშირი ე–თან სათანადო წესით უარყოფილი არ არის, ამავდროულად, მამა-შვილს შორის ბავშვის მცირეწლოვნებისას არსებობდა მშობლიური კავშირი - ბავშის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის, აგრეთვე მატერიალური უზრუნველყოფისა და მონახულების სახით, რომელიც გაწყდა ბავშვის დედის ინიციატივით. რაიმე გარემოება, რომელიც გამომდინარეობს გ.კ–ძისა და ნ.კ–ძის პიროვნული თვისებებიდან, რაც გაუმართლებელს გახდიდა ბავშვთან მათ ურთიერთობას, საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა. ამრიგად, პალატის შეფასებით, ბავშვის ნამდვილი ინტერესი ჯეროვანი საოჯახო ურთერთობის, ზრუნვისა და სიყვარულის მიღებაა ორივე მშობლისა და ოჯახის სხვა წევრების (ბებიის) მხრიდან, რაც მიიღწევა კანონიერ მამასთან და ბებიასთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობის მიცემით.
24.16. საკასაციო პალატას უმთავრესად მიაჩნია ის გარემოება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი აგებულია ბავშვთან ბებიისა და ურთიერთობის შესაძლებლობაზე მხოლოდ იმ დაშვებით, რომ ე.კ. ექნება საამისო სურვილი. საგულისხმოა ისიც, რომ ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილშიც ასახა ბავშვის სურვილის უპირატესი გათვალისწინების აუცილებლობაც ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, როგორც მამასთან, ისე ბებიასთან. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის ვარაუდები ბავშვისათვის მამის ხატის ჩანაცვლებით მოსალოდნელი ტრავმირების შესახებ რეალისტური არ არის, უპირველესად, თავად ბავშვთან დაკავშირებული საოჯახო დავების სპეციფიკიდან გამომდინარე და ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის ერთმნიშვნელოვანი შინაარსის გათვალისწინებით - ურთიერთობის დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესი სრულად არის დამოკიდებული ე.კ–ძის ნებაზე იმგვარად, რომ არანებაყოფლობითი და იძულებითი ხასიათის ურთიერთობა გამორიცხულია. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემოთავაზებული მამის ვინაობის შესახებ არსებული წარმოდგენის ჩანაცვლების მეთოდი არც ძალადობად და არც ბავშვის უფლებების ხელყოფად განხილული არ უნდა იქნეს. ამავდროულად, ბავშვთან ურთიერთობის პირველი წლის განმავლობაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უშუალო მონაწილეობა, პროცესის მონიტორინგი და შეფასება, ამავე პერიოდში ბავშვთან მამის ურთიერთობისას დედის უშუალო მონაწილეობა, რაც გათვალისწინებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად გამორიცხავს ბავშის მიმართ რაიმე ტიპის იძულების და მით უმეტეს, ბავშვის მიტოვების შესაძლებლობას, ხოლო ასეთი რისკის წარმოშობისას, მამასთან ბავშვის ურთიერთობის გაგრძელებას.
24.17. გ.კ–ძესთან და ნ.კ–ძესთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას კასატორი აპროტესტებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბავშვს უკვე ჰყავს იდენტიფიცირებული სხვა პიროვნება მამად, ხოლო ბავშვის ცნობიერებაში მამის ვინაობის ჩანაცვლებამ შესაძლოა განაპირობოს შეუქცევადი პროცესები საკუთარ წარმომავლობასთან დაკავშირებული ეჭვების გამო. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ის ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა, რომელიც ბავშვის სააქტო ჩანაწერსა და შესაბამისად, დაბადების მოწმობაში, მამის ვინაობად გ.კ–ძის მითითების სახით არსებობს, ბავშვის ზრდის პარალელურად, მისივე ყურადღების მიღმა მაინც ვერ დარჩება და საკუთარი წარმომავლობის მიმართ შეკითხვების გაჩენა გარდაუვალია, სულ მცირე, ამ მიზეზისა და ამავდროულად, ბავშვის მიმართ გ.კ–ძის ვინაობის შესახებ ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა თუ სასამართლოს მიერ არაერთჯერადად დასმული შეკითხვების გამო.
ამავდროულად, საკასაციო პალატა იზიარებს ფსიქოლოგთა რეკომენდაციას, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციური სიჯანსაღის შენარჩუნების ინტერესმა უნდა უბიძგოს მშობლებს, თავად (თუნდაც სასამართლოს გვერდის ავლით) გაუქარწყლონ ბავშვს ის შეკითხვები საკუთარი წარმოშობის შესახებ, რომლებიც განაპირობა წინამდებარე საქმის წარმოებამ და მის ფარგლებში მშობლების (უპირატესად, დედის) გამოხატულმა პოზიციებმა.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ხ.ა–ს უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 08 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ხ.ა–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ს.მ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი: 08.11.2021წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ბაზისბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი