Facebook Twitter

22 ნოემბერი 2022 წელი

№ას-882-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით

კერძო საჩივრის ავტორი _ დ.თ–უ

წარმომადგენელი _ ნ.კ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე _ პ.ჯ–ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 აპრილის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/6 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დ.თ–უს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პ.ჯ–ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ხ.ჯ–ის მიერ დ.თ–უს სახელზე 2021 წლის 02 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში (სანოტარო რეგისტრაციის N210174507) და აღნიშნული ქონების, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ........ (ს/კ ........), 1/6 ნაწილი აღირიცხა პ.ჯ–ძის სახელზე.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ.თ–უმ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 აპრილის განჩინებით (განჩინებაში არასწორადაა მითითებული 2021 წელი) , დ.თ–უს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:

3.1. დადგენილია, რომ 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი მოთხოვნის საფუძველზე დ.თ–უს წარმომადგენელს ნ.კ–ვას ჩაბარდა 2021 წლის 30 დეკემბერს (დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტი); ამდენად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2021 წლის 30 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 13 იანვარს, 24:00 საათზე.

3.2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში 2022 წლის 18 იანვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ.თ–უს სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ.თ–უს წარმომადგენელმა ნ.კ–ვამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლოს წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში გადაწყვეტილება უკვე მომზადებული რომ ყოფილიყო, მაშინ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნებოდა არა 2022 წლის მარტის თვის ბოლოს (ე.ი. სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან 2 თვეზე მეტის გასვლის შემდგომ), არამედ გაცილებით ადრე. საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება აიტვირთა 2022 წლის 25 მარტს, რაც ასაბუთებს, რომ გადაწყვეტილება 2021 წლის 30 დეკემბერს მომზადებული ვერ იქნებოდა.

4.2. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი 2021 წლის 30 დეკემბერს საერთოდ არ იმყოფებოდა წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს შენობაში, ხოლო 2022 წლის 18 იანვარს, სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტშიც კი, დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო.

4.3 ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ შედგენილ ხელწერილზე თარიღის გრაფაში მითითებული ციფრების მისდამი კალიგრაფიულ კუთვნილებას.

4.4. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, შესაბამისად, მისი წარდგენის ბოლო ვადად სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეჩნია 2022 წლის 21 იანვარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით, დ.თ–უს კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

6. კერძო საჩივრის განხილვა საკასაციო სასამართლოში დაინიშნა ზეპირი მოსმენით, 2022 წლის 22 ნოემბერს, 11:00 საათზე, რის შესახებაც ეცნობა როგორც კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ნ.კ–ვას, ისე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელ მ.გ–ძეს. მოწინააღმდეგე მხარე (ან წარმომადგენელი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატაში 2022 წლის 22 ნოემბერს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც კერძო საჩივარი განხილულ იქნა მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მონაწილეობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების შესწავლის, აგრეთვე გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

9. წინამდებარე კერძო საჩივრის გადაწყვეტის მიზნებისათვის, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

9.1. საქმის მასალებში წარმოდგენილია მინდობილობა (ს.ფ. 20) რომლის თანახმადაც დ.თ–უს ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ნ.კ–ვასთვის 2024 წლის 09 თებერვლის ჩათვლით. პ.ჯ–ძის მიერ ამავე უფლებამოსილებით არის აღჭურვილი მ.გ–ძე, განუსაზღვრელი ვადით (ს.ფ. 47-48).

9.2. საქმეში არსებული სასამართლო სხდომის ოქმის (ს.ფ. 112-115) თანახმად, წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ დანიშნა 2021 წლის 08 დეკემბერს, 12:00 საათზე, რაზედაც წერილობით გაფრთხილებულ იქნენ მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლები (ხელწერილი იხ. ს.ფ. 117).

9.3. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2021 წლის 08 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 118-119), რომელსაც მხარეები (წარმომადგენლები) არ ესწრებოდნენ.

9.4. საქმის მასალებში წარმოდგენილია ნ.კ–ვას მიერ ხელმოწერილი ხელწერილი მასზედ, რომ ჩაიბარა წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი. ხელწერილის შედგენის თარითად მითითებულია 30.12.21 (ს.ფ. 165).

9.5. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დ.თ–უს მიერ 2022 წლის 18 იანვარს წარდგენილია სააპელაციო საჩივარი, რომლის საფუძველზეც საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაგზავნილ იქნა 2022 წლის 28 მარტს (იხ. ს.ფ. 143).

9.6. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება სასამართლოს საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში გამოქვეყნდა 2022 წლის 25 მარტს.

10. წინამდებარე კერძო საჩივრის გადაწყვეტის მიზნებისათვის, სახელმძღვანელოა შემდეგი საპროცესო დანაწესები:

10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 257-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად.

10.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლა.

10.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ციტირებული ნორმის მესამე ნაწილის ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

10.5. ამავე კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.

11.1. სამართლიან სასამართლოზე ყოველი პირის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლება, რომელიც დაცვის ღირს სამართლებრივ სიკეთედ არის აღიარებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით, სხვა უფლებათა თუ თავისუფლებათა დაუბრკოლებლად რეალიზების მექანიზმია, ამდენად, ხელისუფლების სამივე შტო უნდა იყოს ფრთხილი ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვისას.

11.2. ევროსასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები იყოს დაცული (იხ. Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტური“ (იხ. Bellet v. France, 4 დეკემბერი 1995, §38). კონვენცია მიზნად ისახავს უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §231).

11.3. სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლებები. ისინი შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა არ უნდა აიკრძალოს ან შემცირდეს პირის წვდომა იმ გზით ან იმ რაოდენობით, რომ უფლების მთავარი არსი დაირღვეს (იხ. Philis v. Greece (N 1), 27 აგვისტო 1991, §59; De Geouffre de la Pradelle v. France, 16 დეკემბერი 1992, §28; Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §230; Baka v. Hungary [დიდი პალატა], 2016 წლის 23 ივნისი, N 20261/12, §120).

11.4. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს.

11.5. სსსკ 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

11.6. საკასაციო პალატისათვის საგულისხმოა, რომ მიუხედავად საამისოდ საპროცესო კანონით დადგენილი 5 დღიანი ვადისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე სააპელაციო სასამართლოს განსახილველად გადასცა სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან 69-ე დღეს, ამავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში გასაჯაროვდა გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის მნიშვნელოვანი გადაჭარბებით - 93-ე დღეს (2022 წლის 25 მარტს).

11.7. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ შედგენილ ხელწერილზე არ უარყოფს მისი ხელმოწერის არსებობას, მაგრამ განმარტავს, რომ თარიღი, რომელიც დასმულია ხელმწერილის ბოლო გრაფაში (30.12.2021), დოკუმენტზე მიწერილია არა მისი, არამედ სხვა პირის მიერ.

11.8. კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული განმარტების გაზიარებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც კი, საკასაციო პალატისათვის საგულისხმოა, რომ სადავოდ ქცეული ხელწერილის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს მითითებას გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღის შესახებ, არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს, თუ როდის იქნა აღნიშნული დოკუმენტი შედგენილი, ვინაიდან 2022 წლის ბოლო ორი ციფრი - ,,22", კალმის მექანიკური ზემოქმედებით გადაკეთებულია ,,2021"-ად. თავად კერძო საჩივრის ავტორის მითითებით დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2022 წლის თებერვლის თვეში, რა დროსაც მოაწერა ხელი ხელწერილს (იხ. სხდომის ოქმი).

11.9. იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მიემართება სწორედ ხელწერილში მითითებული თარიღის სარწმუნოობას და მასზე შეიმჩნევა მექანიკური ზემოქმედების კვალი, ამავდროულად, საპროცესო კოდექსი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლას უკავშირებს მხარის (წარმომადგენლის) მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღს, საკასაციო პალატას მტკიცებულების შეფასების ყოველხრივი, ობიექტური და სამართლიანი შეფასების საპროცესო წესის გათვალისწინებით, გაუმართლებლად მიაჩნია, მარტოოდენ აღნიშნულ ხელწერილზე დაყრდნობით კერძო საჩივრის ავტორის მიმართ დადგეს იმგვარი რადიკალური საპროცესო შედეგი, როგორიც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაა.

11.10. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, წინამდებარე განჩინების 11.6.-11.8. პუნქტებში დასახელებულ გარემოებათა ერთობლივი ანალიზით საკასაციო სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა მასზედ, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღად 2021 წლის 30 დეკემბრის მიჩნევა ეწინააღმდეგება საქმის მასალებში თავმოყრილ მტკიცებულებათა კომპლექსურად შესწავლის შედეგებს.

11.11. ვინაიდან, სადავოა და საქმის მასალებით დამაჯერებლად არ ვლინდება გასაჩივრების უფლების მქონე მხარის მიერ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღი, აღნიშნული ვითარება უნდა გაუტოლდეს გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების საქმის მასალებში არარსებობის შემთხვევას, რა დროსაც სახელმძღვანელოა სსსკ 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის დაწყება-დასრულების ავტომატური მექანიზმი. ასეთ პირობებში კი დ.თ–უსთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლის სათავედ განიხილება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 31-ე დღე _2022 წლის 08 იანვარი, რაც, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო ვადად 2022 წლის 21 იანვრის მიჩნევის საფუძველია.

11.12. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2022 წლის 18 იანვარს, ამრიგად, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მის ვადის დარღვევით წარდგენილ დოკუმენტად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადის დაცვით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გამოტანილი განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.თ–უს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 აპრილის განჩინება (განჩინების თარიღში წელი მითითებულია შეცდომით: ,,2021") და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი