Facebook Twitter

21 ოქტომბერი 2022 წელი

№ას-348-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.თ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ჯ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რ.ჯ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ი.თ–ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: მდებარე: ქ. თბილისში, ........, საკადასტრო კოდით №.........) გამოთხოვა და ამ ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

1.2. მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის დღიდან - 2021 წლის 03 ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე - 2021 წლის 23 ივნისამდე პერიოდში 233.33 ლარის, ხოლო სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან - 2021 წლის 23 ივნისიდან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველთვიურად 350 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში, ........., საკადასტრო კოდით №....... და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე - რ.ჯ–ძეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა აღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ №......) მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის დღიდან - 03.06.2021-დან სარჩელის აღძვრამდე - 23.06.2021-მდე პერიოდში 233.33 ლარის, ხოლო სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან - 23.06.2021-დან უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველთვიურად 350 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2017 წლის 9 ოქტომბერს მოპასუხესა და ნ.ჯ–ძეს (გამყიდველი) შორის დაიდო „უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით“, რომლის საფუძველზე, აპელანტმა გამყიდველისგან შეიძინა №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სადავო უძრავი ნივთი. მოპასუხეს გამყიდველისათვის ნასყიდობის საფასური ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადა.

5.2. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზემოხსენებული ხელშეკრულება შეწყვეტილად იქნა აღიარებული, ხოლო გამყიდველი სადავო ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

5.3. 2021 წლის 2 ივნისს ნ.ჯ–ძემ სადავო ნივთი მოსარჩელეს აჩუქა. მიუხედავად ამისა, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროიდან დღემდე სადავო ნივთს მოპასუხე ფლობს, რაც მოსარჩელის - მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

5.4. დამოუკიდებელი აუდიტორის ნ.ს–ძის 2021 წლის 12 აგვისტოს „შეფასების ანგარიშის“ თანახმად, სადავო ნივთის საიჯარო ქირის სავარაუდო საბაზრო ღირებულება თვეში 350 ლარს შეადგენს.

5.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 982-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

5.6. დადგენილი იყო, რომ მოპასუხე სადავო ნივთს მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ე.ი. მართლზომიერად დაეუფლა (სამოქალაქო კოდექსის 163.1 მუხლი), თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მან ეს უფლება დაკარგა. შესაბამისად, იგი სადავო ნივთის არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენს და ვალდებულია ნივთი უფლებამოსილ პირს - მოსარჩელეს დაუბრუნოს. მოპასუხეს მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, ამ უკანასკნელის ნივთის ფლობის უფლებას არ ანიჭებს.

5.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მას სადავო ნივთის დაკავების უფლება აქვს. სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ მფლობელმა ნივთის დაკავების უფლება შეიძლება გამოიყენოს უფლებამოსილი პირის, ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ არსებული მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით. მოპასუხეს კი მოსარჩელის მიმართ მოთხოვნა ნივთზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ წაუყენებია, ამ მოთხოვნით მან სარჩელი აღძრა გამყიდველის მიმართ, რომელიც ნივთის მესაკუთრე არ არის და მოპასუხისგან ნივთის დაბრუნების მოთხოვნის უფლება არ აქვს.

5.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზე, რომ სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა საქმის წარმოება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დავის გადაწყვეტამდე. დადგენილი იყო, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებადაა რეგისტრირებული. ამ უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული არ არის. მოპასუხე არც სადავო ნივთზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს შეგებებული სარჩელით არ შედავებია. შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემები ნამდვილია და მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა.

5.9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო სამართალურთიერთობის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაზოგილი ქირის გადახდა მართებულად დააკისრა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების შედეგად უნდა მომხდარიყო ორმხრივი რესტიტუცია და, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაბრუნებოდა ნ.ჯ–ძისათვის გადახდილი თანხა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.

6.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხესა და ნ.ჯ–ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების შემდეგ, სადავო უძრავი ნივთის გაჩუქება ისე განხორციელდა, რომ არ დაბრუნებია ნ.ჯ–ძისათვის გადახდილი თანხა, რითაც ბუნებრივია ზიანი მიადგა კასატორს, რომელსაც ამჟამად არ აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი.

6.3. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 979-ე, 982-ე მუხლები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ჰქონდა სადავო ნივთის ფლობის უფლება, ვიდრე არ მოხდებოდა ორმაგი რესტიტუცია.

6.4. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, კასატორს უფლება ჰქონდა დაეკავებინა სადავო ნივთი, ვიდრე ნ.ჯ–ძისათვის გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდებოდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კასატორს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნა სადავო ნივთის გაუმჯობესებაზე (ნაწილობრივ გარემონტებაზე).

6.5. სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში, არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 979-ე და 982-ე მუხლებით ვინაიდან კასატორი უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა. მოცემულ შემთხვევაში, საუბარია ზიანზე მიუღებელი შემოსავლისთვის, რაც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 415-ე მუხლებით და უნდა შეფასებულიყო ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ოდენობით.

6.6. იმ პირობებში, როდესაც კასატორს თავად მიადგა ზიანი გამყიდველის - ნ.ჯ–ძის (მოწინააღმდეგე მხარის ახლო ნათესავი) უკანონო ქმედებით, მოპასუხისათვის ზიანის დაკისრება და ამ ზიანის უსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრებაზე მსჯელობა, არასწორია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობდა თუ არა სადავო უძრავი ნივთის ვინდიცირებისა და ამ ქონების უკანონოდ დაკავების შედეგად ზიანის (დაზოგილი ქირის) მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

11. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ვინაიდან მის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასი განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების შემდეგ თავდაპირველ მესაკუთრეს არ დაუბრუნებია, იგი მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა და სადავო უძრავი ნივთის მისგან გამოთხოვისა და დაზოგილი ქირის დაკისრების წინაპირობები არ არსებობდა.

12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- 2017 წლის 9 ოქტომბერს კასატორმა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სადავო უძრავი ქონება ნ.ჯ–ძისგან (შემდგომში - თავდაპირველი მესაკუთრე).

- კასატორმა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყვეტილად იქნა აღიარებული, ხოლო გამყიდველი სადავო ნივთის მესაკუთრედ აღირიცხა.

- 2021 წლის 2 ივნისს თავდაპირველმა მესაკუთრემ სადავო ნივთი მოსარჩელეს აჩუქა.

- სადავო ნივთს ფლობს კასატორი.

13. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მესამე პირის (თავდაპირველი მესაკუთრის) მხრიდან მის მიმართ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა (ნასყიდობის საფასურის დაუბრუნებლობა) მას ანიჭებს სადავო ნივთის ფლობის უფლებას. პალატა მიუთითებს, რომ ამგვარი უფლება კანონის არცერთი დანაწესიდან არ გამომდინარეობს.

14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს სადავო ნივთის დაკავების უფლება არც სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე გააჩნია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მფლობელმა ნივთის დაკავების უფლება შეიძლება გამოიყენოს ნივთის მესაკუთრის მიმართ არსებული, ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს მოსარჩელის მიმართ კონკრეტული მოთხოვნა არ წაუყენებია, შესაბამისად, მას ნივთის დაბრუნებაზე უარის თქმის უფლებაც არ გააჩნია.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

18. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ასევე, დადგენილია, რომ კასატორი სადავო ქონების მფლობელია.

19. კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას, ხოლო ის გარემოებები რასაც კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, საკასაციო სასამართლოს არარელევანტურად მიაჩნია, მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების სამტკიცებლად. ამდენად, არ არსებობს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული ქონების გამოთხოვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის (მოპასუხის მიერ დაზოგილი ქირის) ანაზღაურების ნაწილშიც მართებულად დაკმაყოფილდა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მართებულად იხელმძღვანელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით.

23. თანხის (დაზოგილი ქირის) დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982.1 მუხლი, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ №ას-472-448-2013, 05.12.2013წ.; №ას-1204-2018, 25.01.2019წ., პ.19). თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (სუსგ №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).

25. ამრიგად, თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ., პ.17). მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი.

26. სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მიღწევადობის წინაპირობებიდან უნდა გაირკვეს, გამდიდრდა თუ არა მოპასუხე მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე. ამისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა მომენტიდან მიიჩნევა მოპასუხე არამართლზომიერ მფლობელად (რა მომენტიდან არა აქვს მის მფლობელობას სამართლებრივი საფუძველი და ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას). სწორედ არამართლზომიერი მფლობელობის პერიოდის ხანგრძლივობით არის შესაძლებელი საუბარი სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის მქონე პირის უფლებაში ჩარევასა და აუნაზღაურებელი ზიანის/დაზოგილი სიმდიდრის გათანაბრებაზე. გამდიდრების ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს (სუსგ №ას-479-2020, 14.12.2021წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა პირუკუ შედეგი - დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (სუსგ №ას-504-2019, 13.03.2020წ.).

27. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრებით ის უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, ვინაიდან მან სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფით დაზოგა ქირის თანხა, რის გადახდაც მსგავსი მახასიათებლების ბინის მართლზომიერად ფლობის (დაქირავების) შემთხვევაში მოუწევდა.

28. დადგენილია და არც კასატორის მიერ არის შედავებული, რომ სადავო ნივთის საიჯარო ქირის სავარაუდო საბაზრო ღირებულება თვეში 350 ლარია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა სადავო უძრავი ქონების ამ უკანასკნელის საკუთრებაში აღრიცხვის დღიდან - 2021 წლის 03 ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე (2021 წლის 23 ივნისამდე) 233.33 ლარის, ხოლო 2021 წლის 23 ივნისიდან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველთვიურად 350 ლარის გადახდა.

29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.თ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი