21 ოქტომბერი 2022 წელი №ას-667-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს.ს. „მ–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს. „მ–ა“-მ სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - შ.პ.ს. „მ–ი“-ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
2. ს.ს. ,,მ–ა“-ს სარჩელზე მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს.ს. ,,მ–ა”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 91788 ლარის და 95 თეთრის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის შეტანამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 40153 ლარის და 19 თეთრის გადახდა დაეკისრა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის შეტანიდან 91788.95 ლარის 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლო დაეკისრა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. 2019 წლის 26 ნოემბერს მოპასუხემ საჩივრით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
5. საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დასტური, რომლის თანახმადაც, აღნიშნული დოკუმენტები ჩაბარდა შ.პ.ს. „მ–ი“-ს კანცელარიის თანამშრომელს - მ.ღ–ძეს. ეს უკანასკნელი არც 2017 წლის 05 მაისის მდგომარეობით, არც მანამდე და არც ამჟამად წარმოადგენს შ.პ.ს. „მ–ი“-ს თანამშრომელს ან კომპანიასთან სხვაგვარად დაკავშირებულ პირს, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურიდან მიღებული პასუხით, რომლის თანახმადაც, 01.01.2011 წლიდან 31.10.2019 წლის ჩათვლით შ.პ.ს. „მ–ი“-დან მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება. შ.პ.ს. “მ–ი“-ს დირექტორის - პ.ბ–ის განცხადების თანახმად, მ.ღ–ძე არასდროს ყოფილა კომპანიის თანამშრომელი მისი დაფუძნების დღიდან. სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაიგზავნა იმ მისამართზე, რომელიც აღარ წარმოადგენდა შ.პ.ს. „მ–ი“-ს მისამართს და ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს. ამასთან, ჩაბარების ქვითრიდან არ ირკვევა, თუ რომელი კომპანიის კანცელარია იყო, რა თანამდებობა ეკავა ზემოაღნიშნულ პირს და რა დამოკიდებულება ჰქონდა მას ადრესატთან.
6. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოპასუხე შ.პ.ს. „მ–ი“-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7. ზემოაღნიშნული განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. განჩინება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს:
8.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით, კერძოდ კი, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდებოდა, რომ 2017 წლის 5 მაისის მდგომარეობით, არც მანამდე და არც ამჟამად მ.ღ–ძე, არ წარმოადგენდა შ.პ.ს. „მ–ი“-ს თანამშრომელს ან კომპანიასთან სხვაგვარად დაკავშირებულ პირს. მასზე, 01.01.2011 წლიდან 31.10.2019 წლის ჩათვლით შ.პ.ს. „მ–ი“-დან მიღებული შემოსავალი არ დაფიქსირებულა. ასევე, შ.პ.ს. „მ–ი“-ს დირექტორის - პ.ბ–ის განცხადების თანახმად, მ.ღ–ძე არასდროს ყოფილა კომპანიის თანამშრომელი, დაფუძნების დღიდან.
8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. სააპელაციო საჩივრის ავტორმა სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებით შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს არ ჩაბარებია, კერძოდ, შემოსავლების სამსახურში ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით, გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ადასტურებს, რომ პირი, რომელმაც ჩაიბარა გზავნილი, არ არის ამ ორგანიზაციის თანამშრომელი.
8.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურდა, რომ სასამართლო გზავნილზე არ არის მითითებული ორგანიზაციის სახელწოდება, კერძოდ, თუ რომელი ორგანიზაციის კანცელარიამ ჩაიბარა გზავნილი, ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგინდა, რომ გზავნილის ჩამბარებელი პირი - მ.ღ–ძე, არ წარმოადგენს შ.პ.ს. „მ–ი“-ს თანამშრომელს ან კომპანიასთან სხვაგვარად დაკავშირებულ პირს, რის გამოც იგი გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად ვერ მიიჩნევა.
8.4. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 241-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი, რათა მოპასუხეს განსაზღვროდა პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადა.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება, შემდეგი საფუძვლებით:
9.1. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა და ჩაბარდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაფიქსირებულ იურიდიულ მისამართზე, რომლის მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხსენებული დოკუმენტები არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა, უსაფუძვლოა.
9.2. მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ სარჩელი 2017 წლის 28 აპრილს აღძრა. საქმის მასალებიდან ცალსახად დგინდება, რომ საჯარო რეესტრში 2018 წლის 30 იანვრამდე მოპასუხის იურიდიულ მისამართად მითითებული იყო - საქართველო, თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ......, სწორედ ამ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა გზავნილი მოპასუხეს.
9.3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ასევე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-201 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, ყველა მეწარმე სუბიექტი ვალდებული და პასუხისმგებელია საკუთარი ინფორმაციის სისწორეზე, რომელსაც ისინი ხელმისაწვდომს ხდიან მესამე პირებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელია როგორც კომპანიების სავაჭრო ბაზარზე ოპერირება, ასევე, სწრაფი, ეფექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევა.
9.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი მიმართულია მართლმსაჯულების სწრაფი და ეფექტური გახორციელებისკენ, რომლის მისაღწევადაც, ნორმა ავალდებულებს მხარეებს, რომ მისამართის ცვლილება შეატყობინონ სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუტყობინებლობის შედეგად არსებული რისკი და პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ამ ვალდებულების დამრღვევ მხარეს. მნიშვნელოვანია მეწარმე სუბიექტებითვის კონტრაჰენტზე მსგავსი ხასიათის სწორი ინფორმაციის ქონა და ამ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. ამისთვის ერთადერთი საშუალებაა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერში მითითებული მისამართი, რომელსაც მეწარმე სუბიექტი თავად უთითებს და ასევე მარტივად შეუძლია მისი ცვლილების განხორციელება. შესაბამისად, სასამართლომ სწორად უნდა შეაფასოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არამარტო სასამართლოს საქმიანობისთვის, არამედ მეწარმე სუბიექტის საქმიანობისთვის აღნიშნული საჯარო ინფორმაციის სისწორე.
9.5. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მოპასუხის განმარტება, რომ მან 2016 წლის 01 სექტემბერს შეიცვალა მისამართი, თუმცა აღნიშნულის თაობაზე საჯარო რეესტრს 17 თვის დაგვიანებით აცნობა. ამ შემთხვევაში, სწორად უნდა განისაზღვროს თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაციის განუხორციელებლობამ შეიძლება მიაყენოს მესამე პირს.
9.6. მოსარჩელის მიერ სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გაგზავნა განხორციელდა პროცესუალური ნორმების დაცვით, რის საფუძველზეც, მოსარჩელე კეთილსინდისიერად ვარაუდობდა, რომ გზავნილის მიმღები იქნებოდა მოპასუხე ან/და კანონით განსაზღვრული შესაბამისი პირთა წრე, რომელიც უფლებამოსილია, სარჩელის ჩაბარებაზე. როგორც გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდება, გზავნილი ჩაიბარა მოპასუხის კანცელარიის თანამშრომელმა, რომელმაც ჩაბარება ხელმოწერით დაადასტურა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ის მოსაზრება, რომ მოსარჩელე მხარეს ლეგიტიმური ვარაუდი არ უნდა გასჩენოდა გზავნილის ადრესატის ჩაბარებაზე.
9.7. გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა და სწორად განემარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 72-ე, 76-ე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 26-ე, მე-8 მუხლები.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თუ რამდენად მართებულად გააუქმა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, კერძოდ, არსებობდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან საქმის განხილვისათვის დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
14. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 06.03.17 ).
15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება იშუამდგომლა იმ საფუძვლით, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით ჩაბარდა, თუმცა ამ უკანასკნელს შესაგებელი არ წარუდგენია, შესაბამისად, სახეზე იყო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ორგანიზაციისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვალოს, ის უნდა ჩაბარდეს ორგანიზაციის კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნისას – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ გზავნილის ჩაბარება დადასტურდეს მის მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით. საპროცესო კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მხოლოდ ამ წესის დაცვით ჩაბარებული გზავნილი წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.
19. საკითხზე თუ ვინ მიიჩნევა სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარებაზე ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად, ზოგადი სახით, ჩამოთვლის იმ სუბიექტებს, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ან/და პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად, გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (იხ. სუსგ №ას-1289-1309-2011, 14.11.2011 წ., №ას-330-2019 19.11. 2019 წ.).
20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ფოსტის მეშვეობით, ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ....... გაეგზავნა. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბილით დგინდება, რომ გზავნილი 05.05.2017 წელს მ.ღ–ძეს ჩაბარდა. აღნიშნულ ბილზე მ.ღ–ძის ხელმოწერის ქვემოთ მითითებულია - „კანცელარია“, თუმცა კონკრეტულად თუ რომელი ორგანიზაციის კანცელარიაა, ხსენებული დოკუმენტიდან არ ირკვევა (ტ. 1, ს.ფ. 96).
21. დადგენილია და საკასაციო საჩივრითაც არ არის სადავოდ გამხდარი, რომ მოპასუხის სახელით გზავნილის ჩამბარებელი პირი - მ.ღ–ძე არ წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის თანამშრომელს ან მასთან სხვაგვარად დაკავშირებულ პირს. (იხ. შემოსავლების სამსახურის ცნობა, ტ.1, ს.ფ. 178).
22. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და, მოგვიანებით, ისე დატოვა ძალაში აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ მისი კვლევის საგანი არ გამხდარა, წარმოადგენდა თუ არა კორესპონდენციის მიმღები/ხელმომწერი პირი მოპასუხე საწარმოს საამისოდ უფლებამოსილ პირს. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადასტურდა, რომ გზავნილის ჩამბარებელი პირი - მ.ღ–ძე, შ.პ.ს. „მ–ი“-ს თანამშრომელი ან კომპანიასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირი არასდროს ყოფილა, შესაბამისად, იგი კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად ვერ მიიჩნეოდა. ამრიგად, მოპასუხემ სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებით შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით არაუფლებამოსილმა პირმა ჩაიბარა, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას მართებულად დაედო საფუძვლად.
23. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია, რომ ვინაიდან მოპასუხე კომპანიას კორესპონდენცია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე გაეგზავნა, გზავნილი უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მისი სწორ მისამართზე გაგზავნა, არამედ ასევე აუცილებელია გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებაც, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
24. აქვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებსაც, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განჩინება ამავე სასამართლოს მიერ მოპასუხე საწარმოს ორჯერ გაეგზავნა სწორედ იმ მისამართზე (ქ. თბილისი, ......), რომელზეც მოსარჩელემ სარჩელი და თანდართული მასალები გაგზავნა, თუმცა კორესპონდენციის ჩაბარება ვერცერთხელ ვერ მოხერხდა. საქმეში წარმოდგენილ სასამართლოსათვის დაბრუნებულ უკუგზავნილებზე (ტ.1, ს.ფ. 90, 102) ჩაუბარებლობის მიზეზად ორივე შემთხვევაში მითითებულია, რომ კონკრეტულ მისამართზე მოპასუხე საწარმო არ მდებარეობს. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარება პოლიციას დაევალა, თუმცა გზავნილი ვერც პოლიციამ ჩააბარა ადრესატს. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წერილების თანახმად, გზავნილის ჩაუბარებლობა განპირობებული იყო იმით, რომ მოპასუხე საწარმო ქ. თბილისში, .... აღარ მდებარეობს (იხ. ტ.1, ს.ფ. 106-108; 113-114; 123-124).
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სასამართლომ აღნიშნულ მისამართზე ვერც 2019 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარება შეძლო მოპასუხისათვის, უკუგზავნილებზე ჩაუბარებლობის მიზეზი, ამ შემთხვევაშიც იდენტურია (ტ.1, ს.ფ. 141, 142).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, ისე - მისი გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვისას, მითითებული გარემოებები სახელმძღვანელო და ერთგვარი ინდიკატორი უნდა ყოფილიყო იმისა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე მოპასუხე საწარმოს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იყო.
25. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინება და საქმე შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან განსახილველად, სწორად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
26. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს. „მ–ა“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს. „მ–ა“-ს (ს/ნ ....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის (საგადახდო დავალება №1652867815, გადახდის თარიღი: 18.05.2022წ., გადახდილი თანხა - 6598 ლარი, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“; საგადახდო დავალება №37816, გადახდის თარიღი: 15.06.2022წ., გადახდილი თანხა - 1402 ლარი, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „იშბანკი საქართველო“) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი