Facebook Twitter
საქმე №ას-1179-2022 24 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხე) - რ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ნოტარიუსი მ.კ–ძე, გ.ბ–ძე, ლ.ბ–ძე, ლ.ვ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - ნ.ვ–ძე

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ფლობის ფაქტის დადგენა და სადავო სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე რ.ბ–ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - ნოტარიუს მ.კ–ძის, გ.ბ–ძის, ლ.ბ–ძის, ლ.ვ–ძისა და ნ.ვ–ძის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ფლობის ფაქტის დადგენა და სადავო სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. აღნიშნულ სარჩელზე ნ.ვ–ძემ წარადგინა შეგებებული სარჩელი და ქონების მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთებისგან გათავისუფლება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე რ.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნ.ვ–ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; რ.ბ–ძეს დაევალა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთებისგან გაეთავისუფლებინა უძრავი ქონება. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.ბ–ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით რ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.ბ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენდა გარდაცვლილი დედის, თ.კ–ძის კანონიერ პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვის ვადაში მიიღო სამკვდრო მისი ფაქტობრივი დაუფლების გზით. აღნიშნული გარემოება კი საფუძვლიანს ხდის მის მოთხოვნას სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით და ამასთანავე გამორიცხავს, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით რ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ რ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს სამკვიდროს მიღების ფაქტის დადასტურება, აღნიშნულიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობა, ხელშეკრულებების ნამდვილობა და ვინდიკაციური სარჩელის წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად ყურადღებას მიაქცევს სადავო საკითხის მომწესრიგებელ მემკვიდრეობითსამართლებრივ ნორმებს, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. 1424-ე მუხლის შესაბამისად კი, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებლობა იცნობს სამკვიდროს დაუფლების და მართვა-გამგებლობის გზით სამკვიდროს მიღების შესაძლებლობას, რაც გარკვეული ვადითაა შეზღუდული. უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვა შეზღუდულია დროით. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის და დაუფლების განხორციელების შედეგად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, მაშასადამე, მემკვიდრემ სამკვიდრო უკვე შეიძინა და იგი არის მისი მესაკუთრე. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, ქონების მართვასა და მოვლა-პატრონობაში, მამკვიდრებლის ქონებაზე დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ. ამდენად, იმ ფატების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე რ.ბ–ძე დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში დაეუფლა სამკვიდროს, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია თ.კ–ძის (ბ–ძე) საკუთრებას წარმოადგენდა ქობულეთში მდებარე საცხოვრებელი სახლი, (ს/კ .....) თ.კ–ძე (ბ–ძე) გარდაიცვალა 2009 წლის 27 დეკემბერს. რ.ბ–ძე და გ.ბ–ძე არიან ძმები, აწ. გარდაცვლილი თ.კ–ძის (ბ–ძე) შვილები. ნოტარიუს მ.კ–ძის მიერ გაცემული №10007.... სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გ.ბ–ძემ როგორც თ.კ–ძის პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, აღირიცხა გ.ბ–ძის საკუთრებაში;

ასევე დადგენილია, რომ სამკვიდროს სახით მიღებული ქონება რამდენჯერმე გასხვისდა თანამოპასუხეებზე და საბოლოოდ დარეგისტრირდა გ.ბ–ძის მეუღლის დედის, ნ.ვ–ძის საკუთრებად. ამასთან, მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ რ.ბ–ძის პირადი ნივთები განთავსებულია ნ.ვ–ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში.

სარჩელის საფუძვლიანობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მტკიცებას სადავო ქონების ფაქტობრივ დაუფლებასთან დაკავშირებით. საქმეზე მოწმეთა სახით დაკითხულმა პირებმა სასამართლოს მისცეს არასრული და ურთიერთწინააღმდეგობრივი განმარტებები, რითაც პალატის მოსაზრებით, შეუძლებელია მოსარჩელის მიერ სადავო ქონების ფლობის ანდა მართვა-გამგებლობის დადასტურებულად მიჩნევა. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის განკუთვნილ დოკუმენტში საკუთარ საცხოვრებელ ადგილად სადავო ქონების მისამართის მითითება და ამასთანავე, სასამართლო კორესპონდენციის მოსარჩელის მეუღლის მიერ სადავო ქონების მისამართზე ჩაბარება სასამართლოს არ მიაჩნია სადავო სამკვიდრო ქონების ფლობის ანდა მართვა-გამგებლობის ფაქტის დასადგენად საკმარის მტკიცებულებებად. ზემოაღნიშნულის შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტს. ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სათანადო მტკიცებულებით დადასტურება, რაც მართებულად გახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გარემოების დადგენის შეუძლებლობის პირობებში, მას არ გააჩნია სადავო ქონების წილის საკუთრებაში მიღების საფუძველი. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს რ.ბ–ძის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო შედავების საგანს ასევე წარმოადგენს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ნ.ვ–ძის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერებაც, რაც შეეხება ნ.ვ–ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რ.ბ–ძის პირადი ნივთებისგან გათავისუფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018, განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში უძრავ ქონებაზე ნ.ვ–ძის საკუთრების უფლება და მისი აღრიცხვის საფუძველი გაბათილებული არ არის, მაშასადამე, იგი მიიჩნევა სადავო ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრედ. ამასთან უდავოა, რომ რ.ბ–ძის პირადი ნივთები განთავსებულია სადავო საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში. ხოლო, რ.ბ–ძემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის დასადასტურებლად საჭირო შესაბამისი მტკიცებულება. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, სახეზეა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო ყველა ელემენტი, რაც დასაბუთებულს ხდის ნ.ვ–ძის სარჩელს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე