21 ოქტომბერი 2022 წელი
№ას-880-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. „ს.ფ–ა“
მოწინააღმდეგე მხარეები _ მ.მ–ძე, ზ.ც–ძე, ტ.ჯ–ი, ნ.ნ–ძე, კ.ო–ვა, მ.ზ–ძე, ნ.ბ–ძე, ზ.ა–ბა, მ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმისწარმოების შეჩერების შესახებ 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, მ.მ–ძის, ზ.ც–ძის, ტ.ჯ–ის, ნ.ნ–ძის, კ.ო–ვას, მ.ზ–ძის, ნ.ბ–ძის, ზ.ა–ბას, მ.ბ–ძის სარჩელი შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
- ბათილად იქნა ცნობილი შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს გენერალური დირექტორის 2013 წლის 28 იანვრის №15-02/113 ბრძანება მ.მ–ძის, ზ.ც–ძის, ტ.ჯ–ის, ნ.ნ–ძის, კ.ო–ვას, მ.ზ–ძის, ნ.ბ–ძის, ზ.ა–ბას და მ.ბ–ძის მიმართ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;
- მ.მ–ძე აღდგენილ იქნა აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის საფოსტო განყოფილების სპეციალისტის, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მიეკუთვნა იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება 2013 წლის 28 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 625 ლარის გათვალისწინებით;
- ზ.ც–ძე აღდგენილ იქნა აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის საფოსტო განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მიეკუთვნა იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება 2013 წლის 28 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 687.50 ლარის გათვალისწინებით;
- ტ.ჯ–ი აღდგენილ იქნა აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის საფოსტო განყოფილების სპეციალისტის, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მიეკუთვნა იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება 2013 წლის 28 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 625 ლარის გათვალისწინებით;
- ნ.ნ–ძე აღდგენილ იქნა აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის საფოსტო განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მიეკუთვნა იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება 2013 წლის 28 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 687.50 ლარის გათვალისწინებით;
- კ.ო–ვა აღდგენილ იქნა აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის საფოსტო განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მიეკუთვნა იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება 2013 წლის 28 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 687.50 ლარის გათვალისწინებით;
- მ.ზ–ძე აღდგენილ იქნა აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის საფოსტო განყოფილების სპეციალისტის, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მიეკუთვნა იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება 2013 წლის 28 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 625 ლარის გათვალისწინებით;
- ნ.ბ–ძე აღდგენილ იქნა აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის საფოსტო განყოფილების სპეციალისტის, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მიეკუთვნა იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება 2013 წლის 28 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 625 ლარის გათვალისწინებით;
- ზ.ა–ბა აღდგენილ იქნა აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის საფოსტო განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მიეკუთვნა იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება 2013 წლის 28 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 687.50 ლარის გათვალისწინებით;
- მ.ბ–ძე აღდგენილ იქნა აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის საფოსტო განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მიეკუთვნა იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება 2013 წლის 28 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 687.50 ლარის გათვალისწინებით.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, ხოლო შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. ამრიგად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 22 იანვარს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2020 წლის 10 თებერვალს განცხადებით მიმართა მ.მ–ძის, ზ.ც–ძის, ტ.ჯ–ის, ნ.ნ–ძის, კ.ო–ვას, მ.ზ–ძის, ნ.ბ–ძის, ზ.ა–ბას წარმომადგენელმა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა, კერძოდ, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ მოითხოვა თითოეული განმცხადებლისათვის კომპენსაციის მიკუთვნება 2016 წლის 04 აპრილიდან 2019 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში ყოველთვიურად გადასახდელი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, მ.მ–ძის, ზ.ც–ძის, ტ.ჯ–ის, ნ.ნ–ძის, კ.ო–ვას, მ.ზ–ძის, ნ.ბ–ძის, ზ.ა–ბას და მ.ბ–ძის განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა და განისაზღვრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის №2/545-2015 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება და წესი შემდეგნაირად:
- მოწინააღმდეგე მხარე (მოვალე) შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს“, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის №2/545-2015 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დავალებული, განმცხადებლების სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაცვლად, - დაეკისრა თითოეული განმცხადებლის სასარგებლოდ 1 წლის ხელფასის ოდენობის კომპენსაციის გადახდა, კერძოდ:
ა) მ.მ–ძის სასარგებლოდ (აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის განყოფილების სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო 625 ლარი) - 7500 ლარი;
ბ) ზ.ც–ძის სასარგებლოდ (აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო - 687.50X12 ლარი) - 8250 ლარი;
გ) ტ.ჯ–ის სასარგებლოდ (აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის განყოფილების სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო 625X12 ლარი) - 7500 ლარი;
დ) ნ.ნ–ძის სასარგებლოდ (აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო – 687.50X12 ლარი) - 8250 ლარი;
ე) კ.ო–ვას სასარგებლოდ (აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო – 687.50X12 ლარი) - 8250 ლარი;
ვ) მ.ზ–ძის სასარგებლოდ (აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის განყოფილების სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო – 625X12 ლარი) - 7500 ლარი;
ზ) ნ.ბ–ძის სასარგებლოდ (აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის განყოფილების სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო – 625X12 ლარი) - 7500 ლარი;
თ) ზ.ა–ბას სასარგებლოდ (აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო – 687,50X12 ლარი) - 8250 ლარი;
ი) მ.ბ–ძის სასარგებლოდ (აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ბათუმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო – 687,50X12 ლარი) - 8250 ლარი.
მ.მ–ძის, ზ.ც–ძის, ტ.ჯ–ის, ნ.ნ–ძის, კ.ო–ვას, მ.ზ–ძის, ნ.ბ–ძის, ზ.ა–ბას და მ.ბ–ძის განცხადება კომპენსაციის სახით თითოეული დასაქმებულისთვის გადასახდელი კომპენსაციის გონივრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ, 2016 წლის 04 აპრილიდან 2019 წლის 7 ნოემბრამდე მდგომარეობით ნაწილში, - არ დაკმაყოფილდა.
5. აღნიშნული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გასაჩივრდა როგორც შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს, ისე მ.მ–ძის, ზ.ც–ძის, ტ.ჯ–ის, ნ.ნ–ძის, კ.ო–ვას, მ.ზ–ძის, ნ.ბ–ძისა და მ.ბ–ძის მიერ.
6. 2022 წლის 01 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ე.ა–ამ და მოითხოვა ზ.ა–ბას უფლებამონაცვლედ ცნობა იმ დასაბუთებით, რომ ზ.ა–ბა გარდაიცვალა 2021 წლის 26 ივლისს, ანუ ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლო დასაბუთებულ განჩინებას ჩააბარებდა დაინტერესებულ პირებს. გარდაცვლილის სამკვიდროს დროებით მმართველად დაინიშნა ე.ა–ა, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს როგორც გარდაცვლილის ვადამოსული ვალდებულებები, ასევე გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი აქტი.
7. ამავდროულად, ე.ა–ამ 2022 წლის 11 იანვარს წარადგინა კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა კომპენსაციის სახით 2016 წლის 04 აპრილიდან 2019 წლის 7 ნოემბრამდე გასაცემი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს დაკისრების შესახებ.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით, შეჩერდა №2/ბ-912-2021წ. სამოქალაქო საქმის წარმოება შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს კერძო საჩივრის გამო, მოწინააღმდეგე მხარის - ზ.ა–ბას მიმართ, ზ.ა–ბას გარდაცვალების გამო, 6 თვის ვადით, 2021 წლის 26 იანვრამდე.
9. ამავე სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით, ტ.ჯ–ის, ნ.ნ–ძის, კ.ო–ვას, მ.ზ–ძის, ნ.ბ–ძის, მ.ბ–ძის, მ.მ–ძის, ზ.ც–ძის და შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება აღსრულების წესის შეცვლის შესახებ.
10. შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-მ კერძო საჩივარი წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის იმ განჩინებაზე, რომლითაც შეჩერდა №2/ბ-912-2021წ. სამოქალაქო საქმის წარმოება შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს კერძო საჩივრის გამო, მოწინააღმდეგე მხარის - ზ.ა–ბას მიმართ, ზ.ა–ბას გარდაცვალების გამო, 6 თვის ვადით. კერძო საჩივრის თანახმად, ზ.ა–ას ნაწილში არსებობდა არა საქმის წარმოების შეჩერების, არამედ მისი შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა მკაცრად პერსონალური ხასიათის საქმიანობაა და როგორც სამუშაოზე აღდგენის, ისე განაცდურისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება წარმოადგენს დასაქმებულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს, რომლებიც არ გადაეცემა მემკვიდრეობით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით, შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია შრომითსამართლებრივ დავებზე უფლებამონაცვლეობის დაშვებისა და, შესაბამისად, უფლებამონაცვლის ვინაობის გამოვლენის მიზნით, ამავე საქმეებზე საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობა.
14. საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია კერძო საჩივრის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14.1. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი თავად აღძრა სასამართლოში ზ.ა–ბამ, რომელმაც აგრეთვე მოითხოვა სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება;
14.2. 2020 წლის 10 თებერვალს ზ.ა–ბამ წარმომადგენლის მეშვეობით წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განცხადება ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყყვეტილების აღსრულების წესის იმგვარად შეცვლის მოთხოვნით, რომ ნაცვლად სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა, შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა კომპენსაციის გადახდა.
14.3. აღსრულების წესის შეცვლის საკითხზე გამოტანილი განჩინების წინააღმდეგ წარდგენილი კერძო საჩივრების სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ე.ა–ამ სასამართლოში წარადგინა ზ.ა–ბას გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომლის თანახმად, ზ.ა–ბა გარდაიცვალა 2021 წლის 26 ივლისს. განცხადებას ერთვის 2021 წლის 29 დეკემბერს გაცემული მოწმობა სამკვიდროს მიღებაზე განცხადების წარდგენის შესახებ, რომლის მიხედვით, ე.ა–ას სანოტარო ორგანოში წარდგენილი აქვს განცხადება გარდაცვლილი დის - ზ.ა–ბას სამკვიდროს მიღების/ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ.
15.1. წინამდებარე კერძო საჩივრის გადაწყვეტის მიზნებისათვის პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
15.2. ამავე კოდექსის 1330-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.
15.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს.
15.4. ამავე კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. მითითებული მუხლის მესამე ნაწილი კი ადგენს, რომ უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.
15.5. სსსკ 281-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმს წარმოება შეჩერდება – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.
16.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ დავაში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. ამ მხრივ მიღებული განჩინება არ განსხვავდება სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ. №ას-658-2019, 19.07.2019წ). გარდა ამისა, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქციით, 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი) განსაზღვრული კომპენსაციის მიღების უფლება, მიუხედავად მისი აქცესორული ბუნებისა (სკ-ის 153-ე მუხლი), არ გამორიცხავს უფლებამონაცვლეობის დადგენის შესაძლებლობას, შემდეგი გარემოებების გამო: საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გარდაცვლილმა ზ.ა–ბამ სიცოცხლეში აღძრა სარჩელი და სადავო გახადა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება. მანვე მოითხოვა აღსრულების წესის შეცვლის მიზნით, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის მიკუთვნების ნაცვლად, კომპენსაციის დაკისრება.
16.2. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის (მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი) თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლის ერთ-ერთი საფუძველი დასაქმებულის გარდაცვალებაა, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის (ამჟამად მოქმედი რედაქციით, 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი) თანახმად კი, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
16.3. განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დადგენილი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ნების უკანონობა. ზ.ა–ბას ნაწილში აღსრულების წესის შეცვლის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინების ძალაში დატოვების შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხი, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, კომპენსაციის დაკისრების გზითაა მოთხოვნილი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის დადგომამდე (სშკ-ის 47.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი) კომპენსაციის მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივად გვევლინება და, ბუნებრივია, ამ ნაწილში უფლებამონაცვლეობა დასაშვებია (სკ-ის 1421-ე მუხლი).
16.4. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, უფლებამონაცვლეობა დაუშვებლად არის მიჩნეული სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის მიკუთვნების ნაწილში. აღნიშნული გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის მკაცრად პერსონალური ხასიათიდან, კერძოდ, შრომის კოდექსის მე-19 მუხლიდან, რომელიც ადგენს დასაქმებულის მიერ სამუშაოს პირადად შესრულების ვალდებულებას. სამუშაოზე აღდგენილი უნდა იქნეს სწორედ ის პირი, ვისთანაც უკანონოდ შეწყდა შრომითი ურთიერთობა. ამასთან, ვინაიდან განაცდური ხელფასის მოთხოვნა უშუალოდ არის დაკავშირებული გათავისუფლებული თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობასთან და სრულად გამომდინარეობს მისგან, უფლებამონაცვლეობა არ დგინდება არც განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ (იხ. სუსგ. №3კ-530-03, 06.05.2003წ). ვინაიდან კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნა დამოუკიდებელია თანამშრომლის სამსახურში აღდგენის მოთხოვნისაგან, არამედ წარმოადგენს დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილების შედეგების ნაწილობრივ აღმოფხვრის ფინანსურ საშუალებას, იგი არ განიხილება იმდენად პერსონალური ხასიათის მოთხოვნად, რომელიც არ შეიძლება შედიოდეს სამკვიდრო აქტივში.
17. ამრიგად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზედ, რომ შრომით-სამართლებრივი კომპენსაციაზე უფლება მიეკუთვნება იმ პერსონალურ უფლებათა კატეგორიას, რომელშიც დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა. ამრიგად, უფლებამონაცვლის გამოვლენის მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედება - საქმის წარმოების 6 თვის ვადით შეჩერება - კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმისწარმოების შეჩერების შესახებ 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი